QronikaPlus
ნიკო მანაგაძე: „ოპოზიცია საკუთარ თავშია ჩაკეტილი“

ნიკო მანაგაძე: „ოპოზიცია საკუთარ თავშია ჩაკეტილი“

2023-05-15 14:09:29

გიგა გელხვიიძე

მარტის სახალხო აქციებით უკან გაწვეული რუსული კანონის შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა დროებით შეწყვიტეს განცხადებების კეთება იმის შესახებ, რომ მიიღებდნენ კანონპროექტს, რომელიც რომელიმე სფეროს წარმომადგენელსა თუ სტრუქტურას შეზღუდავდა. თუმცა, აღნიშნულის ფონზე, კიდევ უფრო გაიზარდა ანტიდასავლური განცხადებების რიცხვი და ხაგზასმა იმისა, რომ ევროპა ცდილობს, საქართველოს უარი ათქმევინოს თავის ეროვნულ და ისტორიულ ფასეულობებზე.

30 აპრილს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მომღერალ „უცნობის“ მიერ დაორგანიზებული აქცია-კონცერტი გაიმართა, სადაც ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანა კვლავ წარსულში დააბრუნონ.
აქციაზე რუსული ნარატივის შინაარსის რამდენიმე მოთხოვნა გაჟღერდა, აქციიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი პარლამენტში „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დამფუძნებელ ფრიდონ ინჯიას განცხადება გავრცელდა, სადაც იგი ამბობს, რომ მოთხოვნები, რომლებიც აქციაზე გახმოვანდა, არის ეროვნულობით განმსჭვალული და სწორედ ეს გახლავთ ის, რაზედაც მორიგი საკანონმდებლო პროექტი უნდა შედგეს. მისივე თქმით, აუცილებლად გაიტანს პარლამენტში LGBთQ პროპაგანდის შესახებ შემუშავებულ კანონპროექტსაც (მსგავსი კანონი რამდენიმე თვის წინ რუსეთმა მიიღო).

გაზეთი „ქრონიკა+“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ სტუდენტები, მარტის აქციების მთავარი შემოქმედები და როგორია მათი გეგმები? აღნიშნულის შესახებ ინტერვიუ ჩავწერეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტ ნიკო მანაგაძესთან:

_ ნიკო, რუსული კანონის უკან გაწვევის შემდგომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული ტაიმაუტი აიღო. თუმცა ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების მიხედვით შესაძლოა კვლავ დადგეს დღის წესრიგში მსგავსი ან უფრო მძიმე კანონპროექტების მიღების საკითხი. როგორ ფიქრობთ, პროტესტი, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და რეალურად აჩვენა, თუ ვისი ეშინია „ქართულ ოცნებას“, უნდა გაგრძელებულიყო თუ არა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით?
_ თავიდანვე ცხადი იყო, რომ „ოცნების“ უკან დახევა დროებითი მანევრი იყო და მალევე უნდა გვქონოდა მათგან ერთგვარი შურისძიების მოლოდინი, რაც არა მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებით, არამედ მათი პრორუსული პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერებით და სხვა სახით, ბევრად ოსტატურად შეფუთვით გამოიხატებოდა. სწორედ ამ მოცემულობის წინაშე დავდექით დღეს. მარტის მოვლენების შემდგომ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან „არდადეგების“ გამოცხადებამ და პოლიტიკური ტემპერატურის დაბლა დაგდებამ ერთგვარი ფორა მისცა რეჟიმს, რათა ხელახალი ქმედებებისთვის