QronikaPlus
მეუფე შიოს მდუმარება

მეუფე შიოს მდუმარება

2017-12-08 07:24:26

მოწამლული მამაო და კითხვები მოსაყდრეს მართალია, არც “დღემდე“ აკლდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შარი და ვაი-ვიში, მაგრამ ის, რაც ბოლო დროს ხდება, ნამდვილად დამაფიქრებელია. იმის მიუხედავად, რომ პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, სამომავლოდ, პატრიარქობისთვის მისაღებ კანდიდატად მიიჩნევა, არცთუ უმნიშვნელო ნაწილი მას რუსეთის ეკლესიის ხელდასხმულ პერსონად განიხილავს. პირველი: შიოს მხარდამჭერი ჯგუფისთვის მის დადებით თვისებად ბავშვობისა და ყრმობა-ახალგაზრდობის წლები, მუსიკისადმი სიყვარული, განათლება და სათნოება სახელდება. აქვე წინა პლანზე მისი ოჯახისშვილობა და წრე გამოდის, მაგრამ ეს არგუმენტები მოწინააღმდეგეთათვის სრულიადაც არ არის საკმარისი მისი პიროვნების მომავალ პატრიარქად განსახილველად _ ჩამოთვლილი თვისებებიდან უმეტესობა სუბიექტური შემადგენლობისაა. მუსიკას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგია ხელოვნების ამ მეტად გამორჩეული მიმართულებით გატაცება, თუმცა ჩვენ ხომ კონსერვატორიის რექტორის კანდიდატურას არ განვიხილავთ. აი, განათლების საკითხში კი მეუფეს ნამდვილად მოუწევს საკუთარი განსწავლულობის დემონსტრირება _ თუნდაც დოგმების, კანონიკის, თეოლოგიის სხვადასხვა ასპექტის განმარტებისას. ისევე, როგორც მოუწევს ქართველი პატრიარქების: ანტონ I-ის, კირიონის, ამბროსი ხელაიასა და სხვა უმარავი მღვდელმთავრის საქმიანობის შეფასება და ეს ვერანაირად მოხერხდება ამ უდიდესი მოღვაწეების დაბადება-გარდაცვალების თარიღების მოხმობით. უმთავრესი მათი რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის დეტალებისა და ფაქტების წარმოჩენა იქნება. დიახ, თვით ანტონ I-ის შემთხვევაში. არის კი ამ მიმართებით (რაც ქართული ეკლესიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მკაფიო ფურცლებია) განსწავლული მოსაყდრე? ეს კი მეტად სათუოა, თუნდაც მისი დისერტაციის გათვალისწინებით, რომელიც წმინდა ბერ ალექსი შუშანიას ეძღვნება. რუსეთის ეკლესიისა და მისი ეგზარხოსების საქმენი საგმირონი წმინდა ბერის ცხოვრების აღწერაში არსად ფიგურირებს მაშინ, როდესაც სწორედ მის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია სიცოცხლე წმინდა ბერმა. თუმცა ესეც სადავო საკითხი იქნება მავანთათვის და აქაც სუბიექტური შემადგენელია ორივე მხარის არგუმენტი _ უფრო სწორად, გემოვნებისა და მსოფლმხედველობის, ან, სულაც, იქნებ, ვალდებულებით-კონიუნქტურული. თუმცა როდესაც შიოს მოწინააღმდეგეთა არგუმენტებზე ვსაუბრობთ, აქაც წინა პლანზე მოდის სუბიექტური განსჯა, რომელიც ცალკეულ არა სენსიტიურ, არამედ ლოგიკურ განსჯასა და ფაქტებს ეფუძნება. ახლა ერთ ასეთ ფაქტზე ვისაუბრებ: წლების წინათ, ვიდრე მეუფე შიო მოსკოვში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაიწყებდა მოღვაწეობას, მოხდა, ერთი შეხედვით, ძალიან საინტერესო ფაქტი, რომლის გახსენება, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, მასში მონაწილე პერსონისთვის ურიგო არ იქნება. სწორედ ამ ტაძარში მოღვაწეობდა სათნო და მრავალთათვის პატივსაცემი და საყვარელი პიროვნება, მამა მაქსიმე (ჭანტურია). აქვე ბოდიში უნდა მოვუხადო მას იმის გამო, რომ მასთან დაკავშირებულ ეპიზოდს შეუთანხმებლად გავახმაურებ. მით უფრო, წინასწარ გამაფრთხილეს, რომ ჩვენი შეხვედრის შემთხვევაშიც კი ამ თემაზე საუბარს თავს აარიდებდა და უხერხულობას შევქმნიდი. კიდევ ერთხელ ბოდიში მამა მაქსიმეს და თხრობას განვაგრძობ. მამა მაქსიმეს უდიდეს