QronikaPlus
ფსიქიატრიული „ვეფხისტყაოსანი“

ფსიქიატრიული „ვეფხისტყაოსანი“

2015-10-23 07:16:20

იცნობდა თუ არა ნუგზარი რუსთაველს? ანუ: ვინ არის მართალი _ ავლიპი თუ ნუგზარი? ეს ისტორიული კადრებია. საბჭოთა მატერიალისტური ფსიქიატრიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე, ავლიპ ზურაბიშვილი, ესაუბრება მის პაციენტს, ვინმე ნუგზარს. ეს ადამიანი მატერიალისტური ფსიქიატრიის „სტანდარტების“ მიხედვით „სულიერად ავადმყოფად“ მიიჩნევა და ამის „ნათლად დადასტურებას ცდილობს“ საბჭოთა ფსიქიატრიის პროპაგანდისტული ფილმი. ბატონი ავლიპი ნუგზარს ეკითხება ჩვენი წელთაღრიცხვით მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის მიჯნის ისტორიულ მოვლენებზე. ნუგზარი მას პასუხობს, რომ ამ დროს მეფე თამარი იყო და ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო ეპიზოდი. ნუგზარი თხრობით ფორმაში ჰყვება, რომ მას ნანახი ჰყავს შოთა რუსთაველი და რომ მეტიც, რუსთაველი ახლა გერმანიაში ცხოვრობს. ბატონი ავლიპი მას აჩერებს და ახსენებს, რომ ეს 800 წლის წინათ ხდებოდა. ნუგზარს ეს არანაირად არ აბრკოლებს და აშინებს _ კი, ბატონო, მე ის ვნახე 800 წლის წინათ და მახსოვს ეს ყველაფერი. იმასაც კი ამატებს, რომ რუსთაველი კაჭრეთში ნახა, _ შესაძლოა, ცნობილი დღევანდელი სუპერ-ბურჟუა სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე _ ამან შეიძლება გაზარდოს კიდეც ტურისტთა რაოდენობა კაჭრეთის „ამბასადორში“, რადგან ეს ის ისტორიული ადგილია, სადაც ნუგზარმა რუსთაველი ნახა 800 წლის წინათ. „კარგად გახსომს, ნუგზარ?“ _ ეკითხება ბატონი (უფრო სწორად, ამხანაგი) ავლიპი. რა თქმა უნდა, კარგად ახსოვს. ცხადზე ცხადად. 800 წელზე მეტის არის ნუგზარი. ის ძალიან დიდი ხნის არის. დიახ. ეს არის ნუგზარის „განსხვავებული“ ჭეშმარიტება, რომლის მიღება საბჭოთა ფსიქიატრიას კატეგორიულად არ უნდა, რადგან ის მატერიალიზმს ვერ გასცდება _ თუმცა ბატონ-ამხანაგ ავლიპს ულვაშებში მაინც სიამოვნებს, რომ ის მეტაფიზიკურ და კვანტურ სიმართლეს ისმენს მისი ე. წ. პაციენტისგან. დიახ, ნუგზარი ძალიან დამაჯერებელია. ნამდვილად. მაშინ, როდესაც მას ეუბნებიან, რომ ადამიანი 800 წელს არანაირად არ ცხოვრობს, ის საკმაოდ მყარად ამბობს, რომ თვითონ ის, ნუგზარი, არის კარგი მაგალითი იმისა, რომ ადამიანი ცხოვრობს 800 წელიწადსაც და მეტსაც. ესეც სრულებით მართებული პოზიციაა. არა მხოლოდ მაქს პლანკისა და ნილს ბორის კვანტური მექანიკისა და აინშტაინის ფარდობითობის კანონებით,  არამედ დღევანდელი ბუნებისმეცნიერების ბევრი სტანდარტით. დიახ, დღეს არანაირი ემპირიოცენტრული მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს, რომ ნუგზარი ტყუის. ის ნამდვილად არ ტყუის. ის იცნობდა შოთა რუსთაველს და ის ნამდვილად ნახა კაჭრეთში, დღევანდელი „ამბასადორის“ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 845 წლის წინათ (დროის ათვლა ახლანდელიდანაა _ და ეს კადრები, ალბათ, დაახლოებით, 40-45 წლის წინათაა გადაღებული). ნუგზარი მერე ლაშა ბუღაძის ნაშრომში მეფისტოფელსაც შეხვდა, მაგრამ ეს მხატვრული ნაწარმოებია, რომელსაც ემპირიო-ცენტრისტები და მატერიალისტები სკეპტიკურად ეპყრობიან. თუმცა დღევანდელი მეცნიერების ყველა სტანდარტით საბჭოთა და, საერთოდ, მატერიალისტური ფსიქიატრიის მიდგომა ძალიან პრიმიტიულია _ რადგან ის მხოლოდ ერთგანზომილებიანია და სამყაროს ერთზე ბევრად მეტი განზომილება აქვს. და ეს კიდევ იმას ამტკიცებს, რომ ცხოვრება არ ჩერდება მხოლოდ ერთი სხეულის ფიზიკური კვდომის შემთხვევაში. გარკვეული ენერგია რჩება და ეს ენერგია უეჭველად სხვა განზომილებაში გადადის. საბჭოთა ფსიქიატრიის პარადოქსი! არა, ეს არ არის მხოლოდ საბჭოთა ფსიქიატრიის პარადოქსი. მიშელ ფუკომ თავის სადისერტაციო ნაშრომში „სიგიჟის ისტორია“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში „სიგიჟე და ცივილიზაციის“ სახელით გამოვიდა, კარგად წარმოაჩინა ე. წ. ილუმინატების მიერ ფსიქიატრიის ძალადობრივი ინსტიტუტის შექმნა. მე-18 და მე-19 საუკუნეებში ლეპროზარიუმებში ყველა „განსხვავებულად მოაზროვნე“ შეყარეს და ისინი „სულიერ ავადმყოფებად“ გამოაცხადეს. ის, ვისაც არ ექნებოდა ბურჟუა მატერიალისტური „წარმატების“ ოცნება, სახიფათოდ მიიჩნეოდა საზოგადოებისთვის და მათ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ამწესებდნენ. ამით ხდებოდა „სხვანაირი ოცნების“, ანუ არამატერიალისტური ოცნების მარგინალიზება და პირდაპირი მნიშვნელობით გენოციდი. საინტერესოა, რომ დღევანდელ საქართველოში „ქართული ოცნება“ _ ეს მოძალადე ფსიქიატრებისა და საბჭოთა ამხანაგი ავლიპების „მატერიალისტური წარმატების ოცნებაა“, თუ ვაჟა-ფშაველას, ნიკო ფიროსმანის, გალაკტიონ ტაბიძის, ან, თუნდაც, ჰაშიშით მთვრალი დეკადენტების _ პაოლოს, ტიციანის, ვალერიანისა და ბევრი მათი მოძმის ოცნება, რომელსაც მატერიალურთან საერთო არაფერი ჰქონდა. აქვს თუ არა უფლება ადამიანს დღევანდელ სამყაროში, რომ ჰქონდეს განსხვავებული ოცნება და განსხვავებული აზროვნება? აქვს თუ არა უფლება ნუგზარს, რომ შოთა რუსთაველს იცნობდეს? რეინკარნაციულ რელიგიებს რომ თავი დავანებოთ, რომელთათვისაც ასეთი ნარატივი სრულებით ნორმალურია _ გავიხსენოთ ჰინდუ, ან ბუდისტური