QronikaPlus
თაკო ჩარკვიანი: “1978-ში რუსეთი ენას მართმევდა და 1989-ში რუსთაველზე ამჩეხა, ევროპელის მიერ წართმეული ტერიტორია კი არ მინახავს...”

თაკო ჩარკვიანი: “1978-ში რუსეთი ენას მართმევდა და 1989-ში რუსთაველზე ამჩეხა, ევროპელის მიერ წართმეული ტერიტორია კი არ მინახავს...”

2018-05-27 07:58:33

ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, იმით განსხვავდება სხვა რესპონდენტებისგან, რომ ძალიან გულწრფელია. მავანს ხშირად არ სიამოვნებს მისი ასეთი ხმაურიანი განცხადებები, მაგრამ ის ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს. ამბობს, რომ მთავარია, ხალხს რა სიამოვნებს და რა გაუხარდება. ნათქვამია, სიმართლეს უნდა ემსახურო, სიმართლის მოსმენა კი მწარეაო. თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალბატონისთვის მიუღებელია ის უსამართლო მიდგომები, რაც მის გარშემო ხდება. მოლოდინი, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ჰქონდა, გაუცრუვდა. ერთი რამე კი დანამდვილებით იცის, რომ მისი შვილის საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს! „ქრონიკა+“-ს თაკო ჩარკვიანი ესაუბრება: _ ქალბატონო თაკო, ხშირად გვსმენია ფრაზა: „ქართველობას გვართმევენ“, როგორ ფიქრობთ, ვინ და რამ შეიძლება წაგვართვას ქართველობა? _ ვერავინ! მთელი ცხოვრება ვნატრობ, რომ ეს ქვეყანა საფრანგეთსა თუ ბელგიასავით თავისუფალი და ჯანმრთელი იყოს. ვინ რა უნდა მოგახვიოს? დიდი ბოდიში და, 1978 წელს რუსეთი ენას მართმევდა და 1989-ში რუსთაველზე ამჩეხა. ვიდრე დასავლეთის არარსებულ ცუდზე ვისაუბრებთ, ჯერ ის ჩამოვთვალოთ, რაც რუსეთის იმპერიამ გაგვიკეთა! ევროპელის მიერ წართმეული საქართველოს ტერიტორია არ მინახავს. სამაგიეროდ, მახსოვს, გორში რუსის ჩექმა რომ მოვიდა, ამერიკელები ნეიტრალურ წყლებში დასახმარებლად შემოვიდნენ! რუსთაველზე ამერიკელის კი არა, რუსის ჩექმა მინახავს! ისე, ჩექმა არავისი მინდა და თუ ცუდი მთავრობა გვეყოლება, ამერიკასა და ევროპას ნუ დავაბრალებთ! აბა, ნორმალური მთავრობა მოიყვანე და ნახავ, ვინ რას მოგახვევს და გაგიბედავს?! აი, სწორედ მაშინ გვართმევდნენ ქართველობას, როცა ჩვენს ფრესკებს ღებავდნენ... ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენს ტრადიციებს შეურაცხყოფას რომ აყენებენ „მოჯიგიტო“ ტიპები, როცა თამარის სამშობლოში ცოლებს უბრახუნებენ, მაშინ ვინ გვართმევს ქართველობას? ჩვენ დედოფალი კი არა, მეფე გვყავდა. თითქოს შევეჩვიეთ და იოლად ვუყურებთ ამ ფენომენს. დღეს კი ჩვეულებრივი ბანდა დადის ქალაქში, რომელიც სისხლს ითხოვს. _ ვის გულისხმობთ, „ქართულ მარშს“ და სხვა ფაშისტურ ორგანიზაციებს? _ რა თქმა უნდა. მე არ მჩვევია ჭორაობა, _ სანამ ჩემით არ მოვისმენ ან არ წავიკითხავ რამე კონკრეტულ ინფორმაციას, მანამდე არაფერს ვამბობ. ვიღაც ტიპი გამოდის და ამბობს: როცა ვიძინებ ღამე, ფაშისტი ვარ, სისხლს დავღვრით. დავუშვათ, ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც სხვა ჯგუფს მოუნდა თავისი უფლებების დაცვა, ეს ბანდა კიდევ უნდა მიუვარდეს და ხალხი სცემოს? მაშინ თუ ვაპროტესტებდი, ახლა რატომ არ უნდა გავაპროტესტო? რადგან ვიღაცას პატრიოტული გამოსვლები აქვს? არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ, ძირითადად, „პატრიოტული“ ლოზუნგებით გამოდიოდნენ ხოლმე. მომწონს, რომ ლუსტრაცია მოხდა, რუსეთმა, პრაქტიკულად, მოსთხოვა