QronikaPlus
მოტყუებული ემიგრანტი და ყალბ საემიგრაციო ქეისში გამოძალული 1700 დოლარი

მოტყუებული ემიგრანტი და ყალბ საემიგრაციო ქეისში გამოძალული 1700 დოლარი

2024-03-28 05:06:04

გიგა გელხვიიძე

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო საქართველოდან ემიგრაციაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის. მას შემდეგ, რაც ევროპაში ე. წ. ჩაბარება გართულდა და დიდი ალბათობაა იმისა, რომ დეპორტი ჩაგირტყას ევროპის ამა თუ იმ ქვეყანამ, ქართველების დიდი ნაწილი ამერიკაში მიდის.

ვინაიდან ამერიკაში მოხვედრა იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე ევროპაში, ადამიანებს ქვეყანაში მექსიკის გავლით უხდებათ შეღწევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში შესვლამდე ჯოჯოხეთური გზაა გასავლელი, რომელიც დღითი  დღე საშიში და რისკის შემცველი ხდება.

სწორედ ამ გზის გავლა მოუხდა ჩვენი მასალის მთავარ გმირს, 36 წლის შორენა ტაკიძეს, რომელმაც ოჯახის სარჩენად ორი არასრულწლოვანი შვილი და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მშობლები დატოვა საქართველოში.

ვინც ემიგრაციაში მიდის და სურს, რომ მოითხოვოს თავშესაფარი, აუცილებელია თან ჰქონდეს საქმე, რომლის მიხედვითაც ის თავშესაფარს მოითხოვს.

საქმე რამდენიმენაირი შეიძლება იყოს: ოჯახური ძალადობის, პოლიტიკური, სექსუალური ორიენტაციის და სხვ. ტაკიძეს ჩამოთვლილთაგან ოჯახური ქეისი სჭირდებოდა, რომელსაც, როგორც თავად გვიყვება, რეალური საფუძველი ჰქონდა, თუმცა სურდა, რომ ეს ყველაფერი იურიდიულად გამართული სახით ყოფილიყო, რისთვისაც მან მიმართა ქუთაისში მცხოვრებ იურისტ არჩილ ნიჟარაძეს.

როგორც ტაკიძე გვიყვება, ნიჟარაძე მას ნაცნობმა ურჩია და თავადაც ნახა, რომ ადვოკატს მოგებული ჰქონდა რამდენიმე ნსგავსი საქმე და იფიქრა, რომ ეს იყო ადამიანი, ვისთვისაც საქმის მინდობა შეიძლებოდა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, სრული თანხის გადახდის შემდგომ (დოლარის ეკვივალენტში), რომელიც მას ნიჟარაძემ ამ საქმეში მოსთხოვა, ვერ მიიღო ის ქეისი, რომელზედაც ისინი იყვნენ შეთანხმებულები, თუმცა ფულის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემდგომ ნიჟარაძე მას საემიგრაციო სამსახურში დასმენით დაემუქრა, რასაც ტაკიძე შეიძლება პრობლემების წინაშე დაეყენებინა, ამას კი მისი მშობლების ნერვიულობა მოჰყოლოდა და გადაწყვიტა, ბრძოლის სხვა მეთოდი მოეძებნა სასამართლოს ნაცვლად.

საქმეში აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: არჩილ ნიჟარაძე ქეისის შექმნის მსურველებს უკეთებს ცნობას, რომ ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რაც იძლევა იმის ვარაუდს, რომ იურისტსა და „მთავარ ოპოზიციურ“ პარტიას შორის არსებობს გარკვეული სახის გარიგება. 

