QronikaPlus
კახა მიქაია: „სალომე ზურაბიშვილი შეიძლება დაიჭირონ“

კახა მიქაია: „სალომე ზურაბიშვილი შეიძლება დაიჭირონ“

2024-04-22 04:02:52

შორენა მარსაგიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით „ქართულ ოცნებას“ ნამდვილი პოლიტიკური ჯოჯოხეთი მოუწყო. მეოცნებეები და მათი მხარდამჭერები წყობიდან გამოვიდნენ და თავისი ნამდვილი სახე აჩვენეს საზოგადოებას. ახლა „ოცნებაში“ შიშობენ, რომ ზურაბიშვილმა შეიძლება მიხეილ სააკაშვილიც შეიწყალოს.

შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს? იყო თუ არა ივანიშვილის მითითება გრიგორიადისის შეწყალება? რატომ არის „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი რუსეთის ოკუპანტად გამოცხადება? რატომ უნდა ირბინონ ევროპელებმა ზარქუასთან კონსულტაციებზე? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია:

_ ბატონო კახა, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას დიდი ამბები მოჰყვა. თქვენი აზრით, ეს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილის მითითებით ხომ არ გააკეთა?

_ ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი? არა მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მიეღო.

_ „ოცნების“ რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ეს მათთვის მზის დაბნელება იყო. ფაქტია, რომ ეს არ არის უბრალო შეწყალება, ეს არის პოლიტიკური პასუხი. თქვენ როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას?

_ ყველაფერი ნათლად გამოჩნდა „შალვა თუდეის“ ეთერში. შალვა „თუდეის ეთერმა“ მე ფარ-ხმალი დამაყრევინა. რაც შეეხება ლაზარეს შეწყალებას, მისი საქმე თავიდან ბოლომე იყო პოლიტიკური. დასასჯელად შეგნებულად შეარჩიეს ეს ბიჭი თავისი ვიზუალიდან გამომდინარე. ამაზე იყო აწყობილი ხელისუფლების მთელი პროპაგანდა. ახალგაზრდობასთან ხელისუფლების დამოკიდებულება თავიდანვე იყო გაცხადებული. „ოცნება“ ყოველდღე გვიმტკიცებდა, რომ ეს ახალგაზრდები არიან სატანისტები, გიჟები და არანორმალურები. ხელისუფლებამ ლაზარეს დაპატიმრებით გაიყიდა თავი. პროპაგანდა, რასაც ხელისუფლება ახალგაზრდების წინააღმდეგ ეწეოდა, იყო სამარცხვინო და დამაზიანებელი ქვეყნისთვის. აქ ჩანდა ხელისუფლების ნამდვილი სახე. სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილს ლაზარეს შეწყალებით ამას წერტილი დაუსვა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ლაზარე აპირებდა პოლიციელის დაწვას. ამ შეწყალებით ზურაბიშვილმა აღასრულა სამართლიანობა. ამიტომაც მე ამ შეწყალებას მხოლოდ მივესალმები.

ხელისუფლებას რაც შეეხება, „შალვა თუდეის“ ეთერში გამოხატული რეაქციებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ისინი შეიძლება, ოფისშიც კი შეუვარდნენ სალომეს. ამით ისინი დააკლებენ საკუთარ თავს. არ გამიკვირდება, თუ სალომე ზურაბიშვილს დაიჭერენ, ისე იყვნენ გაგიჟებულები. მათთვის მზის დაბნელებაც მოხდა და მთვარისაც.

_ სალომე ზურაბიშვილი ასე მხოლოდ იმიტომ არ მოქცეულა, რომ სამართლიანობა აღედგინა. ეს იყო ერთგვარი პასუხი „ქართული ოცნების“ ბოლო ქმედებებზე.

_ სალომე ზურაბიშვილი დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე შეიწყალა ლაზარე. სამართლებრივად ასეც უნდა იყოს. მაგრამ აქ პოლიტიკური მოტივიცაა. 12 აპრილს ირაკლი კობახიძე შეხვედა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, შეხვედრის შემდეგ „ქოცების“ კომენტარები იყო საშინელება. ესენი უკვე აღარ მალავენ, რომ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას. ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი და როგორც პასუხისმგებელი პირი ქვეყნის პოლიტიკაზე, ვალდებულია, პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას და ხელი შეუშალოს ხელისუფლებას იმაში, რასაც ის სჩადის. ზურაბიშვილმა ეს გააკეთა.

_ ამის გამო მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამორიცხავთ?

_ არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის დაჭერასაც. არ მახსოვს, ვინ თქვა, მაგრამ ვეთანხმები მის მოსაზრებას, _ „ქოცებმა“ ორად გაყვეს სამყარო _ ჩვენ და დანარჩენი. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება. ძალიან დიდი პროცესები მიდის ახლა საქართველოში. თეატრები, ფაქტობრივად, აუფეთქდა „ქოცებს“. კულტურულმა საზოგადოებამ ხმა ამოიღო.

_ ეს სფერო ხშირ შემთხვევაში ერიდება ხოლმე ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის ღიად დაფიქსირებას.

_ თავს იკავებენ ხოლმე ხშირად და რაკი ამათაც ამოიღეს ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან საინტერესო ამბები მიდის. ეს ხალხი ახლა ერთბაშად აფეთქდა. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რატომ ხდება ეს. „ქოცები“ ამაზე არ ფიქრობენ და არ სვამენ კითხვას, _ იქნებ, მე ვარ დამნაშავე? მათ ასეთი პოზიცია აქვთ, _ სხვა ყველა დამნაშავეა, მართლები ვართ ჩვენ. ეს არის საზოგადოებისადმი დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება, რაც უნდა დასრულდეს.

_ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილსაც ხომ არ შეიწყალებს?

_ სააკაშვილს ზურაბიშვილი არ შეიწყალებს. სააკაშვილის ფიგურა არ შეიძლება გავუთანაბროთ გვარამიას და ლაზარეს. ის არის სულ სხვა სიბრტყეში. სააკაშვილი არის ხელისუფლების მაშველი რგოლი. რამდენი წელია, როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდებოდა, მიშა გამოვარდებოდა და დაიწყებდა ყვირილს, მოვდივარ საქართველოშიო. მერე ჩამოვიდა და ყველაფერი გააკეთა, რათა ბიძინა ივანიშვილი დარჩენილიყო ხელისუფლებაში. სააკაშვილის შემოქმედების გვირგვინი არის ბიძინა ივანიშვილი. მინდა, მივმართო „ქოცებს“: თქვენ თუ გინდათ, რომ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გახდეს თქვენი მაშველი რგოლი, თავად გაუშვით ციხიდან, მერე შეიძლება მოიგოთ არჩევნები, ხელისუფლებაში მისი დაბრუნებით შეაშინებთ ისევ ხალხს. მგონია, რომ ახლა ესეც აღარ გიშველით. „ქართული ოცნება“ დასრულდა.

_ სხვა თემებზეც გადავიდეთ: გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტიას ყვირილი არის პროპაგანდა. მის ამ შეფასებას რა ახსნას მოუძებნით?

_ გია ვოლსკისთვის, ირაკლი კობახიძისთვის, ირაკლი ზარქუასთვის და „ქოცებისთვის“ რუსეთი არ არის ოკუპანტი. მათთვის რუსეთი არის მშობელი დედა, „მატუშკა როსსია“. ესენი ამ „მატუშკას“ ღვიძლი შვილები არიან. მარია ზახაროვები, სკაბეევები, სალავიოვები ვოლსკების, ზარქუების, კობახიძეების დედმამიშვილები არიან. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ გია ვოლსკისთვის და სხვა „ქოცებისთვის“ რუსეთი არ არის ოკუპანტი. რუსეთის კრიტიკას რომ ერიდებოდნენ, კიდევ რა უჭირს, პირდაპირ ღიად და დაუფარავად იცავენ ისინი რუსეთს. ისინი მენტალობით და ქცევით არიან ნამდვილი რუსები. დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, ბიძინა ივანიშვილი პრორუსია, პროდასავლელი თუ პროქართული ძალაა. მე თავის დროზე მას პროჭორვილელი ვუწოდე. ახლა ვამბობ, რომ ის პროჭორვილელიც არ არის, ის არის რუსი, აქ არავითარი პრო საჭირო აღარ არის. ამიტომ გია ვოლსკისგან ნუ გიკვირთ იმის თქმა, რომ რუსეთი ოკუპანტიას ძახილი პროპაგანდააო. ოპოზიცია, მედია, არასამთავრობოები, დიპლომატიური კორპუსი აცხადებს, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს. არ არის ეს ასე, საქართველოს დღეს მართავს „ნამესტნიკური“ რუსული ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლებაში დღეს ვლადიმირ პუტინია.

_ ვოლსკის, ივანიშვილის, კობახიძის პრორუსულობა და საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია გავიგე, ისინი საბჭოთა კავშირში დაიბადნენ, მაგრამ შედარებით ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიბადნენ, რამ გადარია?

