- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-07-10 09:16:58
გიგა გელხვიიძე
საქართველოში ნარკოტიკების უკონტროლო გაყიდვა უკვე არახალია. ამბავი, რომელსაც ახლა მკითხველი გაეცნობა, იმაზე მიუთითებს, რომ ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობის გარდა ე. წ. ბარიგები წამლის რეალიზებას სახლებშიც ახდენენ, რაც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება, თუმცა გამოძიება რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, მომხდარზე თვალს ხუჭავს.
30 წლის საბა ჩარკვიანი 22 ივნისს ზაარბრიუკენზე (ძველი ვორონცოვი), ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ემიგრანტი დედა, ეკატერინე ხოდონაშვილი „ქრონიკა+“-სთან ყვება, მისი შვილი მისამართზე მივიდა, წამალი გაიკეთა და იმავე მისამართზე გარდაიცვალა.
ხოდონაშვილი „ქრონიკა+“-ს აცნობს სახელებსა და გვარებს, რომლებსაც 30 წლის საბა ჩარკვიანის გარდაცვალებისა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ნაწილში შემხებლობა აქვთ. ერთ-ერთი მათგანია ვინმე გიორგი დოღონაძე, რომელიც როგორც ხოდონაშვილი გვიყვება, აქტიურად არის დაკავებული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებით და ადამიანის დაღუპვა დოღონაძის ნარკოტიკის გამო პირველი შემთხვევა არ არის.
_ ქალბატონო ეკატერინე, როდის შეიტყვეთ იმის შესახებ, რომ საბა იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და აღნიშნული ფაქტის გაგების შემდეგ თუ შეეცადეთ გასულიყავით იმ პირებთან კონტაქტზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მას ნარკოტიკულ საშუალებებს აწვდიდნენ?
_ პირველად საბას ნარკოტიკის მოხმარება შევნიშნე საკმაოდ ადრე, ეს იყო სადღაც ორი 2 წლის წინ. ამ საკითხზე მე მხოლოდ საბასთან და ჩემს ახლობლებთან მქონდა კონტაქტი. არ დაგიმალავთ, იმის გამო, რომ შეეწყვიტა ნარკოტიკების მოხმარება, ჩემი შვილი დავაჭერინე. ამის შემდეგ ძალიან დიდი დაპირისპირება მქონდა ოჯახის მხრიდან, რომ ეს რა გააკეთე, მოგეჩვენა და როგორ დააჭერინე შვილიო. არავინ არაფერს იჯერებდა და ვერც წარმოიდგენდა, მაგრამ მე დედა ვარ და დედას არაფერი გამოეპარება. ძალიან არეული თვალებით მოვიდა ერთხელ ჩემი დის დაბადებს დღეზე და მაშინ გამიჩნდა ეჭვი.
საბა ვერ იტანდა, როდესაც მას არ ველაპარაკებოდი ხოლმე. ახლა ძალიან მერიდება და მრცხვენია კიდევაც ამაზე საუბრის, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბოლოსაც არ ველაპარაკებოდი მას. სულ კამათი გვქონდა.
_ საბა გარდაცვალებამდე, რამდენადაც ცნობილია, მოხვდა საავადმყოფოში და იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს ამბავიც, რომ გვითხრათ.
_ საბა კომაში რომ ჩავარდა, ეს იყო 30 მაისი, ზუსტად ხუთი დღე იყო კომაში, ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. ექიმები პირდაპირ ამბობდნენ, რომ 90% გარდაცვლილი იყო და ტვინის საკმაოდ დიდი ნაწილი გათიშული იყო, არ ჰქონდათ რაიმე სახის იმედი მისი გადარჩენის. თუმცა მოხდა ისე, რომ ფაქტობრივად მეორედ დაიბადა. 6 ივნისს გამოვწერეთ საავადმყოფოდან და იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სრულიად არეული, არაადეკვატური. ბევრი რამ ახსოვდა, ბევრი რამ არ ახსოვდა. სურათებშიც რომ ვაკვირდები, სრულიად სხვა საბა არის.
საოცრება ის იყო, რომ მან გაიღვიძა და თავად ექიმიც კი გაოგნებული იყო, რადგანაც არ ელოდებოდნენ ტვინის უჯრედების აღდგენას ასეთ მოკლედ დროში.
