სპეციალისტთა აზრით, ზოოპარკის ზღვაზე გადატანა კატეგორიულად მიუღებელია და ამ მოსაზრებას რამდენიმე არგუმენტით ასაბუთებენ. სხვა საკითხია, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ამ არგუმენტებს, თუმცა გამოცდილება გვკარნახობს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობას ხშირად სულაც არ აინტერესებს სპეციალისტების კომპეტენტური აზრი და ბევრი ისეთი გადაწყვეტილებაც კი, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, სწორედ პოლიტიკური მოტივაციით მიიღება.
ირაკლი მასხარაშვილი _ არქიტექტორი, „მზიურის“ პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი:
_ ვერ ავირჩიეთ ისეთი მთავრობა, რომელიც დაფიქრდება და ისე განახორციელებს რაიმე პროექტს. თვითონ იციან ყველაფერი, სპეციალისტებისა და მეცნიერების აზრი კი არ აინტერესებთ. ამის შედეგია ის, რაც ვერის ხეობას დაემართა. პირადად მე, მაგალითად, გამიკვირდა, ამ დღეებში სამთავრობო კომისიაში რომ დამიძახეს, სადაც ზოოპარკის თემაზე იყო საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილს პირდაპირ ვკითხე: ზოოპარკი რომ გადაგვაქვს თბილისის ზღვაზე, ორი შეკითხვა მაქვს-მეთქი.
_ რა ჰკითხეთ?
_ კარგად ვიცი ეს საკითხი, ზოოპარკი ჩემთვის ახალი თემა არ არის. როცა „მზიურის“ პროექტზე ვმუშაობდი, ზოოპარკის ტერიტორიისთვის 120 ჰა გამოიყო იგივე ვერის ხეობაში. მოკლედ, ღარიბაშვილს ვკითხე, _ ზოოპარკს რა უნდა ზღვაზე და გაქვთ თუ არა მეცნიერების დასკვნები ზღვაზე მის დისლოკაციასთან დაკავშირებით-მეთქი?
_ თქვენს ინტონაციაში ჩანს, რომ ეს დაუშვებლად მიგაჩნიათ. რატომ?
_ ორი მიზეზის გამო: პირველი გახლავთ ის, რომ თვითმფრინავების აფრენის ზოლი მთლიანად ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც ზოოპარკი უნდა გადავიდეს: თბილისის გეგმას რომ დააკვირდეთ, აფრენის ზოლი და თბილისის ზღვა ერთად არის. ამას პლუს იქ ჩრდილოეთის გაბატონებული ქარი, რომელიც ზუსტად ურტყამს აფრენის ზოლს, ანუ ეს კარგი მომენტია ასაფრენად და მესამე: საავარიო დაჯდომა ხდება თბილისის ზღვაზე. ე. ი. აფრენისას რამე რომ მოხდეს, თვითმფრინავს უნდა შეეძლოს წყალზე დაჯდომა. ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს გახლდათ, თავის დროზე, რის გამოც თბილისის ზღვა შეიქმნა. აქედან გამომდინარე, მაგ ტერიტორიაზე არც საცხოვრებელი კორპუსების აშენება შეიძლება და არც არანაირი ურბანული სამუშაოების წარმოება, ზოოპარკის ჩათვლით. მით უმეტეს, იმ ხმაურის ქვეშ რატომ ვწირავთ ცხოველებს? თვითმფრინავების მიერ გამოწვეულ ხმაურს ვგულისხმობ.
_ ხმაურიც მოქმედებს ცხოველებზე?
_ როგორ არა. ცხოველზე ისე მოქმედებს ხმაური, რომ გმირთა მოედნის ხმაურიც კი მომაკვდინებელია მათთვის. გახსოვთ, სპილო რომ ჰყავდათ ზოოპარკში ამ რამდენიმე წლის წინათ? _ ბაჩო ერქვა და მოკვდა. რომ ვიკითხე, _ რამ მოკლა-მეთქი? მიპასუხეს, _ ინფარქტი დაემართა ხმაურისგანო. ერთი სიტყვით, იმდენად მგრძნობიარეა ეს ცხოველი ხმაურის მიმართ, რომ გმირთა მოედნიდან წამოსული მანქანების ხმაური ვერ აიტანა და რამდენჯერ მეტი იქნება ეს ხმაური, თვითმფრინავების ასაფრენი ზოლის ქვეშ რომ მოექცევა ზოოპარკი? მეორეც _ ზოოპარკისთვის გამოყოფილი თბილისის ზღვის მთლიანი ტერიტორიის რელიეფის მაკეტი კედელზე მიკიდია, სადაც ნათლად ჩანს, რომ მთელი ზედაპირის წყალი ამ ტერიტორიიდან ჩადის თბილისის ზღვის სასმელ მარაგში: ზოოპარკი დააბინძურებს ზღვას და საკუთარ მოსახლეობას რას ერჩი, ან იმ ცხოველებს რას ერჩი?!
