- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-06-13 09:05:04
შორენა მარსაგიშვილი
რატომ არის წამგებიანი ოპოზიციისთვის „ოცნებიდან“ გადმოპორტირებულებთან ერთად დგომა? რატომ არ არის სანდო სალომე ზურაბიშვილი? რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა აქციების დროს? შეძლებს თუ არა ოპოზიცია არჩევნების შედეგების დაცვას? რა თამაშს თამაშობს ბიძინა ივანიშვილი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი გიუაშვილი:
_ გიორგი, რუსული კანონის წინააღმდეგ დაწყებულმა პროტესტმა ყველა აღაფრთოვანა. იყო ხალხმრავალი აქციები, მაღალი საპროტესტო მუხტი, მაგრამ ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც გაიტანა რუსული კანონი. თქვენი აზრით, რატომ არ გამოიღო პროტესტმა შდეგი?
_ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს გადაშენება არ უწერია. ამის თქმის საბაბს მაძლევს ჩვენი ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა, რომელიც არ ეგუება რეჟიმის მოღალატეობრივ პოლიტიკას. სულ ვამბობდით, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდის და ეს ერთგვარ უიმედობას იწვევდა. ხალხი მართლა არასდროს გამოვა პოლიტიკოსების დაძახილზე. იმ ადამიანებს ვერავინ ენდობა, რომლებმაც წლების მანძილზე თავისი საქმიანობით თავი შეირცხვინეს და ნდობა დაკარგეს. ამ შემთხვევაში ხალხი და ძირითადად ახალგაზრდობა გარეთ გამოიყვანა სამშობლოს სიყვარულმა. მათი დევიზი ასეთი იყო: არა რუსულ კანონს და არა რუსულ მთავრობას! სადღაც, 20 წელი უნდა გავიდეს და ეს ახალგაზრდობა გახდება ქვეყნის ბატონ-პატრონი. ეს ძველი ყაიდის პოლიტიკოსები თანდათან ჩამოშორდებიან. შემდეგ საქართველო სულ სხვა ტალღაზე დადგება.
_ 20 წლის შემდეგ მართლა ბევრი რამე შეიცვლება, მაგრამ მანამდე რა უნდა გავაკეთოთ? ეს ძველი ყაიდის პოლიტიკოსები, ფაქტია, არსად აპირებენ წასვლას.
_ მართალია, რუსული კანონი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ აქციების დროს ამ ბავშვებმა შეუძლებელი შეძლეს. ეს ბავშვები პოლიტიკოსები არ არიან და მეტს ვერც მოვთხოვთ. იმ აქციების დროს ცოტა უფრო რადიკალური ნაბიჯებიც იყო საჭირო _ პროტესტის უფრო სხვანაირი ორგანიზება. ამაში მშობლებიც უნდა ჩაერთონ და პოლიტიკოსებიც. მარტო ამ ბავშვების კისერზე არ უნდა გადაიაროს ამ ყველაფერმა. ხელისუფლება პირდაპირ გეუბნება, თუ ძალა გაქვს, მოდი და დამამხე. ეს რუსული ხელისულება სხვა გზას, უბრალოდ, არ გიტოვებს. „ქართული ოცნება“ ძალაზეა ორიენტირებული. პირდაპირი ტექსტებით ლანძღავენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას.
დღეის მდგომარეობით საზოგადოებას არ აქვს იმის თავი, რომ ამ ხელისუფლებას სათანადო პასუხი გასცეს. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ პარლამენტში 84 მოღალატე გვყავს და ვიღაცამ უღალატა სამშობლოს. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ მოღალატეებს ადეკვატური პასუხი ვერ გავეცით. ამ ღალატის გამო ისინი უნდა წაგველეკა, მაგრამ ჩვენს თავში, სამწუხაროიდ, ამის ძალა ვერ აღმოვაჩინეთ. რუსებს ფერადი საწვიმრებით ვერ დაამარცხებ, ამას ყველა უნდა ხვდებოდეს.
მეცინება, დღეების ათვლა რომ აქვთ დაწყებული, არჩევნებამდე ამდენი დღეა დარჩენილიო. დარწმუნებით საუბრობენ, ხელისუფლება ჩამოიშლებაო. რა ჩამოიშლებიან, ხალხო, უტიფრები არიან. სანქციები მათ აუცილებლად შეუქმნის უხერხულობას. ესენი ფუფუნებას და კარგ ცხოვრებას მიჩვეულები არიან. შვილები ევროპასა და ამერიკაში ჰყავთ. ეს უხერხულობაც არ შეაჩერებს ივანიშვილის რეჟიმს, ისინი რუსული საქმის გაკეთებას მაინც გააგრძელებენ. მარტო რუსული რეჟიმიც არ არიან, ისინი არიან ბნელ მხარეს. ისინი არიან ირანის, ჩინეთისა და უბედურების მხარეს. ქვეყანაც ამ მიმართულებით მიჰყავთ. ამ ბნელეთიდან სახელმწიფოს გამოყვანას სულ სხვანაირი ნაბიჯები სჭირდება.
_ სხვანაირი ნაბიჯები რომ გადაიდგას, ამისთვის პოლიტიკური სპექტრიც სხვანაირი უნდა იყოს.
_ ახლა სხვანაირი პოლიტიკური სპექტრის გამოჩენა შესაძლოა, დაგვიანებულიც კი იყოს. ხშირად მოგვისმენია ოპოზიციისგან, რომ ერთმანეთის კრიტიკას თავი დავანებოთ და ხელისუფლებაზე ვილაპარაკოთ, ის ვაკრიტიკოთ. ერთი მითხარით, ამ ხელისუფლებაზე რაღა უნდა ილაპარაკონ? იმაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, რაც აქამდე ითქვა? ყველაფერი ფარდაახდილია. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ოპოზიციური ფლანგი და მე სწორედ ოპოზიციას ვუთმობ ყურადღებას. როდესაც ოპოზიციაზე რაღაცას ვამბობ, მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას ვურტყამ. არადა, არ ვურტყამ, უბრალოდ, მინდა, ხმა მივაწვდინო, რომ რაღაც გაიგონ, მაგრამ არ ესმით. უფრო ზუსტად, რაღაც პარტიული გეგმა აქვთ. მათ ქვეყნის გადარჩენა კი არ უნდათ, თავის გეგმას მიჰყვებიან.
ეს რეჟმი ძალიან მეჯავრება. ამ რეჟიმისგან რეპრესირებულიც ვარ, დაჩაგრულიც და დაზარალებულიც. ამის მიუხედავად, თავს ვერ ვაიძულებ, რომ „ქართული ოცნების“ სიძულვილით ხმა მივცე იმ საერთო სიას, სადაც იქნება გახარია, გედი ფოფხაძე, ბესელია, უსუფაშვილი თუ ხვიჩია. გახარია რა ნამუსით იღებს ხმას და რა ნამუსით გვევლინება ოპოზიციად? ეგ არ იყო, გავრილოვის ღამეს სასტიკად რომ დაარბია აქცია?! მაგან არ დაიჭირა ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობის გამო ირაკლი ოქრუაშვილი? მაგან არ დათხარა ბავშვებს თვალები? ამის დავიწყება და მისთვის ხელის ჩამორთმევა ჩემთვის წარმოუდგენელია. ეკა ბესელია რანაირად უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ოპოზიცია? ეკა ბესელია სულისჩამდგმელი და დედაბოძი იყო ამ რეჟიმის. ეს რეჟიმი ახლა კი არ შექმნილა, 2012 წლიდან იქმნებოდა. კარგად მახსოვს, როგორი რიხით იყო ბესელია, როცა „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. ვინ აღარ შეიწყალა ამ ქალმა: მკვლელები, სეპარატისტები, ამ ქვეყნის მტრები. ბესელიაზე უარესი იყო ჩუმჩუმელა გედი ფოფხაძე. სულ კუდში დასდევდა მაგ ქალს. სასამართლო უნდოდათ თავისი ზეგავლენის ქვეშ მოქციათ და ამიტომ გამოყარეს „ოცნებიდან“. ახლა თავს ოპოზიციად ასაღებენ.