უფრო მეტ დეტალს აღნიშნული საკითხის შესახებ შორენა ტაკიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

შორენა ტაკიძე:

_ ვიმყოფები ამერიკაში, ემიგრაციაში და, რა თქმა უნდა, დამჭირდა საემიგრაციო ქეისი (საქმე, რომლის მიხედვითაც ადამიანს შესაძლებლობა აქვს, მიმართოს ამა თუ იმ ქვეყნის საემიგრაციო სამსახურს თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით), ახლობელს მივმართე და მან მირჩია, რომ დავკავშირებოდი ბატონ ლევან ჭელიძეს, რომელმაც გადამამისამართა ბატონ არჩილ ნიჟარაძესთან და დაიწყო საუბარი ბატონ არჩილსა და ჩემ შორის. საუბარს ესწრებოდა მამაც.

გადავხედე მის საქმიანობას სოციალურ ქსელში, ვნახე მოგებული საქმეები და ვიფიქრე, რომ ადამიანი არ მომატყუებს, ისეთი რეკომენდაციები ეწერა კომენტარებში, ჩავთვალე, რომ სწორ მისამართზე მოვხვდი.

ავუხსენი ჩემი მდგომარეობა, რომ ქეისი მჭირდებოდა ოქტომბერში. შევთანხმდით ღირებულებაზეც, 1700 დოლარად მოვილაპარაკეთ, რომ გაკეთდებოდა ქეისი, რომელიც იქნებოდა ოჯახური ძალადობის მუხლით შედგენილი და არა რაიმე პოლიტიკური კუთხით.

მე ვუთხარი, _ არჩილ, არანაირი პოლიტიკა არ ახსენო ჩემს ქეისში, რადგანაც მე ის არ მჭირდება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როდესაც დრო მოვიდა, რომ მას უნდა გამოეგზავნა ჩემთვის უკვე დასრულებული ქეისი, პროცესი დროში გაიწელა. მეუბნებოდა, _ დღეს-ხვალ.

_ თანხა წინასწარ გადაიხადეთ?

_ დიახ, 700 დოლარი აქედან (ამერიკიდან) გადავურიცხე, როდესაც დაიწყო ქეისის დაწერა, ხოლო შემდგომ მამაჩემისა და დედაჩემის ჩასვლა იყო აუცილებელი, რადგანაც ისინი ადასტურებდნენ ჩემს რეალურ მდგომარეობას და 1000 დოლარი მამამ მისცა ხელზე, საკუთარ ოფისში. საბოლოოდ გადავიხადეთ 1700 დოლარი.

_ რა ხდება შემდეგ?

_ ამის შემდეგ დაიწყო ნერვიულობა. რა თქმა უნდა არანაირი ქეისი არ იყო, იყო ინტერნეტიდან ამოჯღაბნილი ერთი ფურცელი და „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობა და ამაზე გადავირიე. მერე მივეცი სადღაც ორი კვირა ვადა, რომ მაინც ჩემი საქმე გაფუჭებულია და ძალიან გთხოვ, სხვა ქეისი დამიწერე-მეთქი. ბოლოს და ბოლოს გადმომიგზავნა ვიღაცის ქეისი, შეცვლილი ფორმით, შეიძლება ის ისტორია, რომელიც გადმოაგზავნა, საერთოდაც არ არსებობდა.

მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ადამიანთან საუბარს.

_ შეურაცხყოფა მოგაყენათ?

_ შეურაცხყოფა, მუქარა. მე ვუთხარი, რომ დაგიწერ საჩივარს და გამოვაქვეყნებ, რა ადვოკატიც ხარ-მეთქი.

_ რა გითხრათ ამაზე?

_ გამოაქვეყნე სადაც გინდა, იქით გიჩივლებო და დაიწყო რაღაცები.

_ როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები?

_ მამა გულით ავადმყოფია და აღარ მინდოდა, რომ ენერვიულა და ეს 1700 დოლარი თავზე შემოვივლე, ფაქტობრივად. ერთ-ერთ ამერიკულ ჯგუფში ვიღაცას ეწერა ქეისებთან დაკავშირებით და მეც დავწერე, რომ არჩილ ნიჟარაძეს არ გაეკაროთ-მეთქი. ეგ იყო და ეგ. მერე რაღაც ფურცლები გაატანა სხვას და მამაჩემმა აიღო ის ფურცლები, რომლებიც არაფერში გამოდგება და უბრალოდ საშინელებაა.