_ ირაკლი ღარიბაშვილმა რა გიპასუხათ?
_ დავფიქრდებით მაგაზეო, მაგრამ ამ დროს უკვე გამზადებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც იქ ზოოპარკი უნდა გაკეთდეს. კამათიც კი მომივიდა, _ რელიეფი საერთოდ თუ გამოიკვლიეთ-მეთქი? მიპასუხეს, _ წაგიყვანთ და გაჩვენებთ, რომ იქიდან ზღვაში წყალი არ ჩავაო. რა არ ჩავა?! პირდაპირ თბილისის ზღვაში ჩავა ცხოველების ფეკალური მასები!
_ აბა, სად შეიძლება, ზოოპარკი გაკეთდეს?
_ მაგალითად, ვერის ხეობაში შეიძლება. მარტო ზოოპარკი კი არა, ბოტანიკური ბაღისთვის 320 ჰა ტერიტორია აჩუქეს, თავის დროზე, ნიკო კეცხოველს. მე პირადად ამის მომსწრე ვარ, იქ ვიყავი, ეს რომ მოხდა. ლაპარაკი იყო ხეობაში ახალი ბოტანიკური ბაღისა და ზოოპარკის გაშენებაზე, რის გამოც ეს დიდი კაცი, ცხონებული ნიკო კეცხოველი, აღფრთოვანებული იყო. აქ ყველანაირი საშუალებაა იმისა, რომ მწვანე მასივი შეიქმნას თავისი კომუნიკაციებით და გასართობი ადგილებით. 18 ათასი ჰექტარია ვერის ხეობა. ფაქტობრივად, თბილისის მთლიანი დასახლების ტოლია.
ერთი სიტყვით, მე არა მარტო მივიჩნევ, არამედ კატეგორიულადაც მოვითხოვ, რომ მეცნიერები უნდა ჩაერთონ ამ საკითხში. ამ ეტაპზე კი განცხადება გაკეთებულია ზღვაზე გადატანასთან დაკავშირებით და ვიმეორებ, რომ, ჩემი აზრით, თბილისის ზღვა არა მარტო საუკეთესო ვარიანტი არ არის, არამედ მიუღებელიცაა! რამდენიმე ვარიანტი და ვერსია უნდა ჩამოყალიბდეს.
_ თქვენი ვერსიით საუკეთესო ადგილი ისევ ვერის ხეობა იქნება?
_ ვერ გეტყვით. არაფერს ვამტკიცებ. წეღან ვერის ხეობის მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რომ ეს ერთხელ მოსინჯული და შესწავლილი ვარიანტია. ანუ ერთ-ერთი ეს არის, სადაც ზოოპარკისთვის შესაფერისი პირობები იქნებოდა. შეიძლება სხვა ვერსიებიც გაჩნდეს. ყოველ შემთხვევაში დაუშვებელია, რომ ნებისმიერი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ცალსახად გადაწყდეს. აქ აუცილებელია ვარიანტთა სიმრავლე და მეცნიერთა მსჯელობა. როცა რაღაცაა აჩემებული, რომ გინდა თუ არა ასე უნდა გავაკეთოთო, ისევე როგორც, თავის დროზე, ვერის ხეობაში ჩქაროსნული მაგისტრალი გაიყვანა წინა ხელისუფლებამ, კარგს არაფერს მივიღებთ. არადა, თუ დაუკვირდებით, ზოოპარკის ზღვაზე გადატანის საუბარი სწორედაც რომ ძალიან ჰგავს იმ გზის გაყვანას.
_ ამ ყველაფრის თაობაზე კი ჩააყენეთ პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში, მაგრამ გაქვთ იმედი, რომ დაგიჯერებთ ღარიბაშვილი?
_ სულ ერთხელ ველაპარაკე და ეს საკითხი დავსვი. მისი მხრიდანაც პირობა იყო, რომ აუცილებლად იქნება მეცნიერთა დასკვნა. პირველ რიგში ქალაქმშენებლობის საკითხია გადასაწყვეტი. რას უპირებენ თბილისის ზღვას და ამ ასაფრენ ზოლს? _ ამაზე დასკვნა უნდა მოგვცეს შესაფერისმა უწყებებმა.
_ ხომ არ არის საშიშროება, რომ ეს დასკვნა ხელისუფლების სურვილს მოარგონ უწყებებმა?
_ არ მინდა, იმ ტონით ვილაპარაკო ამ ხელისუფლებაზე, რა ტონითაც წინა ხელისუფლებაზე ვსაუბრობდით, თორემ ბევრ რამეში ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. არ მინდა, რომ ეს ვირწმუნო და მეტი არაფერი. საერთოდ, უკეთესზე უნდა ვიფიქროთ. ვნახოთ, რა მოხდება!..
დავით დევიძე