QronikaPlus
„საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, მიიღოს სტატუსი მხოლოდ გეოპოლიტიკური ნიშნის გამო“

„საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, მიიღოს სტატუსი მხოლოდ გეოპოლიტიკური ნიშნის გამო“

2023-07-02 18:40:32

ირინა მაკარიძე

საქართველოს პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებისას აღნიშნა, რომ დრო და კონტექსტი იყო შეუფერებელი, რადგან განიხილებოდა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი. წელიწადისა და ერთი თვის შემდეგ მისი შეწყალების დროც და კონტექსტიც დაკავშირებული აღმოჩნდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან.

რას შეცვლის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაში? რამდენად წაადგება ეს ფაქტი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე? რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი:

_ ნიკა გვარამიას შეწყალება და მისი განთავისუფლება თავისთავად მისასალმებელი ამბავია და მე პირადად მიხარია არა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ჩემი მეგობარია და საპატიმროში აღარ ზის, არამედ ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს საქართველოში, სადაც პრეტენზია გვაქვს, რომ დემოკრატიული საზოგადოება ვართ და ევროპული განვითარებისკენ მივისწრაფით, ხელისუფლება არ უნდა დევნიდეს ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს, სასამართლოებში არ უნდა ჰქონდეთ საქმეები და არ უნდა აპატიმრებდნენ მათ. ამ შემთხვევაში ნიკა თავისუფალია, მას არ ეკუთვნოდა პატიმრობა იმ წარდგენილი ბრალდებით, რის გამოც რეალურად არავინ არასდროს დასჯილა. საერთოდ, ნონსენსი იყო ეს პატიმრობა, ეს ბევრჯერ აღინიშნა ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. თავისთავად, მისი პატიმრობის ფაქტი იყო აგრესიულობისა და საწინააღმდეგო აზრის აუტანლობის გამოხატულება. რამდენადაც არ უნდა მოგწონდეს ვინმეს რიტორიკა, საუბარი, მით უმეტეს, ჟურნალისტის, მედიამენეჯერის, მისი დაპატიმრება გაუგებარი მიზეზებით არის წარმოუდგენელი, აბსოლუტურად არადემოკრატიული და შეუსაბამო ნებისმიერ სტანდარტთან, რაც ნორმალურ სამყაროში არსებობს.
_ რამდენად გქონდათ მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს გადადგამდა და რას იტყვით ამ გადაწყვეტილების დროსა და კონტექსტზე?
_ დროულობას რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილს რა უფლებამოსილებაც ამ შემცირებულ საპრეზიდენტო პაკეტში აქვს, მას ეს უფლებამოსილება ადრეც უნდა გამოეყენებინა და არ უნდა ყოფილიყო ამის გამო ამდენხნიანი კრიტიკისა და ქვეყნის რეპუტაციის შელახვის ტალღა. არ ვიცი, როგორ მიიჩნია, რომ ქვეყნის შიგნით სასამართლოს მხრივ საქმის პერსპექტივა ამოიწურა. ამავე დროს, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ შეახსენა ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყანა არ ასრულებს რეკომენდაციებს, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების საკითხი იყო გამოყოფილი. ამ კონტექსტში ეს ნაბიჯი გადაიდგა, რაც თავისთავად პოზიტიური ფაქტია, მაგრამ დაგვიანებული. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ამ გადაწყვეტილების ღირებულება უფრო მაღალი ყოფილიყო, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. კარგია, რომ მან აქაც არ თქვა „არა და არასდროს“. არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად იყოს დილემა, რომ ახლა ვინმეს დაიჭერენ, პოლიტიკურად გაუსწორდებიან, მერე გავა დრო, იმას შეიწყალებენ, შემწყალებელი უნდა შეაქო, რაღაც პოლიტიკურ ვაჭრობაშიც შეიძლება ეს გადაიზარდოს. ეს შეუთავსებელია ჩვენი საზოგადოების ევროპულ მისწრაფებასთან და იმ მხარდაჭერასთან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს.
_ ჩვენ ვიცით, რა ზეწოლა იყო სალომე ზურაბიშვილზე, რა განცხადებები კეთდებოდა „ქართული ოცნებისა“ და მასთან აფილირებული ძალების მიერ. ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ ვნახეთ, რომ მისი რეზიდენციის წინ დაწვეს ევროკავშირის დროშა და კვლავაც გრძელდება ეს კამპანია მის წინააღმდეგ. ამის შესახებ რა იტყვით?