თავის მოსამსახურეებს, რომ ლუსტრირება მოახდინონ, _ როდისღა, თუ არა ახლაო?! საქართველოს უწევს ნაბიჯების გადადგმა ნატოსკენ და რუსეთი უკვე კატეგორიულად ითხოვს ლუსტრაციას, რომელიც, ვფიქრობ, რომ უკვე მოხდა. ახლა საინტერესო რამეს გეტყვით. არ გეგონოთ, იმიტომ ვამბობ, რომ მინდა, ჩემს ოჯახზე ვთქვა კარგი, არა, უბრალოდ, ფაქტი მინდა აღვნიშნო: მამამ 1977 წელს გამსახურდიას გარიცხვას ხელი არ მოაწერა. ბედნიერი ვარ, რომ არსებობს ეს დოკუმენტი, რომელიც მაშინ ბ-მა ჯემალ დავლიანიძემ გამოიტანა. ბ-ნ ზვიადსაც არაერთხელ უთქვამს მადლობა, ძალინ რთული პერიოდი იყო და ბევრმა სასიქადულო ადამიანმა მოაწერა ხელი. ერთ-ერთმა ძალიან კარგმა ქალბატონმა, ჩემმა საყვარელმა პოეტმა დაწერა, ზვიადი რომ შემხვდა და ვუთხარი, ხელი მოვაწერე და თვალებში ვერ გიყურებო, ზვიადმა მითხრა, _ ისინი სატანები იყვნენ, ვის არ შეაცდენენო _ მის მემუარებს ვიხსენებ. მიხარია, რომ მამაჩემმა ეს მოახერხა. ამას იმიტომ ვყვები, რომ 90-იან წლებში ჩვენი ოჯახი გამსახურდიას მხარეს არ იდგა, ვერ ვიტან ტყუილებს, აცილებას. მე დიდ ტკივილად დამრჩა ეს კონფლიქტი, რადგან, ზოგადად, ძალიან მეგობრობდა ჩემი ოჯახი მის ოჯახთან. თამრიკოს მეგობარი იყო დედა და დედაჩემის მთელი ცხოვრება დაკავშირებულია კონსტანტინე გამსახურდიასთან. დედას ორი დისერტაცია არსებობს, სადოქტორო და საკანდიდატო და ამას იმიტომ ვამბობ, რომ კონსტანტინეზე ყველაზე დიდი შრომა არის ირმა ჩხეიძის, ჯანსუღის მეუღლის. აი, როგორი პარადოქსია, არა? პირველი კრებული, როცა გამსახურდია ციხიდან გამოვიდა, ბოდლერი, მამამ გამოუცა ურიგოდ. მაშინ ზვიადი არ იყო სათავეში, მაგრამ უკვე „პერესტროიკა“ იყო და მამას უთხრა, იცი, ჯანსუღ, პირველი გასვლა მაქვსო და მაშინ რიგი იყო გამომცემლობაში, ახლაც ასეა... 90-იან წლებში სიტუაცია იძაბება, მიდის ესკალაციაზე, მუშაობა არ ჰქვია ამას, რაც მაშინ ხდებოდა და ვერც ერთი მხარე ხვდებოდა ამას. და, აი, სადამდე მივედი _ იმ პერიოდში გამსახურდიას მხარეს იდგა სანდრო ბრეგაძე და ელიზბარ ჯაველიძე და არა _ ჩვენ. შენ თუ მართლა ზვიადს ემხრობოდი, დღეს როგორღა ხარ რუსეთის დაფინანსებული? როდის იყავი შეგდებული? მაშინ თუ ახლა? _ ალბათ ბევრს ეგონა, რომ თქვენ ზვიადის მომხრე იყავით. _ რა თქმა უნდა, ხშირად მეკითხებიან, _ 90-იანებში ზვიადის მხარეს იყავიო? არ ვიყავი, მაგრამ ორივვე მხარეს ხომ ეკისრება პასუხისმგებლობა? მათ, ვინც ვერ გამოიცნო, რომ სანდრო ბრეგაძისნაირები ჰყავდა გვერდით და ვერც _ ჩვენ. 24 საათი ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის წავეკიდებინეთ და წავეკიდეთ კიდეც _ რუსთაველზე დავხოცეთ ერთმანეთი, მეტი თავის მოჭრა რაღა უნდა დაგემართოს?! _ პრინციპში, დღესაც იგივე სახეებს ვხედავთ. _ ნამდვილად! შეიძლება, სულ სხვის სამსახურში იდგე? რასაც ისინი იმ დღეს აკეთებდნენ, სხვისი სამსახური არ არის? ეს შავ-თეთრი მიდგომაა, აბა, რა არის? 25 წელიწადია, ყველა ხელისუფლება ახალგაზრდებს დიდ ტყუილს აწვდის, მათ ფქვილის მაგივრად არ მოჰკლებიათ ქატო და ქატოს შემომტანები ახლაც არ ჩერდებიან და კიდევ უნდათ მოსვლა, ზოგიერთ ქალბატონს ვგულისხმობ, ვინმე კი არ მყავს ამოჩემებული. ერთხელ ჯონდი ბაღათურიას ვუთხარი, _ ყველა ერთნი ხართ-მეთქი. ის მპასუხობს, _ ჩვენი ლიდერი ბურჯანაძე არააო. ლუსტრაცია მოხდა. დიმიტრი ლორთქიფანიძე წამოვიდა ბურჯანაძის პარტიიდან და მე