- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2022-12-02 19:08:59
მაკა მოსიაშვილი
ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ბინადრობს სხვა ორგანიზმში და მის ხარჯზე საზრდოობს, არის პარაზიტი. პარაზიტი ბერძნული სიტყვაა და ის სხვადასხვა ენაში აქტიურად დამკვიდრდდა, მაგრამ თუ ქართულად გადავთარგმნით, პარაზიტი არის მუქთახორა.
დღეს ვისაუბრებთ ბიუჯეტის პარაზიტებზე.
აი, იმ ბიუჯეტის, მე და თქვენ რომ ვავსებთ ყოველდღე ჩვენი შრომით, რომ ჩვენი ნაღვაწი ჩვენივე ინტერესების მიხედვით უნდა ნაწილდებოდეს და მშრომელ ადამიანებზე იხარჯებოდეს ისევ ჩვენსავე სასიკეთო საქმეში.
ბიუჯეტს ზოგადად ბევრი პარაზიტი ჰყავს, თუმცა დღეს თავად სახელმწიფო აუდიტი დაგვეხმარება ამ პარაზიტების მოძიებასა და მოკვლევაში.
ა(ა)იპი _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს.
ადგილობრივი თვითმმართველობები მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს ქმნიან მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მუნიციპალური სერვისების მიწოდების მიზნით. ა(ა)იპების შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდს უკავშირდება _ 2009 და 2010 წელს მუნიციპალიტეტებმა სწორედ ეფექტიანი მართვისთვის დაიწყეს სხვადასხვა მიმართულებისა თუ სახეობის ა(ა)იპების შექმნა. თავდაპირველად მუნიციპალიტეტებში სულ რამდენიმე იყო, ერთი-ორი ან შეიძლება ყველაზე ბევრი _ 4…
თუმცა!
2014-2019 წლებში გაიზარდა ა(ა)იპების რაოდენობა და მათი დაფინანსების მოცულობა, რამაც შესაბამისად გაზარდა მათი როლი თვითმმართველობების საქმიანობაში.
აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპების დაფუძნების, მართვისა და კონტროლის პროცესი.
რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა?!
ა(ა)იპებისა მუნიციპალიტეტების ფუნქცია-მოვალეობები მსგავსია, რაც ა(ა)იპების ერთსა და იმავე სფეროში შექმნას არ უნდა იწვევდეს, თუმცა თვითმმართველობების პოლიტიკა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან იურიდიული პირების საქმიანობის სფეროების შერჩევის კუთხით.
მაგალითად, სამ მუნიციპალიტეტში ცალკე ა(ა)იპი ფუნქციონირებს, რომელიც გარე განათების ქსელის ექსპლუატაციას ახორციელებს, 38-ში კი გარე განათების ქსელს ისეთი ა(ა)იპები ემსახურება, რომლებიც პარალელურად სხვა მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას უწევენ მომსახურებას. დანარჩენ 23 შემთხვევაში თვითმმართველობა მომსახურებას ყიდულობს სახელმწიფო შესყიდვის გზით ან დაფუძნებული აქვს შპს;
ხუთ მუნიციპალიტეტში გამწვანებული ტერიტორიების, პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობისთვის ცალკე ა(ა)იპი არის დაფუძნებული, მაშინ როდესაც სხვა თვითმმართველობებში გამწვანების მოვლა-პატრონობა რომელიმე კომპლექსური ა(ა)იპის ფუნქცია არის ან ხორციელდება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გზით შეძენა;
20 მუნიციპალიტეტში 28,287.3 ათასი ლარი არის დახარჯული ისეთი ა(ა)იპების ფუნქციონირებაზე, რომელთა საქმიანობის სფეროც მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში გვხვდება და სხვაგან ანალოგიური ფუნქციების ორგანიზაციები არ არის შექმნილი.
ხშირად ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში არსებობს საერთო პროფილის რამდენიმე ა(ა)იპი. მსგავსი სურათი განსაკუთრებით დამახასიათებელია კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის. ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავსს ფუნქციებს ასრულებენ, ცალ-ცალკეა განსაზღვრული ადმინისტრაციული პერსონალი: დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ა. შ.
მაგალითისთვის, თელავის მუნიციპალიტეტს აქვს ოთხი ერთნაირი ა(ა)იპი: საფეხბურთო: კლუბი თელავი, ანუ სპორტული პარაზიტი;
სპორტულ კლუბთა გაერთიანება, ანუ ისევ სპორტული ა(ა)იპი;
სასპორტო გაერთიანება, ანუ ისევ სპორტის სახელზე დაარსებული პარაზიტი;
და ძიუდოსა და ჭიდაობის სპორტული პარაზიტი.