ფილოსოფიები და კიდევ ბევრი სხვა _ ასეთი მრავალგანზომილებიანი აზროვნება სხვა რელიგიურ ტრადიციებშიც მოიპოვება _ და რაც მთავარია, ათეისტურ კვანტურ მექანიკაშიც. გიჟი უფრო მართალია, ვიდრე ფსიქიატრი. დიახ, ნუგზარი ბევრად უფრო მართალია, ვიდრე საბჭოთა და არასაბჭოთა მატერიალისტური ფსიქიატრია. აბსოლუტურად მისაღებია მისი ნარატივი იმის თაობაზე, რომ ის შოთა რუსთაველს იცნობდა. ამაში არაფერი „არანორმალური“ არ არის, პირიქით _ ის სიმართლეს ამბობს. ამხანაგი ავლიპი მას გულის სიღრმეში ეთანხმება კიდეც _ თუმცა საბჭოთა ფსიქიატრია კატეგორიულად უარყოფს და ფსიქიატრიულ ციხეში კეტავს. მატერიალისტური ფსიქიატრიის კრახი! დიახ, გაიხსენეთ კენ კიზის ცნობილი რომანი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, რომელსაც მოყვა იგივე სახელწოდების მილოშ ფორმანის არაჩვეულებრივი ფილმი და რომელმაც დიდი პარადიგმული ცვლილება მოახდინა მთელ მსოფლიოში. 1975 წლიდან დაიწყო ფსიქიატრიული ინსტიტუციების გადაფასების პროცესი _ რიდესაც უკვე მაკმერფის მსგავს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს „ავადმყოფებად“ აღარ მიიჩნევდნენ. ინსტიტუციების რიცხვიც მკვეთრად შემცირდა. თუმცა არამატერიალისტების მარგინალიზაცია ბურჟუა საზოგადოებაში კიდევ უარესია, ვიდრე მარქსისტულ საბჭოთა კავშირში იყო. როგორ შეიძლება, ბურჟუა მომხმარებელს არ ჰქონდეს მხოლოდ მატერიალისტური ოცნება? ვისაც ასეთი ოცნება არ გააჩნია, ის ხომ საერთოდ „არანორმალურია“. ქართველი მეცნიერის, ირინა კალანდაძის „ნორმოზი“ ხომ სწორედ იმ საშინელ თვისებებს ახასიათებს, რომლებიც დღესაც ახრჩობს არა მარტო ქართულ საზოგადოებას. მატერიალისტური ჭირი მთელ მსოფლიოს ახრჩობს _ თავის აუცილებელ თანმდევ ფაქტორთან _ ფანატიკურ ფუნდამენტალიზმთან ერთად. ერთი მხრივ, ლიბერალი მომხმარებელი, რომელიც სექსუალურ თავისუფლებას ქადაგებს, მაგრამ არამატერიალური ოცნება „არ ესმის“ და, მეორე მხრივ, ულტრა-კონსერვატორი მაკლერი თავადის გვარით, რომელიც ასევე მხოლოდ სექსზე საუბრობს (ოღონდ მკვეთრად უარყოფითი აქცენტით), მაგრამ ყიდვა-გაყიდვის დოგმას მამაო ჩვენოზე უფრო მკაცრად იცავს. პოეზიაც „გიჟების“ თავშესაფარია, მეგობრებო! მუსიკაც, თეატრიც და ხელოვნების ყველა ნაირსახეობაც. დიახ, ეს არის თავისუფლების ოაზისები. თუმცა ამ ოაზისებს დღეს „შოუ ბიზნესის“ სახელით შეუტიეს _ იმაზე ბევრად დაუნდობლად, ვიდრე ამას ამხანაგი ავლიპი აკეთებდა. ამხანაგ ავლიპს ფილმშივე ეტყობა, რომ ის გულწრფელ სიმპათიას განიცდის ნუგზარის სიმართლის მიმართ. ის კი იმეორებს მარქსისტული ფსიქიატრიის დოგმებს, რომ ადამიანი 800 