გულუბრყვილოს გამიხარდა და ვთქვი, რომ იქნებ, გვეშველოს და ეს ქვეყანა გავიდეს დიდ ოკეანეში-მეთქი... _ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა და აკეთებს დღესაც. _ დიახ და ამას ხელისუფლებაც ამჩნევს, _ თაკო სულ ჩვენკენ რატომ იშვერს თითსო? უკაცრავად და აბა, ვისკენ გავიშვირო? კონსტიტუცია არსებობს, თუ კონსტიტუციაში წერია, რომ ოკუპაციის კანონი უნდა დავიცვათ, მე, როგორც მოქალაქე, შენ, ხელისუფლებას გთხოვ პასუხს, რომ არ დამირღვიო კონსტიტუციის კანონი. ასევე წერია გამოხატვის თავისუფლება, ვიღაცამ თავისი უფლებების დაცვა მოინდომა და ბანდა მიადგა, ეს შენ, ხელისუფლებამ დაუშვი და მიიჩნიე, რომ სახელმწიფოდ ვერ შედგები. ეგრევე მეუბნებიან, შენ ტრადიციებზე გაზრდილი ამას როგორ ამბობო? დიახ, ტრადიციებზე ვარ გაზრდილი, მაგრამ იმათ ტრადიციებზე კი არა, ცოლებს რომ უბაგუნებენ, ჯანსუღის ტრადიციებზე ვარ გაზრდილი და ნოდარ დუმბაძის. დედამისი რომ რეკავდა ტელეფონზე, მამაჩემი ფეხზე დგებოდა. მე და მამუკა რომ გავიზარდეთ, მერე მივხვდით, რას აკეთებდა. ბოლომდე კიდევ არ ვიცით, რა იყო ეს, რიდი თუ რაიმე სხვა, მაგრამ ესენი სხვა ტრადიციებზე ლაპარაკობენ და ამ ტრადიციებს შეხება არ აქვს იმასთან, რაზეც მე გავიზარდე. _ მინისტრის ბოდიში და, ზოგადად, როგორ შეაფასებთ რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებს? _ იმ კრიტიკულ მომენტში ბოდიში იყო ნამდვილად კარგი საქციელი, რადგან გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა. იმ ორმა დღემ დაამტკიცა, რომ სპეცოპერაცია იყო მცდარი. რუსთაველზე მისული ხალხის რაოდენობამ დაამტკიცა, რომ ეს ფორმა არ იყო სწორი, მე დავინტერესდი და ვესაუბრე პროფესიონალებს, რომლებმაც თქვეს, _ რამდენიმე მაგიდას ისე ავიყვანდით, რომ მეორე მაგიდა ვერ მიხვდებოდა ვერაფერსო. ეს ეპატაჟურობაა. ნარკომოვაჭრის დაკავება გინდა? დააკავე, ამას ვყვირით მთელი ცხოვრება, მაგრამ წლების განმავლობაში რომ კაბინეტებში მოთავსებული ტიპები მფარველობდნენ ნარკომოვაჭრეებს, შენ მიდიხარ და ვიღაც პაიკს იჭერ? და ვის ატყუებ? რატომ მატყუებ? ან რატომ ჰგონიათ, რომ ვინმე მოტყუვდა?! ვის ხედავთ მსხვილ ნარკომოვაჭრეს დაკავებულს? წლების განმავლობაში აფთიაქები ნარკოქსელად იყო ქცეული, თავად მფარველობდნენ. ამ ახალგაზრდების ბებიების პენსია 180 ლარს ვერ ავაცილეთ და ვიღაცები გამოდიან და აშშ-ის რეგულაციებზე საუბრობენ. _ მემორიალზე მოცეკვავე გოგონამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. _ ყოველთვის ვიჯერებ გულწრფელი ადამიანის ნათქვამს. თუ გინდა, შენს თაობას არ დაავიწყდეს 9 აპრილი და არა მხოლოდ 56 წელი, 78 წელი, შენი უახლესი ისტორია, მაშინ წლები არ უნდა მოანდომო ტვინის გამორეცხვას. განათლების სისტემას ჩახედეთ, ხალხო. იმ ბავშვმა იქ უნდა იპოვოს, უნდა ნახოს 9 აპრილი. ბევრი უნდა ნახოს ძალიან. საძაგელი ყველგან იყო. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში იგივე ადგილის კადრები დაიდო, სადაც კარგად ჩანს, თუ რა ხდებოდა მემორიალის თავზე. ორმაგი სტანდარტია, ერთ შემთხვევაში უშვებ, მეორე შემთხვევაში _ არა. _ ნამდვილად, რა მნიშვნელობა აქვს, დროშებით ხელში იხტუნავებ მემორიალის თავზე თუ იცეკვებ? _ რა თქმა უნდა. ეს რაღაცები თითიდან გამოწოვილია. ეს ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად გადმოსცე. მე მყავს 22 წლის გოგონა, რომელსაც დრო არ აქვს, ელემენტარულად, რომ სადმე წავიდეს. 