QronikaPlus
განათლება პენიტენციურ სისტემაში

განათლება პენიტენციურ სისტემაში

2018-06-23 07:49:40

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში სულ 197 არასრულწლოვანი მსჯავრდადებული დაფიქსირდა, აქედან ხუთი მათგანი გოგონა იყო. ამავე მონაცემებით, 47 მათგანს აღეკვეთა თავისუფლება და დღეს ისინი არასრულწლოვანთა კოლონიაში იხდიან სასჯელს, რომელიც აღმზრდელობითი ხასიათისაა. საქსტატის მონაცემები ასევე განსაზღვრავს დანაშაულის სხვადასხვა სახეს, რომლის გამოც მოხვდნენ არასრულწლოვნები საპატიმროებში. ყველაზე მეტი, 110 მსჯავრდადებული, გასამართლებულია ხულიგნობის ბრალდებით, ასევე არის განზრახ მკვლელობისა და გაუპატიურების მუხლებიც. ეს მონაცემები, რაც გასულ წელს დაფიქსირდა არასრულწლოვანი პრობაციონერების რაოდენობასთან დაკავშირებით, აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს, რაც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაზე მეტყველებს. ყოველწლიურად იზრდება სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული და გასამართლებული მოზარდების რაოდენობა. არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში 14-დან 18 წლამდე მოზარდები იხდიან სასჯელს. დაწესებულების სახელწოდება არა ციხის რეჟიმს, არამედ აღზრდას გულისხმობს. აღმზრდელობითი დაწესებულება, რომელშიც გასამართლებული არასრულწლოვნები იყრიან თავს, ავჭალაში, თბილისის გასასვლელთან მდებარეობს. ღობე არც ისე მაღალი აქვს და გარედანვე ჩანს თეთრი შენობა, სადაც პატიმრები ცხოვრობენ. ადმინისტრაციაც ამ შენობაშია და სკოლაც. ღობის კუთხეებში საგუშაგოებია. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკად განისაზღვრება ის ასაკი, როდესაც ბავშვს, შესაძლებელია, დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისთვის. ასაკი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. შესაბამისად, სხვადასხვაა ასაკი, როდესაც ბავშვი შეიძლება ციხეში განათავსონ. უშუალოდ ციხეშიც არსებობს განსხვავებები, თუ როდის არის დასაშვები არასრულწლოვანი პატიმრის განთავსება ზრდასრულ პატიმრებთან ერთად. საქართველოში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკად 14 წელი განისაზღვრა, რაც დადგენილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მოქმედი კოდექსით. ეს უკანასკნელი 2016 წელს ამოქმედდა. საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წელია. ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან ეკისრება. 14 წლამდე ბავშვები კი პრევენციის სფეროს ნაწილია. კოდექსი არასრულწლოვნებისთვის სასჯელის სახედ პატიმრობას უკიდურეს ფორმად განიხილავს, ამოსავალი წერტილი კი ბავშვის უფლებებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთხმად თანხმდება ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, ქართული პენიტენციური სისტემა მაინც არაა გამართული. აქ ბევრი საკმაოდ რთული პრობლემა იჩენს თავს, რომელიც მძიმედ აისახება არასრულწოვანი მოზარდების ფსიქიკასა და მათ სოციალურ მდგომარეობაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც მოზარდებზე ვსაუბრობთ, ყველა სხვა საჭიროებას ემატება განათლების მიღების აუცილებლობა, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და დამკვიდრებული ფუნდამენტური უფლებაა. კანონით განსაზღვრული ეს უფლება აუცილებელი მექანიზმებით გარანტირებული უნდა იქნეს და თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ყველაფრისა. თუმცა განათლების მიღების პროცესი საკმაოდ დიდ სირთულეებს უკავშირდება, განაკუთრებით პენიტენციურ სისტემაში. 