მინდა, რომ ხმა მივაწვდინო საზოგადოებას, რომ შეიძლება იდეალური ადამიანია ბატონი არჩილი პირად ურთიერთობაში, მაგრამ ქეისთან დაკავშირებით არ მინდა, რომ ვინმეს ჩემსავით დაემართოს, რადგანაც 1700 დოლარი ამერიკაში ხეზე არ იკრიფება და ჩვენ ვწვალობთ. მე ჯოჯოხეთს გავდივარ, რომ კვირაში ავიღო 900 დოლარი და, ფაქტობრივად, ორი კვირის თანხა არც კი დააბრუნა.

_ როდესაც ბატონი არჩილის ფაცებოოკ-ზე მოიძიეთ ინფორმაცია მასზე, ამის გარდა სხვას თუ დაუკავშირდით ვინმეს, თუნდაც იმას, ვისთვისაც მსგავსი ტიპის ქეისი გაუკეთებია მანამდე?

_ არა, არ მომიკითხავს და როდესაც დაიწყო ამ ქეისის დაწერა და დრო, რომ მოვიდა ჩაბარების, არც ქეისი იყო და საბოლოოდ არც ის, რაც მე მჭირდებოდა, რაშიც თანხა გადავიხადე. შემთხვევით ერთმა ნაცნობმა დამირეკა, რომელმაც ასევე დააწერინა ქეისი და მისი ქეისი გამართლდა, მაგრამ არიან კიდევ სხვა ადამიანებიც, რომლებსაც ასე ვერ დავასახელებ, რადგანაც ჯერ არ სურთ, რომ ღიად გამოჩნდნენ, დღემდე ელოდებიან თავიანთი ქეისის დაწერას. ფული გადახდილი აქვთ, ხვალ და ზეგ სასამართლოს ელოდებიან, მაგრამ ქეისი მზად არ არის კიდევ. მე მას დავპირდი, რომ ჩემს საქმეს საჯაროდ გამოვუტანდი და ვუსრულებ. ვინც კი მეკითხება, _ შორენა, რა ქენი ქეისისო, ყველას ვეუბნები, რომ არ გაეკაროთ არჩილ ნიჟარაძეს-მეთქი.

_ ლევანს თუ მიმართეთ?

_ კი, ბატონ ლევანს დავურეკე და სულ მატყუარა მიწოდა. არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ადამიანი ამ თანხას დააბრუნებს, მაგრამ არ მინდა, რომ სხვები იყვნენ მსხვერპლი მსგავსი რაიმესი.

_ თქვენ ახსენეთ ლევან ჭელიძე, რომელმაც გადაგამისამართათ არჩილ ნიჟარაძესთან. მაინტერესებს, თუ გაქვთ ინფორმაცია, ეს ადამიანები ერთ საადვოკატო ბიუროში მუშაობენ?

_ არა, არ მაქვს ეს ინფორმაცია, მე მაქვს ბატონი არჩილის მისამართი. არ ვიცი, ერთად მუშაობენ თუ ცალ-ცალკე.

_ თქვენ თქვით, რომ არ გსურდათ პოლიტიკური თემატიკის ქეისი. თუ გქონდათ არჩილ ნიჟარაძისთვის მიცემული კონკრეტული მონახაზი და მიმართულება, რის მიხედვითაც მას თქვენთვის აღნიშნული ქეისი უნდა აეწყო?

