QronikaPlus
მეგი გოცირიძე: „სააკაშვილი და დეკანოზი მამალაძე მოწამლეს“

მეგი გოცირიძე: „სააკაშვილი და დეკანოზი მამალაძე მოწამლეს“

2022-11-13 16:30:58

შორენა მარსაგიშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი, მეგი გოცირიძე, ჯერ კიდევ წლების წინათ ელოდა, რომ საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ გადაიქცეოდა. თუმცა არ ეგონა, რომ ამას ხალხი და ოპოზიცია ასე ადვილად შეეგუებოდა. ის თითქმის ყველა საპროტესტო აქციის მონაწილეა და ახლაც აპირებს აქციაზე გასვლას, ოღონდ აღარ სჯერა, რომ აქცია შედეგს მოიტანს.

რატომ დაკარგა საქართველოში საპროტესტო აქციებმა აზრი? რაში უშლის ხელს „პერო“ ქართულ ოპოზიციას? როგორ იქცნენ ოპოზიციის ლიდერები პოლიტიკურ ექსპერტებად? რატომ არ უნდა მოუჩლიქოს ენა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მეგი გოცირიძე ესაუბრება:

_ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში მოვიდა აცხადებთ, რომ საქართველო რუსულ რელსებზე გადავიდა. თავიდანვე რუსეთის მიმართ დაიწყეს სიმპათიების გამოხატვა, მაგრამ მთლად ასეთი პრორუსული თუ გახდებოდა „ქართული ოცნება“, ალბათ, ვერც თქვენ წარმოიდგენდით.
_ ვინ გითხრათ, რომ არ წარმოვიდგენდი? იმიტომ ვაპროტესტებდი „ქართული ოცნების“ მოსვლას, იმიტომ ვყვიროდი ბოლო ხმაზე, რომ ვიცოდი, საითაც წაიყვანდა ივანიშვილი საქართველოს. არ მესმის, რა სიკეთეს ელოდა საქართველო იმ კაცისგან, რომელიც გენერალ ლებედის მეგობარი იყო.
_ მარტო მეგობარი არ ყოფილა, მის საარჩევნო კამპანიასაც აფინანსებდა.
_ ლებედის გარდა კიდევ ბევრ ვინმეს აფინანსებდა რუსეთში და კიდევ უფრო ბევრთან თანამშრომლობდა. მე ვარ 1989 წლის აპრილის აქციების მონაწილე, მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი და ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, რომ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოდიოდა კაცი, რომელიც 9 აპრილის ჯალათის, გენერალ ლებედის მეგობარი იყო. ისიც კარგად მესმოდა, რომ ივანიშვილი რუსულ საქმეებს გააკეთებდა საქართველოში.
თავიდანვე ნათელი იყო, რისთვისაც გამოუშვა ის აქ ვლადიმირ პუტინმა. თან ისე კი არ გამოუშვა, არამედ რუსეთში ნაშოვნი მილიარდები გამოატანა. თქვენ ვერ დამისახელებთ სხვა მილიარდერს, რომელმაც მილიარდები წამოიღო რუსეთიდან. მას ამის ნებას ასე უბრალოდ არ მისცემდნენ. სანაცვლოდ რაღაც უნდა გაეკეთებინა. უნდა გაეკეთებინა და გააკეთა კიდევაც. პუტინის დავალებების შემსრულებელი საქართველომ, როგორც დიდი ქველმოქმედი, ისე მიიღო.
ბიძინა ივანიშვილი ქართულ საქმეს რომ არ გააკეთებდა, ამის გამოცნობა, წესით, ჩვენს საზოგადოებას არ უნდა გასჭირვებოდა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის „გაზპრომის“ აქციების მფლობელია. ამით ყველაფერია ნათქვამი. ბევრი ხვდებოდა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ იმდენად სძულდათ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიშა სააკაშვილი, რომ „ქართული ოცნება“ აირჩიეს. დღეს ბევრი ნანობს კიდევაც, მაგრამ გვიანია.
