QronikaPlus
„ასმათ კოხრეიძე ეკა ბესელიას მონა-მოსამართლეა“

„ასმათ კოხრეიძე ეკა ბესელიას მონა-მოსამართლეა“

2019-02-17 13:41:53

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების, სწავლების სამეცნიერო საზოგადოების, გამგეობის თავმჯდომარე და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორი _ დავით ზარნაძე: შეგახსენებთ: საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის აგვისტოდან მიმდინარე სასამართლო პროცესს, სადაც განიხილებოდა ნუგზარ ივანიძის სარჩელი დავით ზარნაძის წინააღმდეგ. ივანიძე მოითხოვდა, რომ აიკრძალოს ზარნაძის წიგნი „ზოგადი უნარების ლოგიკა“ და დაეკისროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება 390000 ლარის ფარგლებში. დავით ზარნაძე: _ მართლაც, მორალურადაც გამაოგნებელია ასეთი დასაწყისი, ვინმე გიჩიოდეს ამ რაოდენობის ზარალის მიყენებას _ 250-იანი ტირაჟით ახალგაზრდებისთვის უაღრესად საჭირო თვითმასწავლებელი სასწავლო წიგნის გამოცემის გამო, რომელსაც ისინი 60 წელი ელოდებოდნენ. რამდენიმე დღე შოკში ვიყავი, ვერ ვიჯერებდი, რომ 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორს, რომელიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, რუსეთში, გერმანიაში, იტალიაში, ირანში, შემეძლო ასეთი ზარალის ვინმესთვის მიყენება. წიგნის გამოცემა იმ გამოუვალმა მდგომარეობამ მაიძულა, რომელიც საქართველოში ზოგადი უნარების ლოგიკის სწავლებასთან დაკავშირებით 2005 წლიდან არსებობდა . მას შემდეგ, რაც ზოგადი უნარების გამოცდა დაწესდა, 20-ზე მეტი წიგნი დაიწერა, რომელიც ზოგადი უნარების ლოგიკის საკითხებს ეხება. მათში სრული ქაოსია არეული ტერმინოლოგიის, მცდარი აღნიშვნებისა და საკითხების არასწორად სწავლებასთან დაკავშირებით. ჩვენი წიგნის გამოსვლას წინ უძღოდა 10-წლიანი მუშაობა, რომლის დროსაც გაანალიზდა, დაახლოებით, 2000 ტესტი მისი 4 ან 5 სავარაუდო პასუხით, ანუ დამტკიცდა, დაახლოებით, 8000 დებულება, რომელთა ნაწილიც შემდეგ ამოხსნის სირთულის იერარქიის მიხედვით დალაგდა. ამ წიგნების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ ლოგიკის წიგნებისთვის ზემოთ მოყვანილი კანონზომიერების გამო ლ. მჭედლიშვილისა და ნ. ივანიძის წიგნი დაწერილია კ. ბაქრაძის წიგნის საფუძველზე, ხოლო ბ. დეკანოიძის წიგნი _ ლ. მჭედლიშვილისა და ნ. ივანიძის წიგნის საფუძველზე. განსაკუთრებით ბევრი შეცდომაა ლ. მჭედლიშვილისა და ნ. ივანიძის წიგნში (124 ფაქტობრივი და მრავალი ასეული აზრობრივი შეცდომა), რომელთა გარკვეული ნაწილი გასწორებულია პროფესორ ბ. დეკანოიძის წიგნში. შევხვდი დეკანოიძეს, რომელმაც მითხრა, რომ ნუგზარ ივანიძე არის ჯიუტი და არ ითვალისწინებს სხვების მოსაზრებას. 2013 წლის სექტემბერში თუ ოქტომბერში ნუგზარ ივანიძეს შევხვდი, მოკრძალებით ავუხსენი საქმის ვითარება და იგი დამეთანხმა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მან მთხოვა, რომ შეცდომების გასწორება მე გამეკეთებინა. ჩემს თანამშრომელთან ერთად, რამდენიმე თვის დაძაბული მუშაობის შემდეგ, მის წიგნში 434 გვერდზე შეცდომების გასწორება გავამზადე და ჩემ მიერ გაანალიზებული საილუსტრაციო სავარჯიშოები დავუმატე, რომელიც მის წიგნს კითხვადს გახდიდა და ამოვბეჭდე. მინდოდა, ივანიძისთვის შესწორებული ქაღალდის ვერსია მიმეწოდებინა, მაგრამ მან მთხოვა, რომ ცუდი მხედველობის გამო მისთვის კომპიუტერული ვერსია მიმეცა. ეს თხოვნაც შევუსრულე და ელფოსტით გავუგზავნე. მიუხედავად ამისა, გარკვეული დროის შემდეგ, მან გასწორებული შეცდომების გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა. როდესაც გავიაზრე, რა