QronikaPlus
ცხინვალში კორონავირუსისგან  ნაქსოვი პირბადეებით იცავენ თავს (ფოტო)

ცხინვალში კორონავირუსისგან ნაქსოვი პირბადეებით იცავენ თავს (ფოტო)

2020-04-04 14:17:31

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აცხადებენ, რომ მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გვირგვინოსან ჭირს არ შეუღწევია. მართალია, რუსეთში ეპიდემია მძვინვარებს და ჩრდილოეთ ოსეთშიც რთული ვითარებაა, მაგრამ ცხინვალელები მთავარ საფრთხეს საქართველოსგან ელოდებიან.

ამას ის ხალხი ამბობს, ვინც წლების წინათ სერიოზულად ამტკიცებდა, რომ ე. წ. ღორის გრიპის დროს ქართველებმა დაავადებული ტახები ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეუშვეს და იმათაც იქაური ღორები დააავადეს.

მართალია, ცხინვალელი ოსები ჩვენკენ იშვერენ ხელს, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის უფრო ეშინიათ. ისიც კარგად იციან, თუ როგორ მოუკეტა კრემლმა აფხაზებს კარი და უთხრა, თქვენ თავს თავად უშველეთო.

ოსური მედიის ცნობით, როკის გვირაბთან რუსეთიდან შემოსულ მანქანებს დეზინფექცია უტარდება. ამის გარდა, აქაურ ოსთა ლიდერი  ცხინვალში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას შეხვდა და სთხოვა, რომ რუს სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს არ ევლოთ როკის გავლით აქეთ-იქით.

ამ ეტაპისთვის ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.  ამ მხრივ სიმშვიდეა ოკუპირებულ ახალგორშიც.

„არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა იმასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალში კორონათი  ვინმე დაავადდა. ასეთი ფაქტები არც ახალგორში გამოვლენილა. ვართ ასე იზოლაციაში. ხალხი საერთოდ არ დადის ქუჩებში, რაც ჩვენთვის სიახლე აღარ არის. მას შემდეგ, რაც ბიბილოვმა ახალგორელებს ე. წ. საზღვარი ჩაგვიკეტა, ასე ვცხოვრობთ, _ ამბობს „ქრონიკა +“-სთან ახალგორში მცხოვრები ქართველი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი.

ცხინვალის ხელისუფლებამ კორონას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა, რომ პენსიონერებს ფოსტალიონები მიუტანენ სახლში პენსიას.

ადგილობრივი ხელისუფლება კი ამბობს, რომ კორონასთან საბრძოლველად მზად არიან, მაგრამ პირბადეები ექიმებისთვისაც არ აქვთ საკმარისი. საეჭვოა, მედიკამენტებიც ჰქონდეთ. ცოტა ხნის წინ აქაურ აფთიაქებში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შესული წამლები იყიდებოდა. როცა ქსელიდან ეს წამლები ამოიღეს, ამას მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება მოყვა.

პირბადეები, როგორც უკვე ვთქვით, ექიმებისთვისაც არასაკმარისია, მაგრამ ამან ცხინვალელების სული ვერ გატეხა და ადგილობრივმა მედიამ სიამაყით ამცნო ხალხს, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და თვალსაჩინოებისთვის ხელით ნაქსოვი ნიღბები წარმოადგინა. ალბათ ოსები ფიქრობენ, რომ სქლად ნაქსოვ პირბადეში ვირუსი ვერ შეაღწევს. ერთ-ერთ ნაქსოვ ნიღაბს „ქრონიკა +“-იც გთავაზობთ.

შორენა მარსაგიშვილი 

გაზიარება