წელს ვერ იცხოვრებს, მაგრამ მისივე გამომეტყველებით აღიარებს, რომ ნუგზარი მართალია _ ნუგზარი უფრო მართალია, ვიდრე მთელი საბჭოთა კავშირის ყველა ცენტრალური კომიტეტი ერთად და მსოფლიოს ყველა მულტი-ნაციონალური კორპორაცია. ის ნამდვილად იცნობს რუსთაველს და მან ის ნამდვილად ნახა იგი კაჭრეთში. წადით, მეგობრებო, კაჭრეთში, „ამბასადორში“ და თქვენ ნახავთ იმ ადგილს, სადაც ნუგზარი რუსთაველს ესაუბრა 800 წლის წინათ, როდესაც ნუგზარი მხოლოდ 6 წლის იყო. ამისათვის სულაც არ არის საჭირო, რომ ნუგზარი ერთ არსებად ყოფილიყო ამ ქვეყანაზე 800 წელზე მეტს _ რა თქმა უნდა, არა. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. მაგრამ ის _ „სხვის“ ფორმაში სულის ენერგიაა _ მეტაფიზიკური კანონი არსებობას აგრძელებს და ჩვენშიც შემოდის „ვეფხისტყაოსანი“. დღეს ბევრი ჩვენგანი _ შეიძლება მე არა _ მაგრამ ბევრი ჩვენგანი რუსთაველს იცნობდა. ზოგი, ალბათ, ვაჟა-ფშაველას, ზოგიც რაბიდრანათ თაგორს, ზოგიც მაჰალია ჯექსონს და ზოგიც _ თამარ მეფეს. სამწუხაროდ, ნუგზარი თამარ მეფეს არ იცნობდა, მაგრამ მისი ეპოქის შესახებ წარმოდგენა კი ჰქონდა. რას ამბობდა ფელიქს გატარი ამაზე? და არა მარტო ფელიქს გატარი, მისი გენიალური კოლეგა ჟილ დელიოზი: ისინი ამბობდნენ, რომ ნუგზარის აზროვნების გზა არის ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ ამ დაუნდობელ კაპიტალიზმს დავამარცხებთ. იმ კაპიტალიზმს, რომელმაც სტიქიური უბედურების მესამე დღეს ხალხი სამუშაოდ გამოუშვა (პროდუქტიულობას მსხვერპლი სჭირდება) იმისათვის, რომ ზოოპარკიდან გამოქცეულ ვეფხვს რიგითი დისტრიბუტორი შეეჭამა. არ შეიძლებოდა კაპიტალიზმისთვის მოცდა _ საქონელი გასაყიდია და ადამიანი გასაქონლებულია. კო-მოდი-ფიცირებულია. ნუგზარი კი გადარჩენის გზაა, მეგობრებო. ის იცნობს რუსთაველს და მეტიც _ დღეს რუსთაველი გერმანიაში ცხოვრობს. და რატომ არ უნდა წავიდეთ ჩვენ დღეს გერმანიაში რუსთაველის საძებნელად? იქნებ, კაჭრეთში არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმყოფება რუსთაველი დღეს გაერთიანებული გერმანიის ტერიტორიაზე? მოვიხილოთ და ვნახოთ. იქნებ, ვიცე-პრემიერი კალაძეც დაგვეხმაროს ამაში. შეხედეთ, ბატონებო, _ ეს საოცრებაა! ნუგზარი მართალია, ის იცნობდა რუსთაველს და რუსთაველი ახლა გერმანიაში ცხოვრობს. დიახ, სხეული ნაწილების გარეშე, რომელიც 1947 წლის 28 ნოემბერს განასულიერა ანტონინ არტომ _ დღესაც ცოცხლობს. ეს არ არის მხოლოდ „დაუნდობელი თეატრი“ _ ეს არის სული, რომელიც სხეულზე ზემოთ დგას. ანუ ანტი-მატერიალისტური ფსიქიატრია. ფელიქს გატარის გენიალური ფსიქიატრია. და