გორგასლის ქუჩის #34-ში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა სააღსრულებო ბიუროდან გამოსახლების შესახებ გაფრთხილება მიიღო. ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ სამშენებლო ბიზნესის მსხვერპლნი გახდნენ. მშენებელი ამბობს, რომ მისი ბიზნესი `ნაციონალების~ პოლიტიკასა და მათგან ხელდასხმულ თაღლითებს შეეწირა, ამ ადამიანებთან ერთად კი თვითონაც დაზარალდა. ჯერი ახლა პროკურატურაზეა, რომელიც საქმის გამოძიებას აჭიანურებს.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება გორგასლის ქ. #34-ში მცხოვრები მადონა ჯიშკარიანი:
_ ეს არის ჩემი ბაბუის მიწა! საუკუნეზე მეტია, ჩვენი ოჯახი აქ ცხოვრობს. ამ ეზოში სულ 7 ოჯახი ვცხოვრობდით. 2006 წელს შემოვიდა ინვესტორი და დაიწყო ჩვენთან მოლაპარაკება. ის იღებდა ვალდებულებას, რომ ამ მიწაზე სახლს ააშენებდა და ბინებით დაგვაკმაყოფილებდა. მაშინ სამშენებლო ბუმი იყო, ჩვენც 2008 წელს ხელშეკრულება გავაფორმეთ ფირმა `ზაალთან~, რომლის დირექტორი გახლავთ აკაკი გრატიაშვილი. მოვილაპარაკეთ და ხელშეკრულებაშიც ასახულია, რომ ამ მიწაზე აშენდებოდა 14-სართულიანი კორპუსი, მაგრამ თუ 2010 წლამდე ვერ ააშენებდა, უკან დაგვიბრუნებდა მიწას. ამჟამად მხოლოდ სამი სართულია აშენებული. 2010 წლამდე ბინა რომ ვერ აშენდა, ვაწუხებდით, გვპირდებოდა, რომ ააშენებდა დღეს-ხვალ და ამ ტყუილებით მოგვიყვანა აქამდე. ახლა აღმოჩნდა, რომ ეს მიწა ჩადებული აქვს გირაოში. სამი თვის წინ აღმასრულებლები მოგვადგნენ და გაგვაფრთხილეს, რომ მიწა დაყადაღებულია და ახლა საჯარო რეესტრში გაფორმებულია ვინმე შარვაშიძის სახელზე. აღმასრულებლები უკვე მოგვადნენ 1-ლ ივლისამდე ფართის დაცლის მოთხოვნით, აქედან გვასახლებენ. როგორც ვიცით, გრატიაშვილმა ეს მიწა შარვაშიძეს ვალში მისცა ჩვენი თანხმობის გარეშე, თუმცა ამის უფლება ჰქონდა, რადგან ჩვენ თვითონ არ შევადგინეთ ნორმალური ხელშეკრულება და არ ვართ დაფიქსირებული, როგორც მესამე პირი. ამიტომ აღვმოჩნდით ამ მდგომარეობაში. აღმასრულებელი გვეუბნება, თუ 1-ლ ივლისს არ დავცლით ფართს, ძალით გაგვასახლებენ. დრო მცირეა და ვერაფერს ვასწრებთ, რომ პროკურატურას მივმართოთ, ან სასამართლოს. ახლა უფრო იმას ვფიქრობთ, სად წავიდეთ და რა გავაკეთოთ? ესეც არ იყოს, შარვაშიძეს ვერ ვუჩივლებთ, იმიტომ რომ როგორც მესამე პირი, არ ვართ დაფიქსირებულნი და შეუძლიათ ჩვენი გასახლება. იქნებ, ჩვენი გასაჭირით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ და დახმარება აღმოგვიჩინონ?