ხდებოდა, დავრწმუნდი, რომ მას არ აწყობდა შეცდომების გასწორების აფიშირება, რადგან ის და ლ. მჭედლიშვილი ამ წიგნით ასწავლიდნენ მოსამართლეთა თაობებს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომლებს და ორი ათეული წლის განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. ის არის ამ შეცდომების ტყვე, ანუ ის მთელი ცხოვრების მანძილზე ერთს ამტკიცებდა და შემდეგ უკვე აღარ შეეძლო მისი შეცვლა. დავდექი დილემის წინაშე: ან უარი მეთქვა შეცდომების გასწორებაზე არსებულ წიგნებში, ან გამომექვეყნებინა წიგნი აბიტურიენტებისთვის შეცდომების გარეშე, რისი გასწორებაც ნ. ივანიძის თხოვნით განხორციელდა. მეორე ვარიანტი ამოვირჩიე, რისი უფლებაც მქონდა საავტორო კანონის 23-ე მუხლის ა) და ბ) პუნქტების საფუძველზე. მეტიც, ეს მევალებოდა, როგორც პედაგოგსა და პროფესიონალს. შეძლებისდაგვარად, შეტყობინებები ყველა ავტორს გადავუგზავნე მათი შეცდომების შესახებ იმ მიზნით, რომ ისინი მომავალ გამოცემებში აღარ გაემეორებინათ. ამასთან, 2014 წლის დასაწყისში ჩვენმა პროექტმა საპატრიარქოს საერთაშორისო ფონდის 2014 წლის სამეცნიერო გრანტი მოიპოვა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების“ სტანდარტი არჩევით საგნად X.XI.XII კლასებში, სწავლა/სწავლების მეთოდოლოგია ზოგადი განათლების სისტემაში და საგნის სწავლების სილაბუსი. უფრო მოგვიანებით, ამ სტანდარტის შესაბამისად შეიქმნა დამხმარე სახელმძღვანელო: „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნება“, რომელშიც ის წარმოდგენილია ინტერდისციპლინურ საგნად, მისი სწავლება უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პირობებში. წიგნის შინაარსი სრულად ეთანხმება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კრიტიკული აზროვნების სწავლების პოზიციას და განათლების ფსიქოლოგების პოზიციას, რომელთა მიხედვითაც ისწავლება არა მარტო ლოგიკური აზროვნების წესები, არამედ ხდება მათი გააზრება-გაცნობიერება, გამოყენება ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების სწავლებით. შესწორებების აუცილებლად გამოქვეყნების, ჩემი მოთხოვნებისა და პატრიარქის გრანტის ვერმოპოვების გამო განაწყენებულმა ივანიძემ არჩია შეცდომების დაკანონება, თავისი უცოდინარობიდან და რეალური პლაგიატობიდან ყურადღების სხვაგან გადატანა და შურისძიების მიზნით 2014 წელს აგვისტოში საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. _ რა ეწერა სარჩელში? _ სასარჩელო განცხადება ტყუილი ბრალდებებით გაავსო, თითქოს ჩემი წიგნი მთლიანად გადაწერილია მისი წიგნიდან უცვლელად, რომ ეს ორი წიგნი, რომელთაგან პირველი განკუთვნილია ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მეორე _ მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის, ერთი და იგივეა; რომ მას მივაყენე ეკონომიკური ზარალი; რომ წიგნის გამოცემა უნდოდა გაუგონარი, 50.00-იანი ტირაჟით და ჩემი წიგნის 250-იანი ტირაჟით გამოცემამ ხელი შეუშალა. ამასთან, სასამართლოზე ვერ წარმოადგინა გამოსაცემი წიგნი, რომელიც, ალბათ, არც აქვს დაწერილი. გარდა ამისა, მან წარმოდგენილ წიგნში უნდა გაასწოროს შეცდომები, რასაც ვერ შეძლებს სასამართლო პროცესის დამთავრებამდე, იმიტომ რომ ჩემ მიერ გასწორებული მასალის გამოყენება მოუწევს! _ მოსამართლის მიერ პროცესუალურ დარღვევებთან დაკავშირებით საუბრობდით. რას გულისხმობდით? _ პირველ რიგში, მან უკანონოდ ჩართო დავაში მესამე პირად ლ. მჭედლიშვილის მეუღლე, როგორც ლ. მჭედლიშვილის უფლებამონაცვლე, რადგან მას მემკვიდრეობით არ აქვს მიღებული გარდაცვლილის საავტორო უფლებები. თუ მეუღლე მესამე პირია