ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი, სააგენტო „იტარ ტასთან“ აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხი ერთმნიშვნელოვნად ელოდება რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას“. მანვე დასძინა, რომ „ხელისუფლება“ ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდება, რათა, დღევანდელ, ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რუსეთის ინტერესები არ დააზარალოს. თიბილოვის თქმით, ცხინვალს არ სურს, რისკი შეუქმნას მის სტრატეგიულ პარტნიორსა და მოკავშირეს. `მაგრამ ჩვენ ველოდებით ისტორიულ მომენტს და ვიცით ხალხის განწყობა“, _ აცხადებს დე ფაქტო ლიდერი.
თიბილოვის მტკიცებით, რუსეთთან შეერთების იდეა თითოეულ ოსს ეკუთვნის. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის აზრით, რუსეთს კიდევ უფრო დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, თუ ცხინვალის რეგიონის შეერთებას გადაწყვეტს: „ბატონი თიბილოვი ამას ვერ გადაწყვეტს. რუსეთი საკმაოდ დიდ საფასურს იხდის იმ პოლიტიკისთვის, რასაც ის მეზობელ ქვეყნებში ატარებს. თუ ასეთ ნაბიჯსაც გადადგამს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი საფასური უნდა გადაიხადოს. ეს იქნება მისთვის ძალიან მძიმე ნაბიჯი. ამის თაობაზე ჩვენ მაქსიმალურად ინფორმირებული და ჩართულები უნდა გვყავდეს ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ გვაქვს“, _ აცხადებს აბაშიძე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, თიბილოვის განცხადება საფრთხის შემცველია: „თიბილოვის განცხადება, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. გარდა განცხადებებისა, არაფერი არ კეთდება. ეს გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ, 1999 წელს მიიღეს, მაშინ, როცა რეფერენდუმი ჩატარდა. ეს ყველაფერი ოკუპაციის ნაწილია, თუმცა, ჯერჯერობით, საქმე-საქმეზე არ მისულა. ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი საერთაშორისო თანამეგრობრობის მრიდან მკაცრად რეაგირებულია“.
თავის მხრივ, სამხრეთის სამხედრო ოლქის გენერალი, ანდრეი გურულევი აცხადებს, რომ „სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანდება“. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე. წ. ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება: „ამ ეტაპზე საკითხის რატიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. შეთანხმების მიხედვით, სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდება. მათ ერთიანი წვრთნები ჩაუტარდებათ და ერთ სამხედრო ბრძანებას შეასრულებენ“.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთის ე. წ. არმია არ არის მრავალრიცხოვანი, თუმცა მას მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება შეუძლია, განსაკუთრებით კი ე. წ. რესპუბლიკის საზღვრის დაცვა. სამხრეთის სამხედრო ოლქის გენერალი არმიების გაერთიანების ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საკითხი რუსეთის მთავრობის დონეზე უნდა გადაწყდეს.
„სამხრეთ ოსეთის არმიის მთავარ ამოცანას ახლა წარმოადგენს, არ დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე მტრის შემოჭრა და რესპუბლიკის დაპყრობა. ამ ამოცანას მეოთხე სამხედრო ბაზა ასრულებს. მას აქვს შესაძლებლობა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აგრესია რუსეთის მხარდაჭერის გარეშე მოიგერიოს“, _ აცხადებს ანდრეი გურულევი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება“ წელს, მარტში გააფორმა. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მოსკოვსა და ცხინვალს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთობლივი სივრცის შექმნას.
„ქრონიკა+“ ცხინვალელი მარიონეტების განცხადებების ანატომიასა და ქართული მხარის შესაძლებლობებზე ესაუბრება უასაფრთხოების საკითხებში ექსპერტს _ ლევან კიკნაძეს:
_ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ე. წ. სამხრეთ ოსეთი უკვე მიერთებულია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ე. წ. რესპუბლიკას არავითარი არმია არ ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონში წარმოდგენილი იქნება სრულფასოვნად, დიდი რიცხოვნობით, მთელი ინფრასტრუქტურით და ა. შ. არა მარტო შეიარაღებული ძალები, სასაზღვრო ჯარებიც ასევე ვითომ ერთიანდებიან. რეალურად კი სრულად რუსები არიან წარმოდგენილი, რადგან ცხინვალს არც მესაზღვრეები ჰყავს.
_ საითკენ მიდის ეს პროცესი?
_ ოკუპირებული რეგიონების სრული ინტეგრაცია და ანექსია ხდება. ეს პროცესი კარგა ხნის წინათ დაიწყო და ახლა უკვე ბოლოსკენ მიდის.