_ ბევრს აქვს ეს კითხვა, რა სჭირს იმ თაობას, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადაო? მე გეტყვით, ყველაფერი დამოკიდებულია აღზრდაზე. შენ შეიძლება დაიბადო დამოუკიდებელ საქართველოში, მაგრამ არასწორად იყო აღზრდილი, გქონდეს არასწორი განათლება მიღებული. ამიტომ ცხოვრობენ დამოუკიდებელ საქართველოში რუსული მენტალობის ადამიანები. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. ასე ერთი ხელის მოსმით საბჭოთა კავშირი და რუსეთი არ დამთავრდება. სამწუხაროა, რომ საქართველოში რუსეთი არ დამთავრდა. სტალინიზმი ამის საფუძველთა საფუძველია. როდესაც დღევანდელ დამოუკიდებელ საქართველოში ქვეყნის ხელისუფლებისგან ისმის სტალინის ქება-დიდება, ცენტრალური სახელისუფლებო ტელევიზიები აცხადებენ, რომ სტალინი დიდი კაცი იყო და საჭიროა მისი ფენომენის შესწავლა, ეს არის კატასტროფა.

_ სტალინის რომელი ფენომენი უნდა შევისწავლოთ, როგორ დაახოცინა მილიონობით ადამიანი, თუ როგორ დაარიგა ქართული მიწები?

_ მათთვის ეს არაფერს ნიშნავს. მათთვის სტალინი დიდი კაცია. ამიტომ არის საქართველოს ხელისუფლება რუსული. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 35 წლისთავზე ისევ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. „რუსული კანონი“ კი არ არის საფრთხე, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. ესენი „რუსულ კანონსაც“ მიიღებენ და პუტინმა თუ გასცა ბრძანება, ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობასაც გააუქმებენ. ეს იქნება საქართველოში ჯერ კიდევ არსებული სტალინიზმის პრობლემა.

_ სტალინიზმის, რომელსაც ძალიან ახალგაზრდა მიმდევრები ჰყავს.

_ არ მიკვირს. შეხედეთ „ალტ-ინფოს“, რამდენი ახალგაზრდაა იქ. ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და სულ კომუნისტების გინებაში ვიყავი. უნდა ვაღიარო, რომ ისინი უფრო ლიბერალური და საღად მოაზროვნეები იყვნენ, ვიდრე „ალტ-ინფოს“ ახალგაზრდები, რომლებიც დაბადებული არიან დამოუკიდებელ საქართველოში. ეს არის სამწუხარო, მაგრამ რეალობაა. ამის საფუძველთა საფუძველი, როგორც უკვე გითხარით, არის სოსო ჯუღაშვილი. ის სოსო ჯუღაშვილი, რომლის ხატიც სამების საკათედრო ტაძარში დაკიდეს. ხატი იქ სინოდის გადაწყვეტილებით დაიკიდა.

_ დაკიდეს, მაგრამ მოუწიათ გატანა.

_ სანამ გაიტანდნენ, ყველამ ვნახეთ, თუ როგორ იცავდა სოსოს ხატს ხელისუფლება და მთელი საპატრიარქო. როდესაც საპატრიარქო სამებაში კიდებს სოსოს ხატს და შემდეგ თავგამოდებით იცავს მას, რატომღა გიკვირთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ირაკლი ზარქუა არის რუსის ბიჭი? მე პირადად არ მიკვირს.

_ ისე, მართლა რაღა უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ათასობით ტაძრის გამანადგურებლის ხატი მთავარ ტაძარში დაგვიკიდეს.

_ 21-ე საუკუნეში საქართველოს ტაძარში არის სტალინის ხატი და მასზე ლოცულობენ. მეტი რა უნდა მოხდეს? დავანებოთ თავი იმას, რომ მან უამრავი ტაძარი დაანგრია. ამ კაცს ეკუთვნის ფრაზა, თუ საქართველომ იარსება ფიზიკურად, სოციალიზმს ექმნება საფრთხე. სტალინმა ხონჩით მიართვა ლენინს საქართველო და სისხლში ჩაახშო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ამ კაცის ხატს იცავს საპატრიარქო და ხელისუფლება. მეტი რა არგუმენტი უნდა მოვიყვანო, რომ საქართველოს მართავს რუსეთი? მომიყვანოს ვინმემ კონტრარგუმენტი და მე აუცილებლად მოვისმენ.

_ ხატის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში იხსნება სტალინის ბიუსტები თუ ძეგლები. ესეც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში, როგორც თქვენ თქვით, გამეფებულია სტალინიზმი.

_ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დავალებით დგამს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სტალინის ბიუსტებს. რუსეთში, მოგეხსენებათ, რომ სტალინიზმის აღორძინება მიდის. საქართველოშიც იგივე პროცესებია. ყველას გვესმის განცხადებები, რომ საქართველო მალე იქნება რუსეთის ბოსტანი. საქართველო უკვე გახდა ბოსტანი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. სულ ცოტაღა გვაშორებს იქამდე, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ გაგვიუქმოს 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა და ოფიციალურად გაგვაფორმოს რუსეთის ბოსტნად.

როდესაც ასეთ ხელისუფლებას ითმენს საზოგადოება, ითმენს პოლიტიკური სპექტრი და თავად ხელისუფლება ბედავს იმის თქმას, რომ კიდევ ოთხი წლით დავრჩები ქვეყნის სათავეშიო, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დიდი საფრთხის წინაშე დგას. ყველაზე მთავარი ისაა, თუ რა ნიღბით გვიპირისპირდება „ქართული ოცნება“. ეს არის კონსერვატიზმი და ტრადიციული ღირებულებები. მეტი რაღა გინდათ? _ ლუბიანკა ტრადიციულ ღირებულებებზე გვესაუბრება. ქართველებს გვასწავლიან ესენი ტრადიციების დაცვას, წარმომავლობას და კითხვას სვამენ, ვართ ჩვენ ევროპელები? როდესაც ამდენს ბედავს ხელისუფლება, ამაზე საზოგადოება უნდა დაფიქრდეს. დღეს ჩვენი პრობლემა მარტო ხელისუფლება არ არის. პრობლემა დღევანდელ ქართულ საზოგადოებაშია, რომელიც, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ძალიან მომთმენი.    

_ უუნარო ოპოზიცია არ არის ჩვენი პრობლემა?

_ ოპოზიცია პირველ რიგში. ბიძინა ივანიშვილი არ არის ძლიერი, უბრალოდ, ოპოზიციაა სუსტი. ძალიან სუსტი.

_ სუსტი თუ ნაყიდი? არსებობს მოსაზრება, რომ ოპოზიცია ნაყიდი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს.

_ ორივე ერთად. გაყიდული ხალხი ვერასოდეს იქნება ძლიერი. ოპოზიცია გაყიდულია და მორჩა.

_ საზოგადოების მოთმინება რამდენად დიდია? როდის უნდა აღშფოთდეს ქართველი ერი? ქვეყნის მთავარ ტაძარში სტალინის ხატი გამოფინეს და ამაზე მეტი რაღა უნდა ქნას ხელისუფლებამ, რომ აღშფოთდეს საზოგადოება?

_ მეტი რაღა შეურაცხყოფა უნდა მოგაყენოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ აუმხედრდე ამ რუს ხელისუფლებას. „რუსული კანონი“ არის მეორეხარისხოვანი. მთავარი ამ კანონის სულისკვეთებაა. რას ემსახურება ის? გვეუბნებიან, რომ დასავლეთიდან შემოსული თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე. დასავლური დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა. არავინ დაგაფინანსებს დასავლეთიდან, თუ ყველაფერი გაწერილი და გამჭვირვალე არ არის. ბოდიში და დასავლეთი რუსეთივით კონვერტით არ იძლევა ფულს. კონვერტით ფულის ჩუქება ბოლშევიკური, „გრუზინული“ ტრადიციაა. დასავლურ სივრცეს ბიძინა ივანიშვილი ედავება გამჭვირვალობას. როგორც უკვე ვთქვი, აქ კანონის სულისკვეთებაა მთავარი და ამის მოთმენა მართლა არ შეიძლება. ეს კანონი ბოლოს აბსოლუტურ დიქტატურამდე მიგვიყვანს.

დროა, ჩვენი საზოგადოება დაფიქრდეს და იკითხოს, მთელი მსოფლიო რატომ გადაირია ამ კანონზე? ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გადაირია; ნატოს გენერალური მდივანი გადაირია; გაერო გადაირია; ეუთო გადაირია; ევროკავშირი გადაირია. ვერცერთმა წაიკითხა ეს კანონი ზარქუასავით და ვერ გაიგო მისი შინაარსი. ახლა ყველანი უნდა მივიდნენ ზარქუასთან და იმან უნდა აუხსნას, რა წერია შიგნით. საზოგადოებამ ხომ უნდა დასვას შეკითხვა, რა ხდება? ერთბაშად ყველა როგორ გახდა წერა-კითხვის უცოდინარი? ჩვენ 67-ე ადგილზე ვართ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანით. თურმე ჩვენზე უარესად ჰქონია საქმე მთელ დასავლეთს, ვერ გაუგიათ მამუკა მდინარაძის დაწერილი კანონი და ირაკლი ზარქუასთან უნდა გაიარონ ტრენინგი.