_ ტყუილად არ ვამბობთ, რომ ქვეყანაში პრორუსული, მეტიც, პროპუტინისტური ძალები მოქმედებენ. ხელისუფლებას ხშირ შემთხვევაში აქვს არა უბრალოდ გაჩუმებისა და თვალის დახუჭვის, არამედ წახალისებისა და მხარდაჭერის პოლიტიკა. ამის პარალელურად, მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში გრძელდება ანტიდასავლური რიტორიკა. ხელისუფლება არის ამ რეჟიმში, ის დასავლეთს ებრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში შუალედურ განცხადებებს აკეთებს, უცხოეთში ამბობს, რომ ჩვენ ევროკავშირი გვინდა, სტატუსი და ა. შ., რეალობა არის სულ სხვა. ჩვენ ვხედავთ ურთიერთობას რუსეთთან, დაპირისპირებას უკრაინის ხელისუფლებასთან, არაგულშემატკივრობას უკრაინის გამარჯვების მიმართ, რაც, რეალურად, საქართველოს ინტერესებშია. ეს პროცესებიც ამის ნაწილია. ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც ომი არ უნდა, ამ დროს ქვეყნის შიგნით ხელს უწყობს დაპირისპირებას. ვნახეთ, რა მოხდა წინა დღეებში _ ძალადობა ზურაბ ჯაფარიძეზე, ახალგაზრდების მიმართ ქვების სროლისა და ძალადობის ფაქტები. აგრესიის წახალისება არანაირად არ ჯდება იმაში, რომ ქვეყანას პრიორიტეტად მიაჩნია რომელიმე რეკომენდაციის შესრულება და ამის საფუძველზე ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა. ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი კანდიდატის სტატუსის მიღების, მხოლოდ განცხადებების დონეზე კეთდება ამის მხარდაჭერა, ისიც იმიტომ, რომ ამ კანდიდატის სტატუსმა მოუტანოს უპირატესობა არჩევნებზე, საარჩევნო კამპანიის ნაწილად სჭირდებათ ეს და არა რეალური რეფორმისა და რეალური ევროინტეგრაციისთვის. კანდიდატის სტატუსის მოპოვება არის ერთი გარკვეული ნაბიჯი, მას თუ არ მოყვა სხვა ნაბიჯები და არ იქნა სურვილი და ხედვა ამ მიმართულებით, დარჩება უბრალოდ სტატუსად. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, მიიღოს ეს სტატუსი მხოლოდ და მხოლოდ გეოპოლიტიკური ნიშნის გამო, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის აგრესიის საფრთხის, ასევე იმის გამო, რომ საქართველო, ასეთი სტრატეგიული ლოკაციისა და ისტორიულად ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანა, არ დაიკარგოს და არ გახდეს ისევ რუსეთის ნაწილი ამა თუ იმ ფორმით. სხვა მხრივ, რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, ეს შანსი არ აქვს.
_ ამ ერთგვარი „მარცხის“ შემდეგ, რადაც აღიქვეს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ, რამდენად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლების სამიზნე სხვა ოპონენტები, მათ შორის, ოპოზიციური ლიდერები აღმოჩნდნენ?
_ არის ამის საფრთხე, რადგან ხელისუფლებისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება. მისი სტრატეგია, _ რუტინული, ყოველდღიური თუ საარჩევნო, _ ემყარება სწორედ რეპრესიულ, ძალადობრივ მეთოდებს, ძალის დემონსტრირებას და არანაირ უკან დახევას. ისინი ფიქრობენ, რომ ამომრჩევლების ნაწილში, რომელიც დღეს მხარს უჭერს ხელისუფლებას, ასევე იმ ნაწილში, რომელიც ფიქრობს, რომ ღირს თუ არა ამ ხელისუფლებისთვის მხარის დაჭერა, უპირატესობა ექნება იმ ძალას, რომელიც უფრო ძლიერია. ამიტომ მუდმივად ცდილობენ ძალის დემონსტრირებას. ამდენად, თუ ახლა გვარამიას განთავისუფლებას უკან დახევად აღიქვამენ, ამის გადაფარვას შეეცდებიან ძალადობით. ამასთან, მოსალოდნელია, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ისინი დაიწყებენ შეტევას, რომ ამით კიდევ ერთხელ თავის ამომრჩეველს ასიამოვნონ და შეაგულიანონ. არ გამოვრიცხავ აგრესიას. პრაქტიკულად, საარჩევნო კამპანიას უკვე შეუდგა „ოცნება“, რომელიც დაიწყო არა გეგმებისა და პროექტების პრეზენტაციით, არამედ ოპონენტებზე თავდასხმებითა და ძალადობით. ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ერთ წელიწადში, სანამ არჩევნები მოახლოვდება, იყოს კიდევ პოლიტიკური დევნის გადაწყვეტილებები. დარწმუნებული ვარ, ბევრი საქმე აღძრულიც არის, ეს შეეხება მედიასაც, ცალკეულ პოლიტიკოსებსაც. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ამ კუთხით უფრო დამძიმდეს სიტუაცია. ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ ფიქციაა მათი განცხადებები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. არ დაგიდევენ არც იმას, რომ კონსტიტუციაში გვიწერია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამით ანტიკონსტიტუციურიც არის ამათი მოქმედებები. აგრესია, ღრმა პოლარიზაცია, რადიკალიზაცია, ჯგუფებს შორის დაპირისპირების წახალისება, _ სწორედ საწინააღმდეგოა იმ მიზნის, რომელიც ყველა კვლევის თანახმად, ჩვენს საზოგადოებას აქვს.
_ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არ აპირებს დარჩეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოსტზე, შეიქმნა აზრი მისი აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
_ ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია, მაგრამ ნიკა გვარამია როდის იყო მოშორებული პოლიტიკურ პროცესს? როგორც ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მუდმივად გახლდათ პოლიტიკურ პროცესში ჩართული, მისგან მოდიოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები. მისი რიტორიკა ხანდახან არც მე მომწონებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავამცრო როგორღაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი ჩართვის პოტენციალი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ან პოლიტიკურ პოსტს დაიკავებს, ან კენჭს იყრის არჩევნებზე, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ის იყო პოლიტიკაშიც, იყო მთავრობაშიც, პარლამენტშიც, ვერ მოიშორებს ამას, ძალიანაც რომ ეცადოს. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ის ჩამოშორდეს პოლიტიკას, მით უმეტეს, ისეთ ისტორიულ მომენტში, როგორშიც დღეს ვართ. ნიკას აქვს პოტენციალიც, გამოცდილებაც და გარკვეული მსხვერპლიც გაღებული, როგორც პოლიტიკურ პატიმარს, ეს მთლიანობაში ქმნის ღირებულებასა და წინაპირობასაც პოლიტიკური წარმატებისთვის. ვფიქრობ, რომ ის აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკაში. პოლიტიკა რა არის? _ საზოგადოებისთვის მსახურება. ეს მისი კრედოცაა, ამდენი წელია, მას ვიცნობ.
_ მიმდინარეობს მსჯელობა საერთო ოპოზიციური კოორდინაციის შესახებ. იყო საუბრები „გამარჯვების გასაღებზე“, „მესამე ცენტრზე“, თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?
_ არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. წესით, მომავალი წლის შემოდგომაზეა არჩევნები, თუ მანამ რამე დრამატული არ მოხდა. იმ დრომდე საჭიროა შეიქმნას გარემო, რომელიც მოიტანს სამართლიან არჩევნებს. ის გარემო, რაც დღეს არსებობს და რასაც ხელისუფლება გვიქადის დაძაბულობისა და აგრესიის სახით და კიდევ ის ბერკეტები, რაც მათ აქვთ _ ფინანსური, ადმინისტრაციული, სამართალდამცველებისა და კრიმინალის სახით, ეს თუ არ განეიტრალდა, რა თქმა უნდა, ვერ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები. დარწმუნებული ვარ, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხიც აუცილებლად დაუკავშირდება არჩევნების თემას. ერთ-ერთი მთავარი დათქმა იქნება არჩევნების სამართლიანად ჩატარება, რამაც შეიძლება საქართველოს გაუხსნას გზა სტატუსისა და შემდგომი ეტაპებისაკენ.
რაც შეეხება თვითონ ოპოზიციური სპექტრის სტრატეგიას, გაერთიანების შანსს ვერ ვხედავ, ეს არის არარეალისტური და არაპრაგმატულიც. სხვადახვა პარტიის ერთად ყოფნით ხმების რაოდენობა ვერ იქნება მექანიკური ჯამი, მაგრამ 5-პროცენტიანი ბარიერის გადასალახად რომ საჭირო იქნება რაღაც ტიპის კოალიციები, ეს ცხადია. ამაზე საჭირო იქნება ერთად დასხდომა და საუბარი. დიდ მიზანში ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია შეჯერებულია, ყველას უნდა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ჩვენ წავიდეთ დასავლეთისკენ. ამ ნაწილში, ალბათ, ძალიან მალე უნდა დაიწყოს კოორდინაცია და არა გაერთიანება. საზოგადოებას სჭირდება დაინახოს, ვინ ჩაანაცვლებს ხელისუფლებას, ვინ მოდის, რა გეგმით, რა პროგრამით, რა ხალხით და რა გამოცდილებით. შესაბამისად, ეს თუ არ დაინახა ამომრჩეველმა, მას გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება.

გაზიარება