QronikaPlus
ფინანსური გადაცდომა 56-ე საჯარო საბავშვო ბაღში

ფინანსური გადაცდომა 56-ე საჯარო საბავშვო ბაღში

2023-05-27 15:26:25

თამუნა მჭედლიშვილი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს _ გოგი ჩიქოვანი. ვიმედოვნებ, რომ იგი ამ სტატიას გაეცნობა და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს, რომელსაც ყურიც კი არ ათხოვა მისმა წინამორბედმა, კახაბერ გვანცელაძემ და „ქართულ ჯიგრულ პონტში“ გაწირა არასრულწლოვანი, მისი მშობელი და თითოეული კეთილსინდისიერი გადამხდელის უფლებები _ ფაქტობრივად, ბიუჯეტის ქურდს დააფარა ხელი!

კითხვა: რატომ? საინტერესოა, გამოეპარა, იცოდა თუ ზემოდან დაავალეს?!
2021 წლის 5 ივლისს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში“ წერილი შევიდა (რეგისტრაციის ნომერი 19/01211861566-66) თბილისის 56-ე საჯარო საბავშვო ბაღის აღსაზრდელის, მცირეწლოვანი ს.მ.-ის აკადემიური დასწრებისა და რეგისტრაციის ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. მიღებული პასუხით ბაღების მართვის სააგენტო და თბილისის 56-ე საჯარო ბაღის ხელმძღვანელი, მზია ჯიბლაძე, იუწყებოდა, რომ არასრულწლოვანი ს.მ. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ირიცხებოდა ელექტრონული რეგისტრაციის საფუძველზე 2018 წლის 8 ოქტომბრიდან და დადიოდა აღნიშნულ ბაღში წელიწად-ნახევრის განმავლობაში. განცხადების პასუხს სააგენტომ აღსაზრდელის აკადემიური დასწრების ნუსხაც დაურთო. სწორედ აკადემიური დასწრების მონაცემებში ამოვთხარე დამარხული ძაღლის თავი, რასაც თბილისის ფინანსურმა პოლიციამაც მიწა მიაყარა ზედ!
როგორია რეალობა და რატომ არ „გაწირა“ დღემდე 56-ე საბავშვო ბაღის დირექტორი, მზია ჯიბლაძე, თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს იმდროინდელმა ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ?
არასრულწლოვანი ს.მ. ნამდვილად ჩაირიცხა ელექტრონული რეგისტრაციის საფუძველზე 2018 წლის 8 ოქტომბერს თბილისის 56-ე საჯარო საბავშვო ბაღში, მაგრამ… ფაქტობრივად დადიოდა კერძო ბაღში „ნინია“, რომელიც ზვარეთის ქუჩა #6ა-ში მდებარეობს. 8 თვის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა ბავშვი ფიზიკურად 56-ე საჯარო ბაღში. გარდა იმისა, რომ არსებობენ ცოცხალი მოწმეები, ოჯახის წევრები, ბავშვის პირადი მძღოლი, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-8 განყოფილების გამომძიებელი _ არასრულწლოვნის დედა, თ. ახალშენიშვილი (რომელიც საჯარო ბაღის დირექტორის მეგობარია და 2019 წლიდან 56-ე საჯარო ბაღის თანამშრომლად ირიცხება), ქ-ნ მზია ჯიბლაძესთან ერთად გვიმტკიცებს, რომ ს.მ. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ 56-ე საჯარო ბაღში დადიოდა.
არასრულწლოვნის მშობელს (მამა) წარმოდგენილი აქვს საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმები (2018 წლის 26 ნოემბერი, 2018 წლის 03 დეკემბერი), სადაც აღნიშნული და დაფიქსირებულია, რომ არასრულწლოვანი ს.მ. იმყოფება კერძო ბაღ „ნინიას“ ტერიტორიაზე და დედა, თ. ახალშენიშვილი წინააღმდეგობას უწევს მას (შეუზღუდავი უფლებების მქონე) გაატანოს ბავშვი სასეირნოდ. მტკიცებულებას, რომ არასრულწლოვანი 8 თვის განმავლობაში ნამდვილად მხოლოდ კერძო საბავშვო ბაღში დადიოდა, ადასტურებს ამავე ბაღის პასუხისმგებელი პირის, ნუნუ აჩელაშვილის სახელზე გაგზავნილი განცხადება საქართველოს ფოსტით ხელზე ჩაბარების შეკვეთით… და რაც მთავარია, უპრეცედენტო ქეისთან დაკავშირებით თბილისის გლდანი-ნაძალადევის მე-8 განყოფილების პოლიციის სამმართველოს გამომძიებელ თამილა ფოცხვერაშვილთან მიცემული ჩვენებები და თბილისის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე გიორგი მაისურაძე) ჩატარებულ პროცესზე არასრულწლოვან ს.მ.-ს დედის, თ. ახალშენიშვილის მიერ მოწმის სტატუსით მოყვანილი კერძო ბაღის აღმზრდელი ანა დევიძე! ე. ი. სასამართლოს ცრუ მოწმე მოუყვანა და გამოძიებას (სისხლის სამართლის #001121018022 საქმე 126-ე მუხლით აღძრული) ცრუ ჩვენებები მისცა ბავშვის დედამ, თ. ახალშენიშვილმა.
რაც შეეხება თბილისის 56-ე საჯარო საბავშვო ბაღის დირექტორ მზია ჯიბლაძეს და მის აღმზრდელს, სწორედ იმ დღეებში, როცა პატრულის რეაგირების ოქმები ადასტურებენ ს.მ.-ს „ნინიაში“ ყოფნას, საჯარო ბაღის ჟურნალში, აკადემიური დასწრების აღმნიშვნელ გრაფაში, „არის“ უწერიათ! მათი მოწოდებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ერთდროულად იმყოფებოდა ფიზიკურად საჯარო და კერძო ბაღშიც ერთსა და იმავე დღეს!
რადგან თბილისის ფინანსურმა პოლიციამ გადაცდომა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ვერ/არ დაინახა აღნიშნულ გაყალბებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გამოვითხოვეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესის სხდომის ოქმი, სადაც შედის მოწმედ მისული და გამოკითხული, კერძო ბაღ „ნინიას“ აღმზრდელის ანა დევიძის ჩვენება, რაც დამატებითი მტკიცებულებაა აშკარად სისხლის სამართლის ნიშნების შემცველ ქეისში. ბოლოს მთავარი: თ. ახალშენიშვილმა (დედა) თავად წარუდგინა საქალაქო სასამართლოს ხელშეკრულება, რომელიც თვითონვე გააფორმა კერძო ბაღ „ნინიასთან“ (ხელშეკრულება #5, 2018 წლის 01 ოქტომბერი).
სამწლიანი უშედეგო ჭიდაობის შემდეგ თბილისის გლდანი-ნაძალდევის რაიონის პოლიციის მე-8 სამმართველოსთან, უპრეცედენტო ქეისი გადეცა საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას (გამომძიებელი ანა ბუცხრიკიძე).
გონივრული ეჭვი გვაძლევს ვიფიქროთ, რომ 56-ე საჯარო საბავშვო ბაღში მხოლოდ არასრულწლოვანი ს.მ.-ს აკადემიური დასწრება არ არის გაყალბებული. დანაშაული სახეზეა და სერიოზულია. მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის ფინანსურ პოლიციასა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს: იმოქმედეთ კანონის შესაბამისად, დაუყონებლივ მოხდეს რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

გაზიარება