პატივს სცემენ სასულიერო წრეებში მისი გასწავლულობის, მაღალი ერუდიციის, პროგრესულობისა და შეხედულებების გამო. მოსკოვში მოღვაწეობისას მას საკმაოდ დაუახლოვდნენ რუსეთის ეკლესიის მაღალი იერარქები და დროთა განმავლობაში იგი მრავალჯერ მიიწვიეს ტრაპეზსა თუ სხვა ღონისძიებაზე რუსეთის იმდროინდელ პატრიარქ ალექსი მეორესთან. ამბობენ, რომ მამა მაქსიმე ალექსი მეორის დიდი პატივისცემით სარგებლობდა და მათ არაერთხელ ჰქონიათ პირისპირ საუბრებიც კი ცალკეულ საკითხებზე. ერთ-ერთი შეხვედრის დროს მამა მაქსიმეს პატრიარქ ალექსისთან დიალოგში განუცხადებია, _ საქართველოს ეკლესია, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ხელმძღვანელობით, დროთა განმავლობაში, დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროშიო. როგორც აღმოჩნდა, ეს ფრაზა საკმაოდ არადიპლომატიურად ჟღერდა, რის თაობაზეც რამდენიმე დღის შემდეგ მას რუსეთის ეკლესიის მაღალმა სასულიერო იერარქმა განუცხადა და მიანიშნა, რომ უმჯობესი იყო, ასეთი გამოხტომებისგან თავი შეეკავებინა. შემდგომ იმავე პერსონამ განუცხადა, რომ რუსეთის ეკლესია და პირადად პატრიარქი ალექსი მას საქართველოს მომავალ პატრიარქად განიხილავდნენ. მამა მაქსიმემ ამ, ფაქტობრივად, პირდაპირი შემოთავაზებისგან თავი შორის დაიჭირია, _ საქართველოს ეკლესიას ჰყავს გონიერი და ჭკვიანი პატრიარქი, ეს საკითხი საერთოდ დღის წესრიგში არ დგას და მით უფრო საკუთარ თავს საქართველოს პატრიარქად, თან რუსეთის ეკლესიის მიერ ხელდასხმულად, არ განვიხილავ. ასეთ შეურაცხყოფას არც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მივაყენებ და არც ქართველ მრევლსო (ციტატის სიზუსტეზე თავს ვერ ვდებ, მაგრამ მის შინაარსზე პასუხისმგებელი ვარ, _ ავტ). ამის შემდეგ მოვლენები მძაფრი დეტექტივის, უფრო თრილერის ჟანრში განვითარდა. მალე მამა მაქსიმე და რამდენიმე პირი ქართველი ბიზნესმენების ერთმა ჯგუფმა ვახშამზე მიიწვია. თუ ოდესმე დათანხმდება მამა მაქსიმე ამ ვახშმის ორგანიზატორისა და ინიციატორის დასახელებას, უმჯობესია, თავად გააკეთოს. თუმცა ჩემთვის იმ დროის ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენის ვინაობაც ცნობილია, ისევე როგორც მეუფე შიოსთვის. ამ ვახშამზე მამა მაქსიმე მოწამლეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა საავადმყოფოში, სადაც მის გვერდით არავინ იმყოფებოდა. ალბათ, თანამეინახეებმა იფიქრეს, რომ „პატრონი“ საჭირო არ იყო და მხოლოდ სიკვდილის ფაქტის დადგომის შემდეგ დაიხოკავდნენ ღაწვებს. საავადმყოფოში, შემთხვევით, ერთი ღვთისნიერი ქალბატონი აღმოჩნდა, რომელმაც მამაოს უბის წიგნაკის პირველ გვერდზე მითითებულ ნომერზე დარეკა. ვისაც დაურეკეს, ის პერსონა მამა მაქსიმეს უახლოესი მეგობარი იყო. მან, იმავე საღამოს, ლამის, უგონო მგდომარეობაში მყოფი მამაო საავადმყოფოდან მოიპარა და კერძო სახლში გადამალა, სადაც დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდა მისი გამოჯანმრთელება. საავადმყოფოდან დაკარგულ მღვდელს ეძებდა ყველა: მილიცია, სპესსამსახურები, სამღვდელოება. ამასობაში, რუსეთის საპატრიარქოდან „სანდო წყარომ“ საქართველოს პატრიარქს ინფორმაცია მიაწოდა, რომ მამა მაქსიმემ საქართველოს პატრიარქობა მოითხოვა. უარის მიღების გამო და „ჩვენი გადაწყვეტილებით, რომ ამის თაობაზე ვაცნობებდით მის უწმინდესობას“, დაიკარგა და რამდენიმე დღეა, მას ეძებენ. ამ შეტყობინებისას რუსეთის საპატრიარქოში სჯეროდათ, რომ მილიცია და სპეცსამსახურები მამა მაქსიმეს იპოვიდნენ. პარალელულად, მამა მაქსიმეს მეგობარმა ერთ-ერთი პროზექტურის თანამშრომელს თანხა გადაუხადა, რომელმაც