QronikaPlus
იყენებს თუ არა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი საკუთარ გავლენას ბიძაშვილის ციხიდან დასახსნელად?

იყენებს თუ არა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი საკუთარ გავლენას ბიძაშვილის ციხიდან დასახსნელად?

2023-08-22 11:08:27

გიგა გელხვიიძე
2023 წლის მარტში ბათუმში ერთ-ერთ ბარში მეგობრებს შორის დაწყებული შელაპარაკება 22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობით დასრულდა. მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ახალ ადგილში“ სირაბიძემ თუთაშვილს ჭრილობა მიაყენა დანით ფეხის არეში, რა დროსაც თუთაშვილს არტერია დაუზიანდა და დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა, _ მისი გადარჩენა რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა ვერ შეძლეს.
საქმესთან დაკავშირებით მკვლელობის მოტივად სხვადასხვა რამ სახელდებოდა, მათ შორის, საუბარი იყო პოლიტიკურ მოტივზეც. პირველადი ვერსიით, საქმე უკავშირდებოდა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რუსულ კანონს და თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მარტის აქციებს, რაც ნიკა თუთაშვილის მეგობრისთვის, ლევან სირაბიძისთვის გამაღიზიანებელი და მიუღებელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ის და მისი ოჯახი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის, კონკრეტულად კი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და წარსულში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, რიჩარდ სირაბიძის უახლოესი ნათესავები არიან.
თუმცა ვერსია იმის შესახებ, რომ მოტივი პოლიტიკურ ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება იყო, ოჯახების მხრიდან გამოირიცხა, მათ შორის, აღნიშნულს უარყოფდა გარდაცვლილი ნიკა თუთაშვილის მამაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდები მეგობრები იყვნენ და მსგავსს მიზეზს ადგილი არ ჰქონია.
ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში რიჩარდ სირაბიძე ფიქსირდება გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილშიც, კონკრეტულად კი ლევან სირაბიძის მიერ მკვლელობის შემდგომ პირველი სატელეფონო ზარი სწორედ რიჩარდ სირაბიძესთან ხორციელდება. ამის შემდგომ საქმის გარემოებები იცვლება და მეგობარ ოჯახებს შორის ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო იძაბება იმის ფონზე, რომ მკვლელობის ღამეს კლუბში მყოფი მეგობრები, რომლებიც საქმის მთავარი მოწმეები არიან, თავდაპირველ ჩვენებას უარყოფენ და უკვე შემდგომ ჩვენებებში ბრალდებულ ლევან სირაბიძის მხარეს იჭერენ. მათი თქმით, სირაბიძემ ცივი იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა, რაც საქმესთან დაკავშირებით გარკვეული სახის ეჭვებს აჩენს.
უფრო მეტს ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილის დედისგან, ირინა ავაკოვასგან შეიტყობთ, რომელსაც „ქრონიკა+“ დაუკავშირდა:
_ ქალბატონო ირინა, რა ეტაპზეა თქვენი შვილის, ნიკოლოზ თუთაშვილის მკვლელობის საქმე ამ დროისთვის? რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, სასამართლო სხდომები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
_ ჩემი შვილის, ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმეში არსებული მთავარი მოწმეები ვინც არიან, ჩაჩიბაია დავითი და ირაკლი ჯაბნიძე, მათ ორჯერ აქვთ აღნიშნულ საქმეზე ჩვენებები მიცემული და მესამეჯერ რომ გამოვიდნენ სასამართლოზე, სრულიად სხვა ვერსიას მოყვნენ, ანუ ყველაფერს აბრალებენ ჩემს შვილს, თითქოს მას აქვს ხელში საკმაოდ დიდი პურის დანა და მოსდევს ამჟამად ბრალდებულს და ჩემი შვილის მკვლელს, ლევან სირაბიძეს და ამ დროს ის ბრუნდება, ხედავს საფრთხეს და როგორც ესენი აცხადებენ, მოგერიება ხდება მისი მხრიდან. ამისკენ მიჰყავთ ეს ყველაფერი ადვოკატებს, რომ კიდევ უფრო შეამსუბუქონ ლევან სირაბიძის სასჯელი და, ალბათ, საერთოდ განთავისუფლებაც სურთ სასჯელისგან.
_ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ბოლო პროცესებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ სურთ სირაბიძისთვის სასჯელის შემსუბუქება ორ წლამდე, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
_ მე არ ვიცი, ვერ გეტყვით… ორი წელიც არ უნდა მის დედას, რომ მიუსაჯონ.
_ ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი შვილი, ნიკა თუთაშვილი და ბრალდებული ლევან სირაბიძე მეგობრები იყვნენ. თუ გაქვთ ინფორმაცია, რის ნიადაგზე დაიწყო მათ შორის „გოუ ბარში“ კონფლიქტი, რამდენიმე ვერსია სახელდებოდა თავდაპირველად, მათ შორის იყო პოლიტიკური მოტივიც.
_ მე არ მაქვს, სამწუხაროდ, ინფორმაცია. შავარაუდოდ, ვინც იყო იმ დღეს „გოუ ბარში“ და სადაც შემდგომში ეს ჩხუბი გაგრძელდა ბარში „ახალი ადგილი“, იმ ბიჭებმა იციან, მაგრამ არ ლაპარაკობენ.
_ როგორც ამბობთ, საქმის მთავარმა მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს. რას ამბობდნენ ისინი თავდაპირველ ვერსიაში?
_ პირველ ჩვენებებში, რომელიც 11 მარტს აქვთ მოცემული, ჩაჩიბაია დავითი და ირაკლი ჯაბნიძე საერთოდ არ ახსენებენ, რომ ჩემს შვილს დანა ჰქონდა. მეორე ჩვენებაში, რომელიც თუ სწორად მახსოვს, ერთს 23 მარტს აქვს მიცემული, ხოლო მეორეს 30 მარტს, ისინი ამბობენ, რომ რაღაცა საგანი უჭირავს ნიკას, სავარაუდოდ, დანა, მაგრამ გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა ლევან სირაბიძეს, ეს დანა დაენახა ნიკა თუთაშვილის ხელში, ირაკლი პასუხობს, რომ მე იმდენად ახლოს ვდგავარ, ნიკა თუთაშვილთან, დანას ვერ ვხედავ, აქედან გამომდინარე, ვერც ლევანი დაინახავდა ამ დანას. მე ხელს ვკიდებ ნიკას და ამ დროს რაღაც მკვრივ საგანს ვგრძნობ და რომ ჩავხედე ქურთუკის სახელურში, იქ დავინახე კარაქის პატარა დანა და ამის შემდგომ 24-ში სულ სხვა რამ ილაპარაკა.
_ თქვენ პირადად ესწრებოდით ამ სხდომას?
_ სხდომას ვესწრებოდი და როცა გავიგონე ჩაჩიბაიას მოგონილი ეს ტყუილი, წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როდესაც იცით, რომ სულ სხვა დანა ჰქონდა ჩემს შვილს და არა პურის საჭრელი… ძალიან ვინერვიულე…
_ სხვა პირი ამ ოთხი ადამიანის გარდა კიდევ ფიგურირებს ამ საქმეში?
_ არის კიდევ მათი მეგობარი, ირაკლი დიასამიძე, რომლისგანაც აქვს ჩემს შვილს დანა და ის ამტკიცებს, რომ ეს არის კარაქის საჭრელი პატარა დანა ბლაგვი თავით და იმდენად მორყეულია, რომ ნიკა ვერ შეძლებდა მის გამოყენებას, რადგანაც დანა გაიღუნებოდა. ჩაჩიბაია არ ამბობს იმას, თუ საიდან ჰქონდა ნიკას დანა, თუმცა, მისგან განსხვავებით, ირაკლი დიასამიძე ჰყვება სრულ ვერსიას, თუ როგორ წამოვიდნენ ჩაჩიბაია და ჩემი შვილი „გოუ ბარიდან“ და როგორ დაურეკა ჩემმა შვილმა ირაკლი დიასამიძეს იმასთან დაკავშირებით, თუ სად იყო ის, რაზედაც დიასამიძე ეუბნება, რომ ის არ არის სახლში, ჩემი შვილი კი მას უხსნის, რომ მის სახლთან ელოდება. ირაკლი დიასამიძე მოდის სახლში, ჩემი შვილი ეუბნება, მცემეს და დანა მომეციო. ამის შემდეგ ირაკლი დიასამიძეს სახლიდან გამოაქვს პატარა დანა მწვანე სახელურით და ამას ადასტურებს ირაკლი დიასამიძე, იღებს ნიკა ამ დანას და გარბის, ამ დროს კი ჩაჩიბაია ეუბნება ირაკლი დიასამიძეს: ბიჭო, დანა რატომ მიეცი, კი არ სცემეს, ლევანთან მოუვიდა ჩხუბიო, რაზეც ირაკლი პასუხობს, რატომ მოიყვანეთ ჩემთან, თქვენ ხომ ძმაკაცები ხართ და ეს საქმე ვერ მოუგვარეთო? და მის შემდეგ ესენი გარბიან. ჩემი შვილი ისევ ბრუნდება „გოუ ბარში“ და ეძებს ლევანს.