_ ე. წ. პრეზიდენტმა თიბილოვმა განაცხადა, რომ მათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა სურთ, მაგრამ ამისთვის ისტორიულ მომენტს ელოდებიან...
_ რეალურად, ხელსაყრელ დროზე კი არა, საბაბზე საუბრობენ, თორემ რა მომენტი უნდათ, _ ჩვენ ძალისმიერი მეთოდით ცხინვალის პრობლების გადაწყვეტას დავიწყებთ, თუ როგორ? ის პროვოკაცია, რაც 2008 წელს მოხდა, მათ აღარ გამოუვათ. ამავე დროს, პროვოცირების ბევრი მეთოდი არსებობს და ამ არსენალიდან რომელს გამოიყენებენ, დღეს ამაზე ვერაფერს გეტყვით... მაგრამ აშკარად საბაბს ელიან, რომ მერე თქვან, ჩვენ იძულებული გავხდით, რუსეთს შევერთებოდითო. ასევე კარგა ხანია, „სამხრეთ“ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებაზეა საუბარი. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ამ ვარიანტზე ურცხვ განცხადებებს აკეთებს; ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან აქეთკენ.
_ ცხინვალის დე ფაქტო მმართველების ბოლო განცხადებებში ხომ არ არის მინიშნებები საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის დაჩქარების პროცესზეც, მაპზე (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა) ისევ გააქტიურდა საუბრები.
_ საბაბად შეიძლება ეს საკითხიც გამოიყენონ. რამდენადაც ღრმად წავა ჩვენი ევროკავშირთან, ნატოსთან დაახლოების პროცესები, მით უფრო პროვოკაციულ საუბრებს გაააქტიურებენ ისინი და შეიძლება ე. წ. ხელსაყრელ მომენტადაც გამოიყენონ.
_ ასეთივე ტემპით მიმდინრეობს თუ არა ჩვენთვის მიუღებელი პროცესები ოკუპირებულ აფხაზეთში?
_ განსხვავება ისაა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან შეერთებისკენ არ ისწრაფვის. სოხუმს სურს დამოუკიდებლობა და, ლეონიდ თიბილოვისგან განსხვავებით, რაულ ხაჯიმბა ასეთ განცხადებებს არ აკეთებს. იგივე რუსეთის ხარჯზე უნდათ დამოუკიდებლობაც ჰქონდეთ და, ამავე დროს, მას არ შეუერთდნენ. ასე რომ, იქ აშკარად განსხვავებული მიდგომებია.
თუმცა მოსკოვი ორივესთან თანაბრად ავითარებს ამ ე. წ. ინტეგრირების პროცესს.
_ რამდენად არის მოსკოვის საბოლოო მიზანი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიერთება?
_ პრინციპში, საბოლოო მიზნად ცხინვალის რეგიონის შეერთება უნდა ჰქონდეთ. უფრო სწორად, ჩრდილოეთ და „სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანება, რაც უკვე რეალურად ცხინვალის შეერთებას ნიშნავს. აფხაზეთი შეიძლება გეგმაში ჰქონდეთ, მაგრამ იქ ეს პროცესები გაიწელება და შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ სოხუმში ყირიმიზაციის მსგავსი საკითხის დაყენება დასჭირდეთ. როდესაც რუსეთის (რუსი) მოსახლეობა ადგილობრივ აფხაზურს გადააჭარბებს, შუძლიათ ასევე რეფერენდუმის ჩატარება და ე. წ. ყირიმიზაციის პროცესის დაწყება და დამთავრება.
_ ამ ფონზე ქართულ მხარეს რა ბერკეტები რჩება ხელთ ორივე მიმართულებით?
_ ჩვენ ისევ დასავლეთის იმედად ვრჩებით, რომ რაღაცნაირად პირდაპირი კონტაქტები განვითარდეს. სამწუხაროდ, ამის წანამძღვრებს ვერ ვამჩნევ. ისიც მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესებს კუდში მივდევთ და ვერაფერზე ვზემოქმედებთ. ყველაზე სამწუხარო სწორედ ეს არის. ამ თვალსაზრისით, გარკვეული მიზეზები ჩვენშიც უნდა ვეძიოთ. იმის მაგივრად, რომ ამ განდგომილ-ოკუპირებული რეგიონებისთვის მისაბაძი გავხდეთ, ჩვენკენ წამოვიდნენ, სტაბილიზაცია და ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, ამ დროს აქ ერთმანეთის თავპირის მტვრევას ვუნდებით. ცხადია, ასეთ ვითარებაში ვერავისთვის მიმზიდველი ვერ გახდები.