_ „ქართულ ოცნებას“ მართლა „ნაციონალების“ სიძულვილით მისცა ბევრმა ხმა. „ნაციონალები“ აღიარებენ, რომ მათ მმართველობის პერიოდში ბევრი შეცდომა და გადაცდომა ჰქონდათ.
_ ამას არც მე უარვყოფ, მაგრამ ჩვენ ხომ თავიდან დავიწყეთ სახელმწიფოს შენება. ვჩქარობდით, გვინდოდა, ყველაფერი მოგვესწრო. სიჩქარეში კი ადამიანი შეცდომებს უშვებს. ჩვენც დავუშვით შეცდომები. იყო დანაშაულიც, მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც „ქართული ოცნება“ სჩადის. „ქართული ოცნების“ ცოდვებზე, რატომღაც, არავინ იღებს ხმას. ის ოპოზიციაც დუმს, რომელიც ჩვენს დროს სულ გარეთ იყო და აქციებს აწყობდა.
ჩვენ იმის მეათედი რომ დაგვეშავებინა, რასაც ესენი აშავებენ, არ ვიცი, რას გვიზამდნენ. მკვლელებს ჩვენ გვეძახიან და თავად ხელისუფლებაში ისე მოვიდნენ, რომ ცხედრებზე გადაიარეს. 9 თვის ბავშვის სისხლზე მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და ამას არავინ ახსენებს.
ბარბარე რაფალიანცის ამბავს ივანიშვილის მთავრობას არავინ ახსენებს და ისევ „ნაციონალების“ ჩადენილ დანაშაულებზე ლაპარაკობენ. ამ დანაშაულების ნახევარზე მეტი მოგონილია და „ქოცების“ ფანტაზიის ნაყოფია. დაახლოებით იმ სტილისაა, სანდრა რომ თირკმლებს აჭრიდა ხალხს. ბარბარე რაფალიანცს რაც შეეხება, ყველაფერი ნათელია. თვეების ბავშვი ქვევრში ჩაახრჩეს და ასე მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს საქმე დღემდე არაა გამოძიებული. არც არავინ ახსენებს ამ ამბავს.
_ არავინ ახსენებს ამ ამბავს „ქართულ ოცნებას“, მათ შორის, არც ოპოზიციაში გადასული „ნაციონალური მოძრაობა“.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ არ ახსენებს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მე ვახსენებ და ყოველთვის გავახსენებ „ქოცებს“ ამ საშინელებას. ადრე თუ გვიან, მათ მაინც მოუწევთ ამისთვის პასუხისგება. ჩვენი დანაშაული, იცით, რა იყო? როცა რაღაცებს გვაბრალებდნენ, რეაქცია არ გვქონდა. ალბათ, გემახსოვრებათ, რეებს წერდა ჩვენზე „ასავალ-დასავალი“, როცა ხელისუფლებაში ვიყავით. პირადად ჩემზე დაწერეს, რომ თითქოს საფრანგეთში დამიჭირეს და მიშამ გამოაშვებინა ჩემი თავი. კიდევ ათასი სისულელე იწერებოდა იქ და ხალხი იჯერებდა ამას. იჯერებდა და ისე ღრმად ჩაიდეს ტვინში, რომ ჩვენ დამნაშავეები ვიყავით, დღემდე ჩვენზე საუბრობენ. რას აკეთებს „ქართული ოცნება“, ამაზე ხმას არავინ იღებს.
ჩვენ ყველა ცილისწამებაზე რომ გვეჩივლა და დაგვემტკიცებინა ჩვენი სიმართლე, აქამდე არ მივიდოდა საქმე. ამაზე მიშასთანაც მისაუბრია და სხვა ლიდერებთანაც. მათი პოზიცია ასეთი იყო, რომ დაწერონ, რაც უნდათო. ამან ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა ჩვენთვის.