ძალიან კარგი სიტყვა _ „შიზოანალიზი“. დიახ, მეგობრებო, _ ეს ბევრად სჯობია ფსიქოანალიზის აფერისტულ ბიზნესგეგმას. ფროიდმა ოიდიპოსის კომპლექსის ბიზნესგეგმა შაედგინა, რომელსაც ანტონინ არტომ გენიალურად დასცინა. და არა მარტო მან. ფროიდს იუნგმაც კარგად უპასუხა, როცა ეგზისტენციური ფსიქოანალიზი შემოიღო. და არა მარტო, დიმიტრი უზნაძემ „მთლიანი ადამიანი“ _ ჰოლისტური პერსონა აღმოაჩინა. მეტიც, მეგობრებო, საქართველოში 13 ივნისის ტრაგედიის შემდგომ, ახალმა თაობამ _ საოცარმა თაობამ _ ვერედალეულების თაობამ, „ელისოს პარადიგმა“ გააცოცხლა. ასეთი დიდი უბედურების ჟამს ახალმა სისხლმა სიცოცხლის ახალი ჰიმნი იმღერა _ და ეს იყო სრულებით გამაოგნებელი. ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში „ელისო“ ძალიან კარგად არის ნაჩვენები, როგორ ამარცხებს მეტაფიზიკურად სიკვდილს ადამიანი. ეს ადამიანს შეუძლია. და მაქს პლანკის ღმერთმა დალოცა – დიახ, ის დალოცვილი იყო, მიუხედავად იმისა, ცნობდა ამას ის პირადად თუ არა. ადამიანი საოცარი ძალის არსებაა _ მას ცხოვრების დიდი ენერგია აქვს და დიდი ძალა. მას აქვს ზებუნებრივი შემოქმედის პოტენციალი, რომელიც ყველაზე დიდმა შემოქმედმა მასში ჩადო. სწორედ ამიტომ არის, რომ კენ კიზის მაკმერფი ფსიქიატრიული დაწესებულების დიქტატს არ ემორჩილება. სწორედ ამიტომ არის, რომ ელდარ შენგელაიას „შერეკილები“ არიან ზუსტად საზოგადოებისთვის პროგრესის მომტანნი. ბუნებისმეცნიერებაც და ბუნების კანონებიც სწორედაც რომ მეტაფიზიკას ემორჩილებიან. ადამიანის ცხოვრებას და სამყაროს მრავალფეროვნებას წრფივი კანონები ვერ აღწერს, მხოლოდ მრავალხმოვანებას შეუძლია აღწეროს ეს ყველაფერი _ მრავალფეროვნება არის მრავალხმოვანება. ახალმა თაობამ ახლებურად დაინახა ქართული ჩაკრულოს სული _ და არა მარტო ჩაკრულოსი. ახალმა თაობამ ახლებურად დაინახა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია. მართალია, მეგობრებო, _ ნუგზარი რუსთაველს იცნობდა. არ დაუჯეროთ საბჭოთა და ბურჟუა მატერიალისტ ფსიქიატრებს _ აუჯანყდით მათ. მაქს პლანკიც თქვენს მხარეზეა, ჯილ დელიოზიც, ფელიქს გატარიც, ფრიდრიხ ნიცშეც, ზურაბ კაკაბაძეც და მიქელანჯელო ანტონიონიც. დამიჯერეთ _ თქვენც იცნობთ რუსთაველს! ამხანაგი ავლიპიც გვეთანხმება ულვაშებში. ცხოვრება მშვენიერია _ სამყარო უსასრულოა _ სამუდამო სიკვდილი _ შეუძლებელია _ და ადამიანიც შემოქმედია. ღმერთმა ხომ ის თავისი ხატის მიხედვით შექმნა.  

                                                                                                                 ირაკლი კაკაბაძე

გაზიარება