QronikaPlus
რედაქტორის სვეტი

რედაქტორის სვეტი

2023-06-17 17:44:45

კრებსებიდან - კრებსებამდე

ელისო კილაძე

„არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე.
სათაური ასეთი არა აქვს, სათაური კეთილშობილურია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სინამდვილეში კი არაფერი უქმნის საფრთხეს ჩვენს სახელმწიფოს, არაფერი ხრწნის ისე, როგორც ჩვენ.
ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ.
აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას, გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა.
მე არ მეძებოთ _ ვერ მიპოვით მაინც, ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით“, _ გვწერდა პირი, რომელმაც სუსის ფაილები გამოგვიგზავნა.
ოფიციალური ვერსიით, სუსის ამ თანამშრომლის სახელი და გვარი აკაკი ნემსაძეა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა ოჯახს, არ სჯერათ მის მეგობრებს და არ მჯერა მე, რომელსაც, თავის დროზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აკაკი ნემსაძე სინამდვილეში მოწამლეს.
პირველ ეტაპზე ნიკა გვარამიას, ნოდარ მელაძეს და მე რელიგიის სამმართველოს ფაილები და ე. წ. ჭჰატსAპპ-ის ჩატი მოგვაწოდეს, რომელიც ათასობით ფაილს შეიცავდა მაღალი და დაბალი სასულიერო პირების გარყვნილ ცხოვრებაზე, კორუფციულ გარიგებებზე, ბიზნესწილებზე, „კანონიერ ქურდებთან“ მათ კავშირებზე, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე, კონტრაბანდულ ტვირთებზე და შავ ფულზე. მასალა იმდენად ყოვლისმომცველი იყო, საბოლოოდ ყველა ფაილის გასაჯაროება ვერც კი მოხერხდა, მით უფრო, მედიამ პირადი ცხოვრების მასალების გასაჯაროებაზე საერთოდ უარი თქვა.
სახელმწიფომ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება დაიწყო არა დანაშაულის შემცველ ქმედებებზე, უკანონო მოსმენებსა და თვალთვალზე, არამედ გავრცელების ფაქტზე. გამოკითხული ვარ მეც მოწმის სტატუსით, თუმცა დღემდე არ ვიცით, რა გამოიძიეს და ვინ იდგა ჰაკიმ ფაშას უკან. სამაგიეროდ, დაუსჯელი დარჩა სპეცსამსახურის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ამ უკანონო ქმედებებს სჩადიოდა.
გავიდა დრო…
ზუსტად რამდენი, არც კი მახსოვს და რამდენიმე დღის წინ, ამჯერად, ანონიმური პროფილი გამოჩნდა, რომელმაც მაცნობა, რომ შექმნა პლატფორმა, სადაც ყოფილ და მოქმედ თანამშრომელს, თანამდებობის პირს, რიგით მოქალაქეს საშუალება ექნებოდა, აეტვირთა მასალები, რომლის გამომქვეყნებლის ვინაობა ინკოგნიტოდ დარჩებოდა. საიტზე გამოჩნდა სასულიერო პირების ძველი და ახალი კრებსები, რომლებიც იერარქების პირადი ცხოვრების მასალებს მოიცავს. საიტზე განთავსებულია ფოტოები და დაბაგული ვიდეომასალები, რომელიც არ იხსნება.
რელიგიის ფაილების გარდა, პირველად აიტვირთა სუსის მეორე სამმართველოს ე. წ. პოლიტიკური ნაწილის ფაილები, დაანონსებულია მასალები მოქმედ პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, ქოლცენტრებსა და ა. შ.
ჯერ ვფიქრობდი, რომ ეს დადგმული პროვოკაცია შესაძლოა, მიმართული ყოფილიყო ჩემ წინააღმდეგ, რადგან ქოლცენტრების სკანდალმა შესაბამისი გამოხმაურება ვერ მოიპოვა. ელოდებოდნენ და ელოდებიან, წამიცდება თუ არა ხელი, ვინმეს პირადი ფაილების ან გამოქვეყნებაზე, ან სხვა პირისთვის გაგზავნაზე, მაგრამ ამ ვერსიის რეალურობაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. არც ისე უჭკუოები სხედან სუსში, რომ არ ფიქრობდნენ _ მსგავსს პროვოკაციას არ წამოვეგები.
მაშინ, რა პროექტია და რაზე შეიძლება იყოს გათვლილი ეს საიტი?
სავარაუდოდ, ფართომასშტაბიან მხილებაზე, რომელიც ისედაც სრულიად უავტორიტეტოდ დარჩენილ ქვეყანაში მორალურ ავტორიტეტებს საერთოდ აღარ დატოვებს.
შესაძლებელია თუ არა, ეს იყოს „ოცნების“ ხელისუფლება?
სავარაუდოდ _ კი, რადგან გამოკითხვაზე არ მიბარებენ.
მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მაგრამ… სუსის ფაილებში პირველად გამოჩნდა პირადად ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერები, მისი დამოკიდებულება და შეფასებები ცალკეული იერარქების მიმართ. ვინ უსმენდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოძღვარს და მის ნათესავებს? ვისი ნებართვით ხდებოდა მოსმენა და არა მხოლოდ მოსმენა, არამედ მოსმენილი მასალების დაფაილება, შენახვა და ბოლოს გასაჯაროება?
ჯერჯერობით კითხვები კიდევ უფრო მეტია, ვიდრე _ პასუხები.
სად გადის ზღვარი? _ არ ვიცი.
როდის დასრულდება? _ ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო.
სად დასრულდება? _ პროგნოზი ძნელია.
საფრთხე _ გაცნობიერებული მაქვს, ასევე ინფორმაციის ზიდვის მორალური ტვირთიც, სოციალური პასუხისმგებლობაც და ვიცი, შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს, ჩემი შეცდომა მესანგრის შეცდომა იქნება, რომელზედაც თავად ავფეთქდები.
ახლა ყველაზე უფრო ის მაწუხებს, მოხვდება თუ არა ჩემს ხელში მასალები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე, რომლის ანონსი სხვადასხვა დროს არაერთგზის გაჟღერებულა სხვადასხვა წყაროდან.
და რა შეიძლება მოხდეს მერე?
დავტოვოთ ეს კითხვა კითხვად.

გაზიარება