8 საათი რომ იქნები ინსტრუმენტთან, თავი აღარ გაქვს, რომ სადმე წახვიდე, მაგრამ ძალიან დიდი პროტესტი ჰქონდა. ვერ გაიგო, რა ხდებოდა, რა უბედურება იყო წყევლა ხატების ფონზე, _ ამოწყდით, გადაუარეთ, ჩაქოლეთ. აი, სწორედ ეს არის ჩვენი 25-წლიანი მატყუარა ხელისუფლებების პროდუქტიც. თუნდაც ის კადრები, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელშია გადაღებული, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გასულია მდგომარეობიდან. მას შველა და დახმარება სჭირდება, მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრები. სამწუხაროა, რომ არანაირი სპორტული ხელშეწყობა ახალგაზრდებს არ გააჩნიათ. ეს თაობა ხედავს, რომ ხელისუფლება ყოველი ფეხის ნაბიჯზე იტყუება და იმასაც კარგად ხედავს, რომ მოპარული მაყუთით იწყობენ ცხოვრებას. უშუქობა, ნავთის რიგი, უფულობა, ბავშვები სკოლაშიც ვეღარ დადიოდნენ, ის ბავშვები ჩვენი პროდუქტია, ჩვენი შემოქმედებაა. ეს ჩვენი ქვეყანაა. მე იმ ოჯახში გავიზარდე, სადაც მითხრეს: „საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“. არ გვყავს ჩვენ დასაკარგი შვილები. შენ უნდა იღვწოდე იმისთვის, რომ პრიორიტეტი ჭარბწონიანთა რეგულაცია კი არ იყოს, დღე და ღამეს უნდა ასწორებდე და ამბობდე: სასწრაფოდ სარეაბილიტაციო ცენტრები, სპორტული დარბაზები. შეიძლება უფასო არ იყოს, მაგრამ არსებობს პროგრამები, რომელიც შეგიძლია აამუშაო. ნახონ, რა ხდება ევროპაში. მოიწვიონ ეთერში ნარკოლოგები, იყოს მეტი ინფორმაცია. მე ყველაფერზე ვსაუბრობ ხოლმე, ჩემგან არც ერთ მხარეს არ სწყინს, იმიტომ რომ გულწრფელი ვარ. _ დეკრიმინალიზაციის მომხრე ხართ? _ დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ, ლეგალიზაციას რაც შეეხება, ძალიან მეშინია. მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც ამ საკითხზე ძალიან ღელავს. მეშინია, თუნდაც იმის, რომ ამ უკუღმართი ხელისუფლების დროს ეს ლეგალიზაცია ცუდად არ შემოუბრუნდეს ქვეყანას. კარგი იქნება, თუ მსგავს საკითხებზე ეთერში მოიწვევენ ნათია ფანჯიკიძეს, ნარკოლოგებს, ექიმებს, სპეციალისტებს და ამ თემებზე ისაუბრებენ, თუნდაც ამ ადამიანებთან დაიბეჭოს ინტერვიუები, რადგან საზოგადოებაში ზღვა ინფორმაცია იყოს. _ თუმცა დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია გვერდიგვერდ დგანან. _ თუ დეკრიმინალიზაცია არ მოახდინე, როგორც ნარკოლოგები ამბობენ, ამას შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს, ამიტომ ვამბობ, რომ ერთმნიშვნელოვნად არის საჭირო დეკრიმინალიზაცია. ლეგალიზაციას შიშით ვუყურებ, რადგან ვერ ვერკვევი, პროფესიონალები უნდა ვასაუბროთ, იქ რა რეგულაციებია გასაწევი, რა შეიძლება მოხდეს, სად არის ზღვარი, სად არის ოქროს შუალედი? ამ ყველაფერში პროფესიონალების ჩართულობაა საჭირო. შსს-ს მიმართ უნდობლობაა, რადგან ბევრჯერ იყო ჩადების ფაქტები, მერე გაამართლეს ეს ბავშვები. პარტერში მყოფი საზოგადოება ზუსტად რუსული ნაწარმია. ხელისუფლებას უნდა ჰოქნდეს საზოგადოების რიდი, მოკრძალება, უნდა ძრწოდეს საზოგადოების შიშით. თუ უვარგისია მთავრობა, საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ ხავერდოვნად მიაბრძანოს ხელისუფლება. ნახეთ ლუკაშენკოს გამოსვლა? პარლამენტში გამოდის და ყვება, რომ ჩვენ რუსეთისგან თავის დაძვრენას ვცდილობთო და აგერ საქართველოს