_ ახლაც ბევრი რამე იწერება კრიტიკულ მედიაში ხელისუფლებაზე, მაგრამ ამას აღარავინ აქცევს ყურადღებას.
_ სამაგიეროდ, ის დაიჯერა ხალხმა, რომ ცოცხებით ვაუპატიურებდით პატიმრებს. მალე საქართველოში, ალბათ, აღარც ოპოზიციური მედია იქნება და ყველაფერი ისე წავა, როგორც ივანიშვილს უნდა. საქართველო უკვე გახდა რუსეთის ნაწილი. ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, რომ იქაც და აქაც რელიგიას არიან ამოფარებულები. რასაც იქ კირილი ამბობს, აქ ჩვენები იმეორებენ. თურმე, რუსეთი ყოფილა მართლმადიდებლობის გადამრჩენელი და მართლმადიდებლობის გადასარჩენად აუპატიურებენ თოთო ბავშვებს. ყველა კოშმარი, რაც უკრაინაში ჩაიდინეს, ლამის მართლმადიდებლობის სახელით გაამართლეს. ეს ყველა საშინელება ჩვენ ბევრად ადრე ვნახეთ. ბუჩამდე და მარიუპოლამდე იყო აფხაზეთი.
ჩვენი საზოგადოება არაფერს აპროტესტებს და ამდენი საშინელების შემდეგ რუსეთზე კიდევ იმას გაიძახიან, ერთმორწმუნეო. იმაზე აღარაფერს ვამბობ, აგვისტოს ომის დროს რომ თქვეს, საქართველოში ნაკურთხი ბომბები ცვიოდაო. მამა გიორგი მამალაძეს ციხეში წამებით კლავენ და ჩვენი ღრმად მორწმუნეები ამაზე ხმას არ იღებენ. გუნდიაევის კანტორაზე აღარაფერს ვამბობ.
_ გუნდიაევის კანტორაში ვის გულისხმობთ?
_ ჩვენს საპატრიარქოს. ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს პატიმრებს აწამებენო, გაიძახოდნენ საპატრიარქოში. ახლა დეკანოზ მამალაძესა და პრეზიდენტ სააკაშვილს მართლა წამებით კლავენ და ხმას არ იღებენ. ტომოსი რომ ვერ წაიკითხეს, ამაზე აღარაფერს ვამბობ.
_ ტომოსის წაკითხვას ვინ ჩივის, ორკებმა უკრაინაში ასზე მეტი ეკლესია გაანადგურეს, ათობით სასულიერო პირი მოკლეს და ესეც კი არ დაუგმიათ, მსუბუქი შეშფოთებაც კი არ გამოუხატავთ.
_ ვერც მოვისმენთ. გუნდიაევის კანტორისგან რას ითხოვთ, რომ რუსეთის ქმედებები დაგმონ? _ გამორიცხულია!
მამა გიორგი მამალაძის თემას დავუბრუნდები: ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა მიშას პრეზიდენტობის დროს, მღვდელი რომ დაგვეჭირა ტყუილად. მამა გიორგი ტყუილად არის დაკავებული. ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, ვისგანაც მან ციანიდი შეიძინა. ჩვენს დროს რომ ასეთი რამე მომხდარიყო, არც კი ვიცი, რა მოხდებოდა.
სასულიერო პირების მაგივრად მე მრცხვენია, მიშას წამებაზე რომ არ იღებენ ხმას. თქვენ არ იცით, რას აკეთებდნენ ეს მაღალი იერარქები, სააკაშვილი საპატრიარქოში რომ მიდიოდა. ისეთებს სჩადიოდნენ, სირცხვილით არ ვიცოდი, სად წავსულიყავი.
_ ასეთს რას აკეთებდნენ?