მართალია, ისინი ნაკლებად საუბრობენ ჩვენზე და ცდილობენ, ისეთ პოზა დაიჭირონ, თითქოს არც ვაინტერესებთ, მაგრამ თუ ნახავთ, რას წერენ ჩვენზე, იმავე ბლოგერების განცხადებებში, შიდა გარჩევებში (რომლებიც ჩვენამდე ხშირად არ მოდის), ნათლად იკვეთება, რომ ჩვენ მათთვის მიმზიდველი არ ვართ. მაშინ რაღა პრეტენზიები უნდა გვქონდეს მათ მიმართ?
_ პრობლემები საკუთარ თავშიც უნდა ვეძიოთ...
_ რასაკვირველია, ამის გააზრების გარეშე ვერაფრით ჩამოვყალიბდებით და ვერაფერს შევთავაზებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს.
_ ამ გაგებით, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ გვეშველება...
_ არ გვეშველება და ამის გარეშე ასევე კარგა ხანს აფხაზებისა და ოსების დაბრუნებაზე ვერ ვიფიქრებთ. იმ მიზეზის გამო, რომ მათ საშუალებასაც არ ვაძლევთ, ჩვენზე რამე სასიკეთო იფიქრონ და თქვან. ამას გარდა, ბევრი მიმართულების ჩამოთვლა შეიძლება, იგივე სამედიცინო დახმარების კუთხით, მაგრამ ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მთლიანობაში უნდა კეთდებოდეს. ჩვენ მათთან მისვლის, დაახლოების გზებს უნდა ვეძებდეთ და მისი ძებნა მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ამ გზის, გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს. სამწუხაროდ, ისინი აქ აღნიშნულ სინათლეს გვირაბის ბოლოს ვერ ხედავენ. ამის საშუალებას კი ჩვენ თვითონ არ ვაძლევთ.
_ აღნიშნეთ, რომ ჩვენ პროცესებს კუდში მივდევთ, გულისხმობთ დღევანდელ სტატუს-კვოს, როცა ჩვენი მიწები ოკუპირებულია?..
_ არა მარტო ამას, ჩვენი პასიურობაც ვიგულისხმე. არ მსურს დეტალებში შესვლა და ეს საჯარო განხილვის თემა არც არის. აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობის დალაგება მარტო პაატა ზაქარეიშვილისა და მისი უწყების გამოწვევა არ არის. ეს უნდა იყოს ყველა სტრუქტურისა და აბსოლუტურად ყველა მოქალაქის პრობლემა საქართველოში. გადახედეთ, ამ კუთხით, თუ რამე აქტიურობა მიმდინარეობს. ის კი არა, თავის დროზე, ზაქარეიშვილმა რა აქტიურობაც დაიწყო, ისიც მინელდა და არაფერი ჩანს. თქვენ ამ მიმართულებით რამე განსაკუთრებულ მოძრაობას ატყობთ?
_ სამედიცინო მიმართულება შეგვიძლია გამოვყოთ...
_ კი ბატონო, გამოვყოთ, ეს მათ სასიცოცხლო ინტერესშია და, ამ მხრივ, გვიყენებენ კიდეც. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ უბრალო ხალხი აქ სამკურნალოდ არ ჩამოდის.
_ ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარებას რამდენად შეუძლია ამ პროცესზე სასიკეთო გავლენის მოხდენა?
_ პროცესის დაჩქარება, რასაკვირველია, სასიკეთო გავლენას იქონიებს ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს პროცესი არ დაჩქარდება, თუ ჩვენში სტაბილური განვითარება არ გვექნება, თუ ჩვენს ყველა მოქალაქეს საერთო სახელმწიფოებრიობის განცდა არ გაუღვივდება. რა, ევროპა ვერ ხედავს, რომ აქ სტაბილურობის ნაკლებობაა? მე პოლიტიკოსი არ ვარ და ვინმეს პოლიტიკურ ბრალეულობაზე საუბარს ვერ დავიწყებ, თუმცა ბევრ რამეს კარგად ვხვდები.
