QronikaPlus
ქართველი დიზაინერი, რომლის ბრენდთანაც ალ პაჩინოს და საქართველოს რუკას პირდაპირი კავშირი აქვს

ქართველი დიზაინერი, რომლის ბრენდთანაც ალ პაჩინოს და საქართველოს რუკას პირდაპირი კავშირი აქვს

2017-12-04 08:33:34

24 წლის ქართველი ხელოვანის ბიზნესი ქვეყნის ფარგლებს გასცდა, ოკეანე გადალახა და დღეს ამერიკაშიც კი იპოვით. მასზე საუბრობენ საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ყაზახეთშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ უკრაინასა და რუსეთზე, სადაც მისი ქართული ბრენდი „Fredo“ ძალიან უყვართ. დღევანდელი სტატიის გმირმა და მისმა შემოქმედებამ ძალიან მალე დიდ წარმატებას მიაღწია. განსაკუთრებულად გამორჩეული და ლამაზი ნამუშევრების უკან კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, სოფი უზნაძე დგას, რომელიც ხელოვნების მენეჯმენტის შემდეგ ფსიქოლოგიას ეუფლება, პარალელურად ნამუშევრებს ქმნის და საქართველოს ყოველწამს უწევს პოპულარიზებას მსოფლიო მასშტაბით. ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებაში მოულოდნელად და სწრაფად დაწყებულმა შემოქმედებითმა პროცესებმა მას დიდი წარმატება მოუტანა. მისი ბრენდის განსაკუთრებული და ყველაზე ობიექტური კრიტიკოსი კი დედამისია, რომელიც სტატიის გმირისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. სოფი ყველაზე მეტად ერთგულებას აფასებს, ტყუილი აღიზიანებს და სჯერა, რომ ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით იბადება. ამბობს, რომ თუ მისი მისიაა, უყვარდეთ და თავადაც გასცეს სიყვარული, მაშინ ამ მოვალეობას პირნათლად ასრულებს. ყოველი ახალი დღე მზეს, სითბოს, ენერგიასა და სიყვარულს აძლევს. ახალგაზრდა მრავალპროფილური დიზაინერი, ჯერ კიდევ, საკუთარი თავის ძიების პროცესშია, თუმცა მან უკვე იპოვა ადამიანი, ვინც მისი ცხოვრების მეგზურია, ვისთან ერთადაც მთაში ხეტიალი ჩვენი გმირისთვის ნეტარებას წარმოადგენს. „ქრონიკა+“ ახალგაზრდა და წარმატებულ დიზაინერთან ინტერვიუს გთავაზობთ: _ რატომ დაინტერესდი იმ საქმით, რასაც ახლა აკეთებ? რამ გიბიძგა ჩანთების კეთებისკენ? _ ყველაფერი დაუგეგმავად დაიწყო. მეგობრებისგან გავიგე ხის ლაზერით დამუშავების ტექნიკის შესახებ. შემდეგ დავიწყე ჩემთვის სამკაულების დამზადება _ ბეჭდების, საყურეების, ყელსაბამების. მიუხედავად იმისა, რომ „Fredo“ დღეს ჩანთებზეა ორიენტირებული, მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე პოპულარული ჩვენი ნაკეთობა ყელსაბამია _ საქართველოს რუკა. ამ ყელსაბამმა დიდი პოპულარობა მოგვიტანა. რამდენიმე დღის წინათ ჩვენი მომხმარებლისგან ასეთი შეტყობინება მივიღეთ: „პარიზში მოგზაურობისას ჩვენი ყელსაბამით ქართველები მცნობდნენ. მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, _ ქართველი ხომ არ ხარო?