მომზადებულიყო, გაეანალიზებინა დაშვებული შეცდომები, კიდევ უფრო გაემართა პროპაგანდისტული ტექნოლოგიები და ძალები მოეკრიბა. ცხადია, შეცდომად მიმაჩნია, რომ მარტის პირველ დღეებში დაწყებული პროცესი ბოლომდე არ მივიდა ოპოზიციის მხრიდან და ადეკვატური რეზულტატით არ დაგვირგვინდა. როცა ხელისუფლებამ დემონსტრაციულად გადაახია საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუცია თავზე და ამ გზით თვითონ ეცადა სახელმწიფო წყობილებისა და წესრიგის გადატრიალებას, მან აბსოლუტურად დაკარგა ლეგიტიმაცია და ქართულ საზოგადოებას ყველანაირი მორალური თუ კანონიერი უფლება ჰქონდა, რეჟიმის ცვლილებისკენ გადამწყვეტი და რადიკალური ნაბიჯები გადაედგა. თუმცა „ოცნების“ ერთჯერადი უკან დახევა და ხალხის შუალედური გამარჯვება ოპოზიციამ საკმარისად მიიჩნია და ეს, რა თქმა უნდა, ტრაგიკული შეცდომა იყო, რითაც ხელისუფლებამ საკმაოდ იხეირა. გახსოვთ, დარბევის პირველივე (7 მარტის) ღამეს დამაკავეს და იმ ღამითვე ნათლად ჩანდა, რომ რეჟიმი სულს ღაფავდა, რესურსების კრიზისი იყო და აბსოლუტურად გამოფიტულები იყვნენ. სწორედ შიგნიდან იმ ყველაფრის ყურებისას ვფიქრობდი, რომ გარეთ ამგვარი მოვლენების კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელების შემთხვევაში, რეჟიმი ავტომატურად ჩამოიშლებოდა და დღეს სულ სხვა რეალობაში ვიცხოვრებდით, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციამ მორიგ ჯერზე დაუშვა საბედისწერო შეცდომა. ხელისუფლებამ პოზიციების გამყარება შეძლო და საქართველოს დეევროპეიზაციისა და რუსეთიზაციის ამოცანის მისაღწევად კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების ახალი ტალღა წამოიწყო, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაცაა ე. წ. ახალი რუსული კანონი, რომელიც ღიად პრორუსული და პუტინისტური დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ მიერაა ინიცირებული. მას ასევე მხარს უჭერს ფრიდონ ინჯიას ღიად პრორუსული ფრაქცია „ევროპელი სოციალისტები“. მოვლენების ამგვარი განვითარების ვარაუდი ყველას ჰქონდა და სწორედ ამიტომ იყო საჭირო, რომ როცა საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და ბრაზი ხელისუფლების ანტიეროვნული ნაბიჯების მიმართ წარმოუდგენლად მასშტაბური იყო, ესარგებლა ოპოზიციას და შემდგომი მოქმედების გეგმა დაესახა. მაშინ საუკეთესო შანსი ჰქონდა საქართველოს, ახალი ცხოვრება დაეწყო, დაესრულებინა საქართველოში რუსული მმართველობა და დასავლურ რელსებს დაბრუნებოდა, თუმცა ეს შესაძლებლობა გამოუყენებელი დარჩა, რამაც რეჟიმს ახალი და კიდევ უფრო გათვლილი ნაბიჯების გადადგმისკენ გაუხსნა გზა.
_ „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ის მუშაობს კანონპროექტზე, სადაც ასახული იქნება ის მოთხოვნები, რომლებიც „უცნობის“ მიერ დაორგანიზებულ აქციაზე გაჟღერდა. მათ შორის არის ერთ-ერთი რუსული კანონი LGBთQ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით. ელოდებით თუ არა, რომ აღნიშნული კანონი გავა განსახილველად და ექნება თუ არა საზოგადოებას მასზე ის რეაქცია, რომელიც მარტში ვიხილეთ?
