„გიორგი ნარმანია არის გიორგი გაბუნიას ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, ეს დაუშვებელია, არც ერთ საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ კონკურსზე მონაწილეს არ აკომპლექსებენ, პირიქით, გამოუცდელ ახალგაზრდა მუსიკოსს შანსს აძლევენ, რომ ბოლომდე გაიხსნას სცენაზე“, _ ეს არის გასული კვირის ყველაზე პოპულარული და სკანდალური პროექტის _ „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტის, გიორგი ნარმანიას ფანკლუბის წევრის მოსაზრება.
14 იანვარს „რუსთავი 2-ის“ ეთერში „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალი გაიმართა, სადაც, როგორც გადაცემის პრომოდან მარტივი შესამჩნევი იყო, კონკურსანტებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართებოდა. ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: გიორგი ნარმანია, ნოდარ ხუციშვილი, ნუცა თოფურია, გიორგი კელაპტრიშვილი და გუგა მარგველაშვილი. მაყურებლის გადაწყვეტილებით პროექტს გამოეთიშა გიორგი ნარმანია, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოყვა. გააკრიტიკეს ყველა მონაწილე, ჟიურის ყველა წევრი, წამყვანები ბულინგში დაადანაშაულეს... მოკლედ, პროექტის მაყურებელი დღემდე ვერ შეთანხმდა ჭეშმარიტებაზე. მითქმა-მოთქმისა და ბევრი ჭორაობის შემდეგ განმარტებები დაიწერა... პირველი განცხადება ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუკზე გაავრცელა, სადაც პროექტის მაყურებლის მთავარ შეკითხვებსა და ბრალდებებს უპასუხა: „ვისაც ცუდი მეხსიერება გაქვთ, ქრონოლოგიურად გაგახსენებთ: ფბ-ზე გიორგი ნარმანიას სიმღერა დაიდო; გოგოს ხელი სთხოვა, რის შემდეგაც, ხაზს ვუსვამ, მას „რუსთავი 2“ დაუკავშირდა და გადაცემაში მონაწილეობა სთხოვა; პარალელურად მოვიწვიე გადაცემაში. არც ერთი სხვა მონაწილე პერსონალურად გადაცემაში არ მყოლია. გავუკეთე პორტრეტი და საქორწილო მოგზაურობაში გავუშვი. რა მოხდა, როცა გაბუნიამ ნარმანიას 6 ქულა დაუწერა? რა და ზარებმა ის გადაარჩინა. რა მოხდა, როცა ნარმანიამ საკუთარ თავს 10 დაუწერა, ესეც ვნახეთ. კონკურსში ჟიური იმიტომ ზის, შეგაფასოს. ვინც ფიქრობთ, რომ კრიტიკული აზრი ბულინგია, კონკურსებს აღარ უყუროთ. წარმატებებს გისურვებთ, მათ შორის, მაგინებლებსაც. რაც შეეხება გიორგი ნარმანიას, ამ პროექტმა მას ყველაზე მთავარი, პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა და ყველაფერი, ჯერ კიდევ, წინ აქვს“.
შემდეგი პოსტი პროექტის ფინალისტმა ნუცა თოფურიამ გამოაქვეყნა, რომელსაც მაყურებელმა სიხარულისგან გამოწვეული გულწრფელი ემოციები დაუწუნა, როდესაც წამყვანებმა პროექტში გუგა მარგველაშვილის დარჩენისა და გიორგი ნარმანიას გაშვების შესახებ ინფორმაცია გამოაცხადეს.
„გიორგი ნარმანია, არ ვიცი, როგორ დავიწყო და რა გითხრა, იმდენად დამნაშავედ ვგრძნობ თავს. მოსვენებას ვერ ვპოულობ, არ ვიცი, არ გეგონოს, რომ თავს ვიმართლებ, პირიქით, ასე დამნაშავედ თავი არასდროს მიგრძნია. შენ კარგად გამიცანი და იცი, რომ ის ემოცია შენი წასვლით გამოწვეული არ იყო... უბრალოდ, გუგას დარჩენა გამიხარდა და შევეგებე ასეთი ემოციით, ეს იყო პირველი წამები, პირველი ემოცია, სანამ გავიაზრებდი, საერთოდ რა მოხდა“, _ დაწერა ნუცამ გიორგი ნარმანიას ფეიბუქ გვერდზე, თუმცა გიორგის პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.
14 იანვრიდან რამდენიმე დღეა გასული და ემოციებიც შედარებით განელებულია. „ქრონიკა+“ სკანდალის მთავარ გმირს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
გიორგი ნარმანია:
_ გიორგი, შენთვის 14 იანვრის ღამე ძალიან რთული იყო, როგორ ხარ და როგორ აფასებ „მხოლოდ ქართულის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?
_ იმ შედეგზე, რაც დადგა, ახლა ცოტა უხერხული იქნება საუბარი. რაც იყო, ყველაფერი მაყურებელმა შეაფასა და ნახა. მე შემიძლია გიპასუხოთ იმაზე, თუ რა გამოცდილება მივიღე პროექტისგან. მიუხედავად ყველაფრისა მიმაჩნია, რომ წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგი და რაც ყველაზე მთავარია, ხალხის სიყვარული დავიმსახურე, რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია.