_ როდესაც მოვილაპარაკეთ ფულზე, მე და მამა მესენჯერით ვიყავით ჩართულები. დაგვპირდა, ასე ვიზამ, ისე ვიზამო. ვუთხარი, რომ მინდოდა ოჯახური ძალადობის ქეისი. მოვუყევი, ჩემი პრობლემა რაც მქონდა და ვუთხარი, რომ იურიდიულად მინდოდა დამეწერა ეს ყველაფერი გამართულად, რადგანაც საბუთი უნდა გადათარგმნილიყო ინგლისურ ენაზე და უნდა ჩამებარებინა აქ. რა თქმა უნდა, ვერ მივიღე ეს ყველაფერი. იურიდიულად სრულიად გაუმართავია ის, რაც მომაწოდა, მთელი ერთი საქაღალდეა, თუმცა ისეთი სისულელეები წერია, ალბათ, თქვენც და ნებისმიერი მეტყვის, აქამდე როგორ ითმენდიო? საეროდ სხვა რამ დამიწერა.

_ თქვენ ახსენეთ, რომ შეაცვლევინეთ ქეისი, რა ეწერა მასში?

_ მეორე, შეცვლილ ქეისში ეწერა ოკუპაციაზე, ივანიშვილზე. მე ვუთხარი, რომ ჩემთან ოკუპაციას, ივანიშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ არავის არ ვედავები, ამას ჩემთან საერთო არაფერი აქვს. მე ვედავები ერთ კონკრეტულ ადამიანს და მორჩა-მეთქი.

_ ანუ თქვენ გქონდათ რეალური ამბავი, რომლისთვისაც გინდოდათ იურიდიული ფორმის მიცემა.

_ დიახ.

_ რა გზის გავლა მოგიხდათ ამერიკამდე?

_ როგორც ყველა, ისევე მეც _ მექსიკის გავლით. ერთი წელია უკვე, აქ ვარ, როგორც სხვებმა გაიარეს, მეც ანალოგიურად მომიწია ურთულესი გზის გვალა, ურთულესი 28 დღის.

_ და ამის ფონზე ელოდებოდით ქეისს, რომელიც უნდა ყოფილიყო ერთგვარი გარანტორი იმისა, რომ მოგცემოდათ ამერიკაში ყოფნისა და მუშაობის საშუალება, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩნდა.

_ ასეა. ეს ქეისი საერთოდ არ არის გამოყენებული. შემიძლია დავიფიცო და მტკიცებულებებიც გვაქვს, რომ არ გამოგვიყენებია, სახლში დევს საქაღალდეში (საქართველოში), მეც მაქვს აქ მეილზე გადმოგზავნილი. როდესაც მიგზავნიდა და შემდეგ ვეუბნებოდი, რომ ეს ჩასასწორებელია და ა. შ.

_ იყო თუ არა მის ქმედებაში რამე ისეთი, რამაც გაგაკვირვათ?

_ მეუბნებოდა, დამაკავშირე, ვინ გყავს ადვოკატი ან თანაშემწე, რომ ერთად გავიაროთო. მე ვუთხარი, რომ ეს არ იყო მისთვის საჭირო, მას მხოლოდ და მხოლოდ მოეთხოვებოდა დაეწერა ქეისი ისე, როგორც ამას მე ვეუბნებოდი და სხვებთან დაკავშირება არაფერში იყო საჭირო.

_ რატომ სურდა დაკავშირებოდა თქვენს ადვოკატს ან მის თანაშემწეს? გაქვთ რამეს სახის წარმოდგენა ამასთან დაკავშირებით?

_ არ ვიცი, ალბათ, იმისთვის, რომ რაიმეთი დავეშინებინე. დამემუქრა კიდევაც, რომ საემიგრაციოში მიჩივლებდა. მე ვუთხარი, დააბრუნე თანხა-მეთქი. რა თქმა უნდა, ცივ უარზე იყო, ორი თვე იწერებოდა ქეისი, ის თანხა გადახდილია დოკუმენტების მომზადებაში და მე ეს ფული მეკუთვნისო. მითხრა, თქვენ თუ მიზეზებს ეძებთ და შარზე ხართ, დამაწერინეთ ქეისი და გამომიყენეთ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ფული არ დაბრუნდებაო. გადმომიგზავნა სამჯერ შეცვლილი ქეისი და კიდევ დაუსრულებელი. ხმაც კი აღარ მქონდა, როდესაც ამ ქეისის ნახვის შემდგომ ჩვენი საუბარი შედგა მესენჯერში.