პრემიერი, კვირიკაშვილი, თვალცრემლიანი მეუნებოდა, რომ 75%-ს რუსეთი უნდაო. ორი საათის განმავლობაში დამუნჯებული ვიყავი. არ უნდა უარყო ეს? დუმს პრემიერი. კითხვა რომ გიჩნდება, გეუბნებიან, რატომ გიჩნდება კითხვაო? მეუბნებიან, თაკო, რატომ გამოდიხარ, ვინმეს არ ეწყინოსო. მთავარია, ჩემს ქვეყანას არ ეწყინოს. როგორ გგონიათ, ამ 25 წლის განმავლობაში სადმე ცხვირის გაყოფას ვერ მოვახერხებდი? ვერ ვიყიდიდი? ვიყიდიდი ისე, როგორც ყიდულობდნენ ადამიანები, მაგრამ ამას როგორ ვიკადრებდი? ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ევროპული ღირებულების ქვეყანა კარგი კონსტიტუციით, ნუ გეშინია, რომ სიწმინდეებს შეურაცხყოფენ, შენ თუ დაიცავ კონსტიტუციას. არის ნიუანსები, რომელსაც ძალიან დემოკრატიულად არეგულირებს კონსტიტუცია, მაგრამ ცხვირწინ ირღვევა. ვიღაც დეპუტატი ბედავს და ეთერში ოკუპანტის პროპაგანდას ეწევა. გამოდის და ამობს, _ მე ჯერ ზუტად არ ვიცი, ტატუნაშვილი არის თუ არა ნაწამები, ჟურნალისტებისგან ვიგებო. ადამიანს ორგანოები არ აქვს და ახლა უნდა იგებდეს? არ რცხვენია? _ რატომ უჭირავს სირაქლემის პოზა პრემიერს? _ ეჭვი მაქვს, რომ ეშინია. _ ვისი? _ რუსეთის. კვირიკაშვილმა კარგად იცის, რომ უმრავლესობას არ უნდა რუსეთი, მაგრამ ჰგონიათ, რომ ე. წ. ბანდების გამოსვლებით რუსეთისკენ წავლენ. აქედანვე ვეუბნები მათ, რომ არ გაბედონ! ჩემი ერთი, დიდი ოჯახით, თავის ეტლიან-მომღერლიანად, პიანისტ-როიალიანად და ჩემი სამეგობროთი, რაც ზუსტად ვიცი, ძალიან დიდ არეალს მიიღებენ რუსთაველის გამზირზე. _ რა არის თქვენთვის 17 მაისი? ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, ოჯახის სიწმინდის დღე თუ?.. _ დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემთვის ოჯახის სიწმინდის დღე სულ არის. ჩარკვიანებთან და გიგანებთან სულ ოჯახის სიწმინდის დღე იყო, არის და იქნება. დავიწყებ პირველი 17 მაისიდან, როდესაც დაარბიეს. მაშინ ჯანსუღი ცოცხალი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა ვიტყვი. ეს ასაკოვანი კაცი სრულიად თავისუფალი ადამიანი იყო. ბედნიერი ვიყავი, რომ მამაჩემს, რომელსაც კვიმატი და მომსპარი ენა ჰქონდა, აბსოლუტურად ტრადიციებზე გაზრდილი კაცი იყო და ქართული ტრადიციების პატივისმცემელი, მაგრამ ვერ გაიგო „ტაბურეტკით“ მორბენალი მღვდლები. მეუბნებიან, მღვდელზე ამას ნუ ამბობ, იმას ნუ ამბობო, მე არ მიმაჩნია, რომ იმ მომენტში ის ადამიანი მღვდელია. სწყინთ, მაგრამ ეწყინოთ, მე კიდევ ჩემი, ძალიან პროგრესული სარწმუნოების შეურცხყოფა მწყინს და მათ, არაპროგრესულ ფუნდამენტალისტებს რა ეწყინებათ, არ მაინტერესებს. ჩემი სარწმუნოება ფუნდამენტალისტური არ არის. სასულიერო პირი, რომელსაც ჯეიმს ბონდივით მანქანის ნომერი აქვს „ეკ-777-ლს“, ჩემთვის ის მღვდელი არ არის. მე ვაფასებ და ძალიან დიდ პატივს ვცემ პატრიარქს, რადგან მან შეაკოწიწა სრულიად საქართველოს მრევლი, რომელიც იყო დრო, არ არსებობდა. დისიდენტობა აფარებდა თავს სიონს, ამ კაცმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა. ქრისტიანი ადამიანი მეორეს „ტაბურეტკით“ თავში ჩასარტყმელად არ დასდევს. მითხრეს, აბა, ამაღლება არ უნდა აღვნიშნოთო? აღვნიშნოთ, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ფაქტორების გათვალისწინება. ამ ფუნდამენტალისტებს ეკლესიამ თვითონ უნდა მიუთითოს. მე ქრისტიანი ვარ და მხოლოდ 17 მაისი არ არის ოჯახის