_ სწორედ ამ ოსტატურ ნაბიჯებზე ვსაუბრობ. რეჟიმი ძალიან კარგად იყენებს კრემლის „საუკეთესო“ მეთოდებს, მანიპულაცია მოახდინოს ადამიანების გრძნობებზე, გამოიყენოს სენსიტიური საკითხები და ამით მიაღწიოს თავის რეალურ მიზნებს. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა საზოგადოებაა, საბჭოური მენტალიტეტით პოსტსაბჭოთა დროში. მათ შესანიშნავად იციან, _ თუკი ამ ადამიანებს ეტყვიან, რომ არსებობს ძალა, რომელიც მათ იდენტობას ებრძვის და მის წართმევას აპირებს, ისინი აუცილებლად ირწმუნებენ ამ საფრთხის რეალურობას, მით უმეტეს, როცა ეს თანამედროვე პროპაგანდისტული ტექნოლოგიების გამოყენებითაა გამყარებული. უბრალოდ მათ ჯერ კიდევ ვერ მონახეს გზა, თუ როგორ მიუდგნენ ახალ თაობას, რომელთან მიმართებითაც ეს ინსტრუმენტები ქმედითუუნაროა. ისინი ხომ მხოლოდ კრემლის მაგალითებით ხელმძღვანელობენ. ვერც კრემლში მოიფიქრეს, როგორ მოექციათ გავლენის ქვეშ რუსი ახალგაზრდების დიდი ნაწილის აზროვნება და, შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ ესენიც იმავე პრობლემის წინაშე დგანან. თუმცა, როგორც ვთქვი, ამას ბევრად უფრო მარტივად აღწევენ შედარებით უფროს თაობაში სენსიტიური თემების გამოყენებით, როგორებიცაა კონსერვატიული, ტრადიციული საკითხების ასპარეზზე შემოტანა, მტრის ხატის გაჩენა და მასთან ბრძოლა. ერთ-ერთი ამგვარი ყველაზე პოპულარული საკითხი სექსუალური უმცირესობების თემაა. ამგვარ თემებს ყოველთვის ერიდებოდნენ, თუმცა იგრძნეს, რომ ახლა აქვთ ის საბოლოო კრიზისული მდგომარეობა, როცა ამ ბოლო კოზირის გამოყენების დრო მოვიდა. რუსულ სტილში მათ დასავლეთი უნდა წარმოაჩინონ „გარყვნილების წყაროდ“, ამ გზით მოახდინონ ქართულ საზოგადოებაში მათი დისკრედიტაცია და დემონიზება. ისინი ეძებდნენ სწორედ ამგვარ კანონსა თუ სამოქმედო ნაბიჯს, რომლითაც, ერთი მხრივ, თავად ევროკავშირს ათქმევინებდნენ ჩვენს ინტეგრაციაზე უარს და, მეორე მხრივ, ქართულ საზოგადოებას ეტყოდნენ, რომ „აი, ეს გარყვნილები ლგბტ-ების გამო გვიკეტავენ კარს და საერთოდ, გვინდა ასეთი ევროპა?!“. მათ იციან, რომ ამგვარი კანონი (ისევე როგორც წინა რუსული კანონი) ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და სწორედ ამიტომ აკეთებენ ამას. თავის დროზე, კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟის მიზნით დააკავეს გვარამიაც. როცა დაინახეს, რომ ევროპა ამის მიუხედავად კვლავ ფიქრობდა ჩვენთვის სტატუსის მონიჭებას, დააინიცირეს ის რუსული კანონი, რისი უკან გაწვევაც მოუხდათ საზოგადოების მწვავე პროტესტის ფონზე, რადგან ადამიანების ფართო მასებში აბსოლუტურად არაპოპულარული, დაუსაბუთებელი და გაუგებარი იყო იმგვარი კანონის მიღება, რომელიც არაფერს აძლევდა მათ, არასდროს უფიქრიათ ამგვარი კანონის აუცილებლობაზე ან საჭიროებაზე და ამასთანავე აკარგვინებდათ დასავლურ პერსპექტივას. ამის შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟისთვის უკვე რეჟიმი ეძებდა ისეთ კანონს ან ნაბიჯს, რომელიც ადამიანების აღშფოთებას არ გამოიწვევდა, ქუჩაში არ გამოიყვანდა და პირიქით, დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ პროპაგანდისთვის, ამასთანავე, მშვიდად და შიდა მღელვარების გარეშე გაანეიტრალებდნენ კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობას. ასე მიაგნეს ამ ახალ კანონს, რომელიც, ერთი მხრივ, ზღუდავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს და ასევე მეორე პუნქტში საუბარია რწმენის დაცვაზე, რაც ასევე პოპულისტური, სახიფათო და გამიზნული ნაბიჯია. თუკი რომელიმე სასულიერო პირს გააკრიტიკებ, ხელისუფლებას ექნება უფლება, შერჩევითი სამართლის პირობებში გაგებინოს პასუხი ამაზე. ერთი მხრივ, ამით პროპაგანდისტულ ხაზს იძლიერებენ, რომ ისინი თითქოს ეკლესიის დამცველები არიან და, მეორე მხრივ, კარგ ინსტრუმენტს იქმნიან ადამიანების გამოხატვის თავისუფლების სურვილისამებრ შესაზღუდად. ასევე ამავე კანონპროექტში წერია, რომ დემონსტრაციებზე აიკრძალოს ომის ან ძალადობის წამახალისებელი მესიჯების გავრცელება, ისევე როგორც სხვა ეროვნული ჯგუფების შეურაცხყოფა, დისკრიმინაცია, ეროვნული შუღლის გაღვივება და ა. შ. რეალურად, ამაში არაფერი იქნებოდა უჩვეულო და მიუღებელი, რომ არა ის ფაქტი, რომ ამას „ალტ-ინფო“ აინიცირებს, რაც უკვე ნათელს ხდის მათ რეალურ მიზნებსა და იმას, თუ რაში გამოიყენებს რუსული რეჟიმი ამ კანონს. რეალურად, ამით მოისურვებენ პროუკრაინული და ანტირუსული აქციების გარკვეულწილად შეზღუდვას, დასჯიან და შოვინისტებად გამოაცხადებენ ადამიანებს, რომლებიც რუსების ლანძღვას დაიწყებენ. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, სასაცილოა, როცა „ალტ-ინფოს“ მსგავსი ფაშისტური დაჯგუფება ძალადობის წახალისებისა და ეროვნული/ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონს აინიცირებს.