დასახიჩრებული გვამის კუთვნილი შარვლის ჯიბეში მამა მაქსიმეს საბუთები იპოვა, რაც ვერ იპოვეს „დაუდევარმა“ მილიციელებმა. მამა მაქსიმეს ძებნა შეწყდა _ მიზანი მიღწეული იყო. შემდეგ მაქსიმე ჭანტურია უჩუმრად გადაიყვანეს მინსკში, მინსკიდან კი _ თბილისში. საინტერესოდ განვითარდა მოვლენები თბილისში. მამა მაქსიმე მივიდა საპატრიარქოში და პატრიარქთან შეხვედრა მოითხოვა, რომელმაც ის ერთი კვირის განმავლობაში არ მიიღო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამაომ განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან შიმშილობას დაიწყებდა და პრესკონფერენციას მოიწვევდა, პატრიარქი დასთანხმდა მის მიღებას. ალბათ, ძნელად წარმოსადგენი არ არის დიალოგი მის უწმინდესობასა და მამა მაქსიმეს შორის. პატრიარქი მიხვდა ალექსი მეორისა და რუსული ეკლესიის მესვეურების მზაკვრობას. ამის დასტურია ის, რომ დღეს მამა მაქსიმე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მოღვაწეობს. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი მას აქ გახმოვანებული ამბის გამო, რომელშიც მრავალი უმნიშვნელოვანესი დეტალი გამოვტოვე და მისი სახელის გახმაურება მხოლოდ იმიტომ დამჭირდა, რომ ამ ისტორიის სინამდვილე ეჭვქვეშ არ დააყენონ. თავად მამა მაქსიმეს კვლავინდებურად შეუძლია ამ თემაზე არც ისაუბროს და არც კომენტარი გააკეთოს, მე კი მზად ვარ, მოყოლილი სიმართლის გამო გავიკიცხო. მამა მაქსიმეს ადგილი, მოგვიანებით, შიომ დაიკავა, რომელიც დროთა განმავლობაში ასევე ფრიად მიღებული პერსონა გახდა რუსეთის პატრიარქის გარემოცვაში. ვინმეს შეუძლია ჩამოთვალოს ეკლესიის წინამძღვრები, რომლებიც რუსეთის პატრიარქთან ტრაპეზობენ, თან ვიწრო წრეში? შიოს ეს პატივი არაერთხელ რგებია. მართალია, ეს არაფერს ამტკიცებს, უბრალოდ, ინფორმაციაა განსჯისთვის. ასევე ინფორმაცია და ასევე გასჯისთვის: რუსეთის ეკლესია კრემლის ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და ოფიციალური მოსკოვისა და მისი სპეცსამსახურების ხელში უძლიერესი იარაღია. ხომ გულუბრყვილობაა იმაზე საუბარი, რომ კრემლი და რუსეთის ეკლესია არანაირად ჩაერეოდა პატრიარქ ილია მეორის გადაწყვეტილებაში? მისი უწმიდესობის, ილია მეორის მოღვაწეობის უმთავრეს წარმატებად საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის ფაქტი უნდა მივიჩნიოთ და ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა, რომელსაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ჯეროვნად ვერ ათვითცნობიერებს და აფასებს. ბევრი ვერ ხვდება, რამდენი შრომა, ჯაფა, მოხერხებულობა და სხვა თვისებების გამომჟღავნება იყო საჭირო ამ აუცილებელი შედეგის მისაღწევად. რუსეთი, დიახაც, ეგუება საქართველოს ავტოკეფალიას, მხოლოდ და მხოლოდ, არსებული სტატუს კვოს პირობებში. ამისთვის რუსეთის ეკლესიას და, რა თქმა უნდა, კრემლს საქართველოს პატრიარქად უნდა პერსონა, რომელიც ამ სტატუს კვოს არ შეცვლის. და აი, რაზეა საუბარი, _ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისა და საქართველოში პირველი ეგზარხოსის დანიშვნის შემდგომ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მსოფლიო მართლმადიდებელ სამყაროში დაისაკუთრა საქართველოს ადგილი, როგორც მისმა უფლებამონაცვლემ და იგი საქართველოს ნაცვლად მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების ჩამონათვალში დღემდე მეექვსედ იხსენიება. ყველა სხვა „სიკეთესთან“ ერთად სწორედ ამ ადგილის დაკარგვა არ სურს რუსეთს. მართალია, ობივატელისთვის ძნელი ასახსნელია, რას ნიშნავს „ადგილი“, მაგრამ ხბოს აღტკინებით აღტაცებულმა, გონიერებაზე