სვეტიცხოვლობა იყო, ჩემს ადვოკატთან უნდა წავსულიყავი და ქეისი ჩამებარებინა, მიგზავნის ორ ფურცელს და მეუბნება, რომ ეს უნდა ჩააბაროო. რა იცით თქვენ, მე რა უნდა ჩავაბარო აქ-მეთქი? მე დაგიქირავეთ თქვენ და გეუბნებით, რომ საქმე არის თეთრი, მაგრამ უნდა დაამტკიცო, რომ შავია, მე ამაში ვიხდი თანხას. შენ თუ დამიმტკიცებ, გადაგიხდი, ჩვენ შევთანხმდით და დამპირდა, რომ გააკეთებდა ყველაფერს. მითხრა, შვიდი ქეისი ჰქონდა მოგებული ამერიკაში და ადამიანი, რომელიც იურისტად მუშაობს და, ასე ვთქვათ, საჯარო მოხელეა, ამას რომ გეუბნება, რა უნდა ქნა? მეც დავუჯერე, ვერც კი წარმომედგინა, რომ ეს შეიძლებოდა ტყუილი ყოფილიყო. სანამ ფული არ გადავაგზავნე, ქეისს არ მოჰკიდა ხელი, მის სახელსა და გვარზე დავრიცხე თანხა და ამის დადასტურება არსებობს.

როდესაც მამა ჩავიდა, რომ საბუთები უნდა წამოეღო და შემდეგ მე ეს საბუთები უნდა გადამეგზავნა კონკრეტულ მისამართზე, უბრალოდ ხელი მოაწერინა რაღაც ფურცელზე და საბუთები არ გამოატანა... ან რა უნდა გამოეტანებინა, რაც არ იყო.

_ როდესაც ის გეუბნებოდათ, რომ საბუთები მწყობრში იყო, თუმცა თქვენ რეალურად ვერ ნახეთ ეს საბუთები, რაიმე სახის მტკიცებულების მოწოდება არ გითხოვიათ, რომ აი, თუნდაც ფოტო გამომიგზავნეთ, რომ მე თქვენი სიტყვების დავიჯეროო?

_ იგონებდა რაღაცა ზღაპრებს. ერთ დღეს გავათენებინე ღამე, წადი-მეთქი ოფისში, არ მაინტერესებს და გადაუღე ფოტო დოკუმენტებს, გადმომიგზავნე-მეთქი. ამის მერე მითხრა, რომ თითქოს მე რაღაც მიზეზებს ვეძებდი, რომ მას ეს ფული ჩემთვის დაებრუნებინა და რაღაც ამბის აგორება მინდოდა მისთვის. ბოლოს ვუთხარი, რომ მას სასამართლოში ვუჩივლებდი და აქეთ გიჩივლებ საემიგრაციო სამსახურშიო. შეურაცხყოფა მომაყენა, მიუხედავად იმისა, რომ ბოდიშიც მომიხადა.

_ როგორ დასრულდა ურთიერთობა თქვენსა და მას შორის?

_ საბოლოო ჯამში, დავემშვიდობე, წარმატებები ვუსურვე მას. ვიღაც ბათუმელის ქეისი იყო გასაგზავნი ბათუმში და ჩემი ქეისიც გაატანა მას. რა თქმა უნდა, ეს ქეისი საერთოდ ხელშეუხებელი დევს, ერთი ფურცელიც კი არ გამომიყენებია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არ მინდა, სულიერად გაჭირვებული ემიგრანტები გახდნენ არჩილ ნიჟარაძის მსხვერპლები. რაც შეეხება თანხას, ჩაქნეული მაქვს ხელი, სადაც ამდენი ვალი, ის 1700 დოლარიც შემომვლებია თავზე.