როცა ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ „ალტ-ინფოს“ მიერ ინიცირებულ კანონთან დაკავშირებით და ხელისუფლებასთან ხმაშეწყობილ ქმედებებზე ვსაუბრობთ, უნდა დავუკვირდეთ მნიშვნელოვან ტენდენციებს, რაც ვერაფრით იქნება დამთხვევა: კერძოდ, 30 აპრილს, ხელისუფლების მიერ დაკვეთილ „უცნობის“ აქციაზე, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად აბსოლუტურად უკონტექსტოდ და მოულოდნელად გაჟღერდა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. მეორე დღეს ტვ „იმედმა“ და სხვა სამთავრობო მედიებმა აქტიურად დაიწყეს იმგვარი პოსტების დადება და სიუჟეტების კეთება, სადაც საუბარია აშშ-სა და ევროპაში „გარყვნილების მასშტაბის“ ზრდაზე, ლგბტ პროპაგანდის გაძლიერებასა და მისგან მომავალ საფრთხეზე, რომლის მსგავსიც აქამდე არასდროს არაფერი გაუკეთებიათ, პირიქით, მუდმივად ამ ჯგუფების უფლებებზე საუბრობდნენ გასულ წლებში. ასევე, მოულოდნელად, დროში დამთხვევით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს „გაახსენდათ“, რომ საქართველოს ლგბტქ პროპაგანდა ემუქრება, ასევე „მოულოდნელად“ ჩანიშნეს „ალტ-ინფოს“ მიერ ნოემბერში ინიცირებული კანონის განხილვა. ამ დამთხვევების, რა თქმა უნდა, ბავშვსაც არ სჯერა. ეს კარგად გათვლილი, წინასწარ დაგეგმილი ამბავია, რისი მიზანიც სწორედ ისაა, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ. ახლა მთავარია, ოპოზიციამ, კრიტიკულმა მედიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ სწორად აუხსნას ადამიანებს, რეალურად რაზეა საუბარი და რა მიზნებს ისახავს ეს ყველაფერი. ეს რეალურად იმავე მიზნის მატარებელია, რა მთავარ ამოცანასაც ემსახურებოდა წინა რუსული კანონი. ეს კანონიც აბსოლუტურად რუსულია თავისი შინაარსითა და მიზნებით. რეჟიმმა კარგად გათვალა, რომ ეს ვერ იქნება თემა, რომელიც ფართო საზოგადოების მის წინააღმდეგ კონსოლიდირებას გამოიწვევს, განსხვავებით წინა რუსული კანონისგან, რადგან ეს თემა ბევრი ქართველისთვისაა სენსიტიური, მით უმეტეს, კონსერვატიზმით შეფარული პროპაგანდის ფონზე. რეალურად, ევროპა არის სივრცე, სადაც ოჯახი და ამგვარი ღირებულებები ყველაზე მეტადაა დაცული, თუმცა, ამავდროულად, გარანტირებულია უმცირესობების მიმართ ხელშეუხებლობა. ამ კანონის შემოქმედები კი არიან ადამიანები, რომლებიც ამგვარ თემებს მხოლოდ თავიანთი ბინძური პროპაგანდისტული მიზნების მისაღწევად იყენებენ. ისევე, როგორც რელიგიური ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან დაკავშირებული ამ კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტი. ამაზე საუბრობს ხელისუფლება, რომელიც