_ ეს ყველაფერი კომიკურია, მაგრამ სინამდვილეში სატირლად გვაქვს საქმე.

_ მართლა კომიკურია ეს ამბავი, მაგრამ კომიკურიც აღარ არის. ამ სიცილ-კისკისში შეიძლება ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დავდგეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პუტინს თუ დასჭირდა, რომელსაც მთელ ევროპასა და საქართველოზე თათი აქვს დადებული, ბიძინა ივანიშვილი აღასრულებს მის ბრძანებას და გააუქმებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 

_ რამდენიმე თვეში არჩვენებია და როგორ ფიქრობთ, დარჩენილ დროში ხალხი გამოიტანს სათანადო დასკვნებს?

_ არჩევანი იქნება ჩვენს ევროპულ მომავალსა და რუსულ ჭაობს შორის. ჩვენ ამ არჩევნებზე ავირჩევთ ან განვითარებას და რუსული პოლიტიკური სივრციდან საბოლოოდ გასვლას, ან დავრჩებით რუსულ ჭობში. ახლა ჯერი არის ქართულ საზოგადოებაზე. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აქ არავინ ჩამოვა და საქართველოს მოსახლეობის ნაცვლად არჩევანს არ გააკეთებს. საკითხი დგას ასე _ არის მზად ქართული საზოგადოება, რომ ამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდეს და დაიცვას საკუთარი ხმები? გიგი უგულავასი არ იყოს, სექსარჩევნებს ბიძინა არ ჩაატარებს.

_ 2012 წელს არც მიხეილ სააკაშვილი აპირებდა სექსარჩევნების ჩატარებას, მაგრამ ყველაფერი მათი ნების წინააღმდეგ მოხდა.

_ მიშა სააკაშვილის დროს იყო კრიტიკული მასა საქართველოში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლება უნდა დაესრულებინა. მაშინ ქართულმა საზოგადოებამ ბევრი იბრძოლა. ოპოზიცია რეალურად დაუპირისპირდა რეჟიმს. ამ ბრძოლაში დასუსტდა მიშა, დავსუსტდით ჩვენც, დასუსტდა მთელი ოპოზიცია და ცარიელ, მოსუფთავებულ პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი.

_ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას უთხრა, გვერდზე გაიწიეთ, შუა უნდა გაიკრიფოსო.

_ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში თავისი კარტი გაათამაშა. აგერ, რამდენი წელია, ამ კარტს ათამაშებს. მე მიშაზე საუბარი მივატოვე მას შემდეგ, რაც ის არის პატიმარი. მე მას ვებრძოდი, როცა ხელისუფლებაში იყო. ახლა მიშას ებრძვის ის ხალხი, ვისაც მერაბიშვილისთვის და ადეიშვილისთვის ქაღალდები დაჰქონდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა ხდება? ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი არის ხაბეიშვილი.

_ ფაქტია, რომ არის. ეს თავად „ნაციონალების“ არჩევანია. მათ აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ იგი.

_ არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს წარმოუდგენელია. უკრაინის ომის შემდეგ შეცვლილია მთელი მსოფლიო. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი დასავლეთი დადგა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. დასავლეთი, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ომამდე არ იყო გამოუფხიზლებელი. გამოუფხიზლებელმა დასავლეთმა დაუჭირა მხარი მაშინ ედუარდ შევარდნაძეს. გამოუფხიზლებელმა დასავლეთმა არ მოგვცა მაპი და 2008 წელს მიგვატოვა; გამოუფხიზლებელი დასავლეთი არ რეაგირებდა 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე, მაგრამ როცა კიევს დაუშინეს ბომბები, დასავლეთი იძულებული გახდა, გამოფხიზლებულიყო.

აქამდე არ ვიცოდით, თუ როდის მიგვიღებდნენ ნატოსა და ევროკავშირში. ახლა ეს ფანჯარა ღიაა და ჩვენზეა დამოკიდებული, ავირჩევთ თუ არა ჩვენს ისტორიულ და მარადიულ ნავსაყუდელ ევროპას. იქ გარანტირებული იქნება ჩვენი უსაფრთხოება და ფეხზე დადგომა. ამ დროს საქართველოში ტარდება არჩევნები. კითხვა არის ძალიან მარტივი, ვირჩევთ რუსულ ჭაობს თუ დასავლურ მომავალს?

_ წესით, კეთილდღეობა უნდა ავირჩიოთ.

_ წესით, კი და ამ არჩევანის გაკეთებაში ქართულ საზოგადოებას ვერავინ უნდა შეუშალოს ხელი.

გაზიარება