ოთხივეს ჰყავს დირექტორი, მოადგილე, სპეციალისტთა არმია და მრწვრთნელები. ასევე ბუღალტერი. და გგონიათ, სხვადასხვა ბუღალტერია აქ? _ არა, მეგობრებო, ამ ოთხივე პარაზიტ ორგანიზაციაში დასაქმებული ბუღალტერი ერთი და იგივეა, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანი ოთხ სხვადასხვა შენობაში ერთდროულად მუშაობს… და როგორც პარაზიტი ორგანიზაციის ხელმძღვანელები ამბობენ, თავსაც ართმევს.
ასევე თელავის მუნიციპალიტეტს აქვს სამუსიკო სკოლის 5 ა(ა)იპი და ამ ხუთიდან რამდენიმეში ერთი და იგივე ფორტეპიანოს, ჩელოს თუ კიდევ რა ვიცი რამდენი სახეობის ერთი და იგივე პედაგოგი მუშაობს. თუმცა ამ ხუთ ა(ა)იპს ჰყავს 5 დირექტორი, 10 მოადგილე, 5 ბუღალტერი და ა. შ.
„ა(ა)იპების დაყოფა სათანადო დასაბუთების გარეშე ფინანსური რესურსების არაეფექტიან ხარჯვას იწვევს“, _ გვეუბნება სახელმწიფო აუდიტი.
„მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ სფეროში დასახულ მიზანს. ამდენად, ა(ა)იპების დაფუძნება და მათზე დაფინანსების გაცემა ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისად გაანალიზებული. სათანადოდ არ იგეგმება, თუ რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს და რა თანმიმდევრობით, როგორი უნდა იყოს მიმდინარე ამოცანები კონკრეტულ სფეროში საბოლოო მიზნის მისაღწევად. შედეგად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპის დაფუძნების იდეამ არ გაამართლა და საჭირო გახდა მისი ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ან ორგანიზაცია აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მისი საქმიანობის შედეგები არაეფექტიანია.
მთლიანობაში, 2014-2019 წლებში დასახული მიზნების მიუღწევლობის მოტივით 169 იურიდიული პირის ლიკვიდაცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მათ დაფინანსებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61,592.8 მილიონი ლარია გადახდილი, შესაბამისად, აღნიშნული თანხები შესაძლებელია შეფასდეს როგორც არაეფექტიანი ხარჯი“.
მუნიციპალურ ა(ა)იპებში წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვა არ ეფუძნება სათანადო გათვლებს.
მერიებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებული იყო 40,074 კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლისთვის 17,932 დასაქმებულით გაიზარდა და 58,006 კაცი შეადგინა.
დღევანდელი მდგომარეობით, საშუალოდ, ა(ა)იპებში არათუ დასაქმებულ, არამედ გაფორმებულ ადამიანთა რაოდენობა 100 000 კაცს აღწევს(!!!).
რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს უაზრო ორგანიზაციები, რომლებსაც საკუთარი აუდიტივე ეუბნება, რომ არაეფექტიანად ფუნქციონირებს?
სინამდვილეში, აქ მუშაობენ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ცოლები, შვილები, შვლიშვილები, აგიტატორები, მხარდამჭერები.
მათი ფუნქცია კი მხოლოდ ერთია, _ თვის ბოლოს ბანკომატიდან აიღონ თანხა.
და როცა ვამბობთ, რატომ გვყვავს ამდენი მშიერი? _ იმიტომ, რომ ფულს არ ვხარჯავთ მათთვის და კუთვნილ თანხას ვაძლევთ იმათ, ვისაც ის არ ეკუთვნის.
სინამდვილეში, სტატიტიკის სამსახური გვეუბნება, რომ დასაქმებულია ამდენი, მაგრამ დასაქმებულები არათუ მუშოაბენ, არამედ ისიც არ იციან, რა უნდა გააკეთონ,
როცა კეთილმოწყობის სამსახურის მეეზოვის ხელფასი თელავში 400 ლარია, ხოლო ა(ა)იპში გაფორმებული სპეციალისტის კი _ 800. რა ხდება ამ დროს? ამ დროს ხდება ის, რომ ნაგავი რჩება ქალაქში და ნაგვით ივსება ა(ა)იპები.
რატომ არ ხმაურობს ოპოზიცია? სად არის იგი? _ მათაც ბიუჯეტიდან აქვთ ხელფასი და ცალკე პარაზიტულ ჯგუფებად არიან განაწილებულნი საკრებულოებში.
არც მათ სურთ მუშაობა და იცით, რატომ? უკეთესია, გაურიგდე, იყო ჩუმად და უსაქმურობაში იღებდე ხალხისგან გადახდილ ფულს.
და რას აკეთებს ხალხი? _ ევროპაში მირბის და უკან აღარ ბრუნდება, რადგან ამ ქვეყანას არ ექნება მომავალი მანამდე, სანამ პარაზიტები იქნებიან როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში.
როცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთი მესამედი _ რამდენიმე მილიონი _ ასე იხარჯება, იქ არც სოფელი შენდება და არც _ ქალაქი!
გამოსავალი? არ ვიცი! ქვეყანა უნდა ამობრუნდეს, ალბათ, მაშინ გამოჩნდება გამოსვალი.