ყველას გემახსოვრებათ, რა ამბები დატრიალდა 2018 წლის დასაწყისში ბორჯომის საკრებულოში. იქ ოპოზიცია დაგვარბიეს და ნამდვილი ჯოჯოხეთი მოგვიწყვეს. მეც სასტიკად გამისწორდნენ იმ დარბევისას. საავადმყოფოში გადამიყვანეს. ოპოზიციის მხარდასაჭერად ბორჯომში ჩამოვიდა ნიკა მელია, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იყო. მაგასაც ურტყეს და სასტიკად გაუსწორდნენ. გედი ფოფხაძე საკრებულოს აივანზე იჯდა. მელიასა და სხვა ოპოზიციონერებზე თავდასხმას ეგ ხელმძღვანელობდა. ფოფხაძის ხელის ბიჭები ფოფხაძის დავალებით გაუსწორდნენ ნიკა მელიას. დღეს გედი ფოფხაძე იმ პარტიის წევრია, სადაც ნიკა მელიაა.
_ გედი ფოფხაძე პარტიის ჩვეულებრივი წევრი არ არის, ის პარტიის პოლიტსაბჭოშია შეყვანილი.
_ მით უარესი. ამას არ ვიცი, რა დავარქვა, ეს ამომრჩევლისთვის სულში ჩაფურთხებაა. მე ბიძინას ვეომო თუ ამ ნაძირალა გედი ფოფხაძეს, რომელსაც 8 წელი მარტო ვებრძოდი ბორჯომში, იმ წლებში, სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობაც“ სადღაც იყო გამქრალი და მარტოს მიწევდა ბრძოლა. რა არ გადავიტანე ამ ნაძირალა გედი ფოფხაძესთან დაპირისპირების გამო, არაერთი საქმე აღმიძრეს და დღეს ეს მოძალადე ფოფხაძე ოპოზიციაშია. ეს ყველა იმ ადამიანის სულში ჩაფურთხებაა, ვინც ამ რეჟიმს ებრძვის და ებრძოდა. მთელი ეს წლები გედი ფოფხაძე რეჟიმს ამყარებდა და დღეს ფოფხაძე არის „ახალი“. მე უნდა ჩავთვალო ოპოზიციონერად.
ვაი თქვენს პატრონს, ვინც სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის ლოკომოტივად, ხოლო გედი ფოფხაძისნაირებს ოპოზიციონერებად მიიჩნევს. ასეთ ხალხთან ერთად ვერ მოიგებთ არჩევნებს. ასეთი პრინციპით ოპოზიცია ვერავის დაამარცხებს. რაღაცა კვოტას მოიპოვებენ, პარლამენტშიც მოხვდებიან, მაგრამ ამით დასრულდება. ასე არ მარცხდება რეჟიმები. ამაზე მწყდება გული ზუსტად. ეს ხალხი უნდა მიეცეს დავიწყებას. ტელევიზიებმა და ბეჭდურმა მედიამ ეს ხალხი არ უნდა გამოაჩინოს. პოლიტიკოსებმა მათ ხელი არ უნდა ჩამოართვან.
_ ამის გაკეთება გამორიცხულია. ყველგან ბესელია, გახარია და ფოფხაძე არიან.
