QronikaPlus
ნათია თოდუა: „თითქოს, პატარა ბავშვებს დავემსგავსეთ“

ნათია თოდუა: „თითქოს, პატარა ბავშვებს დავემსგავსეთ“

2020-04-05 12:26:54

როგორ იცავს ე. . მკაცრი კარანტინის წესებს გერმანული „ახალი ხმის“ გამარჯვებული ქართველი მომღერალი?! ნათია თოდა უკვე  4 წელია,  გერმანიაში  ცხოვრობს და როგორც ის „ქრონიკა+“-თან ამბობს, მისთვის ბერლინი თავისუფლების და ინსპირაციის ქალაქია. რა შეცვალა მის ცხოვრებაში  covid-19-მა და როგორია ცნობილი ქართველის  ვარსკვლავური ცხოვრება თვითიზოლაციის პირობებში?

„ქრონიკა+“-ის ობიექტივშია ნათია თოდუა:

- ნათია, როგორ ცხოვრობს ბერლინი ანდემიის პირობებში?

- ასე მგონია, რაც არ უნდა მოხდეს და რა დროც არ უნდა იყოს, ბერლინს არასდროს სძინავს. ბერლინში ხელოვანთა ვილა „Löwenpalais“-ში ვცხოვრობ. ჩემთან ერთად აქ კიდევ 5 ადამიანია ხელოვნების სამყაროდან.

პირველი კვირა ჩვენთვის ძალიან შოკისმომგვრელი იყო, შემდეგ კი მივხვდით, რომ პატარა ყოველდღიური აქტივობები გახლდათ საჭირო. ზოგს რა იდეა მოსდის  ხოლმე და ზოგს - რა. თითქოს პატარა ბავშვებს დავემსგავსეთ, რომლებსაც სახლში ასვლა ეზარებათ და  ეზოში დარჩენა უნდათ.

საბედნიეროდ, ამ სახლს დიდი და ძალიან ლამაზი ეზო აქვს, სადაც  ძირითადად დროს ვატარებთ, ვაკეთებთ მუსიკას, ვწერთ, GrillParty-ს ვატარებთ ახლობლებთან რეკვით, ახალი კერძების შესწავლით, ფილმებისა და სერიალების ამორჩევით და ა. შ.

მე ვიცი, რომ ახლა ხალხი ისე, როგორც არასდროს, გადასულია ინტერნეტზე და ლაივ ჩართვებზე.  სიმართლე გითხრათ, ეს ჩართვები და რეჟიმი მახსენებს, რომ მსოფლიოში ეპიდემიაა, კორონაა და  მთელი სამყარო სახლშია ჩაკეტილი. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, დღე გავატარო ინტერნეტის გარეშე, რეალურ მოქმედებებში.

ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის, ვიცი, რომ, ამ ეტაპზე, გარდა ვიდეოს გადაღებისა ან ლაივზე გასვლისა,  სხვა არაფერია შესაძლებელი, მაგრამ არ მინდა, რომ ამან მე და ჩემი მუსიკა ინტერნეტ-დღიურად გვაქციოს.

რა თქმა უნდა, მეც მჭირდება, ისევე როგორც სხვა ყველას,  ოჯახის მონატრებულ წევრებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან, გულშემატკივრებთან ჩართვა და მათთან თუნდაც ინტერნეტით კომუნიკაცია, მაგრამ ეს არ მინდა  იყოს ყოველდღიური.  იმპროვიზაცია ყოველთვის შეიძლება.

ჩემს ბინას აივანი აქვს, სადაც მზე კარგად უდგება,

დავთესე კიტრი, პომიდორი, პიტნა, მწვანილები და რაღა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი ცხარე წიწაკა. ყოველდღე ვდარაჯობ, რომ რამე ნერგის მსგავსი ვიპოვო ქოთანში, თურმე იმედი მაინც რას ნიშნავს!..

გუშინ გვიან საღამოს მომინდა ბერლინის ქუჩებში ღამით სეირნობა, აღარ შემეძლო ბინაში დარჩენა, ვთხოვე ჩემს უახლოეს მეგობარს, რომ  ჩემთან ერთად ყოფილიყო და ღამით ბერლინის ქუჩებში გვესეირნა.  ცარიელ ბერლინში სეირნობა  ფეხით 10 კმ. გამოგვივიდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა შვება და სიამოვნება იყო, მიუხედავად დაკეტილი ჯაზბარებისა, ჯემ სეშენების კლუბებისა, რესტორნებისა თუ სხვა აქტივობებისა.

მინდა, რომ ეს ყველაფერი მალე წარსულს ჩაბარდეს და ადამიანები დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას. გისურვებთ ჯანმრთელობას! სიყვარულით, ნათია!

ლევან ქემოკლიძე

გაზიარება