QronikaPlus
ქართული ურბანული მეფუტკრეობის საწყისებთან

ქართული ურბანული მეფუტკრეობის საწყისებთან

2018-03-04 09:41:55

ერთი შეხედვით, არსებობს დარგები, რომელთა განვითარებაც და წარმოებაც ქალაქში შეუძლებელია, თუმცა ადამიანის გამჭრიახმა გონებამ, ეკეთებინა საყვარელი საქმე და არ შეზღუდულიყო მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ბევრი სიახლის მოფიქრება შეძლო. მათ შორისაა ურბანული მეფუტკრეობაც. მეფუტკრეობის ეს ერთობ უცნაური სახეობა, ჯერ კიდევ, შორეულ წარსულში იღებს სათავეს. ქალაქური მეფუტკრეობა 2000 წლის განმავლობაში ვითარდებოდა. ის იკრძალებოდა: პარიზში, ბერლინში, ლონდონში, ტოკიოსა და ვაშინგტონში, მაგრამ დღეისთვის ის ყველგანაა ლეგალიზებული. მეფუტკრეობის ეს სახეობა, რომელიც თაფლის წარმოებას ქალაქურ პირობებში, კერძოდ კი ურბანულ ბაღებში გულისხმობს, დღეს მსოფლიოს ბევრ ქალაქშია განვითარებული და საკმაოდ დიდი ეფექტიანობითაც ხასიათდება. გამოკვლევვებმა აჩვენა, რომ ქალაქის ფუტკარი უფრო ჯანმრთელია, ვიდრე სოფლის ფუტკარი. ამის მიზეზი ნაკლები პესტიციდები და ბიომრავალფეროვნეებაა. ქალაქში მობინადრე ფუტკრებისთვის საკვების პოვნა საკმაოდ რთულია, სწორედ ამიტომაც მეფუტკრეები მათ საცხოვრებელ ბაღებში ისეთ მცენარეებს რგავენ, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ნექტარს. ურბანული ბაღების საშუალებით უფრო ადვილია ფუტკრების რეპროდუქცია წლის განმავლობაში. თავდაპირველად მეფუტკრეობის დიდ ქალაქებში წამოწყების იდეა უარყვეს. ეს საქმიანობა, ერთგვარ, რისკთანაცაა დაკავშირებული. ფუტკრის ზუზუნი ქალაქის სიმყუდროვეს ხომ არ შეუქმნიდა საფრთხეს? თუმცა მყარი არგუმენტებით ეს მოსაზრება მალევე უარყვეს. ლოს-ანჯელესის მუნიციპალიტეტმა, ქვეყნის მასშტაბით ფუტკრის პოპულაციებში მაღალი სიკვდილიანობის შესამცირებლად, შუა ქალაქში ფუტკრის მოშენების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგმაც არ დააყოვნა. ურბანული მეფუტკრეობის პოპულარობამ სწრაფად დაიწყო ზრდა. 1999 და 2012 წლებში ლონდონში მეფუტკრეობის ზრდა 220%-ით გამოიხატა. მსგავსი წარმატებით დაიწყო ზრდა ურბანულმა მეფუტკრეობამ მთელ მსოფლიოში: ვანკუვერში, დეტროიტში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკსა და იოჰანესბურგში. ეს საქმიანობა, რომელიც ფუტკრისთვის შეუჩვეველ გარემოში, ანუ ჰაბიტატში მის მოშენებასა და თაფლის წარმოებას გულისხმობს, საკმაოდ დიდ რისკებთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ თავად ამ დარგის განვთარება ქალაქსა და ურბანიზაციის პროცესებზე დადებითად მოქმედებს. ურბანული მეფუტკრეობის საწყისებთანაა საქართველოც. თბილისში, შუაგულ საბურთალოზე, უკვე წელიწადნახევარია, ფუტკრის ბზუილი საკმაოდ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა _ რევაზ ჯავახიშვილი ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, საკუთარ ბაღში, 19 სკას უვლის და თაფლს აწარმოებს. ბატონი რევაზი პროფესიით ბანკირია და მუშაობს კიდეც „საქართველოს ბანკში“ უსაფრთხოების მენეჯერად. დიდი ხანია, მეფუტკრეობითაა დაინტერესებული, თუმცა დროის უქონლობის გამო ამ საქმის წამოწყებას ვერ ახერხებდა. მისი აზრით, მთავარია, ადამიანს სურდეს, ამის განხორციელებაში კი ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს. ბევრი წაიკითხა უცხოურ გამოცდილებაზე, ყველა გარემო პირობა გაიაზრა და, საბოლოოდ, ერთი სკით დაიწყო საქმე, რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებულია. უკვე ურბანული მეფუტკრე მის მიერ წარმოებული თაფლის რეალიზებასა და შემდგომ უცხოურ ბაზარზე გატანაზე ფიქრობს. ამ საქმის სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე ბატონი რევაზ ჯავახიშვილი გვიყვება: _ ურბანული მეფუტკრეობა საკმაოდ უცნაურად ჟღერს. ეს დაკავშირებულია, ერთგვარად, რისკებთანაც. თქვენ როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ შუაგულ ქალაქში დაგეწყოთ არც ისე საქალაქო საქმე და თან ასეთი წარმატებისთვის მიგეღწიათ? _ თავიდან მეც ასე ვფიქრობდი, რომ დიდი რისკი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფუტკარი ადამიანს არ ერჩის, პირიქით, ეს დალოცვილი მწერი ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, როგორიცაა: დამტვერვის შემდეგ მოსავლის მატება, ეკოლოგიის გაძლიერება (დამტვერიანების შემდეგ ძლიერდება და მრავლდება მცენარე) და სხვ. წარმატება მომიტანა ბევრმა შრომამ, მუშაობამ და ფუტკრისადმი ძლიერმა სიყვარულმა. ასევე, თბილისში კარგადაა გავრცელებული თაფლოვანი მცენარეები: ევოდია, ცაცხვი, მაყვალი და სხვ. _ უცხოურ გამოცდილებას რამდენად ეცნობით და იზიარებთ? _ თითქმის ყოველდღე ვეცნობი უცხოურ გამოცდილებას, მეტიც: უცხოეთში ძალიან კარგად განვითარებულია და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ხელშეწყობილია მეფუტკრეობის დარგი. სოციალური ქსელით კავშირები მაქვს ამერიკელ, ფრანგ, უკრაინელ და სხვა ურბანულ მეფუტკრეებთან. რასაკვირველია, მათ აზრსაც ვიზიარებ და ვითვალისწინებ, თუმცა მინდა, ერთი რამ თამამად ვთქვა, რომ ქართული ფუტკარი მსოფლიოში პირველია, მაგალითად: გამძლეობით, თვინიერებით (ნაკლებად აგრესიულია, რაც, მაგალითად, რუსულ ფუტკარს არ სჩვევია), ნექტრის მოსაპოვებლად დიდ მანძილზე დაფრინავს, ასევე, ქართული ფუტკარი გრძელი ხორთუმითაც გამოირჩევა, რაც მის მეტ შრომისუნარიანობას უზრუნველყოფს. _ უშუალოდ რომ აღგვიწეროთ სამუშაო პროცესი: რამდენად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ეს საქმიანობა? _ ფუტკრის მოვლა რთულია, თუმცა მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა _ ზამთარში არდადეგები გაქვს, ანუ გასვენებს. რაც შეეხება ფუტკრის მოვლას: წელიწადის სხვადასხვა დროს სპეციფიკური მოვლა-პატრონობა სჭირდება ღალიანობის დროს (აქტიური ღალიანობა სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს არის. კერძოდ, როდესაც გარემოში უხვად ყვავილობს ნექტრის მომცემი მცენარეები), დილით ადრე ვათვალიერებ ზედაპირულად, რამე ხომ არ უჭირთ, როგორ გამოდიან საფრენიდან, ქურდობა ხომ არ დაეწყოთ (ქურდობა არის, როცა ადრე გაზაფხულიდან სხვა ფუტკარი თავს ესხმის დასუსტებულ ფუტკარს, ართმევს თაფლს და დედა ფუტკარს ანადგურებს) და სხვ. კვირაში ერთ ან ორ დღეს მთლიანად ვუთმობ: დედა ფუტკრის სიძლიერეს, საფუტკრეში ბარტყისა და საკვების რაოდენობას ვამოწმებ, სეზონის მიხედვით (საჭიროების შემთხვევაში) დაავადებას ბიოწამლებით ვმკურნალობ. ვხმარობ მხოლოდ ბიოწამლებს, საფუტკრეს არ ვაკარებ ანტიბიოტიკებს, ვინაიდან ანტიბიოტიკები შეიძლება თაფლში გადავიდეს, ან უარყოფითად იმოქმედოს ფუტკარზე. ურბანული მეფუტკრეობის პლუსი ის არის, რომ ჩემ გარშემო ხეხილი ქიმიური წამლებით არ იწამლება. სამწუხაროდ, წამლები უარყოფითად მოქმედებს როგორც ფუტკარზე, ასევე თაფლზე. _ როგორ ხდება თაფლის რეალიზება? როგორ შეაფასებთ ადგილობრივ და უცხოურ ბაზარს? _ საქართველოში, სამწუხაროდ, ჭირს თაფლის რეალიზაცია, ასევე ადგილობრივ ბაზარზე გავრცელებულია იაფფასიანი ფალსიფიცირებული თაფლი. ამის კონტროლი საერთოდ არ ხდება და, სამწუხაროდ, ამით ზიანდებიან ქართველი პატიოსანი მეფუტკრეები და მომხმარებლები. მე პირადად არ მქონია გაყიდვის პრობლემა, თაფლი წელს ახალ წლამდე ძლივს შემოვინახე, ბევრი შეკვეთა მქონდა. უცხოურ ბაზარს რაც შეეხება, როგორც ვიცი, იქ შედარებით სტაბილურადაა ეს საკითხი და თაფლის რეალიზაციასაც ნორმალურად ახერხებენ. _ რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს მეზობლებს და ადგილობრივ გარშემომყოფებს თქვენი წამოწყების მიმართ? _ ერთ მეზობელს ჰქონდა ცოტა გართულება, თუმცა შემდეგ გამიგეს და ეს პრობლემაც მოიხსნა. ალბათ, დარწმუნდნენ, რომ ფუტკარი არაფერს ვნებს მათ. _ გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე, ამჟამად თუა რამე სიახლე, რაზეც მუშაობთ? _ როგორც ყველა მეფუტკრეს, მეც მსურს, რომ ჩემი პროდუქცია გავყიდო, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ ღვთისნიერი მწერის მოცემული თაფლი არასასურველ პროდუქციად გადავაქციო, ფალსიფიკაციას ვგულისხმობ. ასევე ახლო მომავალში ვგეგმავ გავაკეთო მეფუტკრეობის შემსწავლელი პრაქტიკული კურსები, ანუ ვისაც ენდომება, შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს მეფუტკრეობა ადგილზე, საფუტკრეში. ასევე დავარეგისტრირე ფეისბუქ გვერდი „ურბანული მეფუტკრეობა _ Urban beekeeping“. მსურველს შეუძლია, მოიწონოს და გაეცნოს ურბანულ მეფუტკრეობას.

ანა ურუშაძე

 

გაზიარება