პრეტენზიის მქონე ქართველებმა მართლა არ იციან ამ ყველაფრის მნიშვნელობა და იმასაც უშვებენ, რომ რუსეთი საქართველოს პატრიარქად ისეთ პერსონას გაუწევს ლობირებას, რომელიც მას ამ ადგილს შეეცილება? ან, კიდევ, არაფერში ჩაერევა და ასე შეეგუება ისეთი პერსონის არჩევას, რომელიც ღიად დადებს და გამოამზეურებს არქივებში დაცულ რუსეთის ეკლესიის საგმირო საქმეებს _ საქართველოდან სიწმინდეების გაზიდვით დაწყებული, ქართული ენის წინააღმდეგ გალაშქრებით გაგრძელებული და ბერ-მონაზვნების დევნით დასრულებული? ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ სამომავლო ლოკალურ პერიოდზე, არამედ ვმსჯელობთ ეპოქაზე, რომელიც საქართველოს სინამდვილეში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალმა საჭეთმპყრობელმა უნდა შექმნას. ამიტომაც მეუფე შიოს მდუმარება სულაც არ არის კრავთა მდუმარება, მაგრამ ეს პოზა _ ახალგაზრდა, სათნო, განათლებული პერსონის, რომელიც სამომავლო აღსაყდრებას ელოდება, უფრო მრავლისმეტყველია, ვიდრე ნებისმიერი ყოფითი კომპრომატი, რომელიც პატრიარქობის კანდიდატის წინააღმდეგ შეიძლება გახმოვანდეს. ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ ვთქვი და კვლავ გავიმეორებ, _ დიახ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ შიოს დანიშვნის შესახებ გარემოებათა და პერსონათა ზეწოლის გამო მიიღო გადაწყვეტილება. ის, რომ მოსაყდრის შესახებ გადაწყვეტილება ნამდვილად მნიშვნელოვანი, პროგრესული და არაორდინალურია _ ეს მისასალმებელია, მაგრამ შიო? ასევე, გავიმეორებ: ამ დღეების განმავლობაში მისი მისამართით ჩემ მიერ დასმულ კითხვებს პასუხი, დაიხაც, ახლა უნდა გაეცეს, რადან ის _ მეუფე შიო, საქართველოში ყველაზე მძლავრ და გამორჩეულ ინსტიტუტში ასევე გამორჩეული პერსონა აღმოჩნდა. და ეს კითხვები საკმაოდ მარტივია, ისევე როგორც მათზე პასუხები და ამას არ სჭირდება დიდი ფილოსოფიური მსჯელობა: როგორია მისი პოლიტიკური შეხედულება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით? არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? როგორია მისი შეხედულება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში? როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქვეყნის განვითარებაში? როგორია მისი დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ? როგორ აფასებს 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს? დასვამს თუ არა სინოდის უახლოეს სხდომაზე საკითხს 1928 წლის 28 სექტემბრის საქართველოს საკათალიკოსო სინოდის განჩინების განხილვის შესახებ, რომელმაც დროებით შეაჩერა შობის ახალი სტილით, 25 დეკემბერს აღნიშვნა და დაუბრუნდება თუ არა 1927 წლის 24 ივნისის განჩინებას, შობის 25 დეკემბერს აღნიშვნის თაობაზე? იღვაწებს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში კუთვნილი ადგილის დასაბრუნებლად _ დავაკონკრეტებ: მეექვსე ადგილის დასაბრუნებლად? კითხვებზე თავის არიდება იმ მიზეზით, რომ ყველაფერი ღიად არ ითქმის, იმის მანიშნებელია, რომ მას ამ კითხვებზე პასუხი არ გააჩნია, ან უარესი, _ აქვს, მაგრამ ეშინია მისი ღიად გახმოვანების. მშიშარა მოსაყდრე კი გმირი პატრიარქი ვერ გახდება. ვგონებ, მისი სამომავლო საქმიანობის შესაფასებლად ამ კითხვებზე პასუხი და თუნდაც მისი პიროვნებისა და ზრახვების შესაცნობად სრულიად საკმარისი იქნება, ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე ეტაპზე. ისე, ცნობისთვის: ამ კითხვებზე პასუხი უნდა ჰქონდეს საქართველოს პატრიარქობის ყველა მსურველს, ისინი კი საკმაოდ ბლომად არიან.

გოჩა მირცხულავა

გაზიარება