რატომ არ შეასრულა მშენებელმა კომპანიამ ვალდებულება და რატომ გადაეცა გორგასლის ქუჩაზე მდებარე მიწა უცხო ადამიანს, ამის გასარკვევად „ქრონიკა+“ მშენებელი ფირმის ხელმძღვანელს, აკაკი გრატიაშვილს დაუკავშირდა:
_ ქვეყანას რაც გასაჭირი, ომი და უბედურება შეემთხვა, ყველაფერმა ჩვენს თავზე გადაიარა. მთელმა თბილისმა იცის, რომ ჩემს ფირმაზე სწრაფად არც ერთი მუშაობდა. რადგან გაჩერებულები ვიყავით, გზებს ვეძებდით, რომ მუშაობა ცოტა წინ წაგვეწია. „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ _ იყო ასეთი პროგრამა, ხელისუფლებიდან მოთხოვნა გახლდათ, რომ აუცილებლად უნდა ჩართულიყავი ამ პროგრამაში. მონაწილეობა მივიღე სამუშაოებში, ავიღე 5%-იანი ვალები და გადავეყარე მევახშეებს. ეს ყველაფერი დაგროვდა, თორემ ომამდე არანაირი ვალი არ მქონია. მერე გამოჩნდა თემურ შარვაშიძე, რომელიც ჩვენთან შემოსვლას აპირებდა ვითომ როგორც ინვესტორი. ბანკის ვალი გვქონდა 72 000 დოლარი, მოვილაპარაკეთ, რომ ამ თანხას გადაიხდიდა, მოიხსნებოდა იპოთეკა, გაფორმდებოდა ჩვენს სახელზე, მერე კი, თავისთავად, მის სახელზე დაედებოდა იპოთეკა. სანამ ბანკიდან არ მოიხსნებოდა იპოთეკა, ეს ადამიანი გვენდო და თანხა თვითონ შეიტანა. თქვა, არ მინდა გამოჩენაო და თავის ძმისშვილზე, ნათია შარვაშიძეზე გამაფორმებინა. ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ შემოიტანდა ფულს, ნათია თუ თემური?! ერთ კვირაში უნდა დაგვეტვირთა იპოთეკით. თემურმა განაცხადა, ნათია ახლა საზღვარგარეთ არის და ჩემს სახელზე გავაკეთოთო. გავაკეთეთ სესხის ხელშეკრულება და რა გამოვიდა? _ თითქოს ერთი და იგივე რაოდენობის თანხა მომცა ძმისშვილმა და შემდეგ თემურმა. მითხრა, ნათია რომ ჩამოვა, გავაუქმებთო. იქიდან გამომდინარე, რომ ის მენდო მანამ, სანამ ბანკი იპოთეკიდან მოხსნიდა, მეც გამოვიჩინე ადამიანური ფაქტორი. თურმე ამათ დამუშავებული მეთოდი აქვთ და ორჯერ წამომიყენა პრეტენზია ერთი და იგივე თანხაზე, ძმისშვილმა _ ცალკე და ამან _ ცალკე. აი, ამაზე გვაქვს ახლა დავა. ზუსტად ანალოგიური აქვს გაკეთებული ფალავანდიშვილთან, გეთიანთან და კიდევ მეოთხე ადამიანია, გვარი არ მახოვს, რომელთა საქმეებზედაც უკვე დამნაშავედაა ცნობილი, ისინი კი _ დაზარალებულებად. მეც დამიბარეს ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში, იქიდან გაომდინარე, რომ ჩემიც ანალოგიური საქმეა. მეც მაქვს გამზადებული განაცხადი, რომ მივმართო.
ამ მიწის მეპატრონეების გარდა, დაახლოებით 25 კაცია, რომელთაც ბინის შესაძენად შემოტანილი აქვს ერთად აღებული 700 000 დოლარი, მაგრამ მე აქ 1 400 000 უკვე დავხარჯე. სხვათა შორის, იმათი ბრალიც არის ჩვენი ამ მდგომარეობაში ჩაყენება იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ ერთი თეთრიც არ შემოუტანიათ. არიან ადამიანები, 7000 აქვთ შემოტანილი, 17 000 შემოსატანი რჩებათ და მიცხადებენ პრეტენზიას, ბინა გვინდაო. ბინა როგორ აშენდება? ის, რაც შემოსატანი აქვთ, იმ თანხით ერთი კორპუსი დამთავრდება, ისინიც გასტუმრებულები იქნებიან და ამ მიწის მეპატრონეებს რომ ეკუთვნით, თითო-თითო ბინას მაინც მივცემდი. ომი და უბედურება რომ დაიწყო, ერთი თეთრი არ ჰქონდათ შემოტანილი და 2009 წელს ყველა რომ გაჩერდა, მე ვმუშაობდი. ახლა მოლაპარაკეკები მაქვს ინვესტორებთან, მაგრამ ეს მიშლის ხელს, რომ იპოთეკით არის დატვირთული კორპუსი. დიდი ალბათობით, დაზარალებულად მცნობენ. ფაქტია, შარვაშიძემ ასეთი თაღლითობა ბევრი ჩაიდინა. სასამართლოშიც ვიჩივლე სამოქალაქო წესით, მაგრამ ვერ მოვიგე, იქ მოწმეს ყურადღებას არ აქცევენ. მოსამართლემ პირდაპირ მიმანიშნა, პროკურატურის