- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-06 18:17:20
დილიდან თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან არიან მობილიზებულები. ანალოგიური პუნქტები განთავსდა ვაზიანი-გომბორი- თელავისა და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. მოქალაქეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, სამხედროები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ამოწმებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მგზავრთა რაოდენობის შესახებ. სოფელ ხაშმისა და გომბორის სოფელ სასადილოს გზა ცენტრალური მონაკვეთია, რომელიც კახეთს დედაქალაქთან აკავშირებს.
გამშვები პუნქტები ადგილზე მოინახულა კახეთის გუბერნატრომა. ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდა სამხედროებს, საპოლიციო ძალებსა და ექიმებს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციებისა და წესების დარღვევა არ ფიქსირდება.
"ის საკონტროლო პუნქტები, რომელიც 31 მარტს თელავის ოთხ ადგილზე მოეწყო, მხოლოდ კახეთში მცხოვრები მოქალაქეების 20%-ს აკონტროლებდა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ორი პუნქტი განლაგებულიყო ცენტრალურ მაგისტრალებზე", - განმარტავს კახეთის გუბერნატორი.
მიმდებარე ტერიტორიაზე თერმოსკრინინგს ერთდროულად რამდენიმე ექიმი ატარებს, რის გამოც ცენტრალური გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
მაკა მოსიაშვილი