დიდი წერილი მქონდა დაწერილი ამ საკითხზე და მინდოდა, გამომექვეყნებინა, მაგრამ მერე დავანებე თავი, საქართველოში ორი არასრულწლოვანი შვილი მყავს დატოვებული და არ მინდოდა, მათ ენერვიულათ, რადგანაც ვიფიქრე, რომ ამის მერე ეს ადამიანი (ნიჟარაძე) სხვა მიმართულებას მისცემდა საქმეს და ინერვიულებდნენ ჩემი მშობლებიც და შვილებიც.

შორენა ტაკიძემ „ქრონიკა+“-ს მიაწოდა არჩილ ნიჟარაძისა და ლევან ჭელიძის საქმესთან დაკავშირებული მიმოწერები და ის ხმოვანი შეტყობინებები, რომლებითაც ის და არჩილ ნიჟარაძე კონტაქტობდნენ.

იმისთვის, რომ მკითხველმა უფრო კარგად აღიქვას, ამ საქმეში რა გზის გავლა მოუხდა ადვოკატ არჩილ ნიჟარაძის მიერ დაზარალებულ შორენა ტაკიძეს, მისივე ნებართვით აღნიშნულ ხმოვან მასალას (წერილობითი სახით) და მიმოწერის სქრინებს ვურთავთ სტატიას.

ხმოვანი მიმოწერის ბეჭდური ვერსია:

არჩილი: ქალბატონო შორენა, თქვენ უნდა მომწეროთ ზუსტად ის ვარიანტი, რაც თქვენ თვითონ გაქვთ დაწერილი.

შორენა: არჩილ, ეს არ არის ქეისი, ეს არ არის საერთოდ რაიმე, დააბრუნებ 1700 დოლარს, არ მაინტერესებს არაფერი. ქვას ქვაზე არ დავტოვებ. ან ნახევარ საათში გამომიგზავნი იმ დოკუმენტს, რაც მითხარი, ეს ქეისი არ არის, ხუთგვერდიანი ქეისი ეს არ არის, ან გამოაგზავნი იმას, რაზეც შევთანხმდით ან არადა გიჩივლებ სასამართლოში. თაღლითობისთვის გიჩივლებ სასამართლოში. მე გითხარი, რომ ბოლო დღე მაქვს, ეს რა გამიკეთე?

წინასწარ, რომ ფული აიღე, რაში აიღე ის ფული, ათ გვერდში? თავიდან კარგად ფენდი ენებს. როდესაც გელაპარაკე, მამაჩემი ხომ ესწრებოდა ჩვენს საუბარს. გითხარი, რომ სამოც გვერდამდე მინდა-მეთქი, თუ გამიკეთებ, გამიკეთებ და თუ არა, არა-მეთქი. რატომ არ მითხარი, რომ ვერ იზამდი ამას? რომ აიღე ჩქარ-ჩქარა 1700 დოლარი, ეს ხომ ტყუილი არ არის? დროზე გადმომიგზავნე 60 გვერდი, ნუღარ მემესიჯები, წადი ოფისში და გადაუღე ფოტოები და გადმომიგზავნე!