_ ამიტომაც ვერ დაამარცხებენ რეჟიმს. ოპოზიციის შეკრებებზე დადიან და ჯანდაბას, იარონ, მაგრამ რა აუცილებელია, ისინი კრიტიკულმა მედიამ გამოაჩინოს? მაინც ვერ ვხვდები, როგორ არიან ნიკა მელია და გედი ფოფხაძე ერთ პარტიაში. მესმის, რომ ნიკა გვარამიას ძამაკაცია გედი და იმან მიიყვანა პარტიაში, უნდა, რომ ძმაკაცი ჰყავდეს გვერდით. რაკი ასე ძალიან გინდა მისი გვერდით ყოლა, მაშინ ცოტა ხანი მაინც დამალე ჩრდილში. მისი გამოჩენა არ არის მომგებიანი. ან რა აუცილებელია, ყველა ასეთი ფიგურა სიაში იყოს? ამაზე ამბობენ, ეს ერთი წელი იქნება და მერე ახალ არჩევნებს ჩავატარებთო. თუ მართლა ერთი წელიწადში აპირებენ ახალი არჩევნების ჩატარებას, მაშინ ასეთი ოდიოზური ფიგურები სადღაც გადამალონ და ერთი წლის მერე გამოაჩინონ. ერთი წლის მოთმენა რა პრობლემაა? აუცილებელია, ერთი სკამიდან ეგრევე მეორე სკამზე გადახტნენ? ამ სკამებს გაციება მაინც აცალონ. მერე თუ ხალხი აირჩევს, მოვიდნენ, არაფერს ვიტყვი. ახლა გამოდის, რომ ოპოზიცია ძალით მატენის ასეთ ხალხს. ამ ხალხის ტრიალს ოპოზიციისთვის ზარალის მეტი არაფერი მოაქვს. არ შეიძლება ამ ხალხის ნდობა, არა! გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის გიმუხთლებენ. 2020 წლის არჩევნების შემდეგ სამჯერ საჯაროდ ხელი მოაწერეს დეკლარაციებს, რომ გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ შევიდნენ. საჯაროდ სამჯერ ხელმოწერილი გადათქვეს, პარლამენტში შევიდნენ და ახლა სალომესთან ხელმოწერილ რაღაც ქარტიას რატომ უნდა დავუჯერო? ამ ქარტიას არასერიოზულად ვუყურებ. სალომე ზურაბიშვილს საერთოდ ვერ აღვიქვამ ოპოზიციად.
_ რატომ ვერ აღიქვამთ?
_ სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ღებულობს სხვადასხვა სერიოზულ გადაწყვეტილებას. ბევრი სკანდალური შეწყალება უკავშირდება მის სახელს. ვინ აღარ ჰყავს გამოშვებული ციხიდან. სხვადასხვა მაღალჩინოსნისთვის აქვს გენერლის წოდებები მინიჭებული. ოკუპირებული ქვეყანა ვართ და ასეთ დროს როგორ შეიძლება, ვინმესთვის გენერლის წოდების მინიჭება, მით უმეტეს, ვახტანგ გომელაურისთვის. ასეთ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს იღებს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარს ამბობს სალომე ზურაბიშვილი. გასულ კვირას მას სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვა კიდევ ერთხელ დაუსვეს. მან უპასუხა, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა და ამას ვერ გავაკეთებო. შე დალოცვილო, იმდენი არაპოპულარული გადაწყვეტილება გაქვს მიღებული, იმის არ შეგრცხვა და სააკაშვილის შეწყალების შეგრცხვა? წარმოუდგენელია.
_ თქვენი აზრით, სააკაშვილი უნდა შეიწყალოს?
_ მიხეილ სააკაშვილის მომხრე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ამის მიუხედავად, ხმამაღლა ვამბობ, რომ ის პოლიტპატიმარია, რადგან ციხეში ზის აბსურდული ბრალდებებით. ძალით შეკერილი და შეთითხნილი საქმეებია. პიჯაკების საქმე და გელაშვილის ცემის ფაქტიც შეთითხნილია. „ქოცებისთვის“ შეიძლება არაპოპულარული იყოს სააკაშვილის შეწყალება, მაგრამ ზურაბიშვილს დანარჩენი საზოგადოება მოუწონებს ამ ნაბიჯს. ამიტომ არ მჯერა მე ამ ქალბატონის. თურმე პრეზიდენტის შეწყალება ყოფილა არაპოპულარული და ბიძინა ივანიშვილის ყარაული გომელაურისთვის გენერლის წოდების მინიჭება _ პოპულარული. სირცხვილია, მართლა!
