- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-03 05:02:33
ელიზბარ ელიზბარაშვილი - ავტორი 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სამი სახელმძღვანელოსი, ორი სამეცნიერო ატლასისა და 20-მდე მონოგრაფიის. მეცნიერის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე შესწავლილია მთის ჰავის ჩამოყალიბების მექანიზმის მრავალი საკითხი. მის მიერ გაანალიზებულ კავკასიის კლიმატების ვერტიკალურ სტრუქტურას მაღალი შეფასება მისცა აკადემიკოსმა ინოკენტი გერასიმოვმა. მას გამოვლენილი აქვს საქართველოს კლიმატური, მათ შორის, საკურორტო და ენერგეტიკული რესურსების თავისებურებანი.
დღეს, საყოველთაო პანდემიის პირობებში, ამბობენ, რომ დედამიწა შვებულებაშია და ადამიანებისგან ისვენებს. ამასობაში კლიმატი შეიცვალა და ეკოლოგიური მდგომარეობა, ერთი შეხედვით, უკეთესია.
„ქრონიკა+“ დღევანდელ შექმნილ მდგომარეობაზე ელიზბარ ელიზბარაშვილს ესაუბრება:
- ბატონო ელიზბარ, რა გავლენას ახდენს მსოფლიო პანდემია დედამიწის ეკოლოგიაზე?
- უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც მეცნიერები განგაშის ზარს რეკავენ, ამყარებენ რა მას ციფრებითა და ფაქტებით, რაც იმას ადასტურებს, რომ დედამიწის გაუარესებული ეკოლოგიური სიტუაცია კრიტიკულია და მთელი რიგი ეკოსისტემების რღვევას იწვევს: მყინვარების დნობას, ტყეების გაქრობას, გაუდაბნოებას, ცხოველთა სახეობების შემცირებას, ჰაერის ხარისხის გაუარესებასა და სხვ. დედამიწას ნამდვილად ესაჭიროებოდა ასეთი მძიმე დატვირთვისგან განთავისუფლება, დასვენება და სწორედ კორონავირუსმა მისცა მას ამოსუნთქვის საშუალება.
კორონავირუსის პანდემიამ ადამიანთა დიდი რაოდენობის მსხვერპლი გამოიწვია, ჩაიკეტა საზღვრები, აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი მატერიალური და ეკონომიკური ზარალი, და, საბოლოო ჯამში, შეირყა ეკონომიკა. მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ეპიდემიას დადებითი შედეგებიც აქვს - მან პოზიტიურად იმოქმედა ეკოლოგიაზე, გააახალგაზრდავა დედამიწა; მასობრივი კარანტინი დაეხმარა ბუნებას და შედეგად შეამცირა ჰაერის დაბინძურება. მეცნიერების აზრით, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ეკოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდა.
- კერძოდ, რა ცვლილებები შეინიშნება ეკოლოგიური თვალსაზრისით?
- ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოსა და ევროპული კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრებმა დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მავნე მინარევების მნიშვნელოვანი შემცირება და დაადგინეს, რომ დედამიწის მთელ რიგ რეგიონებში ჰაერი უფრო სუფთა გახდა. მაგალითად, კვლევის შედეგების თანახმად, ჩინეთის სამრეწველო რაიონების ატმოსფეროში აზოტის დიოქსიდის მაჩვენებლები ნორმას მიუახლოვდა. ჩინეთის ეკოლოგიის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, „კარგი ხარისხის დღეების“ საშუალო რიცხვი, როდესაც ჰაერის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, თებერვალში, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 22%-ით გაიზარდა. ეს აისახა თანამგზავრებიდან მიღებულ სურათებზეც, სადაც მნიშვნელოვნად შემცირებულია ჩინეთის სამრეწველო რაიონების თავზე გავრცელებული აირების ღრუბლები. ანალოგიური ცვლილებები შეინიშნება სხვა რეგიონებშიც, მაგალითად, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ჰაერის ხარისხი ისეთივე გახდა, როგორიც ის 40 წლის წინათ იყო.
