- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-04 14:49:18
„ჩემი სახლიდან მე ახლა შორს ვარ...
ილმაიოკიდან ომალომდე 3305 კილომეტრია...
ფინეთში ახლა -3 გრადუსია, საქართველოში კი + 13...
ფინეთში ჯერ ისევ თოვლია, პანკისში კი ახლა წვიმს...
აქ ჯერ ზამთარია, იქ კი ჩემს სოფელში მიწას გაზაფხულის სუნი ასდის და ხეობა მწვანე ხავერდით მოჩითულა...
ხუთი თვის წინათ რომ გეკითხათ, ჰყავს თუ არა საქართველოსა და ფინეთს საერთო მტერი, გეტყოდით: რა სისულელეა? სად ფინეთი და სად – საქართველო?..
ხუთი თვის წინათ რომ გეკითხათ, რა საერთო აქვს ფინურ განათლებასა და ქართულ განათლებას, მე გიპასუხებდით:
- სად ფინური და სად ქართული, შედარებაც კი უხერხულია...
ახლა რომ დამისვათ იგივე კითხვები, გიპასუხებთ:
ფინეთსა და საქართველოს საერთო მტერი ჰყავს! ეს არის CoVID-19, იგივე კორონავირუსი.
ხოლო ფინური და ქართული განათლების სისტემა ორივე ონლაინ სწავლების პლატფორმაზეა გადასული...“
ასე ეხმაურება ახალგაზრდა პანკისელი ბიჭი ფინეთიდან დღევანდელ ყოფას. ოსმან გორგიშვილი ამჟამად ფინეთში ცხოვრობს და სწავლობს.
რა ხდება დღეს ფინეთში და როგორ უმკლავდება ეპიდემიას იქაური ხელისუფლება? ამ და სხვა საკითხებზე ოსმან გორგიშვილს „ქრონიკა+“ ფინეთში დაუკავშირდა:
- ოსმან, რა ხდება ფინეთში?
- ჩვეულებრივ, როგორც საქართველოში, აქაც დისტანციური სწავლებაა. გვაქვს ონლაინ ცხრილით გაწერილი საგნები. ყველა საგანი თავის დროზე გვიტარდება. გაკვეთილის ჩატარების დროც ჩატში მოდის მასწავლებელი, პროგრამის ლინკს გვიგდებს, ჩვეულებრივად ვუყურებთ და ვსაუბრობთ. მასწავლებელი ჩვენს დავალებებს ასწორებს, შემდეგ ახალს ხსნის, ჩვენ კი კითხვებს ვუსვამთ.
- დავალებებს როგორ ასწორებს?
- დავალებებს ჩვეულებრივად რვეულში ვწერთ, ვუღებთ ფოტოს და ვუგზავნით მასწავლებელს. ასევე გაკვეთილის პროცესის დროს პედაგოგი წიგნის ელექტრონულ ვერსიას ხსნის, რასაც თანმიმდევრობით ვკითხულობთ.
- გარეთ რა მუშაობს?
- აქაც მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქებია ღია. გარეთ გასვლის შეზღუდვა არ გვაქვს, მაგრამ ყველა იცავს დისტანციას და ხელის ჩამორთმევა გამორიცხულია.
ფინეთში დღეისთვის 1446-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა და 1 გარდაცვლილია. კორონავირუსი ფინეთში იანვარშივე გამოჩნდა.
- საქართველოს საელჩოდან თუ გეხმაურებათ ვინმე?
- ფინეთში საქართველოს საელჩო არ არსებობს, აქ მხოლოდ საკონსულოა. შვედეთშია საელჩო. საქართველოს სახელით არავინ დაგვკავშირებია.
იყო ერთი შემთხვევა, ერთ-ერთ მოსწავლეს სიცხემ აუწია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მასთან ვმეგობრობდით 3 ბიჭი და ჩვენც აქვე თვითიზოლაციაში დაგვტოვეს, თუმცა 2 დღეში დაადგინეს, რომ მხოლოდ გაცივება იყო.
- იგრძნობა პანიკა?
- პანიკა საერთოდ არ იგრძნობა. ყველა მშვიდად და გაწონასწორებულად იქცევა. როცა პედაგოგები გვესაუბრებიან, ცოტა ღელავენ, მაგრამ თავს იჭერენ.
- სახელმწიფოს ჩართულობა როგორია? მოსახლეობას სოციალურად ეხმარებიან?
- სახელმწიფომ მოსახლეობას კომუნალური გადასახადები დაუფარა. შეჭირვებულებისთვის სასადილოები დღემდე მუშაობს. ხელისუფლება, რატომღაც, აცხადებს, რომ შესამჩნევი ეკონომიკური კრიზისი აქ არ იქნება... ოღონდ უნდა დავრჩეთ სახლში.
მაკა მოსიაშვილი