_ როდესაც საავადმყოფოში იმყოფებოდა, გქონდათ საშუალება, რომ ვიდეოზარით მაინც შეგეხედათ მისთვის და გენახათ, რა მდგომარეობაში იყო?
_ როდესაც საავადმყოფოში მოხვდა, მიმალავდნენ, არ მეუბნებოდნენ, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. მოვითხოვე, რომ სასწრაფოდ შეეტანათ საავადმყოფოში ტელეფონი და ენახებინათ ჩემთვის საბა. როდესაც ვნახე, ჯერ კიდევ დაბმული ჰყავდათ. ახალი გაღვიძებული იყო. ექიმი ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო, აგრესიული გამხდარიყო ასეთ დროს, მაგრამ მაინც დაჟინებულად ვითხოვდი მის ნახვას, რადგანაც მე და საბა კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, როგორც კი დამინახა მითხრა: ეკა, აქ ვარ, შევჭამ და მოვალ ათ წუთში, არ ინერვიულოო. ამის მერე იწვა საავადმყოფოში კიდევ ორი დღე, 6 ივნისს გამოვწერეთ და აქედან 17 ივნისამდე იყო ჩემს დასთან. არსად უშვებდნენ, რადგანაც ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პერიოდს გადიოდა.
17 რიცხვში წავიყვანეთ ანალიზებზე თბილისში, ძალიან კარგი ფსიქიატრი მოვუძებნეთ, რომ დახმარებოდა. მკურნალობა, რომელიც დაინიშნა, საკმაოდ გრძელვადიანი იყო.
22 რიცხვამდე გავდიოდით მკურნალობის კურსს. ამ პერიოდში დარეკა მასთან პოლიციამ, რადგანაც აღძრული საქმის (პირველი ეპიზოდი, როდესაც საბა ჩარკვიანი გიორგი დოღონაძის ბინიდან კომატოზურ მდგომარეობაში „ალადაშვილის“ კლინიკაში გადაიყვანეს) დახურვა სურდა და საბას ხელი უნდა მოეწერა კონკრეტულ დოკუმენტებზე.
22 რიცხვში საბა მიდის პოლიციაში, მან 14:15-ზე ხელი მოაწერა დოკუმენტებზე, რომ ვითომ საბა ნარკოტიკული თრობის ქვეშ კი არ იყო, არამედ ნასვამი იყო და საქმე დაიხურა იმით, რომ ის სიმთვრალეში ჩავარდა კომაში, რაც არის აბსურდი.
იმავე დღეს ის მიდის იგივე მისამართზე, სადაც გიორგი დოღონაძე ცხოვრობს, სადაც ის კომაში ჩავარდა. გარდაცვალება დოღონაძის სახლში მოხდა და იქიდან გამოასვენეს მიცვალებული.
_ გიორგი დოღონაძე საბასთან მეგობრობდა თუ უბრალოდ ნაცნობი იყო, თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
_ გიორგი დოღონაძე არის ყველას ნაცნობი, არის ჩვეულებრივი წამლის გამყიდველი, თავადაც არის მომხმარებელი, რომელმაც მთელი ვორონცოვის უბანი და ახალგაზრდები გააუბედურა. იცოდა მან საბას მდგომარეობა, თუ რა მძიმედ იყო ის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, თუმცა მაინც მისცა წამალი, რომელიც მაგის სახლშივე გაიკეთა და გარდაიცვალა.
ფორმა ასსაც კი არ მაძლევენ ჩემი შვილის, ეს ფაქტი მინდა, რომ დავაფიქსირო ხაზგასმით. როგორც მოვიკითხე, მეუბნებიან, რომ არის ელექტრონული ვერსია და ხელზე ვერ მოგცემთო, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გადმომიგზავნონ, მაგრამ არ მაქვს გადმოგზავნილი დღემდე.
_ საქმის გამომძიებელთან თუ გქონდათ კონტაქტი?
_ დიახ. საუბარი დავიწყე თხოვნით, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ჩუღურეთის განყოფილება იძიებს ამ საქმეს. ჩემი კითხვების შემდეგ მან გამომიცხადა, რომ ის არ მეკონტაქტებოდა ადვოკატის გარეშე. მე მას ვუთხარი, თუ რატომ დახურეს საქმე ალკოჰოლური თრობით.