გამოსაძიებელი საქმეაო. შარვაშიძე სულ მეუბნებოდა, რომ ირაკლი ალასანიას ფრთის ქვეშ იყო და როგორც ვიცი, ეგენი ერთად ჩალიჩობდნენ იარაღზე. იქით მედავებოდა და იმ პერიოდში ხმა რომ ამომეღო, ან განცხადება შემეტანა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა?! ეს გამოძიება, რომელიც ახლა მიმდინარეობს, უჩემოდაც გრძელდებოდა. თაღლითებს ხელწერა ხომ ერთი და იგივე აქვთ, მარტო გვარი, სახელი და მისამართია განსხვავებული. ჩემი მდგომარეობაც გაითვალისწინეთ, ამ პერიოდში ის ხალხი, ვინც ფული შემოიტანა, მეუბნებოდა, შენ არ გინდა, რომ გაგრძელდეს ეს მშენებლობა, რადგან თანხას ბევრს ითხოვო. სხვა გზა არ მაქვს, მივდევ გამოძიებას, უკან არ ვიწევ, მოგებაზე მართლა არ მაქვს აღებული ორიენტაცია, ერთ ლარსაც კი არ ვდებ ამ თანხაში ჩემს მოგებას, მთავარია, ინვესტორმა, რომელიც აქ შემოვა, დააკმაყოფილოს მოსახლეობა, რომ პრობლემა მოიხსნას. პირადად ჩემი ხუთი სახლი მაქვს გაყიდული, ხუთიც მეგობრების, რომ საქმე გამეკეთებინა. ეს 700 000 ჰაერიდან კი არ ჩამოსულა. ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობ, ჩვენი სახლები რაც გავყიდეთ, ის დავიბრუნოთ, სხვა აბსოლუტურად არაფერი მინდა. მოგება სიკეთეში მოახმაროს იმას, ვინც მშენებლობას გააგრძელებს. ახლა გამოჩნდნენ რეალური კლიენტები, ხვალაც მაქვს მოლაპარაკება, მაგრამ თუ ეს ამბავი არ მოვაწესრიგე და არ დავალაგე ურთიერთობა, ზედმეტი თავის ტკივილი არავის უნდა. კარგია, სხვებმა რომ უკვე უჩივლეს შარვაშიძეს, ასე ვთქვათ, გაბილიკებულია, გამოძიებულია და უფრო ადვილია ჩვენი საქმის გამოძიება. თუმცა ძალიან გაიწელა გამოძიების პროცესი. რად უნდა ამდენი ძიება, არ ვიცი, ხელის გულზე დევს ეს საქმე!
ვინც მიწა გადმომცა, ახლა რომ ამბობენ, ნორმალური ხელშეკრულება არ გავაფორმეთო, მაშინ სხვა გზა არ იყო, მიწა თუ არ იქნებოდა ჩემს სახელზე, კანონმდებლობით არ მქონდა არავითარი უფლება, რომ მშენებლობა დამეწყო. თან რამდენიმე მეპატრონის მიწა უნდა გამეერთიანებინა, მოთხოვნა იყო მაშინ ასეთი, თორემ რაც აქ ფული ჩავდე, ერთ კორპუსს დავამთავრებდი და მერე გადავიდოდი მეორეზე. შემოსავალიც მალე მოვიდოდა, სიტუაციაც გამარტივდებოდა, მაგრამ არ გაძლევდნენ უფლებას, თუ კომპლექსი არ იყო. ეს იყო `ჩვენი მიშას~ არაოფიციალური დავალებები. ნებართვას არ გაძლევდნენ და მინდოდა თუ არა, სამი კორპუსი უნდა დამეწყო. სამი კორპუსის დაწყებას, ერთი დამეწყო და დამემთავრებინა, არ მერჩია? ამის გარდა, ორი კორპუსი წამართვეს, ერთი კანდელაკზე მქონდა, ზურაბ ადეიშვილის ძმა მოვიდა და მითხრა, დაგიჭერთო. საძირკველი პირველ სართულზე ამოვიყვანე, მერე მითხრეს, _ აბა, „დავაი“, დაახვიე აქედანო! მეორე ვაზისუბანში მდებარეობდა, იქ ახლა „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურია. მიწა მოსახლეობამ გადმომცა, პროექტში 50 000 გადავიხადე, უჩემოდ გადაუფორმებიათ, გავიხედე იმ ადგილზე და „კალონკას“ აშენებენ, ახლაც მათი საკუთრებაა, დღესაც პროკურატურაშია ეს საქმე და იძიებენ. ახლა გორგასლის ქუჩის კორპუსზე ასეთი გამოსავალია: პროკურატურიდან როგორც კი დაიწერება განცხადება, რომ ეს საქმე ძიებაშია, სააღსრულებო შეაჩერებს გამოსახლების პროცესს. ამის თაობაზე სააღსრულებოში უკვე ვესაუბრე ბაღათურიას.
„ქრონიკა+“ ირაკლი ალასანიას მიმართ გაჟღერებული „ბრალდების“ გადამოწმებას „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერთან შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ირაკლი ალასანია საქართველოში არ იმყოფება და უახლოესი ერთი თვის მანძილზე ქვეყანაში დაბრუნებას არ გეგმავს.