- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-02 14:38:17
კორონავირუსი და ქართველი ემიგრანტები - როგორ და რა პირობებში ცხოვრობენ საზღვრებს მიღმა საქართველოს მოქალაქეები?
"ქრონიკა+" გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ესაუბრა:
თეონა გიგინეიშვილი - ესპანეთი:
"საგანგაშო და მძიმე სიტუაცია გვაქვს. ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, ესპანეთში 110 574 ადამიანი კორონავირუსის მატარებელია და 10 000 -მდე - გარდაცვლილი. ადგილობრივი სპეციალისტები საუბრობენ, რომ ეს ციფრი კიდევ მოიმატებს. რა თქმა უნდა, პანიკაში ვართ. ბუნებრივია, ქართველ ემიგრანტებთან ტელეფონით და ინტერნეტის მეშვეობით ვკონტაქტობ, ბევრ მათგანს არ აქვს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი დოკუმენტები და ეს ფაქტი მათ მდგომარეობას ძალინ ართულებს. მათი სურვილია საქართველოში დაბრუნება და ვერ ახერხებენ. მე უკვე 20 წელია, აქ ვცხოვრობ და ძალიან დიდი პრობლემების წინაშე არ ვიმყოფები, უბრალოდ, ოჯახის წევრებთან ერთად მაქსიმალურად ვიცავ უსაფრთხოების ზომებს და თითქმის არ გავდივარ სახლიდან, თუმცა თითოეულ ჩვენგანს საშიშროება მაინც ემუქრება".
გიორგი ჯაიანი - გერმანია:
"13 მარტიდან ბერლინი აღარ ცხოვრობს ჩვეული რიტმით. ანგელა მერკელის განცახდებით, შეზღუდვები 19 აპრილამდე გაგრძელდება. როგორი იქნება ცხოვრება 19 აპრილის შემდეგ, ეს ჯერ არავინ იცის. დაიკეტა სასწავლო დაწესებულებები, ღამის კლუბები, ბარები, რესტორნები და ა. შ.
გერმანიას განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები აქვს მიღებული და, რა თქმა უნდა, ადამიანები გაგებით ვეკიდებით ყველა იმ შეზღუდვასა და რეკომენდაციას, რასაც გერმანიის სახელმწიფო გვთავაზობს. რამდენიმე დღის წინ იქ, სადაც ვცხოვრობ, ერთ მობინადრეს ჰქონდა კორონავირუსის სიმპტომები. სპეციალურმა ჯგუფმა ტესტი გაუკეთა, ორი დღის შემდეგ პასუხი მოვიდა და მას ვირუსი არ დაუდასტურდა. ამ ფაქტის გამო ცოტა შევშინდით, ახლა კი შედარებით მშვიდად ვართ. რაც შეეხება ქართველ ემიგრანტებს, ბერლინში ცხოვორობენ სტუდენტები, რომლებიც უსამსახუროდ დარჩნენ ან საბუთები წესრიგში არ აქვთ და არალეგალურად იმყოფებიან გერმანიის სახელმწიფოში. ისინი, სავარაუდოდ, ვერ ისარგებლებენ იმ სერვისებით, რასაც კრიზისის დროს გერმანია სთავაზობს ადამიანებს. ბუნებრივია, ისინი დაუცველად გრძნობენ თავს. არ ვიცი, საქართველოს საელჩო რამდენად ეფექტიანად მუშაობს. მარტივი შესამჩნევია, რომ ამ ადამიანებს კითხვებზე პასუხები არ გააჩნიათ თუ როდის მოახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას! იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება მოისმენს ქართველი ემიგრანტების ხმას და ისინი მალე შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას".
ინკოგნიტო ქალბატონი - იტალია:
"ადამიანები დღეს დაცულად არც ერთ ქვეყანაში არ გრძნობენ თავს და ვერც მე მოგატყუებთ... ძალიან მეშინია, არავინ მოდის დასახმარებლად. საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად ვარ პასუხისმგებელი და ვცდილობ, დავიცვა ყველა წესი. მე პირადად არ დამირეკავს საქართველოს საელჩოში, რომ ჩემს ქვეყანაში დაბრუნება მომეთხოვა, რადგან არ მინდა, რისკის ქვეშ დავაყენო ჩემი ოჯახის წევრები და სხვა ადამიანები. ზოგიერთი აქ მყოფი ემიგრანტი ყველაფერზე მიდის, რომ ბილეთში თანხა არ გადაიხადოს და ისე დაბრუნდეს სამშობლოში. ძალიან გამკაცრებულია უსაფრთხოების წესები, ქუჩაში სამხედროები დგანან და ადამიანებს ამოწმებენ, სპეციალურ საშვებს ითხოვენ და თუ ყველაფერი წესრიგში არ გაქვს, გაჯარიმებენ. ჩემი ყოველდღიურობა არაფრით არ განსხვავდება სხვა დღეებისგან, გამოკეტილი ვარ ოჯახში, სადაც ვმუშაობ და მოხუცის შვილები მეხმარებიან ყველაფერში, კონსულტაციას მიწევენ ოჯახის ექიმთან და ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. ეს ქვეყანა არ არის ისეთი, რომ მოგისროლოს და უპატრონოდ დაგტოვოს ვინმემ! ქართველი ქალები, რომლებიც მოხუცებთან ვმუშაობთ, ოჯახებში ვრჩებით და არ ვართ უსამსახუროდ. ბევრი ემიგრანტი წერს, რომ უსამსახუროდ დარჩა. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დღის სამსახურებში მუშაობდნენ, თუმცა იმის თქმა, რომ უპატრონოდ არიან და შიმშილი ემუქრებათ, გადაჭარბებული მგონია. იტალიაში ასევე არსებობს დაწესებულება, სადაც უფასოდ ემსახურებიან მათ, ვისაც საბუთები წესრიგში არ აქვთ და სამედიცინო დახმარებას უწევენ. ცუდი ის არის, რომ იტალიაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია და ახალგაზრდები მაინც არ ემორჩილებიან წესებს - ისინი მაინც გამოდიან ქუჩებში და ერთმანეთთან ურთიერთობენ. იტალიურ მედიაში გამუდმებით მოუწოდებენ ადამიანებს, რომ დარჩნენ სახლში და ხელი შეუშალონ ვირუსის გავრცელებას. კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, გვჯერა, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ადამიანები ისევ შევძლებთ პანიკის გარეშე ცხოვრებას".
ლევან ქემოკლიძე