QronikaPlus
კორონას უცნობი გმირები - სიკეთის  უხმაუროდ მკეთებელი ადამიანები!

კორონას უცნობი გმირები - სიკეთის უხმაუროდ მკეთებელი ადამიანები!

2020-04-03 10:26:54

მხოლოდ კორონა კი არა, სიკეთეც გადამდებია. ზოგადად, იმაში ახალი და გასაკვირი არაფერია, რომ ადამიანები გაჭირვების დროს ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ყველა ცდილობს, გვერდით მდგომს ისე დაეხმაროს, როგორც შეუძლია. „დიდმა კორონობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გაჭირვებაში მოსახლეობა განსხვავებულ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ შეხედულებებს ივიწყებს და მზადაა, სხვას, მინიმუმ, თვითიზოლაციის არცთუ სასიამოვნო პროცესი შეუმსუბუქოს. ის, რომ ასეთ დროს პოლიტიკური ელიტა ვალდებულია, ხალხზე იზრუნოს, ორჯერ ორია. ამიტომ დღეს „ქრონიკა+“ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე კი არა, იმ ადამიანებზე მოგიყვებათ, რომლებიც ამ ძნელბედობის ჟამს სიკეთეს ყოველგვარი აფიშირებისა და ხმაურის გარეშე აკეთებენ. რაც შეეხება პოლიტიკურ კლასს, ცხადია, პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან და ადამიანური ემოციები მათაც აქვთ, მაგრამ პანდემია ზოგისთვის კარგი საპიარო აღმოჩნდა, თუმცა ამაზე სხვა დროს, ანუ მაშინ ვისაუბროთ, როცა კორონა „გადაშენდება“.

გიორგის, გოგიტასა და რობერტს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევაზე, ალბათ, არასოდეს უფიქრიათ დ ახლაც, როცა მედია მათზე საუბრობს,  შესაძლოა, უხერხულად გრძნობენ თავს, მაგრამ ეს ბიჭები ჩვენი დროის გმირები არიან, გმირები, რომლებიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე მათმა სამსახურმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა (სამივე, როორც „ტვ 25“ იუწყება, მშენებელ-ინჟინერია), ახალი საქმე წამოიწყეს. უფრო სწორად, საკუთარი სახსრებით 3 ათასი პური, ათეულობით შეკვრა ლიმონათი იყიდეს, ქუჩაში გავიდნენ და გამვლელებს დაურიგეს.

„ვისაც აქვს, გაიღოს, ვისაც არ აქვს, წაიღოს!“ - ეს ბიჭების დევიზია. სხვათა შორის, ბიჭებს  ერთ-ერთის დედამაც აუბა მხარი და ახალგაზრდებს, პროდუქტის შესანახად, ტანსაცმლის მაღაზია დაუთმო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიკეთე გადამდებია. ჰოდა, გიორგის, გოგიტასა და რობერტის ქველმოქმედებას მიმდევრები გამოუჩნდნენ, ანუ მათ ჯემალ ირემაძეც შეუერთდა, რომელსაც სასურსათო მაღაზია აქვს და ხალხისთვის დასარიგებელი ნობათი სხვადასხვა პროდუქტით გაამდიდრა.

ჟამიანობის დროს კეთილი ადამიანები მხოლოდ ბათუმში როდი ცხოვრობენ. მოვლენები თითქმის ანალოგიური სცენარით პანკისის ხეობაშიც განვითარდა, სადაც ერთმა ადგილობრივმა მეწარმემ ხალხს პური უფასოდ დაურიგა. ამის შესახებ კი სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ისლამ გორგიშვილმა ამცნო:

„დღეს საკობიანოში „რამინას ფურნეში“ მივედი პურის საყიდლად და 5 ლარი მივაწოდე პურის გამყიდველს. 5 პური მომცა და თან ჩემი 5-ლარიანიც უკან დამიბრუნა. ვკითხე, - რა ხდება-მეთქი?  - დღეს ერთმა ქისტმა ბიჭმა ფული დატოვა, ვინც  პურზე მოვა, ფული არ გამოართვათო. - ვინ იყო-მეთქი ის ქისტი ბიჭი? - არ ვიცითო. უთქვამს, - ჩემი ვინაობა არ თქვათო. იმ პურის მცხობელმა მითხრა, ეს თქვენებურად „სააყა“ არისო.

გარეთ ერთი ფშაველი კაციც იდგა და მანაც მითხრა, იმ ქისტმა ბიჭმა რამინას 200 ლარი მისცა, რომ ხალხს პური უფასოდ დაურიგდესო.

