- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-09 12:08:43
11 აპრილს კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაგეგმილი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინის, ბელა ბერკემერ-მახარაძის კონცერტი გადაიდო. როგორც ქალბატონმა ბელა მახარძემ „ქრონიკა+“-სთან განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების გამო ორი დიდი მასშტაბური კონცერტის გაუქმება მოუწია და კარიერული თვალსაზრისით მას დიდი ზიანი მიაყენა. ქართველი მუსიკოსი დიდი ხანია, რაც თვითიზოლაციაშია. იგი იმედოვნებს, რომ მსოფლიო ქაოსი მალე დალაგდება და კიდევ ბევრჯერ მოუწევს თავისი თაყვანისმცემლების გახარება.
_ ქალბატონო ბელა, პირველ რიგში, როგორ ბრძანდებით, როგორია ცხოვრება თვითიზოლაციაში?
_ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მოგეხსენებათ, აქტიური ადამიანი ვარ და ძალიან გამიჭირდა თვითიზოლაციაში ყოფნა, მაგრამ ვუძლებ. ვუძლებ იმ იმედით, რომ მალე დასრულდება ეს ქაოსი და ისევ დაიწყება ის ლამაზი პერიოდი, რასაც თავისუფლება ჰქვია. თუმცა შეზღუდულად ახლაც არ ვგრძნობ თავს, რადგან ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გავაბედნიერო ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი. სოციალურ ქსელში „ფეისბუქზე“ ზეაქტიური ვარ.
_ რა ხდება გერმანიაში, კერძოდ იმ ქალაქში, სადაც თქვენ ცხოვრობთ? რამდენად იგრძნობა პანიკა, იცავს თუ არა მოსახლეობა წესებს?
_ ჩემს ქალაქში პანიკა ნამდვილად არ არის, უბრალოდ, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავებით, ახლა სასურსათო მაღაზიებში თითო-ოროლა ადამიანს თუ შენიშნავთ, ისინიც პირბადეებით, ხელთათმანებით, ძალიან მშვიდად და წყნარად, თუმცა არ იშოვება სადეზინფექციო საშუალებები, სითხეები, პირბადეების დეფიციტია და ჭირს მათი შეძენა.
_ თქვენს კარიერაზე რამდენად უარყოფითად აისახა ეს ვირუსი? როგორც ვიცი, კონცერტები გააუქმეთ.
_ ძალიან ცუდად აისახა. ორი დიდი, მასშტაბური კონცერტის გაუქმება მომიწია. აქედან ერთი საქართველოში იყო დაგეგმილი, რომელიც 11 აპრილს უნდა ჩატარებულიყო და მეორე - გერმანიაში. ჩემთვის ორივე კონცერტის გაუქმება დიდი დანაკლისია. ასევე გადაიდო ჩემი წიგნის, „დაჯოქარი მევიოლინის“ პრეზენტაციაც, რომელიც ერთ-ერთმა ჩემმა თაყვანისმცემელმა, უცხოეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა, ქალბატონმა ჯენი ჩხეიძემ დააფინანსა სრულად. ამ წიგნის გამოცემის იდეა კი ჩემს ძვირფასს მეგობარს, ქალბატონ თამარ ხოჭოლავას ეკუთვნის, რომელიც ასევე ამ წიგნის რედაქტორიც გახლავთ და, მასთან ერთად, მარინა თეთქუმანიძე. წიგნი მთლიანად ჩემს შემოქმედებაზეა, სადაც ასევე შესულია არაჩვეულებრივი მხატვრების ულამაზესი ნახატები. მეც დიდი ინტერესით ველოდებოდი ამ დღეს, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ვირუსის გამო ყველაფრის გაუქმება მომიწია.
_ კორონავირუსმა შეცვალა ადამიანების ცხოვრება, შეიცვალა თითოეული ჩვენგანის ყოფა. ალბათ, თქვენნაირი აქტიური ქალბატონისთვის რთული იქნებოდა ამ რეალობის გაცნობიერება.
_ ჩემი ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა. აქამდე თუ დილის 8 საათზე ვიღვიძებდი და დილიდან ვიწყებდი საქმეს, ახლა 11 ან 12 საათზე ვიღვიძებ. სხვა მხრივ სულ ფორმაში ვარ, ჩემს ფეისბუქ მეგობრებს სულ ვეკონტაქტები, ვცდილობ, პოზიტიური პოსტები დავწერო, ჩავრთო ლაივები, ვიმუშაო საკუთარ თავზე, ვიმეცადინო, მოვეფერო ჩემს ოჯახს და ა. შ. ვცდილობ, არ მოვიწყინო. რაც შეეხება ჩემი ოჯახის დანარჩენ წევრებს, ჩვენ გვაქვს ეზო, ახლა მზიანი ამინდია და ჩემი მეუღლე გარეთ - მიწაზე მუშაობს, თესავს სხვადასხვა სუნელს, მწვანილს, ბოსტნეულს და მალე აბსოლუტურად ყველაფერი გვექნება, ანუ ეს არის მისი ჰობი. ცოტა ხანში, ალბათ, დამავიწყდება, როგორია ნორმალური ცხოვრების წესი, უკვე დიდი ხანია, თვითიზოლაციაში ვიმყოფებით. იმედია, ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება და გულში ჩავიკრავ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მენატრებიან. შევხვდები ჩემს მოსწავლეებს. მართალია, ახლა სააღდგომო ორკვირიანი დასვენებაა, მაგრამ ისე ონლაინ გაკვეთილებს ვატარებ ხოლმე. მთელი გულით ველოდები ზაფხულს, რომ ჩამოვიდე, თითოეული ქართველი გულში ჩავიკრა და ყველას ვუთხრა, თუ როგორ ძალიან მიყვარს ისინი.
გიორგი საკარული