_ თუმცა ლევან სირაბიძე ამ დროს უკვე იქ აღარ იმყოფებოდა, რამდენადაც ცნობილია, ხომ?
_ ლევან სირაბიძე იქ არ არის, მას ჩემს შვილთან ერთად ირაკლი დიასამიძეც ეძებს. სანამ ირაკლი ლევან სირაბიძეს ეძებდა, ჩაჩიბაია და ჩემი შვილი უკვე გაქცეულები არიან იმ ადგილას, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, უფრო კონკრეტულად კი სტალინის ქუჩაზე კლუბ „ახალ ადგილში“. ირაკლი დიასამიძე გარბის იმ კლუბის მიმართულებით და გზაში უკვე ეუბნებიან ერას მოედანზე, რომ არ წახვიდე იმ კლუბისკენ, დაჭრა მოხდაო. _ რა დაჭრაო? _ როდესაც ჰკითხა ირაკლიმ, უთხრეს, რომ ლევან სირაბიძემ დაჭრა ვიღაცაო და როდესაც იკითხა, ვინ იყო და რა ეცვა, უთხრეს, რომ ეცვა მწვანე ქურთუკი, რაზედაც ამბობს, რომ მივხვდი, ნიკა იყო დაჭრილიო.
_ რა ხდება ამის შემდგომ?
_ ირაკლი ურეკავს ჩაჩიბაიას და ეკითხება, თუ სად იმყოფებიან ისინი, რაზედაც ჩაჩიბაია პასუხობს, რომ არიან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ნიკა ჰყავთ მიყვანილი. ეს ყველაფერი იცის ჩაჩიბაიამ, თუმცა არაფერი მოჰყვა სასამართლოზე. ჩაჩიბაია ამბობს მხოლოდ იმას, რომ ჩემს შვილს ხელში უკავია პურის დიდი დანა, რაზედაც ირაკლი დიასამიძე ამბობს, რომ ეს იყო პატარა კარაქის დანა, რომელსაც აქვს მწვანე ტარი. ჩაჩიბაიას სხდომაზე ჰკითხეს, თუ სად იყო აღნიშნული დანა, რომელზედაც ის მიუთითებდა. მან თქვა, რომ დანა რეფერალურის ეზოში, ერთ-ერთ ნაგვის ურნაში გადააგდო. მე მაინტერესებს, სად არის ეს დანა? სად წავიდა?
_ ვინ იცავს თქვენს უფლებებს?
_ არ გვყავს ადვოკატი, ჩვენს უფლებებს სახელმწიფო პროკურორი იცავს, ჩვენ იმიტომ არ ავიყვანეთ ადვოკატი, რომ ჩემი ორმეტრიანი შვილი მოკლა დანით ლევან სირაბიძემ და მაგ დროს ადვოკატის მოძებნის თავი არავის ჰქონია. გარდა ამისა, ჩემმა ქმარმა ისეთი სიტყვა უთხარ მამამისს (ლევან სირაბიძის მამას), რომ შვილი იყო ლევან სირაბიძე მისთვის და ის კაცი ამბობს, ანალოგიურად თუთაშვილი იყო მისი შვილი, ამ კაცმა ისეთი სიტყვა თქვა, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა და რაც ეკუთვნის, მოიხდის იმ სასჯელს, რაც არ უნდა მიუსაჯონო, თუმცა შემდგომ უკვე სულ სხვაგვარად მიატრიალეს საქმე.