უსმენს, უთვალთვალებს, ფარულად უღებს და აშანტაჟებს სასულიერო პირებს, რათა მათ სასარგებლოდ გამოიყენონ. საზოგადოებას ხშირად უნდა შევახსენოთ 2021 წელს გამოჟონილი სუსის კრებსები, რომლის მიხედვითაც, 55 ათასზე მეტი ფაილი ჰქონდათ გაკეთებული სასულიერო პირებზე, მათ პირად ცხოვრებასა და ა. შ., რასაც, ღმერთმა უწყის, რისთვის იყენებდნენ და იყენებენ დღემდე. ეჭვგარეშეა, რომ ამას აგრძელებენ დღემდე და ეს ხელისუფლება საუბრობს ეკლესიის დაცვაზე, მათ რეპუტაციაზე ზრუნვასა და დისკრედიტაციის აკრძალვაზე. ჯანსაღი კრიტიკა ყველა ადამიანის უფლებაა, ის კი, რასაც ეს რეჟიმი საეკლესიო პირებისა და ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ სუსის გამოყენებით აკეთებს, დანაშაულია ღმერთისა და ერის წინაშე. ასე რომ, ყალბია მათი ნებისმიერი სიტყვა და თუკი ისინი ამ კანონის გატანას შეეცდებიან, საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს ამაზე. ამ საფრთხეებთან მუდმივი ბრძოლის დასრულება კი რეჟიმის დასრულებაზეა დამოკიდებული. როცა ამ რუსულ რეჟიმს საბოლოოდ დავამთავრებთ, აღარც რუსულ კანონებთან ბრძოლა მოგვიწევს და აღარც ჩვენი ევროპული მომავლის გადასარჩენად და რუსეთიზაციის აღსაკვეთად რობოკოპებთან დაპირისპირება.
_ „უცნობის“ აქციას შევეხეთ და მინდა გკითხოთ, _ როგორია თქვენი, სტუდენტების ხედვა მსგავსი ტიპის ნარატივზე, რომელიც 30 აპრილს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაჟღერდა?
_ გადახედეთ სტუდენტებისა და ზოგადად ახალგაზრდების რაოდენობას იმ აქციაზე და ავტომატურად გასცემთ პასუხს ამ კითხვაზე. ცხადია, ახალგაზრდები განსაკუთრებით კარგად ხედავენ და გრძნობენ, რას ემსახურება ხელისუფლების მიერ ამგვარი აქციების ორგანიზება. ადამიანები რეგიონებიდან სამსახურების დაკარგვის მუქარით ჩამოიყვანეს და აბსოლუტურ უმრავლესობას ჟურნალისტებთან კომუნიკაციისას ეტყობოდა, რომ თავადაც ვერ ხვდებოდნენ, რას ემსახურებოდა ის შეკრება და რატომ წაიყვანეს იქ. ახალგაზრდების მიმართ ამგვარი დაშინების ინსტრუმენტები არ არსებობს და ამიტომ ვერც დაინახა ვერავინ იქ მდგომებს შორის ახალი თაობა. იმ მოედანზე გაჟღერებული თითოეული სიტყვა რომ „ზევით“ მჯდომი ერთი კაცის მიერაა ინსპირირებული, ყველა ახალგაზრდა ხვდება. დამოკიდებულებაც შესაბამისია. ყველა კვლევა თუ დიდი დემონსტრაცია აჩვენებს, რომ ახალგაზრდებისთვის სრულიად უცხოა ის იდეები, რასაც ეს ადამიანები ემსახურებიან და რომ მიუღებელია ამგვარი მმართველობის გახანგრძლივება. ვფიქრობ, მათი ეს განწყობები არჩევნებზეც აისახება, თუკი ოპოზიცია მოახერხებს სწორ კომუნიკაციას და კამპანიის სტრატეგიის სწორად დაგეგმვას.
