QronikaPlus
მეგი სტემპმენი: „არ მეგულება გერმანიაში ბანაკი, სადაც ქართველი არ იყოს დაღუპული და იქვე დასაფლავებული“

მეგი სტემპმენი: „არ მეგულება გერმანიაში ბანაკი, სადაც ქართველი არ იყოს დაღუპული და იქვე დასაფლავებული“

2020-05-05 13:33:11

ქრონიკა+ გაგაცნობთ ქართველ გოგონას, რომელიც გერმანიაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული  ქართველი მეომრების საფლავებს ეძებს და პოულობს. მეგი სტემპმენმა  უკვე ათობით საფლავი აღმოაჩინა  და ამის შესახებ ინფორმაციას მის მიერ შექმნილი ფეისბუქის გვერდის, "მზის ბიჭების" მეშვეობით აქტიურად ავრცელებს. საქართველოდან ძალიან ბევრი მონაწილეობდა ამ სისხლისმსმელ ომში. ათასობით ოჯახი ახლაც ეძებს წინაპრების საფლავებს. მათ შორის არის ჩვენი რესპოდენტი, რომელსა იმედი აქვს, რომ ბაბუის საფლავს ევროპის არაერთი ქვეყნის საარქივო მასალის შესწავლით  იპოვის. სწორედ ამიტომ იგი  მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული თუ ტყვეთა ბანაკებში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების საფლავებზე ინფორმაციას იკვლევს და დაკარგულთა ოჯახებს ცნობებს უანგაროდ აწვდის:

_ მეგი, "მზის ბიჭები" - ასე ჰქვია ფეისბუქის გვერდს, სადაც, მეორე მსოფლიო ომში გერმანიაში დაღუპული ქართველების შესახებ წერ. გვიამბე უფრო მეტი შენი საქმიანობის შესახებ, რატომ და როდის დაინტერესდი ამ თემით?

 _ მზის ბიჭების ძებნა დავიწყე 2018 წლის შემოდგომიდან. პირველი საფლავი, სადაც მივედი,  ჩემს ქალაქშივე იყო, რომლის მისამართიც ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე. ქემნიციას სასაფლაოზე  ასობით ბიჭია დასაფლავებული, ძალიან მინდოდა მენახა და წარმოდგენა შემქმნოდა ამ ყველაფერზე. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დიდი ხანია, ჩემს დიდ ბაბუას ვეძებ და სწორედ ამიტომ დავიწყე საფლავების დათვალიერება, რათა მივმხდარიყავი, რასთან მქონდა საქმე და როგორ უნდა დამეწყო ძირეულად ძებნა.

ამ საფლავზე ვნახე ერთი ქართველი ბიჭის, დიმიტრი ფოცხვერაშვილის საფლავი. მესაფლავემ მითხრა, რომ  ამ ბიჭზე არაფერი იცოდა, ისიც კი, რომ ქართველი იყო, რუსი ეგონა. აგრეთვე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საფლავია იმ მცირერიცხოვან საფლავებს შორის, სადაც არავინ არასდროს არ ჩამოსულა. საფლავებს ოჯახის წევრები 9 მაისს სტუმრობენ. აქედან გამიჩნდა ოჯახის პოვნის სურვილი, რომ მათთვის დიმიტრის საფლავის ადგილსამყოფელი მეთქვა.

_ მოახერხე ოჯახთან დაკავშირება? საინტერესოა, სულ რამდენი საფლავია გაქვს ნანახი, სადაც ომში დაღუპული ქართველები განისვენებენ?

_ საფლავის ზუსტი რაოდენობა, სამწუხაროდ, არ ვიცი, არ დამითვლია. წარმოდგენა რომ შეგვექმნას, მხოლოდ ცაითჰაინის სასაფლაოზე 187 ქართველია. ბევრი სასაფლაო პირადად მოვინახულე, ბევრიც მეგობრებმა ნახეს ჩემი თხოვნით და ფოტოები გადაიღეს. არ მეგულება გერმანიასა და, არა მარტო გერმანიაში, ბანაკი, სადაც ქართველი არ იყოს დაღუპული და იქვე დასაფლავებული. ალბათ, ნათელია, თუ რამდენი საქმეა ჯერ კიდევ წინ და რამდენი ძალისხმევა და დრო დამჭირდება ამისთვის.

საბედნიეროდ, უამრავი ოჯახი გავიცანი და შევხვდი. სოფლებშიც ვიყავი ჩასული. რაც შეეხება დიმიტრი ფოცხვერაშვილის ოჯახს, ბიჭი, რომელიც პირველი ვიპოვე, მისი ძმისშვილიშვილი და ასევე კიდევ ერთი „მზის ბიჭის“ (ზოსიმე კილაძის) შვილთაშვილი  იქნებიან ჩემი შვილის, ბესარიონ ანტუან გიუნთერის ნათლიები.

_ საქართველოს ხელისუფლებასთან თუ გქონია რაიმე ტიპი კომუნიკაცია ამ თემაზე?

_ რა თქმა უნდა, ვცადე, ხმა მიმეწვდინა საქართველოს პრეზიდენტის  ადმინისტრაციიდან დაწყებული, კანცელარიამდე და საგარეო საქმეთა სამინისტრომდე დამთავრებული. არ მინდა, ეს საზოგადოებამ არასწორად  გაიგოს და ეგონოს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ვარ. რა თქმა უნდა, არა. ჩემს საქმეზე ვამბობ, რაც მე პირადად შემემთხვა.