_ გაქვთ ლოგიკური ეჭვი, რომ გიორგი დოღონაძეს, რომლის მიერ მიცემული ნარკოტიკული საშუალების მეშვეობითაც თქვენი შვილი ჯერ კომაში ჩავარდა, მეორედ კი ფატალური შედეგი დადგა, სარგებლობს პოლიციის მფარველობით?
_ ლოგიკური ეჭვი არა, 100%-იანი ეჭვი მაქვს, რომ გიორგი დოღონაძე არის წამლის ჩვეულებრივი გამყიდველი, რომელიც შეკრულია პოლიციასთან, კონკრეტულად კი მფარველობენ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები. მიუხედავად იმისა, რომ მანდ არ ვარ, ამის გარკვევა მოვახერხე. პოლიცია დოღონაძის დახმარებით უკვე აკავებს ახალგაზრდებს, რომლებიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებიან და ქუჩაში სძინავთ.
მე არ ვიცი დაზუსტებით, მაგრამ მის სახლში, როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა.
_ გქონდათ კონტაქტი გიორგი დოღონაძესთან?
_ მე რომ დავურეკე, მითხრა, როცა მასთან მივიდა ჩემი შვილი, უკვე ცუდად იყო. ეს მეორე შემთხვევა, უკვე გარდაცვლილ საბაზე გეუბნებით, გადააბრალა ვინმე ბროძელს, რომ მე არ მიმიცია წამალი მისთვის და მისცა ბროძელმაო. მერე უკვე ცუდად მყოფი მოვიდა ჩემთან და მთხოვა, მგონი, ვკვდები და ნარკანი გამიკეთეო. მოკლედ, ყველაფერი დააბრალა სახვას, მაგრამ ეს არის აბსურდი. და კიდევ რა არის, იცით, აბსურდი ამ შემთხვევაში? გავარკვიე, რომ ამ წამალს როდესაც იკეთებ, ადგილზე კვდები. არ ვიცი, ვინ რა მისცა ბოლოს, მაგრამ საბა მაგის სახლში გარდაიცვალა, უკვე ნახევრად ტვინარეული ბავშვი. უნდა იყო უკანასკნელი ადამიანი, რომ იცი, რა მოუვიდა, რა მდგომარეობაში ჩავარდა და ექიმის დასკვნებში ყველაფერში წერია, ერთი ნემსიც რომ გაეკეთებინა, ის მოკვდებოდა. ჩვეულებრივად მოკლა ჩემი შვილი.
_ პირველ შემთხვევაში, როდესაც საავადმყოფოში კომატოზური მდგომარეობით მოხვდა, თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მოხმარებული?
_ არა, არ ვიცი, ალბათ, რაღაც საწამლავი.
_ ექსპერტიზა თუ ჩატარდა და როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის შედეგები?
_ დიახ, ექსპერტიზა ჩატარდა და მისი შედეგები, როგორც ცნობილია, დროში იწელება, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მალე იქნება. იმედია, სიმართლეს მეტყვიან. ჩემი შეცდომა ის არის, რომ იმ მომენტში იმდენად დაბნეული ვიყავი, ვერ მოვიფიქრე, რომ კერძო ექსპერტი ამეყვანა.
_ სხვა ტიპის ინფორმაცია თუ გაქვთ, ვისთან შეიძლებოდა ჰქონოდა საბას შემხებლობა ამ გიორგი დოღონაძის გარდა, როდესაც ის მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს?
_ საბას ყოველთვის ჰქონდა ფული და გამოჭერილი ჰყავდათ ამ მორფინისტებს. როგორც გავიგე, ურეკავდნენ ხოლმე მას.
_ ტელეფონი თუ არის ამოღებული?