სიწმინდის დღე. _ მოძღვარი გყავთ? _ მოძღვარი მყავს და მან კარგად იცის, რომ ბობოქარი ხასიათი მაქვს. არ მესმის რომ აბობენ, ასე ჩაცმული ნუ შედიხარ ეკლესიაშიო. რატომ? მე მაშინ უნდა შევიდე, როცა ამის სურვილი მექნება. ახალგაზრდა რომ ჯინსით შედის ტაძარში, არ უნდა დაუშალო მას იქ შესვლა, რადგან იმან იქ სიკეთე უნდა ნახოს, ცრემლისთვის მიდის, დედის ავადმყოფობის გამო, შეყვარებულისთვის მიდის, რატომ დგები ღმერთისა და ადამიანის შუა? აი, ესაა ჩემთვის ქრისტიანობა. _ შევეხოთ იმ სასაცილო კანონპროექტებს, რომელიც ბოლო პერიოდში პარლამენტმა დაამტკიცა. პირველი, რაც ყველას აწუხებს მოწევის აკრძალვაა. გარდა ამისა, გუგული მაღრაძე არის დეპუტატი, რომელმაც სიმსუქნის რეგულაციებზე დაიწყო საუბარი და ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს ასეთ რამეს: საქართველოში ხალხს რომ უჭირდეს, მსუქნები არ იქნებოდნენო. სხვათა შორის, ეს სიტყვები შემდეგ ერთ-ერთ გადაცემაში უარყო. _ ერთ გადაცემაში ქ-ნმა დოდო ხურცილავამ გუგული მაღრაძეს უთხრა, რომ სიტყვების ასე უტიფრად უკან წაღება ძალიან მიუღებელიაო და მართალიც იყო. სამგზის პარლამენტარი ქალბატონი ასეთი მიამიტი ვერ იქნება. ამ რეგულაციების უკან სხვა რამე დგას. მე არ ვარ მწეველი. რომელიმე პოლიტიკოსი ასახელებს საწვავთან დაკავშირებულ პრობლემებს? რა საწვავი შემოდის საქართველოში, ვის შემოაქვს? ამაზე, რატომღაც, არავინ საუბრობს. ჭარბწონიანობასთან ბრძოლის მოტივით შენ რომ ტკბილეულზე ფასს ამატებ, ფასს ამატებ ფუნთუშეულზეც და მექანიკურად აბსოლუტურად ყველაფერზე. 180 ლარი აქვს ადამიანს პენსია, რითიც, პრაქტიკულად, ვერაფერს ყიდულობ. ხალხი წამალს ვერ ყიდულობს აფთიაქში, წარმოუდგენელი ვითარებაა. ასაკში მყავს დედა და აფთიაქში შესვლა ხშირად მიწევს, მაგრამ რასაც იქ ხედავ, ვერ გაუძლებ მაგ სიტუაციას. შემოდის ქალბატონი და ვფიქრობ, რა ფორმით ვუყიდო წამალი, რადგან შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თავი მოხუცმა, რომელსაც ფული არ აქვს. ნამუსგარეცხილი უნდა იყო, რომ მსგავსი რეგულაციები ან კანონები შემოიტანო ამ გაჭირვებულ, გაღატაკებულ ქვეყანაში. არის ოჯახები, რომელმაც ხორცი არ იცის, რა არის. წიწიბურაზე გაზრდილი თაობაა. ცარიელ პურს ჭამს ხალხი მთელი დღე. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ გემუდარებით, ისაუბრეთ, მიაწვდინეთ ჩვენი ხმა ხელისუფლებასო და არ ვთქვა? არ ვისაუბრო? იმათ გავუწიოთ ანგარიში, ვინც ვიღაცის ნათესავია და ვისაც არ უყვარს პრობლემებზე საუბარი? _ ლიბერალიზმი _ რატომ ესმის საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამ სიტყვის მნიშვნელობა უკუღმა? _ აგენტურამ ცუდად იმუშავა. საზოგადოების ერთ ნაწილს ჰგონია, რომ ლიბერალიზმი ყველაფერი ქართულის დამანგრეველია, რომელიც ჭეშმარიტებას უგულებელყოფს, ხოლო მეორე ნაწილი კი სრულიად გაუნათლებელია, ამიტომაც არ ესმის, რას ნიშნავს ლიბერალი. ყველაზე დიდი ლიბერალი ილია იყო. ერთი მტკივნეული რამ მითხრა ჩემმა შვილმა. ამ ამბების ფონზე ვკითხულობ, _ კაცო, რა დაგვემართა? _ ერთ-ერთ სტატუსზე მივუთითე, _ არ კითხულობს ეს ადამიანი ილიას? ილია ყველაზე დიდი ლიბერალი იყო-მეთქი და ჩემმა შვილმა მეორე ოთახიდან გამომძახა, _ კი, მაგრამ მოკლესო. ნამდვილ ლიბერალიზმს რუსეთუმეები ებრძვიან, ამ სიტყვის ამოტრიალება მათ დაიწყეს. სააკაშვილმა იმ პერიოდში უდიდესი შეცდომა