- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2022-12-19 17:22:23
თამარ როსტიაშვილი
განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ წელს პირველად სკოლებში აღდგა „საქართველოს ისტორიის“ სწავლება, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ცნობისთვის: განცხადება მინისტრმა არა სექტემბერში, არამედ ახლახან გააკეთა. ამის შესახებ ექსპერტთა ნაწილი პეტიციის შესადგენად ემზადება.
იკითხავთ, ალბათ, თუ „საქართველოს ისტორია“ არ ისწავლებოდა სკოლებში, აბა, რა ისწავლებოდა?! საქართველოს ისტორია ისწავლებოდა, რა თქმა უნდა, უბრალოდ, მიხეილ ჩხენკელისთვის ის „საქართველოს ისტორია“ საქართველოს ისტორია არ იყო. სხვათა შორის, განათლების მინისტრი ცნობილია თავისი მმართველთ მადიდებლობით. მაგალითად, სწორედ იგი გახლდათ, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილი უწოდა, რამდენიმე კვირის წინ კი _ ერისკაცი. ის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-9 წლისთავზე მინისტრი აცხადებს, „საქართველოს ისტორია“ წელს პირველად შემოვიტანეთ სკოლებშიო, ამით სერიოზულ ანტიპიარს რომ უკეთებს ხელისუფლებას, ამას, როგორც ჩანს, „ვერ ეწევა“.
განათლების სამინისტროს ე. წ. ოფიციალურ სინოფსისებს თუ ჩავხედავთ, იქ ზუსტად ასე წერია: 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ისტორიკოსებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა გადაამუშავა საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა შესაბამისი სახელმძღვანელოს გრიფირება. შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან, თურმე.
აღნიშნულ საგანს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით, მანამდე კი რეფორმის სხვა ნაწილებსაც გვინდა შევეხოთ. ბატონმა ჩხენკელმა ჭადრაკის თამაში პირველ კლასში სავალდებულო (და არა ნებაყოფლობით) საგნად შემოიტანა. დღესდღეობით, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, პროექტში ჩართულია 4000-ზე მეტი გადამზადებული პედაგოგი, რომლებიც სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილებს ატარებენ. ანუ სკოლის პედაგოგების მიზერული ხელფასის გაზრდის ანდა დანამატის დაწესების ნაცვლად, განათლების სამინისტრო შტატში კიდევ 4000 პედაგოგს ამატებს _ ჭადრაკის! ცნობისთვის: ცალკე ბიუჯეტი გამოიყო შესაბამისი ელექტრონული სასწავლო რესურსის მოსამზადებლად, რომელიც მოსწავლეთა პროგრესის შესაბამისად განვითარდება.
ჭადრაკის ფედერაციის გარდა, განათლების სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა თავდაცვის სამინისტროსთან, რაც, უშუალოდ, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო. 2022-2023 სასწავლო წლიდან დაიწყო საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტ „სამხედრო საქმის“ პილოტირება, რომელშიც დედაქალაქის გარდა, მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის 300-ზე მეტი მოსწავლეც ჩართეს. მოსწავლეებს გაკვეთილს უტარებენ სპეციალურად გადამზადებული სხვადასხვა წოდების მქონე მოქმედი სამხედრო ოფიცრები. ამეცადინებენ ბავშვებს იარაღის აწყობაში, სროლასა და ა. შ.
სად იარაღი და სად ბავშვი? _ ამიტომაც განათლების სამინისტრომ ამ პროექტს „თავდაცვა და უსაფრთხოება“ უწოდა. თავდაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით, პროექტში ამჟამად 40 სკოლაა ჩართული. პროგრამას თუ ჩავხედავთ, იქ იარაღის დაშლა-აწყობაზე, რა თქმა უნდა, სიტყვა არ არის ნათქვამი, სამაგიეროდ წერია, რომ კურსის ფარგლებში მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, საერთაშორისო მისიები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.
