QronikaPlus
რქოსანი პირუტყვის შეძენაზე დახარჯული ნახევარი მილიონი ლარი!

რქოსანი პირუტყვის შეძენაზე დახარჯული ნახევარი მილიონი ლარი!

2015-12-13 09:34:42

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 75 სული დანიური, ჯერსის ჯიშის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენაზე 499.913 ლარი დახარჯა. ერთი ძროხა 6665 ლარი ღირს, აქედან 80%-ს სახელმწიფო იხდის, ხოლო 20%-ს, ანუ 1333 ლარს _ ფერმერი. ამ რაოდენობისათვის თითქმის ნახევარი მილიონი ლარის გადახდა, მართლაც, კითხვის ნიშნებს აჩენს და ამიტომაც იქცა მითქმა-მოთქმის საგნად. დაგვეთანხმებით, შთამბეჭდავი ციფრია. დანიაში სანაშენე მეურნეობასთან მოლაპარაკებები და ძროხების ტრანსპორტირება შპს „თემმა“ უზრუნველყო. როგორც გვითხრეს, ჯერსის ფაქიზოები უკვე თავიანთ პატრონებთანაა და კარგად ეგუება აქაურ პირობებს. ძნელი სათქმელია, რამდენად გამართლებულია სოფლის მეურნეობის ეს მიზნობრივი პროგრამა და ამაში საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ და სხვა საკითხებზე `ქრონიკა+~-ს ესაუბრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი, მამუკა თურმანიძე: _ რა იყო ამ იდეის მიზანი? _ ამ წლების მანძილზე სოფლის მეურნეობის პროგრამები მეცხოველეობის განვითარებაში არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით ხელოვნური დათესვლის პროგრამას, რომელიც საშუალებას იძლევა, წარმადი ჯიშებით ადგილობრივი ჯიშის ძროხების განაყოფიერებას. მიზანი სწორედ პროდუქტიულობის ამაღლება და ჯიშების განახლებით მოსახლეობის თუ ფერმერთა დაინტერესეებაა. _ რა იყო რაოდენობის შერჩევის კრიტერიუმი? _ როცა სამინისტრო ამა თუ იმ პროგრამაზე ფიქრს იწყებს, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან ერთად, ვინ ჩაერთვება ამ პროგრამაში, ვინ ისარგებლებს, რა პოტენციალი გვაქვს. ასე სპონტანურად, ვიღაცას მოუნდა და გავაკეთოთ, არაფერი ხდება. პირველ ეტაპზე უფრო მეტი რაოდენობის მიღების პირობები არ გვქონდა. ეს იყო საპილოტე პროგრამასავით, რომელიც იდეაში გულისხმობს ფერმერებს, დაინტერესებულ პირებს ვაჩვენოთ და დავაინტერესოთ, რომ ახალი ჯიშებით მეცხოველეობა შეიძლება მომგებიანი გახდეს. _ როგორ შეარჩიეთ ბენეფიციარები? რა იყო შერჩევის პრინციპი? _ შევარჩიეთ აბსოლუტურად გამჭვირვალედ. კითხვის ნიშნები არ რჩება. ეს რაოდენობა 15 ბენეფიციარზე გადანაწილდა. _ თქვენ საპილოტე პროგრამა ახსენეთ, ხომ არ სჯობდა, ჯერ ინფრასტრუქტურა მოგეწყოთ, ააიპ-ი შეგექმნათ და ეს ძროხები ერთად გყოლოდათ? ამით უფრო არ იქნებოდა შესაძლებელი ამ პროგრამის ეფექტურობის დანახვა? _ ამას დრო და საფეხურების გავლა დასჭირდებოდა, ხოლო ის, ვისაც საქონელი მივეცით, გამოცდილი არიან და მოვლა იციან. ასე უფრო იოლია მოსახლეობაში ამ დარგის პოპულარიზაცია. _ რამდენია ჯერსის ლაქტაცია? _ ყალბი მოლოდინი რომ არ შევქმნათ, ვამბობთ, რომ წელიწადში 4000 ლიტრს იწველება, ხოლო დანიური მხარე გარანტიას იძლევა, რომ გაცილებით მეტს მოიწველის, წელიწადში 5-დან 6 ათას ლიტრამდე. _ რატომ გააკეთეთ არჩევანი, მაინცდამაინც, ჯერსის ჯიშზე. არის შვიცის ჯიშის ძროხები, რომელიც გაცილებით იაფია და თანაც ლაქტაცია უფრო მეტი აქვთ და თანაც უკვე ადაპტირებული არიან ჩვენს გარემოსთან? _ კონსულტაციები გვქონდა სპეციალისტებთან, ექსპერტებთან და სწორედ მათი რეკომენდაციით შევჩერდით ამ ჯიშის ძროხების შემოყვანაზე. ძროხები არის 5 თვის მაკე და იოლად გადის ადაპტაცია-აკლიმატიზაციას. _ თქვენ თქვით, რომ ეს არის საპილოტე პროგრამასავით. ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვის გამო, თუ ამ პროექტმა არ გაამართლა? _ ვფიქრობთ, რომ გაამართლებს, რადგან ამ ჯიშის ძროხები საქართველოში უკვე არის და შედეგიც შესაბამისად დადებითია. დარწმუნებული ვართ, რომ ეს წარმატებული პროექტი იქნება. _ რას უპასუხებთ ოპონენტებს, რომლებიც ეჭვობენ, რომ აქ კორუფციის ელემენტებია? _ ოპონენტებს მოვუწოდებთ, თავად დაითვალონ ხარჯები და დარწმუნდებიან, რომ არავითარი ზედმეტი ხარჯი არ გაგვიწევია.    

ნატო ქათამაძე

               

გაზიარება