_ აქტიურად საუბრობდნენ ორგანიზატორები, რომ აქციის უერთდებოდნენ სტუდენტებიც. რა ინფორმაციას ფლობთ ამ მხრივ? არიან დღეს ახალ თაობაში ის ადამიანები, რომლებსაც წარსულში დაბრუნება სურთ?
_ მე პირადად ერთ-ერთმა სტუდენტმა კონფიდენციალური ინფორმაცია და მიმოწერის დამადასტურებელი სქრინები მომაწოდა, რომ სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს მოტყუებით მიჰყავდათ სტუდენტები. წინა დღეს მათ უთხრეს, რომ 16:30-ზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებოდნენ და „დინამო არენაზე“ დამონტაჟებულ დიდ ეკრანთან გადაინაცვლებდნენ „ნაპოლის“ თამაშის საყურებლად. ლოგიკური ეჭვი გაჩნდა, რომ რეალურად რუსთაველის მეტროსთან იმიტომ კრებდნენ, რომ რესპუბლიკის მოედანზე „უცნობის“ მიერ დამონტაჟებულ დიდ ეკრანთან გადაეყვანათ, სადაც აქციის დაწყებამდე თამაშის ტრანსლაცია იგეგმებოდა და იქ შეკრებილი ხალხის ნაწილად ექციათ ეს სტუდენტები. მეორე დღეს ეს ვარაუდი დადასტურდა და ასეც გააკეთეს, მოტყუებით რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანთან მიიყვანეს ეს სტუდენტები, რასაც მათი უკმაყოფილება მოჰყვა. რაც შეეხება იმ რამდენიმე ახალგაზრდას, რომელიც „უცნობის“ მიერ აქციამდე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ჩანდა, რომ თითქოს სტუდენტები უერთდებოდნენ აქციას, რა თქმა უნდა, იაფფასიანი მასკარადი იყო. ვერც ერთი მათგანი ვერ იცნო ჩემ ირგვლივ ვერავინ. ალბათ „ოცნების“ ხელფასიანი ახალგაზრდულის გოგო-ბიჭები იყვნენ ან მათი ორგანიზატორების შვილები და ა.შ. ცხადია, საკუთარი სურვილით არავინ მივიდოდა „უცნობთან“ და ეტყოდა, აქციაზე შემოერთება გვინდაო. აბსოლუტურად ხელოვნურად დადგმული შოუ იყო, რომ ადამიანებისთვის ილუზია გაეჩინათ, „აი, ჩვენს მხარესაც არიან ახალგაზრდებიო“. თუმცა, მგონი, ის რამდენიმე ახალგაზრდაც არ მივიდა აქციის დღეს იქ, თორემ კადრში მაინც აჩვენებდნენ. ახალგაზრდების წრეში ყველასთვის დიდ სირცხვილად ითვლება ამგვარ ადამიანებთან საქმის დაჭერა და, ზოგადად, დღევანდელი რეჟიმისა და მათი პოლიტიკის მხარდაჭერა.
_ მინდა გკითხოთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, _ რამდენად გულწრფელი იყო ის თქვენთვის?