_ რამდენჯერმე მეც ვახლდი მიშას საპატრიარქოში. იქ „ნაციონალებთან“ ერთად მივიდა. იქვე იყვნენ დედამისი და სანდრა. ხელებს უკოცნიდნენ იერარქები, თან ისე, რომ მიშას შერცხვა და ხელებს მალავდა. ახლა ხმასაც კი არ იღებენ, დუმილით უყურებენ, როგორ კლავენ წამებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
_ რატომ არ უყვართ სააკაშვილი?
_ არ ვიცი, ეს მათ ჰკითხეთ. ახლა არ უყვართ, თორემ პრეზიდენტი რომ იყო, მზე და მთვარე მიშაზე ამოსდიოდათ.
_ დაშავებით სააკაშვილს საპატრიარქოსთვის არაფერი დაუშავებია. იმაზე დიდი ქონება ეკლესიისთვის არცერთ ხელისუფალს არ გადაუცია, რამდენიც „ნაციონალებმა“ გადასცეს.
_ მარტო ქონება გადასცა? ყოველწლიურად 25-მილიონიანი დაფინანსება ვინ ჩაუსვა ბიუჯეტში საპატრიარქოს? ბევრი სიკეთე აქვს მიშას გაკეთებული და ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. ისეთი რა კომპრომატებით ჰყავს ივანიშვილს ესენი დაჭერილი, რომ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ?! სუსის კრებსების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კომპრომატები ძალიან სერიოზულია და ამიტომაც არიან მდუმარებაში. ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ ხმის ამოღება. ეგენი თუ არ ამოიღებენ ხმას, სამართალი მაინც თავისას იზამს. მამა გიორგი ხომ უკვე გამართლდა სტრასბურგში.
_ ფიქრობთ, რომ მიშას ამბავიც სტრასბურგამდე წავა?
_ მიშას ამბავს არც სტრასბურგი სჭირდება და არც _ ჰააგა. მიშა ახლა საკუთარი სისხლით წერს თავის ისტორიას და ამას არავინ დაივიწყებს. მიშა მიშაა და ამით ყველაფერია ნათქვამი. დღეს მესამე პრეზიდენტი არის ძალიან ცუდად. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მიშა მოწამლულია. ის სარეცელს არის მიჯაჭვული. სენტიმენტები არ მინდა, მიშა ძალიან ცუდადაა, მაგრამ ნუ ვიტირებთ. სატირლები და შესაცოდები ვართ ჩვენ _ ხიხო გვაზის თავზე და ირაკლი კობახიძის განცხადებებს ვარჩევთ. ხვალინდელი დღე და ევროპული მომავალი აღარ არსებობს.
ჩვენ რუსეთისკენ მიგვათრევენ და თავად ევროპებსა და ამერიკებში დადიან. ამ შემთხვევაში მარტო ხელისუფლების წარმომადგენლებზე არ ვლაპარაკობ, სასულიერიო პირებიც იგივეს აკეთებენ. ერთს წამოახველებენ თუ არა, მაშინვე ევროპაში გარბიან.
_ არადა, მოსკოვშიც კარგი კლინიკებია, ერთმორწმუნე ექიმებით.
_ მეც მანდ ვარ, რუსეთში წავიდნენ სამკურნალოდ. რუსეთს არც თავიანთ შვილებს აკარებენ. ამერიკასა და ევროპაში აგზავნიან განათლების მისაღებად. მაგათ ევროპა და ჩვენ _ რუსეთი? ეგრე არ მოსულა. არ მოსულა, მაგრამ ვეღარც ვიმუქრები, ამას ვიზამ და იმასო.
_ რატომ ვერ იმუქრებით, ყოველთვის მებრძოლი იყავით და ახლა რა შეიცვალა?