2009 წლიდან არასრულწლოვან მსჯავრდადებულებს აქვთ უფლება, ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. საქართველოში დისტანციური სწავლების არარსებობის გამო კი ისინი, ხშირად, ვერ ახერხებენ უმაღლესი განათლების მიღებას. ამავე წლიდან მათ აქვთ საშუალება მიიღონ არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ სასკოლო განათლებაც. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, 2009 წლიდან, ერთგვარი შეთანხმება დაიდო 123-ე სკოლასთან. სკოლა ვალდებულია, არასრულწლოვანი პატიმრები უზრუნველყოს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით. შეთანხმების მიხედვით, ის არასრულწლოვანი პატიმრები, რომლებიც წარმატებულად გადალახავენ გამოსაშვებ გამოცდებს, 123-ე სკოლის ატესტატს მიიღებენ. ატესტატში არ იქნება მითითებული, რომ ბავშვებმა განათლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიიღეს. სასჯელაღსრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, გაკვეთილები თითქმის ყოველდღეა, ორშაბათიდან – შაბათის ჩათვლით. დღეში 5-6 გაკვეთილი ტარდება, თითოეულის ხანგრძლივობა ნახევარი საათია. ეს არის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს არასრულწლოვანი ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულებისთვის განათლების სისტემაში არსებული სტანდარტისა და ეროვნული გეგმის შესაბამისი სასწავლო პროცესის განხორციელებას. სურვილის შემთხვევაში არასრულწლოვნებს საშუალება აქვთ მოემზადონ და ჩააბარონ ექსტერნი, საატესტატო თუ ეროვნული გამოცდები. ამ პროგრამისა და ზოგადად სწავლების ამ მეთოდების მიზანია მოზარდი პრობაციონერების რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. სასჯელაღსრულების სისტემაში განათლების რეფორმაზე აქტიურად მუშაობს უნიცეფ-ი და ევროკავშირი. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული კოდექსის შემუშავებაშიც. „ქრონიკა+“ ესაუბრება გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელ თეონა კუჭავას: _ რა სირთულეები იჩენს თავს მოზარდი პრობაციონერების სწავლების პროცესში? _ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით არასრულწლოვან ბრალდებულსა და მსჯავრდადებულს საშუალება უნდა ჰქონდეს, სრული ზოგადი განათლება მიიღოს. ბრალდებული და მსჯავრდადებული არასრულწლოვნებისთვის დაწყებითი და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა. პატიმრობის დაწესებულება და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეები (მასწავლებლები). არასრულწლოვანი მსჯავრდადებული ასევე სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდადებულის მიერ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (დიპლომი, სერტიფიკატი, ატესტატი და სხვ.) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია არასრულწლოვნის, როგორც ნასამართლევის ან ყოფილი მსჯავრდადებულის იდენტიფიცირება, რაც არასრულწლოვანს იცავს შემდგომი სტიგმატიზებისგან. არასრულწლოვანი მსჯავრდადებულისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროფესიული განათლების შესაძლებლობები. არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი ქვეყანაში არსებულ განათლების სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. პენიტენციურ დაწესებულებებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. იმ არასრულწლოვანი მსჯავრდადებულისთვის, რომელსაც შემეცნებასა და სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს ან არ გააჩნია საგანმანათლებლო ისტორია, სპეციალური პროგრამები უნდა არსებობდეს. მისი სწავლება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა მიმდინარეობდეს. განათლების მიღების პროცესი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. სასჯელაღსრულების სისტემამ ყველა შესაძლებლობა უნდა მისცეს არასრულწლოვანს და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. განათლების