ბიძინა ივანიშვილი არის ვაჭარი, რომელსაც აქვს სასწორი, აი, ისეთი, ადრე რომ ჰქონდათ ხოლმე, ზედ ორი თეფში ედო. ერთ თეფშზე ბიძინას უყრია რუსეთუმე პარლამენტარები და რასაც უნდა, იმას აკეთებინებს და მეორე თეფშზე კიდევ ვითომ პროდასავლური სალომე ზურაბიშვილი უზის. თავისი ფულისა და ქონების დასაცავად ამ სასწორს ათამაშებს აიწონა-დაიწონას. ის ჩვეულებრივად თამაშობს ქვეყნის ბედით. სამწუხაროდ, ოპოზიციაც ჩაფლულია ამ თამაშში.
მე ვარ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომელსაც მაქვს იმის რესურსი, რომ რომელიმე პარტიას 150-200 ხმა მოვუგროვო. მაგრამ ამიხსენით, ვისთვის გავაკეთო ეს, ამათთვის? ვიღაც მეტყვის, რატომ ოპოზიციისთვის, ეს სამშობლოსთვის უნდა გააკეთო, ახლა დაპირისპირების დრო არ არის და ყველა ერთად უნდა დავდგეთო. სადღაც მართალია ეს, მაგრამ არც ის მინდა, რომ ისევ ცუდსა და უარესს შორის გავაკეთო არჩევანი. ახლა ისევ ცუდსა და უარესს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება, ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მე ლავირების საშუალება უნდა მქონდეს, რომ ვიღაც ნორმალურს მივცე ხმა, ანდა უნდა წავიდე არჩევნებზე და საერთოდ გავაფუჭო ბიულეტენი. შეიძლება, რაღაცაზე დავხუჭო თვალი, მაგრამ ვერ დავიბრმავებ. ოპოზიცია მეუბნება, რომ თვალი ამოითხარეო.
_ გამოსავალიც არ ჩანს. ზემოთ თქვით, რომ 20 წელიწადში შეცვლიან ახალგაზრდები სიტუაციასო, მაგრამ 20 წელი ვერ დავსხდებით და ვერ დაველოდებით. რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ საკითხავია, როგორ?
_ გამოსავალი არის 20 წლის შემდეგ, რომელიც ძალიან შორი პერსპექტივაა, ახლო მომავალზე რა ვთქვა, არ ვიცი. ისეთი სახეებია ოპოზიციაში, რომ იმედი არ მაქვს. ეს სანქციები უხერხულობას აუცილებლად შეუქმნის ამ ხელისუფლებას, მაგრამ აიტანს. ამ უტიფრებს იმდენი ფული აქვთ ნაშოვნი, თავის გატანა არ გაუჭირდებათ. ამერიკაში კიდევ სულ არ წავლენ. შედეგი თუ გვინდა, მაშინ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს. მთავარი ისაა, ამ ქვეყანაში და უნდა შეწუხდეს. ისეთ დონეზე უნდა დაასანქცირონ, რომ მაგის ოჯახის ვერცერთმა წევრმა საქართველოდან ცხვირი ვერ გაყოს.
საპროტესტო მუხტი ჯერ ისევ არის, მაგრამ ზაფხული დადგა და გვინდა თუ არა, ეს პროტესტი მაინც მინელდება. რაღაც აქტივობები იქნება, მაგრამ ისეთი არაფერი. პროცესების განახლებას უფრო სექტემბრიდან ველოდები. მანდ უფრო გამოჩნდება, იქნება თუ არა რაიმე გამოსავალი. გამოსავლის პოვნა შექმნილ ვითარებაში ძალიან რთულია.
_ ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი ამბობს, რომ რეჟიმი სულს ღაფავსო.