არჩილი: შორენა, მომისმინე, შენ გენაცვალე, ახლა ეს შეურაცხყოფები ჩავთვალოთ აღელვებისგან გამომდინარე. იმისგან, რაც ვერ გააცნობიერე, რეალურად რა ხდება. ახლა ძალიან მოკლედ გეტყვი: მე შენ გამოგიგზავნე აპლიკანტის განცხადება. არ გაგიგზავნია და ასე შემდეგო, რომ ამბობ, მოგებული მაქვს მარტო მანდ შვიდი პროცესი. ასე რომ, ეგ არის სრული სისულელე, მაგრამ ამას დავანებოთ ახლა თავი. შენ თუ გჭირდება, ეს არის ძირითადი დოკუმენტი, რაც შენ გაქვს და რომ წაგეკითხა ეგ ათი გვერდი, მანდ ნახავდი ყველაფერს. მანდ წერია, რომ მაქვს ამის დამადასტურებელი ესა და ეს მტკიცებულებები, ყველაფერი არის შიგნით, რომ წაგეკითხა, ჩემი ახსნის გარეშეც გაიგებდი, მაგრამ რახან არ წაიკითხე, უბრალოდ შეგეძლო გეთხოვა, რომ დანარჩენ დოკუმენტებსაც, რომელიც მართალია, არ გჭირდება, მაგრამ გადაუღე სურათები და გამომიგზავნეო, სურათებით მაგას ვერავინ წარადგენს იქ, გჭირდება ფურცლობრივი სახით ის ცნობები და ყველაფერი რაც გაქვს, მაგრამ გეთხოვა და კი ბატონო, ჩაგიყრიდი, არ მაქვს პრობლემა. შენ გაქვს ძალიან სრულყოფილი, ძალიან კარგი, თავს დავდებ, ისეთი კარგი ქეისი. თუ გჭირდება დანარჩენი ფოტოებიც, მე არ ვიცი, რაში გჭირდება, მაგრამ თუ გჭირდება, არ მაქვს პრობლემა, საათ-ნახევარში გავბრუნდები ოფისში და სანამ ადვოკატთან მიხვალ მანდ, ის ფოტოებიც გექნება და დანარჩენს რაც მე შენ მაკადრე, ეგ იყოს შენს ნამუსზე. შენ თუ შარზე ხარ და ფულის დაბრუნება გინდა, მე მაგ კლიენტად არ გამოგადგები. ქეისს რაც შეეხება, პირადად დავდებ თავს, რომ უმაღლესი ხარისხის ქეისი გაქვს.

შორენა: ყველა დოკუმენტი გადმომიგზავნე, თუ არადა, დააბრუნე ფული, მეტს არაფერს ვითხოვ, არაფერი მაინტერესებს სხვა. ჩვენ მოვილაპარაკეთ სამოცი გვერდი და დამანაზე სამოცი გვერდი, რა უზრდელურად და ტუტუცურად იქცევი? ჭკუიდან არ გადამიყვანო. წავიკითხე, ეგ არ არის ქეისი, ადამიანი არა ხარ? გადმომიგზავნე 1700 დოლარის, რაზეც მოვილაპარაკეთ, თუ არადა, ფული დააბრუნე. სხვა შემთხვევაში მე გიჩივლებ, აქედან გიჩივლებ. გადმომიგზავნე რასაც გეუბნები, რა ზღაპრებს მელაპარაკები, ვინმეში ხომ არ გეშლები?

არჩილი: ჭკუიდან გადასვლით ნუ მაშანტაჟებთ, ქალბატონო შორენა. რაზეც შევთანხმდით, ის გაქვთ გაკეთებული, თანაც ამ სიტყვებს გადაჭარბებით არ ვამბობ ჰაერზე. კი ბატონო, იმ ფურცლებსაც ჩაგიყრით, არაფერში გამოგადგებათ, მაგრამ მაინც და ეს ყველაფერი, რასაც მეუბნებით, არის შეურაცხმყოფელი ნამდვილად. მარტივად შეგეძლოთ ეგ წაგეკითხათ და გეთქვათ, რომ იმ დანარჩენ ფურცლებზეც გადამიღეთ ფოტოებიო.