_ გულდაწყვეტილი ხარ?
_ არანაირად არ მაქვს გულისწყვეტა, დამერწმუნეთ! იქით ვამშვიდებდი ჩემს გულშემატკივრებს. მე მეორე დღესვე ავდექი და სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერე: „მიყვარხართ და მეამაყებით, ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო, ცხოვრება მშვენიერია! რა დროს გულის გატეხაა, წინ არის ყველაფერი“.
მე გამარჯვებული ვარ საკუთარ თავთან... ხალხის სიყვარული _ აი, ეს არის ჩემი ფინალი.
_ ბევრი ადამიანი საუბრობდა, რომ პროექტში წამყვანების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდი, თავად რას ფიქრობ?
_ ცოტა უხერხული კითხვაა... ბულინგის მასხვერპლი... კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ის, რაც მოხდა, მაყურებელმა დაინახა და გააპროტესტა. პირდაპირ ეთერში ვისმენდი მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარებს, ალბათ შემამჩნევდით სახეზე, მე აგდებულად ვუყურებდი მათ რეპლიკებს. პროექტის მანძილზე არაერხთელ მომხდარა მსგავსი ფაქტი, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არ განმიცხადებია და არც მეტყობოდა სახეზე, რაღაცნაირად ზეწოლის ქვეშ რომ ვიყავი.
_ „როგორ დავემდურო ბედს“ _ პროექტამდე ეს იყო შენ მიერ შესრულებული სიმღერა, რომლის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელდა და მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. შოუს დაწყებამდე უკვე ძალიან პოპულარული იყავი. შენს პირად ცხოვრებასა და სიმღერაზე ატიურად წერდა ყვითელი პრესა. ცნობილია ისიც, რომ „მხოლოდ ქართულში“ პროდიუსერებისგან შეთავაზება მიიღე. ყველა კეთილგანწყობილი იყო შენ მიმართ, თავად რას ფიქრობ, რატომ იმსახურებდი ჟიურის წევრებისგან დაბალ ქულებს?
_ ბევრი დრო არ არის გასული, რაც „მხოლოდ ქართულის“ მონაწილე ვიყავი და დღემდე ვერ გავიგე, რატომ მოდიოდა მათგან აგრესია. განტოლებასავით არის ჩემთვის მათი დამოკიდებულება და განწყობების ცვლილება. უახლოესი ადამიანებიც მეკითხებიან, რატომ გადაგეკიდნენო, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი დღემდე ვერ ამოვხსენი.
_ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა და ასევე ჟიურის წევრმა გიორგი გაბუნიამ მწვავედ გაგაკრიტიკა, როცა საკუთარ თავს ათი ქულა დაუწერე. რატომ დაუწერე 10 ქულა საკუთარ თავს?
_ როდესაც გიორგიმ დამიძახა და მთხოვა, შენ თავს დაუწერე ქულაო, რა თქმა უნდა, შემეძლო არ დამეწერა ათიანი. დამერწმუნეთ, ამ ყველაფერს მეორე მხარე ჰქონდა! გაბუნიასთვის რომ მეთქვა, შენ თვითონ შემაფასე-მეთქი, მერე შეაბრუნებდნენ და იტყოდნენ, ნარმანიამ საკუთარი თავის ფასი არ იცისო. ამიტომ ვარჩიე, გამებედა და პირდაპირ ათიანი დამეწერა საკუთარი თავისთვის. ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, შეიძლება, ორიანზე მემღერა კიდევაც და დამეწერა დაბალი ქულა. „მხოლოდ ქართული“ არის კონკურსი, სადაც ბუნებრივია, კონკურენცია არსებობს, მით უმეტეს, თუ ნახევარფინალია. ამიტომ მე გავბედე და საკუთარ თავს მაღალი ქულა დავუწერე. ჩემს ადგილას ნებისმიერი კონკურსანტი ასე მოიქცეოდა.
_ პროექტის წამყვანები და ჟიურის წევრები ხშირად ხაზგასმით ამბობდნენ, რომ მეგრელობის გამო გქონდა დიდი მხარდაჭერა _ მხოლოდ სამეგრელო გიჭერდა მხარს?
_ როცა მეგრელი ადამიანი სადმე გამოდის და საქმეს ჰკიდებს ხელს, მასში ყოველთვის არის გამჭრიახობა. გიორგი გაბუნია თვითონაც მეგრელია და რატომ გაუკვირდა ჩემი, ვერ მივხვდი?! მარტო სამეგრელო არ მიჭერდა მხარს, მე მხარს მიჭერდნენ აფხაზეთიდან, სადაც ჩემი მამიდა და მამიდაშვილები ცხოვრობენ, ასევე მხარდაჭერა მქონდა მთელი საქართველოდან და მსოფლიოში მცხოვრები ემიგრანტებისგან.
