QronikaPlus
„გატეხილი ყამირი“

„გატეხილი ყამირი“

2018-02-11 06:55:36

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, მაშინ, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი გახლდათ და ახალგაზრდა კომკავშირლები „ქვეყნისთვის“ სასარგებლო იდეის გარშემო ერთიანდებოდნენ, მოხდა ძალიან საინტერესო ფაქტი _ შრომისუნარიანმა ახალგაზრდობამ „გატეხა“, როგორც მაშინ უწოდებდნენ, ყამირი და ნასვენი მიწები. ყველაზე მთავარი კი ის გახლდათ, რომ ეს ახალგაზრდები სხვა, დაფარული გეგმის ნაწილი იყვნენ, ოღონდ ამის შესახებ მათ მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გაიგეს. „ქრონიკა+“ ესაუბრა სწორედ ყამირი და ნასვენი მიწების პიონერსა და სამგზის მოლაშქრეს, ქუთაისის სახალხო განათლების ღვაწლმოსილ მუშაკს, ოთარ კიკვაძეს, რომელიც იმჟამინდელ მდგომარეობაზე, ახალგაზრდების ქმედებებსა და ხელისუფალთა მხრიდან დაფარულ გეგმებზე გვესაუბრება. ინტერვიუს სრულად გთავაზობთ: _ როდის და რატომ გადაწყვიტეთ ყამირი მიწების ათვისება? _ სამყაროში ყოველგვარ არსებას აქვს ყოფიერების წესი, მაგრამ მისი გაგებით პირველი არის ადამიანი, რომლის ყოფიერების წესთაგან მთავარი აზროვნებაა. ძირითადი კი მოძრაობა. ლევ ტოლსტოი აღნიშნავდა: „სიღარიბე სამარცხვინო არის მაშინ, როცა ის გამოწვეულია სიზარმაცით“. აქედან გამომდინარე, ადამიანი უნდა მოძრაობდეს და ქმნიდეს დოვლათს შრომით, რომ შესაბამისი ადგილი დაიმკვიდროს ცხოვრებაში. მეც ყოველთვის ვცდილობდი მოძრაობაში ყოფნას და ჩემი მოქმედებით რაღაც სასიკეთოს კეთებას. 1956 წლის ივნისის ბოლოს ინსტიტუტის მე-2 კურსი დავხურე. რადგანაც მოძრაობა და მოქმედება მიზიდავდა, გადავწყვიტე, არდადეგების პერიოდში ქალაქის რომელიმე საწარმოში დამეწყო მუშაობა. ბედმა ქუთაისის ლუდის ჩამომსხმელ საამქროში მუშაობა მარგუნა. 5 დღის შემდეგ შემომთავაზეს ბრიგადირის თანამდებობა _ ეს იყო პირველი დაწინაურება ჩემს ცხოვრებაში. წარმატება ოჯახის წევრებს ვახარე, რომლებიც კმაყოფილებით შეხვდნენ ჩემს პირველ წინსვლას. 2 დღის შემდეგ სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში დეპეშა დამხვდა ტექსტით: „სასწრაფოდ გამოცხადდით ინსტიტუტის პარტიულ კომიტეტში!“ მეც დანიშნულ დროს გამოვცხადდი მითითებულ მისამართზე, სადაც შეკრებილი დამხვდნენ სტუდენტები და მეგობრები. პარტიული კომიტეტის მდივანმა, შემდგომში პროფესორმა და პრორექტორმა ვარლამ ირემაძემ მიგვიღო და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ახალგაზრდობისადმი მოწოდება გაგვაცნო: მოგვიწოდებდნენ და გვთხოვდნენ, რომ დახმარება გაგვეწია ყამირი და ნასვენი მიწების ათვისებაში. ამ მოვლენას წინ უსწრებდა 1956 წლის 9 მარტს თბილისში რუსი ჯალათების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა. საკმაოდ იყო მსხვერპლიც, ამიტომ ქართველი ახალგაზრდობა მტრულად ვიყავით განწყობილი იმ დროის პარტიული და მთავრობის ხელმძღვანელობის მიმართ! ასეთ რთულ ვითარებაში ვარლამ ირემაძემ მუდარით გვთხოვა, არ ჩაგვეშალა ეს დიდი ღონისძიება და აღნიშნა: „მე რომ მთხოვოს ვინმემ, თქვენ აქ ხართ საჭირო და იქ უნდა წახვიდეთ, სადაც გვჭირდები, უყოყმანოდ შევასრულებდიო“. მისი სიტყვების შემდეგ დუმილმა მოიცვა არემარე. ყველამ თავი დახარა. ამ დროს გამახსენდა მწერალ ნიკოლოზ ოსტროვსკის სიტყვები, რომანიდან „როგორ იწრთობოდა ფოლადი“: „Только в период, только на линию огня, только через трудности к победе и никуда иначе“ და პირველმა განვაცხადე: „ჩვენ კონკურსის ცეცხლი გამოვიარეთ, ჩვენ ვართ ნაღები და მეტი მოგვეთხოვება სამშობლოს სასარგებლოდ-მეთქი“. ეს მაშინ ვთქვი, როცა წარმოდგენაც არ მქონდა, იქ რა მოხდებოდა. ენთუზიაზმს მხარი დაუჭირეს სტუდენტებმა: დავით დემეტრაძემ, კობა ჭელიძემ, მიხეილ აბესაძემ, ზაალ ხორგუაშვილმა, სპორტსმენმა ქალიშვილმა გენდრემოვიჩმა... _ მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს, უცხო მიწაზე რომ მიდიოდით, თან არც იცოდით, იქ რა ხდებოდა? _ მამაჩემს კომუნისტები გულზე არ ეხატებოდა, ფაქტია, ჩემს არჩევანს აღფრთოვანებული არ შეხვდებოდა. როცა ვითარება გავაცანი, მკითხა: რისთვის მიდიხარ ყამირზე თუ რა ჯანდაბაა? მე კი უბრალოდ ავუხსენი: „უნდა გავტეხოთ ყამირი, ხორბლის უხვი მოსავალი მივიღოთ, ამით ჩვენი სახელმწიფო გაძლიერდება და სამხრეთიდან თათარი ვერ გაბედავს შემოჭრას!“ მან მიპასუხა, _ თათარი რამდენიც უნდა, იმდენი მოვიდეს, კომუნისტებს ნუ მოემატება, მაგათ დამიქციეს ოჯახი, წამართვეს მიწები და მათზე უარესი თათარი მე სხვა არ მინახავსო. თუმცა მაინც მივიღე თანხმობა, რადგან იცოდნენ ჩემი აქტივობის შესახებ. _ ყამირზე როგორ გაემგზავრეთ? _ დანიშნულ დღეს ინსტიტუტში 40-მდე კომკავშირელი გამოვცხადდით. ჯგუფის ხელმძღვანელობა ენერგიულმა პიროვნებამ, ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის პირველმა მდივანმა, ანზორ ბურჯანაძემ იკისრა. პროფკავშირმა გამოგვიყო კომპენსაცია, წინასწარ გაგვინაღდეს 3 თვის სტიპენდია და გასამგზავრებლადაც მზად ვიყავით. საზეიმო გაცილება მოგვიწყვეს. დირექციამ გვთხოვა, ყამირზე 15 რესპუბლიკიდან იქნება ახალგაზრდობა და არ შერცხვეთ, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ დაკისრებულ მოვალეობას, არ ჩამორჩეთ ვინმესო და გამახსენდა დიდი კონსტანტინეს ფრაზა: „ეი, შენ, პატარა მდინარის პირას დაბადებულო, არ გაჯობონ დიდი მდინარის პირას დაბადებულებმა!“ _ რაც ბოლომდე შევასრულეთ და მუსიკის თანხლებით გავემართეთ რკინიგზის სადგურამდე, სადაც ქალაქის სხვა ახალგაზრდობასთან ერთად ჩამოვედით სადგურ ნავთლუღში, სწორედ აქ შეიკრიბა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ყამირზე მოლაშქრე ახალგაზრდობა! ჩამოდგა ეშელონი, რომელიც 50 ვაგონისგან შედგებოდა, ჩვენ კი #6 ვაგონი შეგვხვდა. მოეწყო საზეიმო გაცილება, ედუარდ შევარდნაძე ახალგაზრდობას ტაშით შეხვდა. მოვიდნენ რესპუბლიკის ხელმძღვანელი ამხანაგები. კვლავ მუსიკის თანხლებით დაიძრა ჩვენი ეშელონი. _ მგზავრობამ რამდენ ხანს გასტანა? ვაგონებში რა ხდებოდა? _ საინტერესო გამოდგა მგზავრობა, რადგან უმრავლესობას პირველლად უხდებოდა გასვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ. აზერბაიჯანში შესვლის შემდეგ პანორამა შეიცვალა და გაპრიალებული ორთქლმავალი გამჭვარტლული ორთქლმავლით შეიცვალა, ეს მაშინ, როცა მთელი საქართველოს რკინიგზაზე ელექტრო ორთქლმავალი დადიოდა. გავიარეთ კიროვობადი, ახლანდელი განჯა. მივუახლოვდით კასპიის ზღვას, საშუალება გვქონდა, იქ გვებანავა, რაც ძალიან სასიხარულო იყო და ჩვენც, რა თქმა უნდა, ზღვაში შევცვივდით. ჩავედით ბალაჯარაში, გვერდი ავუარეთ აფშერონს და დაღესტნისკენ ავიღეთ გეზი, რომლის შესახებაც კარგი განწყობა არ გვქონდა, რადგან ადრე ლეკები ქართულ მოსახლეობას თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ, ტყვეები მიჰყავდათ. მარტო დავით გურამიშვილის ამბავი რად ღირდა, მაგრამ საპირისპირო დავინახეთ _ ქვეყანა ამწვანებული, აყვავებული იყო და დაღესტნელი მოსახლეობა სადგურებში ზეიმით გვეგებებოდა. ჩავედით მახაჩყალაში. მგზავრობა სამხედრო წესით ხდებოდა, ცენტრალურ სადგურებში ცხელ სადილს გვიმართავდნენ. დავტოვეთ დაღესტანი, ვუახლოვდებოდით ასტრახანს. ჩვენი განცვიფრება გამოიწვია მდინარე ვოლგაზე აგებულმა გიგანტურმა ხიდმა, რომელიც იონის ლამპიონებით იყო განათებული, რაც იმ დროისთვის იშვიათობას წარმოადგენდა. საშუალება მოგვეცა, ნაწილობრივ გავცნობოდით ასტრახანს. მგზავრობა გაიწელა და გართობა გახდა საჭირო. ვაგონში ლიტერატურულ დილა-საღამოებს ვაწყობდით, აქტიურობდნენ ბიჭები ლექსების, იგავ-არაკების, ანეკდოტების თქმაში. ქალაქ ურალსკის შემდეგ გავიარეთ ორენბურგი, რომელიც დავათვალიერეთ კიდეც, თითქმის ნახევარი დღე მოგვიწია იქ სეირნობა. შემდეგ კი იყო ომსკი, სტეპები, ტრამალები და მგზავრობა გაგრძელდა 8 დღეს. შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ ჩასასვლელად უნდა მოვმზადებულიყავით. ჩავედით სადგურ ბრედში. დილით განაწილებით მოვედით კუსტანაის ოლქის ჯეტიგარის რაიონის სტეპნოვის ხორბლის საბჭოთა მეურნეობაში. მანქანებით გავემართეთ. გზა 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა, შეუჩერებლად მივდიოდით. საღამოს უკვე ადგილზე ვიყავით. ვფიქრობდით, ზეიმით შეგვხვდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. დავბანაკდით ცენტრიდან მოშორებით, საქონლის ფერმაში, სადაც ღამე უნდა გაგვეთენებინა. ამხანაგების უმრავლესობამ პრეტენზია გამოთქვა, გარეთ ბუზღუნებდნენ, მაგრამ ისეთი თქეში წამოვიდა, რომ ერთმანეთს ასწრებდნენ შიგნით შემოსვლას. მეორე დღეს ბრიგადებში გაგვანაწილეს. ჩვენი 15-კაციანი ჯგუფი მე-2 ბრიგადაში მოხვდა, ერთი ნაწილი სამშენებლო ბრიგადაში, დანარჩენი _ სხვებში. როდესაც ბრიგადაში გამოვცხადდით, იქ სიურპრიზი დაგვხვდა _ ქალაქ იაროსლავის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტების უმრავლესობა, გოგონები ჩამოეყვანათ. კალოზე მუშაობა გაჩაღდა, სადაც მანქანებით, კომბაინებით აღებულ ხორბალს ადგილზე ვამუშავებდით, ვახმობდით და ვანიავებდით, შემდეგ კი მანქანებში ვტვირთავდით და ელევაციებში ვგზავნიდით. კეთილსინდისიერი შრომითა და მამაცობით უკვე აღმოვჩნდით ყუადღების ცენტრში. რთულ ობიექტზე სამუშაოდაც გვაგზავნიდნენ, რადგან ჩვენი იმედი ჰქონდათ. ზოგჯერ ღამითაც გვიწევდა მუშაობა, რომ ხორბალი არ გადამწვარიყო. მართლაც სასწაულებს ვახდენდით. მე და კოკი ელბაქიძემ ერთ ცვლაში 36 ტონა ხორბალი გადავამუშავეთ კომბაინით, რის გამოც „სტახანოველები“ გვიწოდეს. დამწყებმა პოეტმა, მწერალმა და ამჟამად პროფესორმა, პაატა ცხადაიამ, მონოგრაფია დაწერა: „ერთი ღამე გაჩირაღდნებულ კალოზე“, რომელიც შემდგომ გაზეთ „ქუთაისში“ დაიბეჭდა. ხელმძღვანელობა ყურადღებას არ გვაკლებდა, ხშირად გვაკითხავდნენ ამხანაგები სპარტაკ შარაბიძე, ვასილ გვეტაძე, ანზორ ბურჯანაძე, ორჯერ მოვიდა ბატონი ედუარდი. _ იქ არსებული გარემო როგორი იყო? მოლოდინები გაგიმართლდათ? _ გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ყამირზე არ არის წყალი და არის ხრიოკი, პაპანაქება სიცხე, არიან მავნებლები, მწერები, გველეშაპები და მტაცებელი ცხოველები ბინადრობენ, რაც ადამიანში შიშის გრძნობას იწვევდა. ყოველივე ეს ჭორი აღმოჩნდა. რაც არ გინახავს, არ უნდა თქვა და არც დაიჯერო! სინამდვილეში, არავითარი პაპანაქება არ იყო და ცივი წყალიც გემრიელად იღვრებოდა არტერიული ჭებიდან, ოღონდ არ იყო წყალსადენი და საკანალიზაციო კომუნიკაციები. ბრიგადაში საცხოვრებელს წარმოადგენდა ვაგონი და თივის ბლოკით აგებული მიწურები. ჩვენ ამ უკანასკნელში ვცხოვრობდით, დაღლილებს კი მშვენივრად გვეძინა, მაგრამ ვაი, ასეთ ძილს, ქვეწარმავლების გვეშინოდა. თუმცა შიშის გაქრობის მთავარი საშუალება არის ცოდნა, განათლება, რომ არსებულ ვითარებაში გაერკვე და ეს შიშიც გაქარწყლდა. ერთ დღეს კალოზე ვიყავით, ვანიავებ ხორბალს, დავინახე, პატარა გველი მოცოცავს, ავიღე ნიჩაბი, დავხუჭე თვალები და ვთქვი, _ ან მე, ან გველი! მოვემზადე დასარტყმელად, მაგრამ მომავალმა ექიმებმა, გოგონებმა შემაჩერეს, მოვარდნენ, გველი იმწამსვე ხელში აიტაცეს და მოფერება დაიწყეს, თან ამბობდნენ, _ რა ლამაზია, რა საყვარელია და ა. შ. სწრაფად გააძრეს ტყავი, სცადეს მეორე ტყავის გაძრობა და გველიც შემოაკვდათ. დაიწყეს გულის ძებნა, მაგრამ ცივსისხლიან არსებას ის ვერ უპოვეს და თავიც მიანებეს. ყოველივე ამის შემდეგ შიშიც გაქრა და ის ჭორებიც გაქარწყლდა, რაც ყამირის შესახებ გაისმოდა. _ რაიმე გასართობი საშუალება გქონდათ, თუ მხოლოდ მუშაობდით? _ ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ მას შეუძლია გაღიმება, გართობა, გასეირნება და სხვა. ესეც კარგად იყო დაგეგმილი _ საღამოს კლუბში კინოსურათებს უჩვენებდნენ, ჩამოდიოდა ანსამბლები და კონცერტები იმართებოდა. ბოშათა აკადემიური ანსამბლის კონცერტიც კი ვიხილეთ უფასოდ. მაგრამ მთავარი მაინც პირველი გართობა, _ სიამოვნება და სიყვარულია. ვინც რუსულ ენას ფლობდა, მას გზა ხსნილი ჰქონდა, გალაღდნენ ბიჭები სიყვარულში. ვინც ენა არ იცოდა, მხოლოდ შრომით ვკმაყოფილდებოდით. მოხდა ასეთი რამ: სტუდენტ გოგონებში სილამაზითა და ქცევით ყურადღებას იპყრობდა ტანია. იგი ჩემს მეგობარ პაატა ცხადაიას მოეწონა, მაგრამ მასთან ურთიერთობაზე ტანიამ უარი თქვა. ამ ამბის შესწავლა დაიწყო და ტანიას მოახსენეს: თქვენ მომავალი ექიმი ხართ, უნდა განკურნოთ ავადმყოფი, თქვენ კი ცოცხლად კლავთ ადამიანს, რატომ არ თანაუგრძნობთ? ტანიამ ისევ უარი განაცხადა. საბაბი ჰკითხეს, მიზეზად კი უპაუხა: «Меня интересует вот этот симпатичный парень, товарищ Анатолий» და ხელი მე დამადო! რა იცოდა მან ჩემი გაჭირვება, რომ რუსულ ენაში მოვიკოჭლებდი და ამიტომ ვიყავი სერიოზული. როცა ჩემთან მივიდნენ და ყველაფერი გამაგებინეს, ეს ჩემს თავზე მეხის გავარდნა იყო, მაგრამ მოვიფიქრე, შევხვედროდი ტანიას და ყველაფერი ამეხსნა. მეგობრებს ვთხოვე, ესწავლებინათ: „ჩვენთან არის ასეთი წესი _ ვისაც ჰყავს საცოლე, ის არ ერთობა სხვასთან“. დავიზეპირე ეს ფრაზა და საღამოს მასთან პაემანზე გავედი. მადლობა გადავუხადე თანაგრძნობისთვის და მოვახსენე დაზეპირებულიც. ის კმაყოფილი დარჩა ჩემი სიყვარულის ერთგულებით და მადლობაც გადამიხადა. მე კი გულდაწყვეტილი დავბრუნდი. ტანიამ, როგორც ჩანდა, ეს ამბავი თავის მეგობრებს გადაცა და ამის შემდეგ ბიჭები სიყვარულით უფრო მეტად გალაღდნენ. ამიტომ ახალგაზრდებს მოვუწოდებ, მშობლიურ ენასთან ერთად აუცილებლად რომელიმე უცხო ენას დაუეფლონ, თუ არადა, ბედნიერების წყაროდან ვერ მიიღებენ იმ სიამოვნებას, რაც სამყაროს უბოძებია _ საზღვარგარეთ თუ ტურისტული მოგზაურობისას მიიღებენ არა სიამოვნებას, არამედ დაიტანჯებიან! _ რამდენ ხანს გაგრძელდა ყამირზე თქვენი ყოფნა? _ ჩვენი მამაცური შრომით საქმიანობის შესახებ პერიოდულად ქვეყნდებოდა ინფორმაცია როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი პრესის ფურცლებზე. მწერალმა ვასილ გვეტაძემ გაზეთ „კომუნისტში“ გამოაქვეყნა ვრცელი მონოგრაფია „გასატეხი ყამირი“, სადაც ჩამოთვლილი იყვნენ მამაცი ყამირელები: ოთარ კიკვაძე, დავით დემეტრაძე, პაატა ცხადაია, რეზო კორძაძე, ამჟამად პროფესორი მელორ გევეჩაძე, არტურ გოგსაძე, გურამ ადანაია, მელორ გეგუჩაძე და სხვები. ყამირზე, დაახლოებით, 3 თვე გავატარეთ. უკან დაბრუნების განკარგულებაც მოვიდა, ანგარიში გაგვისწორეს, გაცილების ბანკეტიც გაგვიმართეს და ანზორ ბურჯანაძის თოფის გასროლით დავემშვიდობეთ ნაწილობრივ „გატეხილ“ ყამირს. ჩამოვედით სადგურ ბრედში, სადაც უმაღლესი კლასის მატარებლის შემადგენლობა დაგვახვედრეს „ვლადივოსტოკი-მოსკოვი“. უკან იმავე გზით უნდა გვემგზავრა. ეს ის დროა, როცა თბილისს დაარსების 1500 წელი უსრულდება. საქართველო ემზადება ზეიმისთვის, ამიტომ ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით გადაწყვეტეს, რომ 2 „კოლხოზნიკი“ მანქანით და 5 მოტოციკლით მოეწყოთ გადარბენა: კუსტანაი-ჩელიაბინსკი-ულიანოვსკი-ყაზანი-გორკი-მოსკოვი-ხარკოვი-როსტოვი-სოხუმი-ქუთაისი-თბილისი. ამ გადარბენაში მონაწილეობის პატივი ჩვენგან წილად ხვდა გივი ყიფიანსა და ანზორ ბურჯანაძეს. 8 დღის შემდეგ მატარებლით შემოვედით თბილისში, სადგური სავსე იყო ხალხით და თაიგულებით, შემდეგ ჩამოვედით ქუთაისში, ეშელონმა დასავლეთსკენ გააგრძელა გზა. _ ქუთაისში როგორ შეგხვდნენ, რაიმე საღამო თუ მოგიძღვნეს? _ ინსტიტუტის დირექციამ ყამირელებს საზეიმო შეხვედრა მოგვიწყო. მოხსენების შემდეგ მოწინავე ყამირელების დაჯილდოება დაიწყო. მე პრეზიდიუმში ვზივარ, აჯილდოებენ ამხანაგებს და ვფიქრობ, რატომ გამოვრჩით? თუმცა ბოლოს, ანზორ ბურჯანაძე ჩემზე აცხადებს: ყამირ და ნასვენ მიწებზე შრომითი მამაცობისთვის დაჯილდოვდეს საკავშირო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის სამკერდე ნიშნით! ეს იმ დროისთვის უმაღლესი ჯილდო იყო. დეკემბერში გაიმართა ინსტიტუტის კომკავშირული ორგანიზაციის კონფერენცია, სიტყვით გამოვიდნენ დელეგაციები. აღინიშნა ნაკლოვანებები და წარმატებები. შეფასებისთვის სიტყვა მომცეს მე. მივედი ტრიბუნასთან და შემდეგი განცხადება გავაკეთე: „ამ კონფერენციას შემიძლია ვუწოდო ზეიმის კონფერენცია. წარმატებები გვაქვს ყველა სფეროში აკადემიურ-იდეოლოგიურ-მორალური მიმართულებით. არ გვაქვს კრიმინალი. დავჯილდოვდით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, ამიტომ წინადადებით შემოვდივარ, კომკავშირის კომიტეტის მუშაობა საანგარიშო პერიოდში შეფასდეს კარგზე!“ _ სიტყვა დავასრულე თუ არა, გაისმა ტაშის გრიალი, კომკავშირში ასეთ შემთხვევას ანალოგი არ ჰქონია. ასეთი იყო პირველი ლაშქრობის შედეგები ყამირ და ნასვენ მიწებზე. _ ამ ყველაფერს მეორე მგზავრობაც ხომ მოჰყვა იმავე მიმართულებით? _ კი, მაგრამ მეორე წელს აღარ იყო იმდენი შრომა საჭირო ყამირზე წამსვლელ მოხალისეთა შესაკრებად, რადგან უმრავლესობისთვის ცნობილი გახლდათ, რას წარმოადგენდა იგი. ინსტიტუტის 150-მა სტუდენტმა გამოთქვა სურვილი. ასევე ლექტორებმა: ნიკოლოზ გიორგაძემ, კოლია კორძაძემ, ზურაბ წერეთელმა, საერთო ხელმძღვანელობა ისევ ბატონ ანზორს დაეკისრა. იმავე წესით გავემგზავრეთ. ისევ ჩავედით კუსტანაიში. სხვადასხვა უბნებზე გაგვანაწილეს ზატობოლსკის რაიონში. ჩვენ წილად გვერგო სოფელი იანუშევკა, კოლმეურნეობა „გამარჯვება“. სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა ჭარბობდა. კეთილმოწყობითაც უკეთესი იყო: კლუბი, ბიბლიოთეკა, რვაწლიანი სკოლა, სამედიცინო ცენტრი, აფთიაქი და სხვა. ძირითადი საქმე იყო მოსავლის აღება, მისი გადამუშავება, საკვები თივის დამზადება. ცენტრიდან პერიოდულად მოდიოდნენ ხელმძღვანელები. გვეხმარებოდნენ და მითითებებს გვაძლევდნენ. აქაც ორჯერ გვინახულა შევარდნაძემ. აქაც თავაუღებლად ვშრომობდით, პირველობას არავის ვუთმობდით. იმავე გზით, კომფორტული ვაგონებით დავბრუნდით ქუთაისში, დაგვიფასდა შრომა ყამირელებს! ქალაქის ხელმძღვანელობამ საზეიმო შეკრება ცენტრში მოაწყო. წარმოება მოგვილოცეს და ორგზის ყამირელებს მადლობა გადაგვიხადეს. უმაღლესი საბჭოს მიერ დაწესებული მედალი გადმოგვეცა „ყამირ მიწებზე შრომითი მამაცობისთვის“. სიტყვით გამოსულმა ახალგაზრდობამ ფიცი დავდეთ, რომ მომავალშიც მზად ვიყავით იქ გასამგზავრებლად, სადაც სამშობლო მოგვიწოდებდა! _ თქვენ სამივე მოგზაურობაში მონაწილეობდით? _ დიახ, მესამე მოგზაურობა კომკავშირის დაარსების 40 წლისთავს დაემთხვა, რომელიც შედარებით ორგანიზებულად მოეწყო. ეშელონი დასავლეთიდან მოდიოდა, ჩვენ სადგურ რიონში დავბარგდით. ამ დროს შევარდნაძე უკვე საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა. ისევ კუსტანაიში ჩავედით. განაწილება მოგვიხდა ზატობოლსკის რაიონში. აქაც მოსავლის აღება და გადამუშავება იყო მთავარი საქმე. ყამირმა სახელმწიფოს მილიარდი ფუთი ხორბალი მისცა! უკვე 1958 წლის ოქტომბრის ბოლოს საზეიმო ვითარებაში დავტოეთ ყამირი, _ ათვისებული და გატეხილი. მოწინავე ყამირელებისთვის სიურპრიზი მოეწყო. უკან დაბრუნება ტურისტული მარშუტით: კუსტანაი-ჩელიაბინსკი-ულიანოვსკი-ყაზანი-გორკი-მოსკოვი-ხარკოვი-თბილისი. ჩვენი ტურისტული მოგზაურობა 19 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და კმაყოფილები დავბრუნდით. მე არ ვიცი, რა ხდებოდა სხვაგან, მაგრამ ქუთაისში გრანდიოზული საზეიმო შეხვედრა მოგვიწყვეს დიდ თეატრში, სადაც ქება-დიდებით გვამკობდნენ და შესანიშნავი ჯილდოები გადმოგვცეს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის დღემდე არ იყო ცნობილი მთავარი და ძირითადი, თუ რატომ დაისვა დღის წესრიგში ყამირი და ნასვენი მიწების ათვისების საკითხი? რატომ მოხდა მასობრივად ხალხის მობილიზება ყამირის ასათვისებლად?! _ და რა გახლდათ ამის რეალური მიზეზი? _ როგორც გაირკვა, ყამირის ათვისების საკითხი წამოსწია გეოფიზიკოსმა, პროფესორმა ვასილ კაპინცევმა და დაწვრილებითი ანგარიში ჩააბარა სტალინს, თან იდეალურად დაუსაბუთა თავისი დასკვნის სისწორე. იგი სარაკეტო სისტემების გამოსაცდელ-გასაშვებად იდეალურ ადგილად მიიჩნიეს. ყაზახეთის სტეპებში უზარმაზარ ტერიტორიაზე ერთბაშად უნდა აშენებულიყო სარაკეტო-კოსმოსური გამშვები ობიექტი და მიწისქვეშა ბუნკერების ინფრასტრუქტურა. ეს კი უდიდესი ადამიანური რესურსის მობილიზებას მოითხოვდა. ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარებოდა უცხოურ დაზვერვას და სწორედ ამის შენიღბვას გულისხმობდა „ყამირის ათვისება“. ყამირი მიწების ათვისება ყაზახეთში, ვოლგისპირეთში, სამხრეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში 1954-1965 წლებში, ანუ სტალინის სიკვდილის შემდეგაც განხორცელდა. ეს მხოლოდ სიმართლის ნაწილი იყო, ზემოთ აღნიშნულ წლებში ამ ტერიტორიაზე ყამირი მიწები დაამუშავეს და პურის მოსავალიც მოიყვანეს. ამ „ოპერაციის“ დაფარული წყალქვეშა ნაწილის განხორციელება კი 1948 წლის იანვრიდან დაიწყო და 6717 კვ.მ ფართობზე გაიშალა. დაიწყო „ბაიკანურის“ (ყაზახურად: მდიდარი ველი) უნიკალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის პირველი ეტაპი 1951 წელს დასრულდა. აი, რას წერს მარშალი უსტინოვი 1948 წლის 14 იანვარს: „შეხვედრა მქონდა სტალინთან, რომელსაც ესწრებოდა ბერია. მაშინ შევიტყვე, რომ ყაზახეთის სტეპებში მძლავრი სამხედრო-სარაკეტო და თავდაცვითი ნაგებობების მიწისქვეშა ბუნკერების ინფრასტრუქტურა უნდა აგვეშენებინა. მის შესანიღბად კი პარალელურად, მტრის თვალის ასახვევად, ყამირი მიწების ათვისება-დამუშავება და მარცვლეულის დათესვა უნდა განგვეხორციელებინა, ამ პროექტს, საიდუმლოდ, „ყამირი“ ეწოდებოდა“. პროექტი ისე განხორციელდა, რომ იგი მტრის ყველაზე ყოჩაღმა ჯაშუშმაც კი ვერ იყნოსა. ათეულ ათასობით ყამირელ მოხალისეთა პარალელურად ყაზახეთის მკაცრ სტეპებში სამხედრო მშენებლობა მიმდინარეობდა. მისი პირველი ეტაპი 1951 წელს დამთავრდა. ობიექტი პირადად სტალინმა დაათვალიერა და იქ მომუშავე სპეციალისტებს სახელმწიფო ჯილდო მიანიჭა. ოპერაცია „ყამირის“ შესახებ მსოფლიომ 1957 წლის 4 ოქტომბერს შეიტყო, როცა საბჭოეთმა „ბაიკანურიდან“ პირველი კოსმოსური თანამგზავრი გაუშვა და ეს ზუსტად იმ დღეს დაემთხვა, როცა ყამირიდან მეორედ დავბრუნდით ჩვენს მშობლიურ ქუთაისში. მას შემდეგ თითქმის 60 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მივიწყებას მიეცა იგი, მაგრამ ზოგჯერ მაინც იხსენებდნენ ყამირს. ქუთაისის ხელმძღვანელმა ყამირელთა შეკრება მოაწყო ქალაქის ფარგლებში და საკმაო დროის გასვლის შემდეგ მეგობრები ერთმანეთს შეგვახვედრა. როგორც გაირკვა, ჩვენი მობილობა ყამირზე მიზნად ისახავდა გრანდიოზული გეგმების განხორციელებას, ამიტომ ვეტერანი ყამირელები ყურადღების ღირსი არიან და კარგი იქნება, თუ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდებიან ამ საკითხით და შეძლებენ ვეტერან ყამირელთა შეკრებას, მათ შეხვედრას საზოგადოებასთან. რაც შემეხება მე, უკვე ხანდაზმულ პიროვნებას, რობიზონ კრუზოს მსგავსად კვლავ ვფიქრობ რაიმე ახალი, პროგრესული გეგმის შემუშავებასა და მის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობაზე, რაც სიკეთეს მოუტანს ჩემს მშობლიურ საქართველოს, რომელიც გარდამავალ პერიოდში იმყოფება და სტიმულის მიმცემი იქნება ახალგაზრდობისთვის მრავალი საგმირო საქმეების გადასაწყვეტად.

ნინო ტაბაღუა

 

გაზიარება