_ არანაირად არ ღაფავს სულს და იმასაც გააჩნია, ვინ იტყვის ამას. ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებმაც 2020 წელს გატეხეს სახალხოდ დადებული პირობა და სამარცხვინოდ შევარდნენ „ქოცებთან“ ერთად ივანიშვილის „ბუტკაში“. „ქოცებთან“ ერთად დადიოდნენ მივლინებებში, მთელი ეს წლები „ქოცებს“ მიიჩნევდნენ კოლეგებად. დღეს ეს ხალხი ბესელიასა და ფოფხაძეს მიიჩნევენ თანამებრძოლებად. ასეთი ხალხი რატომ უნდა ავირჩიო? ეს გამორიცხულია. არჩევას რომ მთხოვ, ის ქოცური წარსული მაინც გამოისყიდე.
ძალიან კარგად ვიცნობ ალეკო ელისაშვილს. მასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ როგორც კი ივანიშვილის „ბუტკაში“ შევიდა, სულ დავცინოდი და მწარედ ვაკრიტიკებდი. პარლამენტში შესვლით ალეკომ მართლა თავი მოიჭრა, მაგრამ ეს შეცდომა მან გამოისყიდა _ კაცმა თავი გაალახინა ამ რეჟმს. დანარჩენი კი მარტო მიკროფონებთან აკეთებს განცხადებებს. ბრძოლის წინა ხაზზე მაინც დადგნენ. ამათგან განსხვავებით ელისაშვილი ცოტათი რეაბილიტირებულია. ამათ მარტო კამერების წინაშე და სცენაზე უნდათ კეკლუცი. ბრძოლის ველზე არ უნდათ ყოფნა. თუ არ იბრძოლე, ვერ ჩამოირეცხავ შენს ჩასვრილს. ამასაც არ აკეთებენ და რატომ უნდა მისცეს მაგათ ხალხმა ხმა? არავინ დაუჭერს მხარს.
სალომე ზურაბიშვილს ვიღაცები ოპოზიციის ლოკომოტივად თვლიან, რაც სამარცხვინოა. თითქმის ორი თვე მართავდნენ ახალგაზრდები აქციებს. ამ ორი თვის განმავლობაში არცერთხელ არ მისულა სალომე ზურაბიშვილი ამ ახალგაზრდებთან. ეს ბავშვები რამდენჯერმე სასტიკად დაარბიეს, მაგრამ ზურაბიშვილი მაინც არ მივიდა. მისი იქ ყოფნის შემთხვევაში სპეცრაზმი არავის დაარბევდა, მაგრამ ეს ქალბატონი იქ არ მივიდა, ამიტომ არ ჩავთვლი ამ ქალს არასდროს ოპოზიციონერად. როცა ახალგაზრდების დახმარება შეეძლო რუსთაველზე, არ გამოვიდა და ახლა ქარტიებსა და რაღაც სისულელეებს იგონებს. თან რა გააკეთა? _ რეფერენდუმის თემა შემოგვიგდო. ამის შემდეგ ამ ადამიანს როგორ უნდა ენდო? წარმოგიდგენიათ, რამხელა ვერაგობას გვატენიდა? რა რეფერენდუმი?! რის რეფერენდუმი?! რა საჭიროა რეფერენდუმი, როდესაც ეს ყველაფერი დამტკიცებულია და კონსტიტუციაშია ასახული.
ამათ პირობებში ევროპულ მომავალთან დაკავშირებით რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, სრულიად საპირისპირო შედეგები დაიდება. ესენი აუცილებლად გააყალბებენ რეფერენდუმის შედეგებს. ის, რაც გვაქვს მიღწეული, იმასაც გვართმევდა სალომე ზურაბიშვილი. ჩატარდებოდა რეფერენდუმი, გაყალბდებოდა შედეგები და გვეტყოდნენ, რომ ხალხს აღარ უნდა დასავლეთიო. სალომე ევროპელობის სახელით წარმოგიდგენიათ, რას გვიჩალიჩებდა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს თემა ისევ შემოაბრუნონ. საბედნიეროდ, ხალხსა და ოპოზიციაში ამ თემამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ყველამ ნეგატიურად მიიღო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თემა შემოაგდო. ახლა ეს ქალი დგას და ლამის ოპოზიციის ლიდერად გვევლინება. ოპოზიციაში როგორი ხალხია, უკვე გითხარით. არ შეიძლება, ოპოზიციამ ყველა გვერდით დაიყენოს. გედი ფოფხაძისთვის და ეკა ბესელიასთვის ხელის ჩამორთმევა სირცხვილია. ის მაინც არ გაუგონიათ, გარეწარს რომ ხელს ჩამოართმევ, თავადაც გარეწარი ხდებიო? ეს გარეწრები ოპოზიციას არანაირ პლუსებს არ შემატებენ. ამის გარდა, საჭირო დროს აუცილებლად უმუხთლებენ. მერე იტყვიან, დავიშალეთ და ერთობა არ გამოვიდაო. იქნება წუწუნი, გვიღალატესო. რატომ აღალატებინეს მერე? ვისი ბრალი იქნება ეს, ბიძინასი? _ რა თქმა უნდა, არა, ეს თავად ოპოზიციის ბრალი იქნება.