დაუშვა. აგენტების ჩარეცხვა როცა მოინდომა, ბევრი ისეთი ადამიანი მიაყოლა, რომელიც ნამდვილად არ იყო ჩასარეცხი. არ უნდა გაბედო და ამ სიაში არ უნდა შეიყვანო ის ადამიანები, რომლებმაც ქართული კულტურა დღემდე მოიტანეს, უდიერად, ახალგაზრდულად მოიქნია ხელი, მაგრამ მან, ამავდროულად, ბევრი სახელმწიფო ინსტიტუციაც აამუშავა და ესეც უნდა ითქვას. სააკაშვილის დროს ინსტიტუციები მუშაობდა. გიჟდებიან, როცა ამას ვამბობ. მეუბნებიან, _ რა დაგემართა, თაკო, მიშისტი ხარო? არა, არ ვარ, მე ქვეყანა მიყვარს და ერთ ნებისმიერ პრეზიდენტს იუსტიციის სახლის შექმნა წაადგებოდა ნამდვილად ისტორიისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომაც იყო, რაც ვთქვი ამ წამს, რაც ვთქვი მაშინდელი სისასტიკით ჩადენილ დარბევებზე. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ შეცდომები. სიმონ ნოზაძე მრავალშვილიანი დედებისთვის ქართლის დედის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი ღია ცისქვეშაა, ხალხი მშიერია და ქართლის დედის სტატუსი უნდათ? სიმონ ნოზაძე ხაშურის დეპუტატია და დაახლოებით სამი ოჯახი მარტო მე ვიცი. სწორედ ეს არის ცინიზმი, ეს ქართლის დედის სტატუსი, 180-ლარიან საქართველოში ჭარბწონიანობის კანონია ცინიზმი, პარლამენტში ჩოხებით სიარულზე საუბარია ცინიზმი, სასაცილოა. _ რატომ ითმენს ამას ქართველი ხალხი? _ ერთი პერიოდი გვეუბნებოდნენ, გაჩერდით, თორემ იგორ გიორგაძე მოვაო! ახლა გვეუბნებიან, გაჩერდით, თორემ ის სისტემა დაბრუნდება, სააკაშვილისო! სასტიკი იყო ის სისტემა, თუმცა ბევრი რამ კეთდებოდა. არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ამ ცინიზმს ხალხი მოუთმენს. _ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ დიდი მოლოდინი გქონდათ, თუმცა ეს მოლოდინი „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაამართლა. _ მე „ქართულ ოცნებას“ მივეცი ხმა, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ამ ოცნებაში ვერავინ ჩამტოვებს. გირგვლიანის ამბავზე თავიდან 30-40 ქალი ვიდექით. ისიც მახსოვს, 7 ნოემბერს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თავები რომ დაუხეთქეს და სისხლი არწყევინეს, ორი დღის შემდეგ, 9 ნოემბერს, ბურჯანაძე გამოვიდა და თქვა, სახელმწიფოებრივად სწორედ მოვიქეცითო. დღეს კი რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს იმიტომ, რომ რუსეთი უნდა _ რუსეთი მისთვის სათბურია! ვიღაცებს კორუფციული სივრცე ენატრებათ _ ბიზნესის კეთება არ იციან. გულუბრყვილოებიც არიან, რომელთაც ჰგონიათ, რომ უკეთესობა იქნება, მაგრამ არ იციან, რომ რუსეთში, გარკვეული კორუფციული სივრცის გარდა, ლამის ხახვს ჭამენ. არ მგონია, ჭკვიან კაცს ქვეყნის უკან წაყვანა უნდოდეს, მაგრამ ერთხელ ვიხუმრე, როგორც კი გავიგებ, რომ ქვეყანა აქეთკენ მიდის, ერთი მამუკა ჩარკვიანით, ერთი ჯანსუღ ჩარკვიანითა და ერთი ირმა გიგანით ქუჩაში იმდენ ხალხს გამოვიყვან, რამდენი მსმენელიც მამუკას „იუთუბიზე“ ჰყავს-მეთქი, მაგრამ არ მგონია, საქმე აქამდე მივიდეს! _ შეცვლით არაფერი შეცვლილა. _ გეთანხმებით, ნამდვილად არაფერი შეცვლილა, ვაპროტესტებდით მურუსიძეს და ამათმა მურუსიძე დააწინაურეს. სააკაშვილის დროს საშინელი კანონი მიიღეს _ უვადო გამოძიება. ასეთი კანონი კომუნისტებსაც კი არ ჰქონდათ და დღესაც იგივეა. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას პირდაპირ ეუბნები, _ შენ იყავი როგორც გინდა კორუფციაში. 6 წელი გავიდა და არც ეს კანონი შეცვალეს. პროკურორ კბილაშვილის მოადგილედ ლაშა ნაცვლიშვილი მოიყვანეს, მინისტრის მოადგილედ დანიშნეს სანდრო ბრეგაძე. მაქვს უფლება, რომ ვთქვა, იმედები გამიცრუეს-მეთქი? ამაზე თქვენმა გაზეთმა უნდა იმუშაოს. უვადო ექსპერტიზა გაგიგიათ? ასეთი რამე წარმოგიდგენიათ? დავუშვათ, გააუპატიურეს ვიღაც და რას ნიშნავს უვადო ექსპერტიზა? სამარცხვინო კანონია. მე მაშინ დავიწყე ეჭვით ყურება, ტრაქტორების ამბავი რომ წამოიწია, მერე კაბელების ხალხი დაიჭირეს, სიმპათიებს ჰქონდა ადგილი. მერე დავფიქრდი, ეს სიმპათიები დასავლეთისა და რუსეთის მიხედვით ხომ არ ლაგდება-მეთქი და სწორედ ეს ეჭვი დადასტურდა. სანამ ესენი მოვიდოდნენ, ივნისში გაზეთ „რეზონანსში“ სტატია გამოვაქვეყნე: „მე, ვასილ მაღლაფერიძე, გრომიკო და სამების ამშენებელი“, ანუ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ სტილში მაქვს გაკეთებული. ახლა ვფიქრობ, ეს ინტუიცია იყო თუ რა იყო? რატომ ვახსენე გრომიკო? რატომ მქონდა ეს შიშნარევი გრძნობა სადღაც ჰიპოფიზთან? _ მთავარია, სამუდამო ოცნებაში არ ჩავრჩეთ. _ „ქართულ ოცნებაში“ ვერავინ ჩამტოვებს, ვერც მე და ვერც ქართველ ხალხს. _ როგორ ფიქრობთ, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი მეორედ? _ რთული კითხვაა. სულ მინდა, რომ კარგზე ვიფიქრო. მოსვლისთანავე ვიფიქრე: „აუ, რა მაგარია, ნეტავ რას შეცვლის?“ და იმწუთშივე მივიღე იგივე პოლიტსაბჭო. არ გეგონოთ, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან ვსაუბრობ, არა, მაგრამ რატომ მიტოვებ იგივე პოლიტსაბჭოს? _ დაბოლოს, 2017 წლის 6 ნოემბერს გარდაიცვალა ჯანსუღ ჩარკვიანი. რა იყო მამათქვენის ბოლო თხოვნა? _ ჯანსუღის ბოლო ინტერვიუ ინგა გრიგოლიას გადაცემაში შედგა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინგას. ჩვენ 9 წელი ოპოზიციაში ვიყავით და მამა ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს არ დაუწყია ეს ომი! ჯანსუღმა ეთერში იხუმრა: „ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო“. ახალგაზრდებმა გაიცინეს, იყო ტაში და ამ ინტერვიუს შემდეგ გაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ“ ზედიზედ 4 წერილი გამოაქვეყნა, სადაც ათასი სიბინძურე ეწერა. ჯანსუღს 1972 წელს აქვს დაწერილი: „ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“. ეს ამერიკას კი არა, რუსეთს დაუწერა. მამაჩემმა იყიდა ეს გაზეთი, წაიკითხა და იქ ერთი ფრაზა ეწერა: ჩვენ უმადური ქართველები ვართ, თორემ წერა-კითხვა რუსეთმა გვასწავლაო. ამ ყველაფერს წერდა ვინმე დ. მხეიძე. _ და რა თქვა ბატონმა ჯანსუღმა? _ შემომხედა და მითხრა, _ რას წერს ეს კაციო? კიდევ ერთხელ კარგად ამომიკითხეო. ეს გაზეთი გადადო, წყალი მომატანინა და 15 წუთში იმავე გაზეთთან მოუვიდა ინსულტი. _ წარმომიდგენია, ამ სიტყვების მოსმენა მისთვის რა იქნებოდა. _ ნამდვილად, რადგან ჯანსუღ ჩარკვიანი თხემით ტერფამდე პატრიოტი და მართლა ტრადიციების ერთგული დარჩა. ის დამოუკიდებელი საქართველოსა და დასავლური ღირებულებების, ილიას საქართველოს ღირებულებების დამცველი იყო. ამიტომაც მგონია, რომ ეს საქართველო გაიმარჯვებს. ჩემი შვილის საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს! სანდრო ბრეგაძის საქართველო კი _ ვერასდროს და არასდროს! გამორიცხულია!

გიორგი საკარული

 

გაზიარება