_ მთლიანად პროპაგანდისტულ ხაზს მიჰყვებოდა, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვეა, აქტიურად ახორციელებენ. ცივილიზებული სამყაროს მიერ გარიყული ადამიანების კრება იყო, სადაც ყველა გამომსვლელი ლანძღავდა დასავლურ პოლიტიკას, უწუნებდა ღირებულებით არჩევანს და არც ერთი სიტყვით არ ეხმაურებოდა რუსულ რაშიზმს, რომელიც ადამიანურობისა და ყველანაირი ღირებულების წინააღმდეგ ამ წუთსაც აგრძელებს ბრძოლას. უნგრეთი და მისი ლიდერი ორბანი ევროპის თავის ტკივილად იქცა, ცივილიზებულ სამყაროსთან მუდმივ დაპირისპირებაშია, რუსეთის მთავარ მოკავშირედ ჩამოყალიბდა ევროპაში და სიმბოლურია, რომ ღარიბაშვილმა სწორედ ამგვარი მეგობრები იპოვა. ვფიქრობ, კიდევ უფრო ნათლად დაინახავს დასავლეთი, ვისთან აქვთ საქმე ამ რეჟიმის სახით. როცა ღირებულებების დაცვაზე საუბრობს ღარიბაშვილი, კვლავაც სასულიერო პირების დასაშანტაჟებლად გაკეთებულ კრებსებს შევახსენებ, აღსარების საიდუმლოს დარღვევას და ა. შ. ასევე, როცა მშობლებზე, დედაზე, როგორც უზენაეს ღირებულებაზე საუბრობს, შევახსენებ ღარიბაშვილს მის სამსახურთან მჯდომ დედებს, რომლებიც ღამეებს ათენებენ საკუთარი შვილებისთვის წამლის მოთხოვნით და მათთან შეხვედრასაც კი არ კადრულობს. საერთოდ, რა ღირებულებებზე საუბრობენ ეს ადამიანები? ყოველი სიტყვა და ქცევა საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევ ინსტრუმენტად აქვთ ქცეული. ორბანი სააკაშვილის ახლო მეგობარი იყო, 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა წინა ხელისუფლებას და ქართველ ხალხს აფრთხილებდა განსხვავებული არჩევანის გაკეთების შემთხვევაში საფრთხეებზე, მათ შორის, ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. დღეს რას ლაპარაკობს და როგორ მოქმედებს ეს ადამიანი? საერთოდ სააკაშვილის მდგომარეობაზე რა პოზიცია აქვს და ერთი სიტყვით მაინც ახსენებს თუ არა, როცა მის ქართველ კოლეგასთან თბილ საუბრებს მართავს? ძოგადად, ავტოკრატიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის მახასიათებელია პოზიციების ამგვარი რადიკალური ცვლილება და რომელ ღირებულებით სისტემასა და პრინციპებზე ესაუბრებიან ეს ადამიანები მსოფლიოს? ორბანიც და მისი ქართველი კოლეგაც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც საკუთარ რეჟიმებს დასჭირდება და მათი ყოველი სიტყვა უბრალოდ ლირიკა და ადამიანების ემოციებზე თამაშია.
_ მმართველი პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც უმცირესობების უფლებები არის კონსტიტუციით გარანტირებული, _ როგორ შეაფასებდით ბოლოდროინდელ მოვლენებს ამ მხრივ (ვგულისხმობ უმცირესობების შეკრებებს)?
_ „ქართულმა ოცნებამ“ 2013 წელს მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლითაც აკრძალეს ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია და ჩაგვრა უმცირესობების მიმართ. მაშინ ამ ღირებულებებს დემონსტრირებდნენ და სანამ თავიანთ მმართველობას განსხვავებულად არ დასჭირდა, ამას დეკლარირებდნენ მუდმივად საკუთარ ხედვად, საჯარო განცხადებებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებების დონეზე. თუმცა გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როცა ხელისუფლებამ ვერ ან არ უზრუნველყო ამ ჯგუფების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა. ზოგადად, არ მივესალმები პრაიდისა და მსგავსი ღონისძიებების გამართვას, მათ შორის იმიტომაც, რომ ამით კიდევ უფრო უარესდება ამ ადამიანების (ლგბტქ თემის) მდგომარეობა და ეს არ არის მათი რესოციალიზაციისკენ, უფლებების დაცვის რეალური საფუძვლის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, მათ განსხვავებულ გზებს უნდა მიმართონ ამ მიზნების მისაღწევად. თუმცა ეს, ცხადია, არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვა. ეს ქვეყანა ყველასია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი. უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა ადამიანი არის კანონის წინაშე თანასწორი და ამ კანონების რეალიზება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
_ როგორ ესმის „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუცია?
_ ამ ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის კონსტიტუცია ნულოვანი ღირებულების მქონეა და რომ ყოველთვის ისე მოიქცევა, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. როგორადაც ესმით კონსტიტუცია, რუსულ კანონთან დაკავშირებული მოვლენები გავიხსენოთ და ყველაფერი ცხადი გახდება კიდევ ერთხელ. რეალურად, ამ ხელისუფლებამვე მოახდინა 2017 წელს, მაშინ როცა პროდასავლური პოლიტიკის გამტარებლებად აცხადებდნენ თავს, კონსტიტუციაში 78-ე მუხლის დეკლარირება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოების ვალდებულების შესახებ, თუმცა როცა დასჭირდათ, თავადვე გადაახიეს ეს ჩანაწერი ხალხს და სახელმწიფოს თავზე. ასე რომ, „ოცნების“ მხრიდან კონსტიტუციური პრინციპების ერთგულებაზე საუბარი, უბრალოდ, თავის მოტყუებაა.