ამ რუსულ კანონთან დაკავშირებითაც კი არ ჰქონდათ ნორმალური პოზიცია. ახალგაზრდები უფრო კარგად ხსნიდნენ მის სიცუდეს, ვიდრე პოლიტიკოსები. ყველა კანონი არის ვიღაცისკენ მიმართული. ეს რუსული კანონი არის მიმართული ევროპისკენ. ვისთანაც ჩვენ გაერთიანება გვინდა, ისინი აფინანსებენ აქ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა პროგრამას. რუსეთის დაფინანსება ნულია. რუსების სტილი არაა არასამთავრობოების დაფინანსება.
_ რუსების სტილი დაპყრობაა.
_ დაპყრობა და შავი ფულის ტრიალი იციან მაგათ. ევროპა კიდევ ღიად აფინანსებს არასამთავრობოებს და სხვადასხვა პროექტს. ევროპა არის ის ოჯახი, სადაც ჩვენი ადგილია და ამ დროს ივანიშვილის რეჟიმი ამ ოჯახის წინააღმდეგ ღებულობს კანონს. ეს კანონი ამიტომაა რუსული და ამას მეტი ახსნა არ სჭირდება. ახალგაზრდებმა ასე მარტივად დაასაბუთეს ამ კანონის რუსულობა. ოპოზიცია ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს. ქვეყანაში კი ასეთი სიტუაციაა. ვსხედვართ მაგიდასთან შულერთან ერთად და ვეთამაშებით. ვაგებთ ყოველ ჯერზე, შულერი თვალსა და ხელს შუა გვატყუებს, ნულზე დაგვსვა, ვერც მაგიდიდან ვდგებით, რადგან აზარტში ვართ შესულები და ვიმედოვნებთ, რომ იქნებ შემდეგ დარიგებაზე გაგვიმართლოს და მოხდეს სასწაული. ვერც მაგიდას ვუყირავებთ ამ შულერს, რადგან ამის ერთი ადგილი არ გვაქვს. ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში და გამოსავალი მართლა არ ჩანს. არადა, შეიძლებოდა ამ გამოსავლის პოვნა. ოპოზიცია პრინციპულად რომ დამდგარიყო, ახლა სხვა სურათი იქნებოდა. გვერდზე ეს პოლიტიკური ნეხვი არ უნდა გაეკარებინათ, ახალგაზრდებთან სჯობდა თანამშრომლობა. უამრავი კარგი და სუფთა ახალგაზრდაა. სიაში ისინი უნდა შეეყვანათ. ეს ახალგაზრდები უფრო მეტ ხმას და დივიდენდებს მოიტანენ, ვიდრე ბესელია და ფოფხაძე. მათ საზოგადოებაში ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ. ამათი გამოჩენა საერთოდ არ შეიძლება. ეს ახალგაზრდები ძალიან ნათელი წერტილია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ იცით, რამხელა სიბნელე სუფევს საქართველოში? საშინელება ხდება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რეგიონებში. ამ სიბნელეს ბესელია-ფოფხაძით ვერ გაარღვევ. ამ სიბნელეს ნათელი სახეებით უნდა ებრძოლო.