მოსარჩელის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მაშინ როგორ დაირღვა მისი უფლებები? ასევე უნდა ითქვას, რომ მოსამართლემ ჩემი მაშინდელი ე. წ. ბიზნესწილები დააყადაღა, რასაც მოყვა: ამ სასწავლო შპს-ებიდან დამფუძნებლების გასვლა და მათი მუშაობის შეწყვეტა, აღებული სესხის გამო საცხოვრებელი სახლის გაყიდვა ჩემი ოთხშვილიანი შვილის მიერ, 4-წლიანი ნერვიულობით ჩემი მეუღლის დაავადება დიაბეტით, ჩემი _ ჰიპერტონიით, ჩემი შვილის ყველა ქონება იპოთეკით დაიტვირთა, ოჯახის პირადი ქონება დალომბარდებულია, აპელაციის თანხა საპენსიო სესხით გადავიხადე. თუმცა მოსამართლემ სსკ-ის მუხლი დაარღვია, რადგან იგივე სარჩელის უზრუნველყოფა არ გააკეთა ნ. ივანიძის მიმართ, რითაც რეალურად ჩემ მიერ სასამართლო პროცესის წაგება დააანონსა. გარდა ამისა, პირველივე სხდომიდან ჩემზე მუდმივად ხორციელდებოდა ზეწოლა _ ვითომ აყენებდა საკითხს მორიგების შესახებ. სინამდვილეში, დაჟინებით მოითხოვდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მცირე ნაწილის მაინც აღიარებას შეთანხმებისთვის, თითქოს კანონდამრღვევი ვყოფილიყავი. ლოგიკის ენაზე, ეს ნიშნავს მოსამართლის მიერ მანკიერი წრის შეცდომის დაშვებას, როდესაც თეზისს აცხადებს არგუმენტად, ანუ დამტკიცებულად აცხადებს დასამტკიცებელს _ თეზისს. სისხლის სამართალში ეს ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას, როდესაც დანაშაულის დამტკიცების გარეშე პიროვნებას დამნაშავედ აცხადებ. _ რის საფუძველზე გამოიტანა გადაწყვეტილება და რა მიზნებს ისახავდა მოსამართლე? _ საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი 5 საკითხის გაუთვალისწინებლად: 1. სასამართლომ არ გაითვალისწინა ლოგიკის წიგნების დაწერის სპეციფიკა, რომ ლოგიკისა და დედუქციურ მეცნიერებებში გამოცემული წიგნები აუცილებლად ეყრდნობა მათ წინამორბედ წიგნებს; 2. არ მიიღო მხედველობაში ჩემ მიერ ნ. ივანიძის თხოვნით ჩატარებული სამუშაო მისი შეცდომების გასასწორებლად; 3. დამალა შეცდომების არსებობა ლ. მჭედლიშვილისა და ნ. ივანიძის წიგნში, რითაც უარყო დასესხებების აუცილებლობა შეცდომების გასწორების (კრიტიკის) მიზნით; 4. არ გაამჟღავნა ლ. მჭედლიშვილისა და ნ. ივანიძის პლაგიატობა კ. ბაქრაძისგან და სხვა ავტორებისგან დიდი რაოდენობით უკანონოდ, დასესხების გარეშე წამოღებული ფრაგმენტების გამო. ამისთვის არ მიიღო მტკიცებულებად 120 გვერდზე მეტი ასლი, რომელიც ადასტურებდა ლ. მჭედლიშვილისა და ნ. ივანიძის წიგნში არსებული ტექსტების იდენტურობას კ. ბაქრაძის, ვინოგრადოვ კუზმინისა და კონდაკოვის წიგნებში არსებულ ტექსტებთან. დამალა, რომ ლ. მჭედლიშვილისა და ნ. ივანიძის წიგნის ძირითადი ნაწილი აღებულია კ. ბაქრაძის წიგნიდან ყოველგვარი ციტირების გარეშე, ანუ საავტორო კანონის დარღვევით, წყაროზე ციტირების გარეშე, ე. ი. ამ ავტორებმა გაძარცვეს თავიანთი მასწავლებელი კ. ბაქრაძე ხუთჯერ (ხუთი გამოცემისას) და ჯგუფურად; 5. უარყო ჩემ მიერ კანონიერად გაკეთებული დასესხება მიუხედავად იმისა, რომ დასესხება გაკეთებულია საავტორო კანონის 23-ე მუხლის სრულად დაცვით. 