_ ჟიურის წევრები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოამჟღავნე და როდესაც თქვენი ვიდეო იდებოდა პროექტის ფეისბუქგვერდზე, მაყურებელიც იზიარებდა ამ მოსაზრებას და გაკრიტიკებდა.
_ ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, თუმცა ყველა ადამიანის კრიტიკას არ ვითვალისწინებ და არც იმ კომენტარებს ვკითხულობ, რაც იწერება. შეიძლება, ბევრი კარგი შეფასება წაიკითხო და ცუდიც, ზოგჯერ კი შეიძლება ისეთი რამე დაწერონ გაბოროტებულმა ადამიანებმა, ჭკუიდან გადაგიყვანონ. მე მიყვარს სიმღერა და აუცილებლად ვუმღერებ ჩემს გულშემატკივრებს.
_ დიდი სკანდალი და განხილვა მოყვა შენი გულშემატკივრებისგან ნუცასა და ნოდარიკოს ემოციებს, როდესაც წამყვანებმა პროექტიდან შენი გაშვების შესახებ გამოაცხადეს. ამის შემდეგ ნუცამ საჯაროდ გამოაქვეყნა სტატუსი და პატიება გთხოვა, წავიკითხე ყველა კომენტარი და შენი პასუხი ნუცას მიერ გამოქვეყნებულ საბოდიშო პოსტზე არ მინახავს, რატომ?
_ საჭიროდ არ მივიჩნიე, ამ ყველაფერზე საჯაროდ გამეცა პასუხი. მე ყველა მონაწილესთან მაქვს ახლო ურთიერთობა და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მეგობრობას. ნოდარიკოსა და ნუცას ემოციები ჩემი გაგდების შემდეგ რა იყო და როგორ, ეს მე არ მაინტერესებს. ყველას აქვს უფლება, ისე გამოხატოს ემოციები, როგორც ეს სურს! ამ დეტალებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და არც გულში ჩამიდევს წყენა.
_ ამბობენ, კონცერტის შემდეგ ინციდენტი მოხდა და პროტესტი გამოხატე იმაზე, რაც მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა...
_ არანაირი ინცინდეტი არ მომხდარა და არც არაფერი გამიპროტესტებია. კონცერტის შემდეგ იმ წუთებშივე გამოვიცვალე და ჩემებთან წავედი სახლში. შეიძლება, ჩემ ადგილას სხვა სხვანაირად მოქცეულიყო. შემეძლო, თავიდანვე პროტესტი გამომეთქვა, კონკრეტულად, მეოთხე საკონკურსო კონცერტიდან, საიდანაც დაიწყო ჩემი პერსონის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და დაბალი ქულების დაწერა ჟიურის წევრების მხრიდან.
_ ბევრი ადამიანი წერდა, მათ შორის, შენი ფანკლუბის წევრები, რომ სატელეფონო ზარები გაყალბდა...
_ ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით, ხალხმა უკვე დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება. შესაძლებელია, მეც ასე ვფიქრობდე, თუმცა ახლა ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. მე მაღალი ქულები მქონდა ყოველთვის და ნახევარფინალამდე მაყურებლისგან 55 ქულა მივიღე, ნახევარფინალში კი 40 ქულა?! ეს მე არარეალური მგონია...
_ გიორგი, როგორი იყავი პროექტამდე და როგორი ხარ დღეს?
_ პროექტამდე როგორი გიორგი ნარმანიაც ვიყავი, იგივე დავრჩი, რაც ახლა ვარ და ყოვლეთვის ასე იქნება. შეძენით კი ბევრი რამე შევიძინე, ბუმბერაზი ადამიანები გავიცანი, ურთიერთობა მქონდა პროფესიონალ პედაგოგებთან, აღსანიშნავია სიმფონიურ ორკესტრთან სიმღერა, ამის ფუფუნება ბევრ შემდგარ მომღერალს არ აქვს საქართველოში. მადლობა ღმერთს იმ მეგობრებისთვის, რომლებიც ამ პროექტში გავიცანი. ასევე მე დავამარცხე ჩემი ნერვიულობა, შიში სცენაზე მარტო სიმღერის. ყოველთვის მიჩვეული ვიყავი გუნდში სიმღერას და, რა თქმა უნდა, სოლო სიმღერას სულ სხვა დატვირთვა აქვს.
_ მომავალშიც შეიძლება ისევ გიხილოთ რომელიმე სატელევიზო კონკურსზე?
_ გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ კონკურსში არასდროს მივიღებ მონაწილეობას, მით უმეტეს, საქართველში!
_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
_ მინდა, ფართოდ განვავითარო ჩემი კარიერა, ცხოვრებაში ერთი ოცნება მაქვს _ ქეთი მელუასთან ჩავწერო დუეტი. მინდა, რომ მთელი საქართველო შემოვიარო, ჩავწერო ახალი სიმღერები და ჩემი გულშემატკივრები გავანებივრო. მინდა, რომ ემიგრანტ ქართველებთანაც ჩავიდე სხვადასხვა ქვეყანაში. ხალხის სიყვარული იმდენად დიდია, ის იმსახურებს ჩემგან ასეთი ნაბიჯებს.
ლევან ქემოკლიძე