QronikaPlus
გია ჯაჯანიძე: „გადავწყვიტე, „აბადოკები“ მოვქსოვო და ვილოცო“

გია ჯაჯანიძე: „გადავწყვიტე, „აბადოკები“ მოვქსოვო და ვილოცო“

2020-04-03 05:12:35

რა პირობებში უწევს ცხოვრება ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანს  მკაცრი  კარანტინის პირობებში, როგორ აფასებს ის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და რის გაკეთებას აპირებს პოპულარული შოუმენი პენსიაზე გასვლის შემდეგ? - „ქრონიკა+“- გია ჯაჯანიძე ესაუბრება:

- გადასარევად ვატარებ დროს სახლში, დისტანციურად ვმუშაობ, თან რეპეტიციას გავდივარ. პენსიაზე რომ გავალ, უკვე ვიცი, რას გავაკეთებ. არ ვარ მოწყენილი, ვისვენებ. იმდენს დავრბოდი, ახლა ნეტარებაში ვარ. ვარჯიშიც კი დავიწყე, ეზოს ვუვლი და ა. შ.

- მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა თუ მოახდინა რამე გავლენა თქვენს ხასიათზე?

- მსოფლიოში არსებულმა ვითარებამ ვერაფერი შეცვალა ჩემს ხასიათსა და დამოკიდებულებაში. ერთადერთი, ხალხი მედარდება და ვფიქრობ, ეკონომიკური პრობლემები იქნება. ადვილად ვეგუები ყველაფერს, მეც სხვასთან ერთად ვიშიმშილებ, თუ გადავრჩი. თუ არ გავდარჩი, მაგაზეც არ ვდარდობ. ისე შინაარსიანად, ლაღად, ლამაზად და ბედნიერად ვიცხოვრე, აღარ დავეძებ... და თუ გადავრჩი, ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს. მიყვარს სიცოცხლე, მახსოვს სიკვდილი. ახლაც ბედნიერი ვარ, რადგან ვცოცხლობ და შემიძლია, კითხვებზე პასუხი გაგცე.

- გავიგე, რომ ქსოვა დაიწყე, ეს ერთგვარი თერაპიაა?

- რაც შეეხება ქსოვას, ბებიაჩემმა მასწავლა და მითხრა, ქსოვის დროს ვლოცულობ და ვინც ამ მოქსოვილს ჩაიცვამს, ბედნიერი იქნებაო. ახალგაზრდობაში ვქსოვდი, ახლაც გავიხსენე. გადავწყვიტე, შუბლის „აბადოკები“ მოვქსოვო, ქსოვის დროს ვილოცო და ადამიანები გავაბედნიერო, თან მეც გავბედნიერდები.

- რას ეტყოდი პანიკაში ჩავარდნილებს და კორონასგან ძალიან შეშინებულებს?

- ადამიანებს ვეტყვი, რომ გამოფხიზლდნენ. მათ ყველაფერი ესმით, ყველაფერს ხედავენ, ოღონდ ვერ იაზრებენ, რა ზიანი მოაქვთ საკუთარი თავისთვის. დამღუპველია აგრესია, ეჭვი, შური, ცილისწამება. ყველაზე დიდი ვირუსია, როცა სხვის ცხოვრებაში ხელებს აფათურებ. ამ დროს აუცილებლად წარუმატებლობა გეწყება, თუ ვინმეს ერჩი და გულს ტკენ. თუ გინდა, ბედნიერი იყო, სხვისი წარმატება უნდა გახარებდეს. უნდა იყო წინდახედული და გამოიმუშავო ნებისყოფა. და მთავარი: დრო! - დროის სწორად განაწილება ვისწავლოთ და ვეცადოთ საკუთარი ემოციების მართვა.

- დაბოლოს, მაინტერესებს,  როგორ აფასებ ხელისუფლების  და საქართველოს ექიმები მუშაობას?

- ძალიან კარგად მუშაობენ! რაც შეუძლიათ, აკეთებენ. ძალიან ხშირად მითქვამს: ორი პროფესიაა, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ - ეს არის პედაგოგი, მისი მოცემული ცოდნით კი შეგიძლია, უამრავი კარგი საქმე აკეთო  ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის... და ექიმი, რომელსაც შეუძლია, სიცოცხლე გაჩუქოს.

აგრესიული ადამიანები ვერ გამოყოფენ ბედნიერების ჰორმონებს, რომელიც ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის არის აუცილებელი. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ჰარმონიულ ცხოვრებას.

ლევან ქემოკლიძე

გაზიარება