27.01.17-ის სხდომაზე ცინიკურად განაცხადა: „საინტერესო ყოფილა ლოგიკის სავარჯიშოები, დისშვილი თუ ძმისშვილი მყავს აბიტურიენტი, მას შევეკითხები და ვისწავლიო“. ბოლო სხდომაზე კი მოსამართლესა და ნუგზარ ივანიძეს შორის ასეთი საუბარი გაიმართა: ბატონო ნუგზარ, თქვენთან რომ მოსულიყო დავით ზარნაძე და თქვენი წიგნიდან ციტირების უფლება ეთხოვა, ხომ მოსთხოვდით 1000 დოლარს? დიახ, რა თქმა უნდა. რადგან ის თქვენთან ამ თხოვნით არ მოვიდა, ამიტომ ის უნდა დავაჯარიმოთ 10-ჯერ მეტი თანხით _ 10 000 დოლარით, რაც შეადგენს 25 000 ლარს (დღევანდელ კურსთან შედარებით ეს თანხა, დაახლოებით, 900 ლარით მეტი იყო). ასე გამოიტანა გადაწყვეტილება მოსამართლემ ამ საქმეზე და არ გაუთვალისწინებია: საავტორო კანონის 23-ე მუხლის ა) და ბ) პუნქტები, რომლის თანახმადაც ნებადართულია ციტირება ავტორთან შეთანხმებისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე (ეს მოსამართლეს რამდენჯერმე შევახსენე სასამართლოს პროცესებზე). სასამართლოს არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა, თუ რა მსგავსებები იყო ან რა იყო რეპროდუცირებული არარსებული გამოსაცემი წიგნიდან ზარნაძის წიგნში. _ რას ნიშნავს მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ან ვარაუდობთ, რომ მას ვინმე მფარველობს? _ როდესაც მოსამართლე ასეთ ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებას იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ვიღაც მფარველი ჰყავს იუსტიციის საბჭოში ან უფრო მაღლა _ პარლამენტში. სატელევიზიო გადაცემიდან გავიგე, რომ „ასმათ კოხრეიძე არის ეკა ბესელიას მონა მოსამართლე“, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მფარველიც ისაა. თუ დამატებით ასმათ კოხრეიძე არის სასამართლოს რომელიმე კლანის წევრიც, მაშინ სააპელაციო სასამართლოც ეცდება, დაიცვას ეს უკანონო გადაწყვეტილება, რაც მომავალში გამოჩნდება. აუცილებელია ექსპერტის ჩარევა. მივმართავ საქრთველოს იუსტიციის საბჭოს: ამ არაობიექტური განაჩენით თქვენ ილაშქრებთ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებსაც უნდათ აზროვნების შესწავლა და მსგავსი წიგნი 60 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ (კ. ბაქრაძის წიგნის მაშინდელ ფორმას), შეიძლება ითქვას, რომ ასეთი წიგნი საერთოდ არ ჰქონიათ. ვერ შეძლებთ დაფაროთ დამნაშავე და შერჩევითი სამართლით მომიდგეთ: მე საავტორო კანონის დაცვით გავაკეთე დასესხება, ხოლო ლ. მჭედლიშვილმა და ნ. ივანიძემ თავისი მასწავლებელი კ. ბაქრაძე გაქურდეს, ანუ ხუთგზის პლაგიატის ჩამდენი პიროვნებები ლ. მჭედლიშვილი და ნ. ივანიძე, რომლებმაც საავტორო კანონის 23-ე მუხლის დარღვევით კ. ბაქრაძისა და სხვა წიგნებიდან გადმოწერეს ინფორმაციები, ბრალს მდებენ იგივე ციტატების დასესხებაში, მაშინ როდესაც მე მითითებული მაქვს კ. ბაქრაძის ნაშრომებიც საავტორო კანონის 23-ე მუხლის ზუსტად დაცვით, ანუ ქურდები მაბრალებენ თავიანთი ნაქურდალის ქურდობას და სასამართლოს გადაწყვეტილებით იმარჯვებენ. ეს არის შერჩევითი სამართალი, რომელიც მოსამართლე ა. კოხრეიძემ აღასრულა. თქვენ პატრიარქის წინააღმდეგ ილაშქრებთ, რომელიც თითქმის ორმოცი წელია, ერს მოუწოდებს, ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნება ისწავლოს. ცდილობს გადაარჩინოს ერი, რადგან ფიქრობს, რომ ანალიტიკური აზროვნების შესწავლის გარეშე ერი დაიღუპება. ეს შეცდომები და მათი პლაგიატია არ დაიმალება. თქვენ ვერ შეძლებთ გაილაშქროთ პროგრესის _ ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების წინააღმდეგ, თუმცა ბოლო წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღები კონტინგენტის მოთხოვნებიდან ეს მოთხოვნა ამოიღეთ. ნუ მაიძულებთ, სასამართლოს უსამართლობის შესახებ ვილაპარაკო მიტინგებზე. ახლანდელ ვითარებაში ეს იქნება კიდევ ერთი უმძიმესი ბრალდების დამადასტურებელი ფაქტი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. უფრო დაწვრილებით სასამართლო პროცესის დეტალები გადმოცემული იქნება საავტორო წიგნში „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნება იურისტებისთვის“.

გიორგი საკარული

 

გაზიარება