დღეს თავიდან ბოლომდე ჩვენში არსებული ლოკალური ხანძრების ჩაქრობას ვუნდებით. ის ვერ გაგვირკვევია, არის თუ არა საბოტაჟი, რა უშლის ხელს ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას. როცა ამას შიგნით ვერ არკვევ, გინდა ნაბიჯები იქითკენ გადადგა, რომ ეს ხალხი დაიახლოვო? ელემენტარულად, რომ დაგიჯდეს და ამ თემებზე საუბარი დაგიწყოს, ყველაფერი გადმოგიშალოს, მერე სად მიდიხარ, რა პასუხს გასცემ? რომ ყველაფერი კარგად იქნება და მსგავს არაფრისმთქმელ შეპირებებს დააბრეხვებ? ამ შეპირებების აღარავის სჯერა და გინდა, ამ გზით აფხაზები და ოსები რამეში დაარწმუნო? ასე არაფერი გამოვა. დღევანდელ სამყაროში ძალიან ბევრი პრაგმატულად ფიქრობს. ასეთ პირობებში კი ჩვენ ვერანაირ სამშვიდობო პროცესს ვერ გავამყარებთ.
ამავე დროს, ძალიან ბევრი რამ გვაქვს შესათავაზებელი. ჩვენ მათთვის ყოველთვის უფრო მიმზიდველი ვიქნებით, ვიდრე რუსეთი. თუნდაც დღევანდელი პირობებით, ეკონომიკური შესაძლებლობებითაც კი, ადამიანებს იმის განცდა უნდა ჰქონდეთ, რომ ჩვენთან სტაბილურობაა. გადახედეთ პრესას, გგონიათ, ისინი ამას თვალყურს არ ადევნებენ? აგერ, შეიძლება ჩვენთან ისევ გადატრიალება, დესტაბილიზაცია მოხდეს და შენ ასეთი არასტაბილური ვის დაკარგვიხარ? სხვათა შორის, ამ პირობებში არც დასავლეთს, ევროკავშირს სჭირდები.
ამიტომ სტაბილური განვითარება გვინდა და მათთან გეგმაზომიერი საუბარი, შეთავაზებები. ისევე როგორც ეს სამედიცინო სფეროში კეთდება. აფხაზეთიდან ჩამოსულ რამდენიმე ავადმყოფს შევხვდი აქ. ისინიც გაკვირვებული არიან. მათთვის ეს ნაბიჯი, დაზღვევის სამედიცინო პროგრამა, ნამდვილი საოცრებაა, გაგიჟებულები არიან, ასეთი რამ ვერ წარმოუდგენიათ. თუ ამ ყველაფერს ვაკეთებთ და შეგვიძლია გავაკეთოთ, ისინიც დარწმუნებული არიან, რომ აქ უფრო მეტი გაკეთდება და ასევე წარმატებულად. მაგრამ რაც ესმით გარშემო და რაც ჩვენში რეალურად ხდება, პირდაპირ გაოცებას ვერ მალავენ ამის გამო. ჩვენ კიდევ ვერაფრით შევიგნეთ, რომ მიმზიდველი მარტო მათთვის კი არა, შენთვისაც უნდა გახდე მისაღები და პროგრესული.
ამ ფონზე საზღვარგარეთიდან საკუთარი მოქალაქეები ვერ დაგვიბრუნებია. ისინი ვერ მოდიან, მაგრამ მაინც ხომ ვხვდებით და ალალად ვესაუბრებით ჩვენში არსებულ მდგომარეობაზე სკაიპით, ტელეფონით თუ სხვა. არ უნდათ ჩამოსვლა და კითხვა დავსვათ, _ ასე რატომ იქცევიან? ეს ყველაფერი ხომ უნდა გაანალიზდეს? რაც უნდა ვიძახოთ, მოდით, მოდითო, იცის, რომ აქ ჩამოსვლით მონურ შრომაში აღებულ მცირე შემოსავალსაც დაკარგავს და მშიერი დარჩება. შენ ამ დროს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დალაგება გინდა? ეს ხომ ელემენტარულია და ყველას უნდა ესმოდეს.
როგორც საბჭოთა დროს, როცა ერთს ლაპარაკობდნენ, მეორეს ფიქრობდნენ და მესამეს აკეთებდნენ, დღესაც ზუსტად ასეთი მიდგომის კოპირება ხდება. არავის სჯერა უკვე ამ ლამაზი სიტყვების. რა დგას მის უკან, რა რეალური მოქმედებებია, ამაზე არავინ მსჯელობს. ხალხს იმედი მიეცა და დღეს იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩინოვნიკთა კასტამ ისევ მილიონობით პრემია-დანამატები მიიღო. ადამიანებს ლუკმა-პურის ფული ვერ უშოვიათ და, ამ დროს, მილიონებზე ვსაუბრობთ, რომ ვიღაცამ ხელფასისა თუ დანამატის სახით აიღო.
გელა მამულაშვილი