შორენა: დამიწერე საემიგრაციო ქეისი, გესაუბრები საქმეზე, არც ხმა მაქვს უკვე და საღადაც ვეღარ ვაზროვნებ, ხვალ სამსახურში უნდა წავიდე. დამიწერე საემიგრაციო ქეისი, დამიწერ, დამიწერ, არ დამიწერ და დააბრუნებ მაგ თანხას, მეტი რა ენაზე ვთქვა? დავიღალე, ადამიანად აღარ ვვარგივარ. გითხარი, პოლიტიკური არ იყოს და სისულელეები დამიწერე რაღაცები. რად გინდა ეს თანაშემწის ნომერი? დამიწერე ის, რასაც ვითხოვ, რამე ზედმეტი მოგთხოვე? რაშიც თანხას ვიხდი და რაზედაც თანხმობა მომეცი, ის ქეისი დამიწერე. ფული გადავიხადე, ხომ არ მჩუქნი? ბოლომდე ამოვა პოლიტიკა თუ ჩავა, პოლიტიკა არ უნდა იყოს ჩვენთან, ხომ გითხარი, საემიგრაციო ქეისი მინდა, ოჯახური ძალადობით, ეს არ არის ქეისი და ვისაც გინდა, იმას მიჰყიდე. 1700 დოლარი ხეზე ხომ არ მომიკრეფია?

შორენა ტაკიძეს ხმოვანი მიმოწერა აქვს ასევე იურისტ ლევან ჭელიძესთან, რომელმაც, როგორც თავად გვიყვება და აღნიშნული ჩანაწერებიდანაც ჩანს, რეკომენდაცია გაუწია არჩილ ნიჟარაძეს, რომ ის სასურველ ქეისს გაუკეთებდა.

შორენა: ბატონო ლევან, გამარჯობა, ბოდიში, რომ გაწუხებთ. თქვენი რეკომენდაციით მოვხვდი არჩილთან, უბრალოდ გადმოგიგზავნით დოკუმენტებს რეები გადმომიგზავნა, 1700 დოლარი გადავიხადე და ნუთუ, ამაში გადავიხადე? ეს არის ქეისი? ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი, ასე ვიზამ და ისე ვიზამო და ეს რა არის? ეს ვისთან გამიშვით, ბატონო ლევან, ეს ვისთან გამიშვით, მასხრად ამიგდეთ. სამოცგვერდიანი ქეისი ან გადმოაგზავნოს, ან დამიბრუნოს თანხა, ეს უთაღლითესი პიროვნებაა (ტირის).

რა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ? საერთოდ არ ვყოფილვარ, აპოლიტიკური ვარ სრულად. ვუთხარი, რომ ეს პოლიტიკა არ მინდა და საერთოდ არ გამირიო-მეთქი და ეს არის ვიღაცის ქეისი და არ მინდა საერთოდ. ეს ადამიანი ვერ წერს საემიგრაციო ქეისებს, დააბრუნოს ფული, საერთოდ არ მინდა არაფერი მაგის. ლევან, დამღუპე, ჩათვალე. ყველაფერი გადაუგზავნე, თუ გსურს. გადმოგიგზავნე ფოტოები, როგორ ადამიანსაც ვუვლი. 3000 დოლარს ვიღებ, 1700 დოლარი მას გადავუგზავნე. 700 გადავურიცხე აქედან, 1000 დოლარი მამაჩემმა ხელზე მისცა. ვუთხარი, მჭირდება საემიგრაციო ქეისი, არა პოლიტიკური, ოჯახური ძალადობის გზით. მიგზავნის სხვა რამეს და რომ ვუთხარი, ეს არ რის საემიგრაციო ქეისი-მეთქი, მითხრა, რომ ახალ ქეისს საიდან დავწერ ერთ საათშიო? ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომ მხარდამჭერი ვარ „ნაციონალების“. არ ვარ არც „ნაციონალების“ მხარდამჭერი და არც „ოცნების“, საერთოდ აპოლიტიკური ვარ. რაც კლიენტს სჭირდება, იმას ხომ უკეთებთ? მე არ მჭირდება არც „ოცნების“ და არც „ნაცების“ რაიმე, აპოლიტიკური ვარ საერთოდ. აქეთ მემუქრება, გიჩივლებ საემიგრაციოშიო, ეს ვისთან გამაგზავნე, ლევან? ეს არის ადამიანი?

გაზიარება