აღნიშნულ სიახლეებში აშშ-ის საელჩოს ძალისხმევაც არ შეიძლება არ აღინიშნოს _ II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო გახდა და სკოლებში დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები. შედეგად, მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობისთვის საპილოტე 50 სკოლის V-VI კლასის მოსწავლეები, გრიფირებულ სახელმძღვანელოსთან ერთად, დამატებით მაკმილანის გამომცემლობის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისარგებლებენ. ეს პოზიტიური სიახლეა, ვინაიდან საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 60-ზე მეტი ინგლისური ენის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელი. პროექტი საშუალებას აძლევს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ მთელი სწავლის პროცესი.
რაც შეეხება „საქართველოს ისტორიის“ საგანთან დაკავშირებულ პეტიციას: მიხეილ ჩხენკელის ახსნა-განმარტებით, მანამდე იყო საგანი, რომელსაც ერქვა „ისტორია“ და მასში შედიოდა „მსოფლიოს ისტორია“ და „საქართველოს ისტორია“. 2022-2023 სასწავლო წელს გაიმიჯნა ეს ორი საგანი და დამოუკიდებელ საგნებად იქცა „მსოფლიო ისტორია“ ცალკე და „საქართველოს ისტორია“ _ ცალკე.
მაშასადამე, „საქართველოს ისტორია“ მანამდეც ისწავლებოდა, უბრალოდ არ იყო გამიჯნული. შესაბამისად, როდესაც განათლების მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოდის და აცხადებს, რომ წელს პირველად სკოლებში საგანი „საქართველოს ისტორია“ შემოვიტანეთო, უნდა დაეკონკრეტებინა, რომ კი არა შემოვიტანეთ, არამედ _ „გავმიჯნეთ“!
ექსპერტების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ „საქართველოს ისტორიის“, როგორც დამოუკიდებელი საგნის, სახელმძღვანელო ხარვეზებით არის სავსე და დაუსრულებელია; რომ განათლების სამინისტრო არასაკმარისად მომზადებული შეხვდა საგნის გამიჯვნას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ მე-10 კლასში ამ ორივე საგანს ბავშვები ცალ-ცალკე ისწავლიან განცალკევებული კონტექსტით. მე-11 და მე-12 კლასებს ეს არ ეხება, რადგანაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა მხოლოდ მე-10 კლასში ინერგება. მე-11-მე-12 კლასებში ისევ ძველი გეგმით ისწავლიან, ანუ არა „საქართველოს ისტორიას“ ცალკე, არამედ ისტორიას მასში შემავალი მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიით ერთად.
ამაზე განათლების მინისტრი აცხადებს, რომ სამომავლოდ აქაც იგივე პრინციპი გაგრძელდებაო, მაგრამ არ აკონკრეტებს, როდის არის ეს სამომავლოდ _ 2024 წელს, 2030 წელს, 3000 წელს?!
იმ ერთადერთ მე-10 კლასში დიდი ზარზეიმით დაანონსებული „საქართველოს ისტორიისთვის“ მხოლოდ 2 საათი იქნება გამოყოფილი.
ექსპერტების გათვლით, ზოგადი განათლების დაფინანსება ხშირ შემთხვევაში ვერ სცდება მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს, სკოლებს არ გააჩნიათ დაფინანსება საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად პრიორიტეტული მიმართულებების ამუშავება და სწორედ ფინანსური დანახარჯების გამო არ ეძლევათ მოსწავლეებს საგნების არჩევის უფლება. მარტო სკოლას აქვს არჩევნის უფლება. სამინისტრო დუმს იმის თაობაზე, რომ დღემდე ვერ ხერხდება კვების პროგრამის ამუშავება,
აქედან გამომდინარე, რამდენად მიზანშეწონილია არჩევით საგანზე უამრავი ფინანსური რესურსის გამოყოფა, რასაც უკავშირდება სახელმძღვანელოების შექმნა, საექსპერტო ჯგუფების მომზადება, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებელთა გადამზადება, მომავალი მასწავლებლების მომზადება და უამრავი სხვა საკითხი!
თანაც, თუ საგანი არჩევითია, მის ფარგლებში არ იქმნება სახელმძღვანელოები, იქმნება მხოლოდ სავალდებულო საგნებში, შესაბამისად, ეს საგანი გრიფირებული სახელმძღვანელოების გარეშე უნდა ისწავლებოდეს. ეს კი დამატებით პრობლემას ქმნის _ ამიტომაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დამატებითი რესურსები სახელმძღვანელოს შესაქმნელად.