მიღების პროცესი არ უნდა შეწყდეს დაწესებულებაში მოთავსებისას და უნდა გაგრძელდეს დაწესებულების დატოვების შემდეგ. განათლების მიღება რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის შემადგენელი ნაწილია. ეს პროცესი იწყება დაწესებულებაში შესვლისთანავე. აუცილებელია, მოზარდს დაწესებულებაშივე მიეცეს საშუალება შესაბამისი განათლების მიღებისა და დაწესებულების დატოვების შემთხვევაში ამ პროცესის გაგრელებისა და დასრულების, იქნება ეს ზოგადი თუ პროფესიული განათლება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს რესოციალიზაციის საქმეში. ზოგადი განათლების კუთხით გამოვყოფდი სწავლების პროცესში ინდივიდუალური საჭიროებების გაუთვალისწინებლობას. ჩვენს ხელთ არსებული ინფომაციით, კლასში მოსწავლეთა განთავსება ხდება ასაკისა და არა განათლების დონის შესაბამისად, რაც პრობლემებს უქმნის იმ მოზარდებს, რომელთაც სწავლასა და შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. პრობლემურია სწავლების ინდივიდუალური გეგმით განხორციელების პროცესი. გასაძლიერებელია ხარისხის მონიტორინგის სისტემა. გასული წლის მონაცემებით სასჯელაღსრულების სკოლაში სულ 14 მასწავლებელია. ისინი კონკურსის წესით შეირჩევიან, თითქმის ყველა მათგანი სერტიფიცირებულია. მასწავლებლებს წელიწადში ერთხელ მაინც უტარდებათ ტრენინგები. ტრენინგი, ძირითადად, ბავშვებთან კომუნიკაციას ეხება, როგორ უნდა მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციებში, რა პრობლემები შეიძლება წამოიჭრას ბავშვებთან მუშაობისას და ა. შ. გარდა სისტემატური ტრენინგებისა, მასწავლებლებთან ფსიქოლოგებიც მუშაობენ. გიორგი დონაძე, ფსიქოლოგი: _ რამდენად მნიშვნელოვანია განათლების უწყვეტად მიღების პროცესი პრობაციონერი მოზარდებისთვის და რა როლი აქვს პროცესს მათი რესოციალიზაციისთვის? _ განათლება არის ის ქვაკუთხედი, რაზედაც რესოციალიზაციის პროცესი დგას. განათლება არ მოისაზრებს მხოლოდ ზოგად ცოდნას, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ფსიქო-სოციალური განათლების მიწოდება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სოციალური უნარების გამომუშავების ხელშეწყობას, როგორიცაა ემოციების მართვა, ემპათია (თანაგანცდა, სხვისი ემოციების გაზიარების უნარი, _ რედ.), კომუნიკაციის უნარი და ა. შ. რაც დაეხმარება მათ დანაშაულის გააზრებასა და შემდგომში საკუთარი ადგილის პოვნაში. აღნიშნულ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული კანონდაპირისპირებული პიროვნების მიმართ განხორციელდეს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ინდივიდუალური მიდგომა, რაც ამ ეტაპზე ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში. მივესალმები ამ მიდგომებს და დადებითად ვაფასებ განათლების კუთხით იმ პროცესებს, რაც დღეს არასრულწლოვან პრობაციონერთა დაწესებულებებში არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები პენიტენციური სისტემის ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც დიდ პრობლემებს ქმნის სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, არასრულწლოვანი პრობაციონერების განათლების მხრივაც. ადამიანის უფლებათა დაცვისა და ციხის რეფორმის ხელშეწყობის ცენტრი სასჯელაღსრულებით საკითხებზე მუშაობს და იმ პრობლემებს იკვლევს, რაც ქართულ ციხეებში იჩენს თავს. - რა მდგომარეობაა მოზარდი პრობაციონერების განათლების კუთხით ქართულ პენიტენციურ სისტემაში? - რა ძირითადი ხარვეზები იჩენს თავს ამ პროცესში? „ქრონიკა+“ ესაუბრება ადამიანის უფლებათა დაცვისა და ციხის რეფორმის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელ ვლადიმერ ტაბაღუას: „ქართულ ციხეებში არასრულწლოვან პატიმართა განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ დასაბუთებული პასუხის გასაცემად აუცილებელია ვიცოდეთ საქართველოს კანონმდებლობა პენიტენციური სისტემის შესახებ, სისტემის მატერიალური ბაზისა და სისტემის მართვის ფორმის შესახებ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს საპატიმრო ადგილებში, მსგავსად საბჭოთა პერიოდისა, ჩაკეტილი, საზოგადოებისგან მკაცრად იზოლირებული სისტემაა. სრულად მოკლებულია საზოგადოებრივ კონტროლს და ამ კუთხით იდენტურია საბჭოური არქიპელაგი-გულაგისა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის უახლეს ისტორიაში შეიქმნა და ჩამოყალიბდა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, რაც უცვლელად გრძელდება დღესაც. დღევანდელმა ხელისუფლებამ და მთავრობამ ჯიუტად უარი თქვა პენიტენციურ სისტემაში ძირეული ცვლილებების განხორციელებაზე, საზოგადოებრივი კონტროლის დაწესებაზე, რის გამოც პენიტენციურ სისტემას რკინის ფარდები აქვს ჩამოფარებული, სისტემის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოპოვება თითქმის შეუძლებელია. აღნიშნულს ემატება ის გარემოებაც, რომ პენიტენციური სისტემის კანონმდებლობა დაუხვეწელია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ძირეული ცვლილებები შეიტანეს, შედარებით გაკეთილშობილდა და ახლოს დგას საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ არ პასუხობს საქართველოს პენიტენციური სისტემის წინაშე დასახულ ამოცანებს, კანონმდებლობის ნორმა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და იგი, პრაქტიკულად, არ ხორციელდება შესატყვისი მატერიალური ბაზის უქონლობისა და პროფესიონალი კადრების დეფიციტის გამო. დღევანდელ რეალობაში, ქართულ ციხეებში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება პირდაპირ განვაცხადო, რომ ქართულ ციხეებში არასრულწლოვანთა განათლების კუთხით არასახარბიელო მდგომარეობაა შექმნილი იმის გამო, რომ მთლიანად სახელმწიფოში განათლების სისტემა გაუმართავად ფუნქციონირებს. სახელმწიფოს არ გააჩნია განათლების სისტემის სრულყოფილად განვითარების პოლიტიკა, შესაბამისი პროგრამა, რომლის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს პენიტენციური სისტემის ყველა დაწესებულებაში და, მათ შორის, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა პატიმრებისთვის საგანმანათლებო სისტემის შექმნა, ზოგადი სავალდებულო და პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად. მსგავსი სახის პროგრამა სახელმწიფოს არ გააჩნია, შესაბამისად, ქართული ციხეებიც დაჩენილია საგანმანათლებლო სისტემის გარეშე, არსებობს მხოლოდ მოწოდებები მის შესაქმნელად. ამდენად სწავლების კონკრეტული სახის ან მეთოდების გამოყენებასა და მის ეფექტიანობაზე ზედმეტია ლაპარაკი. რაც შეეხება არასრულწლოვანი მსჯავრდადებულებისთვის განათლების უწყვეტად მიღების პროცესს, ის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ განათლების უწყვეტად მიღების პროცესში ადამიანის მსოფლმხედველობა ფორმირდება, სრულფასოვან, სრულყოფილ ადამიანად ყალიბდება, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში დანაშაულის მკვეთრად შემცირებას. მტკიცებას არ საჭიროებს და აქსიომაა, რომ სახელმწიფოში დანაშაულებების შემცირების ორი მთავარი პირობა არსებობს: ეს გახლავთ განათლება და ადამიანთა მატერიალური უზრუნველყოფა და არა სისასტიკით დასჯა და ციხეებში დამწყვდევა, ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა პრობაციონერთა განათლების პროცესს შემდგომი რესოციალიზაციისთვის, ვიანაიდან განათლების მიღებით, საჭირო კვალიფიკაციის დაუფლებით, პიროვნება ღებულობს არსებობის დამოუკიდებელ საშუალებებს, მოეწყოს სამუშაოზე შესაბამისი პროფილით და საკუთარი შრომით ირჩინოს თავი“.

ანა ურუშაძე

 

გაზიარება