_ გაქვთ თუ არა სტუდენტებს კონტაქტი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და რაიმე სამომავლო თანამშრომლობას ხომ არ განიხილავთ (ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ს აქვს აქტიური კონტაქტი სტუდენტებთან)?
_ არ ვიცი, ვისთან კომუნიკაციაზე საუბრობს ბატონი ხაბეიშვილი. ოპოზიცია საკუთარ თავშია ჩაკეტილი და არავინ იცის, როგორ ხედავენ თავის ან სხვების როლს მომავალში ან საერთოდ მომავალს როგორ ხედავენ. არანაირი მნიშვნელოვანი კომუნიკაცია არ გვაქვს ოპოზიციასთან, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც ვიცი, არც ერთ ახალგაზრდულ ჯგუფს, გარდა ერთისა. ცხადია, კარგი იქნება, თუ უფრო დაინტერესდებიან ახალგაზრდებისა და სტუდენტების პოზიციებით და მხოლოდ აქციაზე გამომსვლელ მასად არ დაიწყებენ მათ აღქმას. ზოგადად, ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფს შორის კოორდინაცია რეჟიმის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებსა და სტრატეგიის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ყველა ჩვენგანის მონაწილეობა და როლის გამოკვეთა პოლიტიკურ ცხოვრებაში. საზოგადოება ითხოვს ახალგაზრდებს, ახალ სახეებს, ხედვებს და სტრატეგიებს. არ ვიცი, რამდენად გამოიყენებს ამას ოპოზიცია.
_ როგორ აფასებთ პრეზიდენტის საქმიანობას? რამდენად ესმის მას ახალგაზრდების?
_ განცხადებების დონეზე, განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში, სწორ მესიჯებს აჟღერებს, მუდმივად დემონსტრირებს საკუთარ გამოსვლებში ქართული პროდასავლური საზოგადოებისადმი მხარდაჭერას, გვერდით დგომასა და საქართველოს ისტორიული არჩევანის მიმართ ერთგულებას, თუმცა სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არ იყენებს მის ხელთ არსებულ უმნიშვნელოვანეს ბერკეტს, ვგულისხმობ შეწყალების დისკრეციულ უფლებას. ევრორეკომენდაციების 12 პუნქტში ერთ-ერთი პირდაპირ ეხება დაკავებულ მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას. მას ასევე არაერთი რეზოლუციით თუ საჯარო განცხადებით მოუწოდეს დასავლეთიდან გვარამიას შეწყალებისკენ, თუმცა ამ დრომდე არ დგამს ამ ნაბიჯს, იმის მიუხედავად, რომ მისი დაკავების პირველივე დღიდან ხელისუფლების ამ ქმედებას გამართლებას ვერ უძებნის. ეს საკმაოდ უცნაურად გამოიყურება და გარკვეულ ეჭვებს აღძრავს. კარგი იქნება, თუ საკუთარი პრაქტიკული ნაბიჯებით გაამყარებს თავის ვერბალურად გადმოცემულ პოზიციებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას, შესრულდეს 12 პუნქტიდან ერთ-ერთი. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ მის ყველა სიტყვას აბსოლუტურად ეკარგება ფასი. ასევე ევროპული ღირებულებების ნაწილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ციხეში არ კვდებოდეს და ადეკვატური მკურნალობის მიღების საშუალება ჰქონდეს იმ სივრცეში, სადაც ეს უმჯობესი და უფრო პროდუქტიული იქნება. არ შეიძლება, პირადი დამოკიდებულებით თუ პოლიტიკური პრეფერენციებით იხელმძღვანელო მაშინ, როცა საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას. თუკი პრეზიდენტი პრაქტიკული ნაბიჯებით გაამყარებს თავის განცხადებებს, ბევრად უფრო დასაფასებელი იქნება, მათ შორის, ახალგაზრდების მხრიდანაც, რომელთა შორისაც, ზურაბიშვილის ბოლო ნაბიჯების ფონზე, მის მიმართ კეთილგანწყობამ იმატა.

გაზიარება