_ საბას ტელეფონი, რომელიც მას სულ თან ჰქონდა, გამქრალია. არ არსებობს, რომ მას ხელში ტელეფონი არ სჭეროდა. საბა გარდაიცვალა დოღონაძის სახლში, იქ დავარდა საბა და, სავარაუდოდ, სწორედ იქ დავარდა ტელეფონიც. პოლიციაში ტელეფონი არ არის, მაგას (დოღონაძე) აქვს ტელეფონი და, სავარაუდოდ, გააქრო. მე ტელეფონის შესახებაც დავურეკე დოღონაძეს და მოვთხოვე გამოეჩინა. მითხრა, რომ მასთან არაფერი იყო სათვალის გარდა. თუმცა, რა თქმა უნდა, არც მეტყვის ტელეფონის შესახებ ინფორმაციას, რადგანაც იმ ტელეფონში არის აბსოლუტურად ყველაფერი.
_ ანუ ტელეფონი არის გასაღები ამ საქმის და სხვა ნარკოდილერებზე გასვლის საშუალებაც?
_ დიახ, საბას აქვს ჩანაწერები, როგორ ურეკავდნენ, ემესიჯებოდნენ: საბა რას შვრები, საბა გამოდი, ყველაფერი მზად გაქვს. გამოჭერილი ჰყავდათ, ხომ ხვდებით. საბა მათთვის იყო ფულის ტომარა. თვითონაც იკეთებდნენ და თავად, ალბათ, ისეთი საზიზღარი ნარკომანები არიან, მათი ორგანიზმი იტანდა და საბას ორგანიზმმა ეს ვერ აიტანა.
დოღონაძე რასაც წარმოადგენს, მასზე მისი სოციალური ქსელის პროფილის ფოტოც მეტყველებს, ყაყაჩო აქვს დაყენებული პროფილის ფოტოდ. მე არც ვიცოდი, რა შეიძლება ყოფილიყო, შემდეგ გავიგე ეს. საბას პანაშვიდებზე მანქანით ჩემი მეგობარი მოდიოდა, გადმოვიდა და იქვე გორკის პარკში დაუძახა, რომ შენ მკვლელი ხარო, დოღონაძემ კი ჰონორით დაუძახა, მოდი აქ, შენი სახელი და გვარი მითხარიო.
_ მას შემდეგ, რაც საბა საავადმყოფოდან გამოწერეს, როგორც თქვენ ამბობთ, ის დეიდასთან იმყოფებოდა, რაიმე სახის უცნაური ქმედება ან საეჭვო კონტაქტი თუნდაც ტელეფონით ხომ არ შეუმჩნევია ვინმეს?
_ საბას ძალიან უნდოდა სიცოცხლე, არ უნდოდა სიკვდილი არანაირად. ჩემმა დამ ყველა პირობა შეუქმნა და ძალიან კარგად გრძნობდა თავს იქ.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ საბა შეიძლებოდა დაშანტაჟებული ჰყოლოდათ და ფულის გამოძალვის მიზნით მას აშინებდნენ ეს ადამიანები?
_ არა, შიშით არა... ერთადერთი წერდნენ, რომ აბა, საბა, სად ხარ? როგორ ხარ?... ხომ იცით, რაღაცნაირად დამოკიდებული რომ იქნები ამ ყველაფერზე, აი, ეს მდგომარეობა იყო და ამ დამოკიდებულების გამო აერია მას ისევ ტვინი.
_ როდის გქონდათ ბოლო კონტაქტი მასთან?
_ 22 ივნისს, 14:15 წუთზე მას ესაუბრა ჩემი და ამ დღეს ფეხბურთის საყურებლად უნდა წასულიყო თავის მეგობრებთან ერთად, მანამდე კი პოლიციაში უნდა მისულიყო ხელის მოსაწერად. სამ საათამდე მოხდა ეს ყველაფერი. სამ საათზე ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო, ისევ დოღონაძის სახლში.
პირდაპირ ვადებ ხელს, რომ ეს კაცი არის წამლის გამყიდველი, პოლიციის მფარველობის ქვეშ. მე რომ მსგავსი რამ გავაკეთო, ხომ დამიჭერენ, ამ ადამიანს რატომ არ იჭერენ? იმიტომ არ იჭერენ, რომ ახლა არჩევნები მოდის და ზუსტად ასეთი მოსიარულე გვამები და ნარკომანები ჰყავთ დაყენებული საარჩევნო უბნებთან. ჩამოურიგებენ ალბათ საკმაოდ ბევრ წამალს, შემდეგ ესენი შეაშინებენ ხალხს და ამის გამო არ აკავებენ, ამიტომ სჭირდებათ ასეთი ხალხი.