საერთოდ, ჩინეთი ჩვენი პლანეტის დაბინძურების უმსხვილესი წყაროა - მასზე მოდის მსოფლიოში ნახშირორჟანგის ყოველწლიური გამონაბოლქვის 30%. ამიტომ დაბინძურების შემცირებას, დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაშიც კი, მნიშვნელოვანი შედეგები ექნება. ამ პერიოდში ჩინეთის საწარმოებმა არ გამოაბოლქვა 200 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი, რაც დიდი ბრიტანეთის წლიური გამონაბოლქვების ნახევარია. გამონაბოლქვების შემცირებას ხელი შეუწყო ნახშირის, ნავთობისა და ფოლადის წარმოების, აგრეთვე შიდა ფრენის რეისების შემცირებამ.
მთელ მსოფლიოში შეზღუდულია ავიაფრენები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნახშირორჟანგის კვალს. ასევე შემცირებულია სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობა, ავტოტრანსპორტის წილზე კი მოდის გამონაბოლქვის საერთო მასის 30-70%. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამაბინძურებელი ნივთიერებების 40% მოდის მოძრავი წყაროების გამონაბოლქვზე, მათ შორის, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებზე, ორთქმავლებსა და საჰაერო ტრანსპორტზე. ადამიანები იშვიათად გამოდიან სახლებიდან, ნაკლები ხალხია პარკებში, სკვერებში, ტყეებში, რეკრეაციულ ადგილებში, შესაბამისად, ნაკლები დაბინძურებაა.
- როგორ იმოქმედა ამან ბუნებაზე, ფლორასა და ფაუნაზე?
- ბევრ ქალაქში გამოცხადებულმა კარანტინმა და დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა გამოიწვია მათი დაცარიელება. ქუჩებში გამოჩნდნენ გარეული ცხოველები, მათ შორის, გარეული ტახები, ირმები, მაიმუნები.
ბარსელონის გარეუბანში დაცარიელებულ ქუჩებში შენიშნეს გარეული ტახები, რომლებიც ქალაქის მახლობლად ტყეში ბინადრობენ. იაპონიაში პარკ ნარას მობინადრე ირმების ჯოგი გამოვიდა ამავე სახელწოდების ქალაქის ქუჩებში. ირმების ჯოგი გამოჩნდა, აგრეთვე, პოლონეთის ქალაქ ზაკოპანეს დაცარიელებულ ქუჩებში. ტაილანდში ასეულობით ინდივიდისგან შემდგარი მაიმუნების ჯოგი შენიშნეს. ადგილობრივი მცხოვრებლები პირველად წააწყდნენ ასეთი რაოდენობის ცხოველებს. ისინი ჩხუბობენ ერთმანეთში საკვების მოსაპოვებლად, რადგანაც ქუჩებში აღარ დადიან ტურისტები, რომლებიც მათ ანებივრებდნენ და კვებავდნენ.
იტალიის ქალაქ ვენეციაში ტურისტების რაოდენობის შემცირებამ არხებში წყალი გაასუფთავა. ქალაქში შეინიშნება აგრეთვე გედებისა და სხვა ფრინველების დაბრუნება. იტალიის სხვა რეგიონებშიც, განსაკუთრებით ჩრდილოეთ რაიონებში, აგრეთვე შეინიშნება გედებისა და იხვების დაბრუნება, - იქ, სადაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში აღარ იყვნენ.
- საქართველოში რა ეფექტი შეინიშნება?
- საქართველოში ციფრების მოშველიების გარეშეც შეინიშნება ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება. ქალაქებში მკვეთრად იკლო ტრანსპორტმა, ჰაერი გასუფთავდა, ნაკლები ხმაურია, ისმის შაშვის გალობა, ღუღუნებენ გვრიტები, გაგვითამამდნენ მტრედები და აივანზე გველოდებიან, რომ საკენკი დავუყაროთ, მალე მერცხალიც მოფრინდება.
- როგორი იქნება დედამიწა მომავალში?
- მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის შესვენება დროებითი, ხანმოკლე ეფექტია და, პანდემიის შემდეგ, ქარხნები კვლავ ამუშავდებიან ახალი ძალით, განახლდება ფრენები, ხოლო ეკონომიკა ეცდება სწრაფად აღდგენას, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს კორონავირუსის ამ დადებითი ეფექტის სრულ ნიველირებას და დედამიწა კვლავ დაიტვირთება ეკოლოგიური პრობლემებით.
მაკა მოსიაშვილი