QronikaPlus
ბარემ დამხვრიტეთ! _ ოთხი შვილის პატიმარი დედა ხელისუფლებას მიმართავს

ბარემ დამხვრიტეთ! _ ოთხი შვილის პატიმარი დედა ხელისუფლებას მიმართავს

2019-02-25 05:54:34

მეოთხე წელია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, თამარ ფხოველიშვილი, სასჯელს იხდის. ამ დრომდე არავის მოუთხოვია ამავე კომპანიის დირექტორის, არჩილ ცაბუტაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ფხოველიშვილს აიძულებდნენ, კომპანიის თანხები „აჭარაბეთის“ სხვადასხვა იუზერის ანგარიშებზე გადაერიცხა. აზარტული თამაშები, ძირითადად, ფორმალურად იმართებოდა და მოგებული თანხები კომპანიის ხელმძღვანელების ანგარიშებზე ილექებოდა. თამარ ფხოველიშვილთან ერთად დაკავებულია მისი მეუღლეც და მათ ოთხ შვილს ხანდაზმული ბებია ზრდის. თამარ ფხოველიშვილი ე. წ. კახელების კარტელის მორიგი მსხვერპლია. მის დახმარებაზე ბავშვობის მეგობარმა ზვიად ჯანყარაშვილმაც უარი თქვა, ყოფილ ბუღალტერს უარს ეუბნებიან საპროცესო გარიგებაზეც და ზარალის ეტაპობრივ ანაზღაურებაზეც. „ქრონიკა+“ ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის, თამარ ფხოველიშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ: მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების თითოეული თანამშრომლის მიმართ, განსაკუთრებით კი დირექტორის, ქ-ნ ნესტან ვერულიშვილისადმი, რადგან სწორედ მისი უდიდესი წვლილითაა განპირობებული ამ სისტემაში შექმნილი თბილი, თავაზიანი და ადამიანური გარემო. ახლა კი გადავალ ჩემს მთავარ სათქმელზე, რომლითაც მინდა მივმართო სრულიად მმართველ გუნდს: პატივცემულო ხელისუფლებავ, შეგახსნებთ, რომ მეც _ მსჯავრდებული თამარ ფხოველიშვილი _ ვარ ადამიანი, თუმცა ოთხი წლის განმავლობაში არაერთ თქვენგანს მოგწერეთ წერილი, მაგრამ მოსმენისა და პასუხის ღირსი არავინ გამხადეთ. იქნებ, ასეთი საჯარო მომართვის შემდეგ მაინც აღმოჩნდეს თქვენში ვინმე, ვინც იგრძნობს ელემენტარულ მორალურ პასუხისმგებლობას და გამოიჩენს ნებას, ყურადღებით გაეცნოს ჩემს საკითხს. მოკლედ ვიტყვი, რომ ათწლიან სასჯელს უკვე ოთხი წელია ვიხდით მე და ჩემი მეუღლე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ გახმაურებულ საქმეზე. აღარ შეგაწყენთ თავს იმით, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რამდენად ობიექტური გამოძიება ჩატარდა, რა დარღვევები არსებობს, რადგან თუ ვინმე დაინტერესდებით, მარტივად გაეცნობით საქმის არსს. სწორედ ამ არაობიექტურობის შესახებ ვწერდი ოთხი წლის განმავლობაში, ასევე მოგმართავდით სინანულით, პატიების თხოვნით, თუმცა, სამწუხაროდ, თქვენგან იყო სრული იგნორირება. დღეს ჩემთვის აზრი აღარ აქვს საგამოძიებო დარღვევების გარშემო საუბარს და ბრძოლას, ჩემ მიმართ წარდგენილი ორი (182-ე და 104-ე) მუხლიდან მხოლოდ 282-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ვარ დამნაშავე და ამას პირველივე დღიდან ვაღიარებ. საკმაოდ კარგად მესმის დანაშაულის სიმძიმე; ის, რომ კანონი უზენაესია; ისიც, რომ კორუფციასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ არაფრით არ მესმის, რატომ ვარ გამონაკლისი და რატომ ვისჯები კანონის სრული სიმკაცრით ოთხი შვილის დედა მაშინ, როცა კანონმდებლობაში არსებობს საპროცესო გარიგება და იგი ყველა კატეგორიის დანაშაულზე მოქმედებს. წლებია, უკვე ვიხვეწები დანაშაულის სრულად (ორივე მუხლით) აღიარებას, ზარალის თავდაპირველ ნაწილობრივ დაფარვას და დარჩენილზე გონივრულ ვადებსა და პირობებს (სასამართლოს წესით), რათა იგი სრულად ავანაზღაურო, მაგრამ ამის კეთილი ნება ჩემთან მიმართებით არადა არ გამოიხატა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ფიგურირებდა მესამე ბრალდებულიც, რომელსაც პირველივე ინსტანციის ბოლოს გაუფორმდა საპროცესო, აღიარების საფუძველზე და ზარალის დაფარვის მოთხოვნის გარეშე. იქნებ, გამცეთ პასუხი, რატომ არის ჩემ მიმართ ასეთი კატეგორიული უარი საპროცესო შეთანხმებაზე? ნუთუ, არაფერს ნიშნავს ოთხი შვილი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი (16 და 8 წლის), ერთიც მცირეწლოვანი (6 წლის)? ამ ბავშვებს ჰყავთ ერთადერთი პატრონი _ დედაჩემი, რომელიც 67 წლის არის და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ასევე 16 წლის ბავშვს 10 წლის ასაკში ამოკვეთილი აქვს ცალი თირკმელი და მეორეზე მუდმივი კონტროლი ესაჭიროება, აღარაფერს ვამბობ 8 და 6 წლის პატარებზე, რომლებიც უკვე ოთხი წელია, მშობლების დაბრუნების მოლოდინით ფსიქოლოგიურად განადგურებულები არიან. ნუთუ, ეს საკმარისი მიზეზი არ არის, გამოითქვას ნება საპროცესო შეთანხმებაზე? ნუთუ, არ ფიქრობთ, თუ რას ნიშნავს სამი არასრულწლოვნის მშობლების გარეშე გაზრდა, რას ეკიდებით, რა გინდათ, მაინცდამაინც ტრაგედიამდე და უბედურებამდე უნდა მივიდე? ჩემი ოჯახის განადგურება ზარალს აანაზღაურებს? კორუფციასთან ბრძოლა იმას არ ნიშნავს, რომ ეკონომიკურ დანაშაულზე ოჯახის გამწარებით და დაღუპვით მაგებინოთ პასუხი. თუ ვერ წარმოგიდგენიათ ან არ გჯერათ, რომ ჩემი ოჯახი განადგურების პირასაა, მიბრძანდით და საკუთარი თვალით ნახეთ, განსაკუთრებით ბავშვების მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა. ხელისუფლებას გაქვთ სლოგანი: „არა ბოროტებას!“ არ ფიქრობთ, რომ ჩემ მიმართ ასეთი შეუბრალებელი და დაუნდობელი განწყობა ბოროტებაა? ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ საკუთარი შვილების წინაშეც. მხოლოდ მე ვარ დამნაშავე და ძნელი გადმოსაცემია, თუ როგორ მქენჯნის სინდისი, როგორ მანგრევს სინანულისა და სირცხვილის გრძნობა, თუმცა ძალიან გაუგებარია ჩემთვის, რა შერჩევითობის პრინციპით ხდება სრული სიმკაცრით ჩემი დასჯა. სხვების გათვალისწინება და შეღავათები თუ შესაძლებელია, მაშინ რა ხდება ჩემთან მიმართებით? დამხვრიტეთ ბარემ და დამთავრდება ყველაფერი, აღარც თქვენ შეწუხდებით ჩემი თხოვნის წერილებით და ბავშვებიც შეეგუებიან დედის სიკვდილს. უკეთესი იქნება, ვიდრე ტირილში და გაწამებულ მოლოდინში გაატარონ წლები. ან ზარალის ანაზღაურების ინტერესი არ არსებობს? ვფიქრობ, არა, რადგან ზარალის დაფარვაზე მეტად ჩემი ბოლომდე გაწირვის ინტერესი უფრო აშკარაა. აბა, სხვა რა ვიფიქრო, როცა კომპანიას თავდაპირველი ეტაპისთვის ჩემი ოჯახის შესაძლებლობის მაქსიმუმს ვთავაზობ, რითაც ზარალის 25% ანაზღაურდება და დანარჩენზე გონივრულ ვადებსა და პირობებზე შეთანხმებას, თუმცა 2015 წლიდან დღემდე ინფრასტრუქტურის სამი შეცვლილი მინისტრის, შესაბამისად, წყალმომარაგების კომპანიის სამი გენერალური დირექტორისა და სამი სხვადასხვა მთავარი პროკურორის პირობებში ამას ვერ მივაღწიე. მოგმართავთ ხელისუფლებას! გამოიჩინეთ მორალური პასუხისმგებლობა და მაკმარეთ ოთხწლიანი პატიმრობა, დარჩენილი წლები შემიცვალეთ პირობითი სასჯელით, კანონის უზენაესობის პრიორიტეტულობის პარალელურად სამი არასრულწლოვნის მდგომარეობის გათვალისწინებაც თქვენი ვალდებულებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გაქვთ უფლება, ოჯახური ტრაგედიით მაგებინოთ პასუხი ეკონომიკურ დანაშაულზე. არანაირი მატერიალური ზარალი, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს იგი, არ არის სამი ბავშვის უდედოდ გაზრდის საპირწონე, მით უმეტეს, რომ ჩემგან არის მზაობა დაფარვის პირობებზე შესათანხმებლად. კვლავ ვაღიარებ და უზომოდ ვნანობ ჩადენილს, თუმცა დამნაშავეებიც ადამიანები ვართ, _ მიუხედავად შეცდომებისა, მიუხედავად პატიმრის სტატუსისა, ვარ დედა და სასწრაფოდ და აუცილებლად ვჭირდები ჩემს შვილებს. ვიმედოვნებ, რომ ამ წერილს ხელისუფლებიდან გამოუჩნდება გულისხმიერი და პასუხისმგებლიანი მკითხველი, ისეთი, ვინც მიიჩნევს, რომ მე და ჩემს შვილებს შველა გვჭირდება და კანონიერი გზით ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანს. თუ ფიქრობთ, რომ ოთხი შვილის დედის სრული სიმკაცრით დასჯა კორუფციასთან ბრძოლის შედევრია, დაე, ესეც ცნობილი იყოს საზოგადოებისთვის. P. S. დამატებით გიგზავნით ჩემი მხრიდან წყალმომარაგების კომპანიაში შეტანილი წერილისა და მათი პასუხის ასლებს. ზუსტად ეს წერილები ამყარებს იმ მოსაზრებებს, რომ ჩემ მიმართ არსებობს ერთადერთი და კონკრეტული მიზანი, _ ჩემი და ჩემი შვილების მორალურად განადგურება, ხოლო ზარალის დაფარვის ინტერესი საერთოდ არ დგას კომპანიის დღის წესრიგში.

გაზიარება