ერთ მოკლე მაგალითს მოვიყვან და ადვილად მიხვდებით, რას ვგულისხმობ: კანცელარიაში შევხვდი საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სახელს არ დავასახალებ. დიდი ხნის საუბრის შემდეგ, სადაც, ძირითადად, მხოლოდ მე ვლაპარაკობდი, მიპასუხა: ქალბატონო მეგი, ლამაზი ღიმილი გაქვთ და ხშირად გაიღიმეთო. ეს იყო პასუხი იმ კითვებზე, რაც მქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ალბათ, მეტის დამატება არ დამჭირდება და თქვენ თვითონ უკეთ მიხვდებით, რას ვგულისხმობ და რა პოზიცია ჰქონდა ჩემთვის ამ მტკივნეულ თემაზე იმ ადამიანს.

ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ყველაზე მეტად, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, არის საზოგადოების აქტიურობა. ეს არც ფული ღირს და არც ძალისხმევა გჭირდებათ, რომ დამეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში და უფრო მეტი ოჯახის პოვნა შევძლოთ. ძალიან ბევრი ოჯახი დღემდე ეძებს და მათთვის წარმოუდგენელია, მაგრამ თქვენ არ იცით, რას ნიშნავს შვილს უთხრა, რომ მამა არ არის დაკარგული და რომ მისი საფლავი ვიპოვე. ეს ბედნიერება მე მხვდად წილად და ამით უზომოდ ბედნიერი ვარ.

გავაზიაროთ ეს ინფორმაციები  და ერთად გავახაროთ ოჯახები.

_ როგორც ვიცი, „მზის ბიჭებზე  წიგნის გამოცემას აპირებ, რა ეტაპზე ხართ?

_ დიახ, ვაპირებ. რა თქმა უნდა, წიგნს „მზის ბიჭები“ ერქმევა. წიგნში აღწერილი იქნება უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადებული, სინამდვილეში კი ტყვეობაში გარდაცვლილი ბიჭების ისტორიები ფოტოებით, რომელიც ოჯახებმა მომაწოდეს. უამრავი სახელი და გვარია, რომელსაც საბოლოოდ მივცემთ სახეს და დარჩება ისტორიას, როგორც „მზის ბიჭები“.

აქვე დავძენ: ერთადერთი, რაც აქამდე ვერ შევძელი, ეს არის სპონსორის მოძიება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერავინ დავაინტერესე, რომ ჩემი წიგნი  დააფინანსოს. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება  და როდის შევძლებ დავასრულო ჩემთვის უძვირფასესი საგანძური, - წიგნი „მზის ბიჭებზე“.

 _ გერმანიაში როდის წახვედი და ახლა როგორია იქ თქვენი ცხოვრება? გერმანელი მეუღლე გყავ, თქვენს პირადზეც გვიამბე.

 _ გერმანიაში წავედი 2007 წლის 18 სექტემბერს აუ-პაირის პროგრამით. ჩასვლიდან 3 წელიწადში გავთხოვდი და მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რობერტ გიუნთერი. აქ დავამთავრე პროფესიული კოლეჯი საცალო გაყიდვების განხრით. ამჟამად ვარ დეკრეტში (ოქტომბერში შემეძინა პირველი შვილი: ბესარიონ ანტუან გიუნთერი). როცა დრო მაქვს, ვწერ წიგნს და ლექსებს, რომლებსაც ამავე წიგში შევიტან.

საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, უბრალოდ, დავამატებ იმას,  რომ რაც „მზის ბიჭების“ საქმე დავიწყე (ხაზს გავუსვამ, ეს ჩემი პროფესია არ არის და ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ  ვემსახურები), ძალიან შევიცვალე და სხვანაირად დავიწყე გარემოს აღქმა. ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი, რაზედაც აქამდე ყურადღებას არ ვამახვილებდი, თუნდაც რა მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ამ ბიჭების  გვარები და ვიცოდეთ, რა გადაიტანეს და რა ბედი ეწიათ მათ.

_ მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა, რა ხდება ახლა იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობ, როგორია თქვენი ყოველდღიურობა  პანდემიის პირობებში?

 _ გერმანიაშიც იყო კარანტინი, სიმკაცრე და აკრძალვები, მაგრამ არა ისე, როგორც საქართველოში. სიმართლე გითხრათ, დიდად არ შემეხო ეს ყველაფერი, ძირითადად, ისედაც სახლში ვარ.

ამჟამინდელ მდგომარეობას რაც შეეხება, ეტაპობრივად იხსნება ყველაფერი: სავაჭრო ცენტრები, სკოლების დამამთავრებელი კლასები უკვე გაიხსნა და ამას მოყვება ნელ-ნელა დანარჩენი დაწესებულებები, რაც აქამდე დახურული იყო.

ნიღბების ტარება დაწესებულებებში სავალდებულოა. იმედია, ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ და ქვეყანა ნელ-ნელა დაუბრუნდება  ნორმალურ რეჟიმს.

ლევან ქემოკლიძე

გაზიარება