„ქრონიკა+“-ს ეკატერინე ხოდონაშვილმა იმ სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც მოაწოდა, სადაც იგი გიორგი დოღონაძეს ელაპარაკება.
ჩანაწერში დოღონაძე ამბობს, რომ საბა ჩარკვიანი მასთან ხშირად დადიოდა (კვირაში ორჯერ), თუმცა რატომ, ამას არ ასახელებს და ვერც იმას ადასტურებს, რომ საბა მისი მეგობარი იყო.
დოღონაძე ორივე ეპიზოდს იხსენებს (კომაში ჩავარდნისა და გარდაცვალების): მისი თქმით, პირველ ეპიზოდში საბა მასთან ნასვამი მივიდა და ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა, რა დროსაც უთხრა, რომ ცუდად იყო და დოღონაძემ მას წყალი შესთავაზა, თუმცა სანამ წყალი მიაწოდა, საბა უკვე უგონო მდგომარეობაში იყო. მისი თქმით, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას ნარკანი გაუკეთა და შემდგომ გადაიყვანა ალადაშვილის კლინიკაში.
რაც შეეხება მეორე ეპიზოდს და ჩარკვიანის დოღონაძის ბინაში საბედისწერო სტუმრობას, დოღონაძე ამბობს, რომ მასთან მისულ საბას ჰკითხა, ნასვამი ხომ არ იყო, რაზეც საბამ უპასუხა, რომ არა, უბრალოდ, „პახმელია“ ჰქონდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დოღონაძე არ ამბობს, ჩარკვიანმა მას ცუდად ყოფნის შესახებ რომ უთხრა ან რაიმე მსგავსი. მისივე თქმით, ამის შემდგომ იყო დავარდნის ხმა და როდესაც ძირს დავარდნილი საბა აღმოაჩინა, სასწრაფო გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს 30 წლის საბა ჩარკვიანი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
დოღონაძის თქმით, მას საბასთვის ნარკოტიკი არ მიუცია და არც ნაკანი გაუკეთებია.
გარდა ამისა, „ქრონიკა+“-ს ეკატერინე ხოდონაშვილმა კიდევ ერთ პირთან, დავით ხარატიშვილთან განხორციელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მიაწოდა.
დოღონაძისგან განსხვავებით, ხარატიშვილი ყვება, რომ საბას ნარკანი გაუკეთეს სასწრაფოს მისვლამდეც და სასწრაფოს ჯგუფმაც. ის ასევე საუბარში რამდენჯერმე ამბობს ხაზგასმით, რომ არ მიაქციოს ყურადღება ოჯახმა და კონკრეტულად ეკატერინე ხოდონაშვილმა სხვების საუბარს, რომლებიც შესაძლებელია ვინმეს ხელს ადებდნენ საბას გარდაცვალების საქმეზე.
საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მაშინ, როდესაც საბა ჩარკვიანი საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს, გიორგი დოღონაძისა და დავით ხარატიშვილის მონათხრობიდან ირკვევა, რომ მას ნარკანი გაუკეთეს, თუმცა ამ დრომდე არ არის ფორმა ასი, სადაც გარკვევით უნდა ეწეროს, თუ რა მდგომარეობაში შეიყვანეს ჩარკვიანი ალადაშვილის კლინიკაში და რა გახდა ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. ასევე ჩუღურეთის პოლიციამ საქმე დახურა, სადაც საბოლოო დასკვნაში არა ნარკოტიკული, არამედ ალკოჰოლური თრობაა მითითებული, თუმცა ფაქტი, რომ მას ნარკანი გაუკეთეს, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების დროს კეთდება, უგულებელყოფილია.
ჩარკვიანის საქმეზე უფრო მეტი დეტალის გასაგებად, რომელიც შესაძლოა გამოძიებას ჰქონდა მოპოვებული, შევეცადეთ საქმის გამომძიებელს დავკავშირებოდით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
30 წლის საბა ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეს ამჯერადაც ჩუღურეთის პოლიცია იძიებს, ამ შემთხვევაში საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.