ალლაჰმა ყაბულად მიიღოს მისი გაღებული სააყა (სადაყა) ალლაჰიე ყოობულ დუაილდაქ ჰა დეექინდოლ, სააყ ალლაჰიე შიე დოჰ დუაილდაქ“, - დაწერა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში რამზან გორგიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ კი, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით,  საზოგადოებას ერთი უჩვეულო სიკეთის შესახებ ამცნო:

„არ მიყვარს ვრცელი სტატუსების წერა, მაგრამ არ შემიძლია, არ გაგიზიაროთ: ახალგაზრდა ბიჭია, ოჯახთან ერთად თავისი სამრეცხაო აქვს. პოლიციელებს და ექიმებს ფულს არ ართმევს. მითხრა: თქვენ ახლა ხალხზე ზრუნავთ და ჩვენთვის მუშაობთ 24 საათი და როგორ გამოგართმევთ ფულსო?! რეცხვის გარდა, დეზინფექციაც გაუკეთა მანქანას! კაცური კაცი! ასეთი ადამიანებით გადავრჩებით. ყველაფერი კარგად იქნება - ჩვენ დავამარცხებთ კორონას“, - დაწერა ვალერი თელიამ სოციალურ ქსელში და ზემოხსენებული კეთილი ბიჭის ფოტოც გაავრცელა.

კორონაპანდემიის დაწყების შემდეგ გაჭირვებულ მოსახლეობას პური უფასოდ კასპშიც დაურიგეს. ეს ფაქტი ორმაგად სასიხარულო იმიტომაა, რომ პურის უფასოდ დარიგების გადაწყვეტილება სასულიერო პირმა მიიღო, ანუ მამა ლევანმა თანამემამულეებს ეკლესიაში პურის შეგროვებისკენ მოუწოდა.

„კორონავირუსის გამო, სანამ უმეტესი ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, კასპში არსებული თითქმის ყველა პურის საცხობის დახმარებით, დღეიდან წმინდა გიორგის ტაძარში, ყოველდღე, დავიწყეთ პურის დარიგება ყველასთვის, ვისაც უჭირს პურის ყიდვა. კასპელებო, ვისაც მსგავსი გაჭირვება გაქვთ, მოდით“, - განაცხადა მამა ლევანმა.

ორმა თბილისელმა ბიჭმა კი თანამოქალაქეების დახმარება სხვანაირად განიზრახა. კერძოდ, ისინი ღამღამობით შინიდან გადიან და ჯიქიას ქუჩიდან დელისამდე ბანკომატებსა და საბავშვო მოედნებზე არსებულ საქანელებს  სადეზინფექციო ხსნარებით ჩუმად და უანგაროდ წმენდენ.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რასაც ადამიანები უხილავ მტერთან ბრძოლის დროს აკეთებენ.

ზოგადად, ზოგი ჭირი რომ მარგებელია, ყველამ ვიცით. ჰოდა, თუ ამ თვალით შევხედავთ, კორონას დადებითიც აქვს. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ერთგვარად ქართული „ფეისბუქიც“ დაიწმინდა (თითო-ოროლა ადამიანი ღვარძლზე უარს ვერ ამბობს, თუმცა ეს ანგარიშგასაწევი არც არის).

კიდევ რა სიკეთე მოიტანა თანამედროვე ჭირმა? - აი, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი, მიიჩნევს, რომ კორონას წყალობით, ემიგრანტი დედები შვილებს, მოსახლეობის 80 პროცენტი კი სოფელს დაუბრუნდა.

„მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა: ემიგრანტი დედები უბრუნდებიან შვილებს, სოფლად მიტოვებულ სახლებში 80% დაბრუნდა, გლობალიზაციამ უსაზღვრო ლიბერალიზმი შეაჩერა. ქართველებს დაუბრუნდათ ქართველებისადმი პატივისცემა. მე პირადად, აწი რომც შემეყაროს კორონა, მაინც სამადლობელს ვიტყვი მის მიმართ.

მადლობა, ჩემო მტერო კორონა, საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!!!“ - აცხადებს ემზარ კვიციანი.

ჟამიანობა, ადრე თუ გვიან, რასაკვირველია, დასრულდება და კიდევ ბევრ დიდებულ ადამიანს გავიცნობთ, რომელიც გაჭირვების დროს სხვას დახმარების ხელს უწვდის.

დიახ, ამ ბრძოლას ბევრი, ძალიან ბევრი უცნობი გმირი ეყოლება, თუმცა ჩინ-მედლებს ერთი მათგანიც არ მოითხოვს!

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, ჟურნალისტები და უამრავი სხვა პროფესიის ადამიანი ის ჯარისკაცები არიან, რომელიც უხილავ მტერთან იმიტომ არ იბრძვიან, რომ გენერლის ჩინი მიიღონ!

დიახ, ამ ბრძოლაში თითოეულ ჩვენგანს ჩვენი მისია გვაქვს!

დიახ, ეს თითოეული ჩვენგანის ომია, - ომი, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება