QronikaPlus
ინფლაცია ნოემბერში: ცხოვრება ისევ ძვირდება

ინფლაცია ნოემბერში: ცხოვრება ისევ ძვირდება

2017-12-09 05:29:02

წლის დასაწყისში დაანონსებული 4%-იანი ინფლაცია გუშინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე 2,9%-ით ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა წელს ფასების ზრდას მხოლოდ 4%-ის ფარგლებში ელოდებოდა, ნოემბრის თვის მონაცემებით კი ფასები, თითქმის, 3%-ითაა გაზრდილი. როგორც სტატისტიკის ეროვნული სააგენტო იტყობინება, 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 1,1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,9% შეადგინა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ უკვე წლის ბოლოს ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,8%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე აისახა 0,39%-ით. ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზეც 9,5%-ით, რაც შეეხება სატრანსპორტო მომსახურებას, აქ ფასების 4,5%-იანი ზრდა ფიქსირდება, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე კი 1,6%; ქვეყნის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი სურსათი და უალკოჰოლო სასმელებია, სადაც ფასების 0,8-პროცენტიანი ზრდა შეინიშნებოდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,26%-ით აისახა. ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე ფასები გაიზარდა 6,5%-ით; შაქარსა და სხვა ტკბილეულზე _ 1,4%-ით; რძე, ყველი და კვერცხი _ 1,2 %, ზეთი და ცხიმი _ 0,7%; თამბაქოს ნაწარმი _ 1,9% და ალკოჰოლური სასმელები _ 1,4%. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ როგორც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ტრანსპორტზე, ალკოჰოლურ სასმელებზე თამბაქოსა და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის დაცვაზე. ამ უკანასკნელში ფასები გაიზარდა 6,4%-ით, რაც 0,55%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 12,2%-ით და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 6,3%-ით. „ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა არის ინფლაციის გამომწვევი მთავარი მიზეზი და რატომ გვაქვს წლიური ინფლაცია 6,9%, როდესაც მოლოდინები 4%-ს არ სცდებოდა? სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი: _ სწორედ ამ განაკვეთების „წყალობითაა“ მიღწეული ინფლაციის მთლიანი მაჩვენებლის დაახლოებით 85%. პირველ რიგში კი ამ ჯგუფში შედის საწვავი, ავტომობილები, სიგარეტი, ეს ტრიუმვირატი ქმნის დიდ წილს ინფლაციაში. თანაც მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ამ აქციზის მატებაზე გადაწყვეტილება მიიღო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტი მას შემდეგ დაეთანხმა, რაც დამტკიცებული იყო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მიმდინარე დღისთვის, ამიტომ მოსალოდნელიც იყო, რომ ფაქტობრივი მაჩვენებელი თარგეთირებულ ინფლაციაზე გაცილებით მეტი ყოფილიყო. წლიური ინფლაცია 4% იყო გამოცხადებული და, ფაქტობრივად, 7%-ზე გავედით, ანუ, დაახლოებით, 75%-ით, ¾-ით არის გადაჭარბება ამ მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელთან შედარებით, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით პრობლემებს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას. თუმცა ეს ქართული ნოუჰაუ არ არის. მეორე მხარეც არის, შეიძლება ითქვას, რომ ფასების ზრდა შედარებით აიოლებს ბიუჯეტის შევსებას, რადგან ინფლაცია, როგორც წესი, გარკვეულწილად, იმ ტვირთვის მატარებელია, რომელსაც საშუალო ფიქსირებულშემოსავლიანი მოსახლეობა დამატებით იხდის ფასების მატების გამო. გადასახადების მოცულობა იზრდება, მათ შორის, ტრანზაქციებზე განხორციელებული ვალდებულებების, დამატებითი ღირებულების გადასახადი და ეს ნომინალურად ზრდის ბიუჯეტის შემოსავალს, ანუ ბიუჯეტის შევსებას რამდენადმე აიოლებს და თუ რამდენად აიოლებს მოსახლეობის მდგომარეობას, ეს სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ნომინალურად, შემოსავლები უფრო იოლად სრულდება. ის, რომ წელს 300 მლნ ლარით მეტი სახსრების მობილიზაცია გახდა შესაძლებელი მოლოდინთან შედარებით, ამის მაჩვენებელიც არის. ანუ ეს 300 მლნ ლარი არა იმდენად ეკონომიკის ზრდამ და რეალური სექტორის განვითარებამ, არამედ, ინფლაციურმა ფაქტორმა გამოწვია და თავისი წვლილი შეიტანა. წამლები, სურსათი, ტრანსპორტი _ ამ ჯგუფზე ფასების ზრდით, მხოლოდ და მხოლოდ, ფიქსირებული და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ზარალობს და მათთვის ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რაც უფრო მეტად იზრდება საშუალო ოჯახის, ან პიროვნების შემოსავალი მისთვის ინფლაციური მაჩვენებელი გაცილებით უფრო მსუბუქია და ეს იმიტომ კი არა, რომ დიდი შემოსავალი აქვს, არამედ იმიტომაც, რომ მის მიერ შეძენილი საქონლის ჯგუფში ფასები ინფლაციის ოფიციალურ დონეზე გაცილებით ნაკლებად იზრდება. მაგალითად, პირობითად, თუ ხორცზე ფასი გაიზრდება 10%-ით, მობილურ ტელეფონზე ფასი შეიძლება 2-3%-ით გაიზადოს, ამიტომ ეს მაჩვენებელი ინფლაციაზე დაბალია. სამაგიეროდ, საშუალოზე დაახლოებით 2,5-3-ჯერ მეტად იზრდება მედიკამენტების ფასი და მათი ძირითადი მომხმარებლები ავადმყოფები ან ასაკოვანი ადამიანები არიან და მათი შემოსავალი გაცილებით უფრო დაბალია. მათთვის ინფლაცია გაცილებით უფრო მაღალია რეალურ განზომილებაში, ვიდრე ამას საქსტატის ეროვნული, ფიციალური მონაცემი იძლევა და ეს დამატებით დაძაბულობას ქმნის. ნოდარ კაპანაძე _ ეკონომისტი: _ ბოლო თვეში ინფლაციის მაჩვენებელი დევალვაციიდან გამომდინარეობს. ფასები, გარკვეულწილად, მაინც გაიზრდება, იმიტომ რომ ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, ამაში განსაკუთრებული კი არაფერია. მართალია, 6,9%-იანი ინფლაცია დაბალი არ არის, მაგრამ ვერც იმას იტყვი, რომ განსაკუთრებულად მაღალია. წლიური ინფლაციად 4%-ს ვარაუდობდნენ, მაგრამ აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ფასების დონე ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ყველაფრის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ ვიმეორებ: საგანგაშო და ძალიან მაღალი მაჩვენებელი არ გვაქვს. რაც უფრო ზუსტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო რეალური და ზუსტია პროგნოზი, ეს უკანასკნელი კი ცოტა უმადური, მაგრამ აუცილებელი საქმეა. პაატა შეშელიძე _ ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორი: _ ე.ბ.-ს მიმოქცევაში უფრო მეტი ფული აქვს გაშვებული, ვიდრე ეკონომიკას ამაზე მოთხოვნა ჰქონდა და შემდეგ ხდება მისი გავრცელება, ბანკების მიერ სესხების გაცემა, რაც ასევე გაცემულია გაცილებით მეტი, ვიდრე შიძლებოდა. ამის გარდა, პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრი პროგრამა ხორციელდებოდა, რომელიც იაფი სესხის ფორმატში შეგვიძლია განვიხილოთ, რაც ადამიანებს ილუზიას უჩენდა, რომ ისინი უფრო მდიდრები იყვნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან _ იღებდნენ სესხებს, მაგრამ ვერ ახორციელებდნენ პროექტებს, ამოიტომაცაა რომ ვადაგადაცილებული სესხები არის უზარმაზარი რაოდენობით, ანუ დავიწყებულია პროექტი, რომელიც შეუძლებელია დამთავრებულიყო ხელოვნურად შექმნილი მონეტარული ექსპანსიის პირობებში _ ეს არის ყველაფერი. არ არის აქ საუბარი აქციზის გადასახადზე, ეს უკანასკნელი ხომ არის რამდენიმე კონკრეტულ სფეროზე და ჩვენ ვსაუბრობთ ფასების საერთო დონეზე. თავისთავად, მან რაღაც გავლენა იქონია, მაგრამ რამდენი და რამდენჯერ? რაღაც ხომ უნდა შეცვლილიყო? საბოლოო ჯამში, ფულის მასა იზრდება, ყველაფერი ძვირდება, ხალხი სესხს ვერ იხდის, რადგან უამრავი სესხია გაცემული რეალური უზრუნველყოფის გარეშე. დემურ გიორხელიძე _ ეკონომიკის ექსპერტი: _ როდესაც ეროვნული ვალუტის მსგავსი მასშტაბის დევალვაცია ხდება, ინფლაციაც გარდაუვალია. როდესაც ეროვნული ვალუტის ასეთი მასშტაბის დევალვაცია ხდება, შედეგიც სახეზე უნდა გვქონდეს და ასეცაა. ამას ემატება ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღესაც სრულიად გაუგებარ რამეს გვეუბნება, რაც ძალიან საშიშია საქმეში ჩახედული და ბიზნესის მქონე ადამიანისთვის. როგორც ჩანს, მომავალში არაფერი შეიცვლება და სიტუაცია ვერაფრით იქნება მხოლოდ ინფლაციის თვალსაზრისითაც კი, გასწორებული. საქმე ის არის, რომ 2017 წლისთვის ე.ბ.-ს ინფლაციის საორიენტირებელი მაჩვენებელი 4% ჰქონდა, უკვე თითქმის 3%-ით გადასცილდა იგი მოლოდინებს, ვერაფრით შეძლეს ინფლაციის შეჩერება, ამიტომ, ფასების ზრდა გაგრძელდება და როგორც ე.ბ.-ს პრეზიდენტმა დღეს დარწმუნებით გვითხრა, ეს ყველაფერი, თურმე, გაგრძელდება, კურსი თავისუფლი ყოფილა და ამდენად, მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. არაფერს ახალს არ უნდა ველოდოთ. რაც ხდება, ის იქნება, არაფერი შეიცვლება. ამის ყველაფრის გამომწვევი კი მაკროეკონომიკური პოლიტიკაა, რომელიც არ არსებობს, არ არის დამტკიცებული და განსაზღვრული. მთავრობას არ აქვს დარეგულირებული საბიუჯეტო, საგადასახადო და ბიუჯეტშორისი ურთიერთობები და ასევე, ე.ბ.-ს საქმიანობის ჩარჩოები. ამაში უკვე ბრალი მიუძღვის მთავრობას და არა ე.ბ-ს, თუმცა ყველაზე დიდი დამნაშავე საქართველოს პარლამენტია, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ ის განსაზღვრავს პოლიტიკას და მათი სისუსტის ბრალია, რომ დღეს აქამდეა ყველაფერი მიყვანილი. პარლამენტი არ ახორციელებს კონტროლს! შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქციზის გადასახადის ბრალია ინფლაცია, თუ ბრუნვაში ჩაშვებული ჭარბი ფულადი მასის, პარლამენტის სუსტი კონტროლი იწვევს კონკრეტული ორგანოების ჩარჩოს არქონას, თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ფაქტი ერთია: ის ყოველდღე გვახსენებს, რომ გვიძვირდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ _ ცხოვრება!

ნინო ტაბაღუა

გაზიარება