_ ლევან სირაბიძის ნათესავი არის, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (პარტია „ქართული ოცნება“), რიჩარდ სირაბიძე. მას საკუთარ სოციალურ ქსელში ფოტოც კი ჰქონდა პროფილზე დაყენებული ლევან სირაბიძესთან ერთად გადაღებული, სწორედ მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ფიქრობთ თუ არა, რომ რიჩარდ სირაბიძე მონაწილეობს ლევან სირაბიძისთვის ბრალის შემსუბუქების საქმეში და ამისთვის იყენებს საკუთარ პარტიულ გავლენებს?
_ მე ერთი ვიცი, რომ როდესაც დავით ჩაჩიბაიამ ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს, შუადღის მერე რიჩარდ სირაბიძემ შეცვლა თავისი პროფილის ფოტო და დააყენა ის, რომელზედაც არის საუბარი და იქ უწერს ლევან სირაბიძეს, რომ ჩემი გული ხარო. შეყვარებულმა თათია თურმანიძემ „ინსტაგრამზე“ დადო ლევანის ფოტო და უწერს, რომ მისი გმირია და რას გულისხმობენ ამაში, არ ვიცი. რაში გამოიხატება გმირობა, ჩემი ორმეტრიანი შვილი რომ გამოასალმა სიცოცხლეს? თავისი მეგობარი? კვირაში ხუთჯერ რომ ჩემს სახლში დადიოდა და დედას მეძახოდა? ეს რომ ჩაიდინა ლევან სირაბიძემ, ამიტომ არის გული და გმირი?
_ სხვა სახის კონტაქტი თუ ჰქონდათ მათ ერთმანეთთან, ვგულისხმობ რიჩარდ და ლევან სირაბიძეებს?
_ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და ეს გამოთხოვილი ზარების ამონაწერითაც დასტურდება, დანის დარტყმიდან _ საავადმყოფოში მიყვანამდე, ლევან სირაბიძემ ზარი განახორციელა რიჩარდ სირაბიძესთან. სასწრაფოს კი არ დაურეკა, რიჩარდ სირაბიძეს დაურეკა. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ რიჩარდ სირაბიძის მამა, დავით სირაბიძე, აძლევს სასამართლოს ცრუ ჩვენებას, რომ გაიარა ლუკა ასათიანის ქუჩაზე, სადაც ირაკლი დიასამიძე ცხოვრობს და დაინახა ჩაჩიბაია დავითი, ნიკა თუთაშვილი და ირაკლი დიასამიძე და ის თუ, როგორ შევარდა ნიკა თუთაშვილი ირაკლი დიასამიძის სახლში და გამოიტანა დიდი დანა.
მინდა, რომ სიმართლე ითქვას ხმამაღლა და ყველამ გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში. მინდა, ისიც დაფიქსირდეს მკაფიოდ, რომ ვეძებ მხოლოდ სიმართლეს! მე მინდა, რომ ის ილაპარაკონ მოწმეებმა, რაც რეალურად მოხდა. 24-ში ვთხოვე იმ ბიჭებს, როდესაც გაჟღერდა სიცრუე, რომ სიმართლე ელაპარაკათ, ის რაც სინამდვილეში იცოდნენ, თუმცა ეს ბავშვები არაფერზე წამოვიდნენ. მე არ ვიცი, რისთვის აკეთებენ ამას, ალბათ, ეშინიათ, ახალგაზრდა ბავშვები არიან. რის სანაცვლოდ აკეთებენ ამას, ვერ გეტყვით.
„ქრონიკა+“-მა მოიპოვა ყველა ის ჩვენება, რომელიც თუთაშვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და რაზედაც ჩვენთან ინტერვიუს დროს გარდაცვლილის დედა, ირინა ავაკოვა საუბრობს, რომლებსაც მასალას თან ვურთავთ, რათა მკითხველისთვის ამბავი უფრო მეტად ცხადი გახდეს.
ცნობისთვის: 22 წლის მეზღვაურ ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძის მიმართ საქმე აღძრული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, თუმცა შემდგომში საქმე უკვე მკვლელობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირებულიყო, ასეთ შემთხვევაში კი ბრალდებულს სასჯელის ვადით განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრა წლამდე.

გაზიარება