“ ასეთი ეპიზოდები ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელია და სასიამოვნო. ჩვენი ეს ყელსაბამი (საქართველოს რუკა) ერთ-ერთმა პირველმა მოირგო თათია დოლიძემ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ელჩი იყო გაეროში, იგი ეკეთა ყველა გამოსვლაზე, რითაც ხაზს უსვამდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. _ ბიზნესის წარმოების იდეა როდის გაგიჩნდა? _ თავდაპირველად სამკაულებს ახლობლებისთვის ვამზადებდი, თან ვერთობოდი და თან ახლობლებს ვასაჩუქრებდი, თუმცა შემდეგ უკვე სოციალურ ქსელში გავაქტიურდით და ჩვენი გვერდი შევქმენით. გვერდის შექმნის მიზანი ჯერ იყო მოთელვა, მაგრამ ამ მოთელვამ დაინტერესებული ადამიანები გამოავლინა. დავიწყეთ ჩანთებიც და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგული გულშემატკივრებიც გვყავს. _ რა სირთულეები შეგხვდა გზად ცხოვრებაში? _ რა თქმა უნდა, თავიდან, ჩვენს ნაკეთობებს ნაკლოვანებებიც ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეს მაღალ ხარისხზე გვაქვს ამბიცია. ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლის ინტერესი სრულად გავიზიაროთ და დავაკმაყოფილოთ. სულ ვამბობ და თქვენთანაც გავიმეორებ: დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ პირველ მომხმარებლებს, რომლებმაც მცირე დეფექტების მიუხედავად ჩვენი პირველი პროდუქცია მაინც შეიძინეს. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია გითხრათ, რომ თავიდან ასეთი სუფთა ნამუშევრები არ გვქონია. ეტაპობრივად დავხვეწეთ და დღეს არ მერიდება არც ბოდიშის მოხდა იმ პირველი მომხმარებლებისთვის... მათი დამსახურებაა, რომ დღეს „ფრედო“ შედგა და კიდევ განვითარებაზე ზრუნავს. _ რას გრძნობ მაშინ, როდესაც შენი ნამუშევრები მომხმარებლის აღფრთოვანებას იწვევს? _ ეს არის ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი და წასაკითხი და რაც მთავარია, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ უფრო ვიყოთ პროდუქციის ხარისხსა და მომხმარებლის ინტერესზე ორიენტირებულები. _ როდის და რა ვითარებაში დაიწყო შენმა ბრენდმა მსოფლიოს დაპყრობა? _ პირველი გამოხმაურება-დაინტერესება რუსეთსა და უკრაინაში მცხოვრები ქართველებისგან მივიღეთ. ძირითადად, ჩანთებს გვიკვეთავდნენ ქართული წარწერებით, ქართული ანბანით. დღეს კი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ჩანთები იყიდება მსოფლიოს რამდენიმე მეგაპოლისში; მათ შორის, ჩვენი ჩანთები უკვე გამოჩნდა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ხელნაკეთი ნამუშევრების მაღაზიაშიც. გარდა ამისა, ჩანთებს გვიკვეთავენ ყაზახეთიდან, საფრანგეთიდან, მოლდოვიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და ა. შ. დიდი დაინტერესებაა საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებისგანაც. _ რატომ აირჩიე ბრენდის სახელად Fredo? _ სახელი „ფრედოც“ ისევე მოულოდნელად დაიბადა, როგორც იდეა. ჩვენი სახელი ჰოლივუდის ვარსკვლავს _ ალ პაჩინოს უკავშირდება. მისი სრული სახელია ალფრედო პაჩინო და „ფრედო“ ჩვენ „ავითვისეთ“. მისი „ქალის სურნელით“ (ფილმი) შთაგონებულებმა შევქმენით ქალებისთვის სასურველი აქსესუარები. გამოდის, რომ ალ პაჩინოსთან შეუთანხმებლად დავირქვით მისი სახელი. _ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით? _ ჩანთების აწყობა არის, ალბათ, ყველაზე სასიამოვნო ეტაპი. ააწყობ და ხელში გაქვს ახალი ნაკეთობა. თითოეული ნამუშევარი ხომ მზრუნველობითა და დაკვირვებით იქმნება. ახალი წელი მოდის და ჩვენთან საახალწლო სამზადისია! ძალიან სასიამოვნოა საახალწლო ნაძვის ხის აქსესუარების მზადებაც. _ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის (საქმეში)? _ საქმეშიც და, ზოგადად, ცხოვრებაშიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა. არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის, მაგრამ ვცდილობ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო ყველაფერს ოჯახშიც, საქმეშიც, ურთიერთობაშიც. _ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში? _ ვიდრე პრობლემის შესახებ მოგახსენებდეთ, გეტყვით: ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში პოპულარული გახდა ხელნაკეთი ნამუშევრები. მაგრამ მგონია, რომ ჯერ კიდევ დაუფასებელია ეს საქმე და ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი არ არის: ზოგიერთი ხელნაკეთი ნამუშევარი რამდენიმე ასეული ლარი ღირს. მე მესმის, რომ ყველა ავტორი საკუთარ ნამუშევარს იმ ფასად ყიდის, რაც უღირს, მაგრამ ხშირად ეს ფასი სახალხოდ მისაღები არ გახლავთ. „ფრედოში“ ვცდილობთ, ჩვენი პროდუქცია მისაღებ ფასად შევთავაზოთ მომხმარებელს, რომ საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელმა შეძლოს მისთვის მოსაწონი/სასურველი ხელნაკეთი ნამუშევრის/აქსესუარის ყიდვა. _ ვინ გენატრება ყველაზე მეტად? _ ახლა, ამ წამს, ძალიან მომენატრა ჩემი მული, „ფრედოს“ მთავარი მხატვარი, ქეთი ნოზაძე. 6 დეკემბრამდე მალაიზიაშია, სადაც საქართველოს სახელით მონაწილეობს სილამაზის კონკურსში _ „მის მსოფლიო ტურიზმი“. წარმატება მინდა ვუსურვო მას. სხვათა შორის, ქეთი მალაიზიაშიც „ფრედოს“ აქსესუარებით „აღჭურვილი“ წავიდა. არის ძალიან ნიჭიერი მხატვარი და წარმატებული მოდელი. _ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა? _ ახლა ძალიან საინტერესო ეტაპზე ვარ: ახლახან დავოჯახდი, გვერდით მყავს საყვარელი ადამიანი, ვაკეთებ საყვარელ საქმეს და ვცდილობ, კიდევ მეტად განვვითარდე. _ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი? _ ამბობენ, ვარ პრინციპული, ჯიუტი. არადა, მგონია, რომ, უბრალოდ, სამართლიანი ვარ. ვცდილობ, გარშემომყოფებს სამართლიანად მოვექცე და ანალოგიურად, მათგანაც იგივეს მოვითხოვ. _ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად? _ ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლობა არ ვიცით. შური და გაუტანლობა გაძლიერდა, თითქოს. მინდა, რომ მშვიდობა იყოს! _ რა არის შენი სამომავლო გეგმა? _ სიახლეები, ახალ-ახალი ნამუშევრები, ახალი იდეები, ახალი მომხმარებლები, ახალი ბაზარი. მოკლედ, რაც შეიძლება, მეტი სიახლე „ფრედოს“. _ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად? _ ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე სულ ვფიქრობ, არ დამავიწყდეს შეკვეთა, მისი შინაარსი, ნამუშევრის შესაქმნელად საჭირო ინვენტარი, მასალები, შეკვეთის მიტანის დრო და ადგილი და ა. შ. _ შანსი რომ გქონდეს, რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდი? _ არაფერს შევცვლიდი. დავიბადებოდი ისევ ამ დროს და ისევ საქართველოში, მხოლოდ სადმე მთაში. ვიცხოვრებდი საქართველოს მაღალმთიან რეგიონში და არც კი მოვისურვებდი ბარში ჩამოსვლას... _ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის? _ ძალიან მძიმე ნოემბერი გადაიტანა ჩემმა სამშობლომ. მშვიდობა გვქონდეს!

ნინო ტაბაღუა

გაზიარება