_ ახლა ბევრი რამ შეიცვალა. მე ისევ გავალ საბრძოლველად, მაგრამ აზრი? იცით, რა მდგომარეობაშია ქვეყანა? 10.000 კაცი გაიქცა ჯარიდან. მოტივაცია ის ჰქონდათ, რომ ოჯახს ვეღარ არჩენენ და ბანკის ვალები აქვთ გადასახდელი. ასეთი ჯარისკაცების იმედად უნდა ვიყო, აქ რომ მტერი მოვიდეს? რაღა უნდა მოვიდეს? _ აგერ მიზის უკვე ივანიშვილის სახით. კი არ უნდა გაქცეულიყვნენ ეს ჯარისკაცები, ქუჩაში უნდა გამოსულიყვნენ და პრეზიდენტისთვის მოეთხოვათ, გამოუშვი მესამე პრეზიდენტი, ვის უბედავ, „არას და არასოდეს“ თქმასო?!
ძალიან მიშლიან ნერვებს ქვეყნიდან გაქცეული პოლიციელები. აქედან კურდღლებივით გაიპარნენ და იქიდან ყვირიან, მე ამაში ჩამრთეს, კარუსელზე მატარეს და აღარ მინდაო. მართლააა?! ჩემი შვილების მომავალი რომ მოსპე და 41 შემოხაზე, შე გარეწარო! კარგი იყო საარჩევნო კარუსელზე კატაობა? ახლა გაიქცნენ და ტანჯულებად მოაქვთ თავი. მერე ჩვენს ნაბრძოლზე ჩამოვლენ და გამოაცხადებენ, პოლიტდევნილები ვიყავითო.
აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი და ოპოზიციაზეც უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა: ოპოზიცია რა არის? _ ოპოზიცია არის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ერთობლიობა. ამის გარდა, არსებობენ ოპოზიციის ლიდერები, ეს სულ სხვა თემაა. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ იმუშავეს მათ იმ ჯარისკაცებთან და პოლიციელებთან, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას აპირებდნენ?
_ საიდან უნდა გაეგოთ, ვინ აპირებდა ქვეყნიდან გაქცევას?
_ მონდომება თქვი და ამაზე მარტივი გასაკეთებელი არაფერია. ეს ადამიანები უნდა მოენახათ და მათ დალაპარაკებოდნენ. საარჩევნო სიებში გენერლებიც არიან და პოლკოვნიკებიც, მათ უნდა აეღოთ საკუთარ თავზე ეს საქმე. რას მიკეთებენ, ესეც რომ არ გააკეთეს? შევარდნაძის დროს, როცა ოპოზიციაში ვიყავით, ჯარსაც დაველაპარაკეთ და პოლიციასაც.
_ მერე შინაგანი ჯარი და საჩხერის ბატალიონი რომ თქვენს მხარეზე გადმოვიდა.
_ ნამდვილად ასე იყო. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ მათთან და მუშაობამ შედეგი გამოიღო. ახლა რას ვაკეთებთ? _ არაფერს. ძალიან ბევრი სამხედრო და პოლიციელია, რომელსაც აღარ უნდა ასე ცხოვრება. ოპოზიციას ძალიან მარტივად შეუძლია მისი მომხრობა, მაგრამ ამას მუშაობა სჭირდება. მე ერთ და ორ ადამიანზე არ ვლაპარაკობ. ათასობით ძალოვანია უკმაყოფილო. ათასობით ძალოვანს რომ წაართმევ სახელმწიფოს, იცით, ეს რამხელა რამეა? ჩემი აზრით, ამ ადამიანებით უნდა ჩამოშლილიყო „ოცნება“.
_ არ არის ეს ჩამოშლა ადვილი.
_ ადვილი არაფერი არის, მაგრამ თუ მოინდომებ, გააკეთებ. შენ როდესაც ოპოზიციის ლიდერი ხარ, სხვა რაღაცები გევალება. ბოდიში და ტელევიზიაში დაჯდომა და ექსპერტივით ლაპარაკი არც პოლიტიკოსობაა და არც ლიდერობა.
_ ჩვენი პოლიტიკოსები, თქვენი აზრით, ექსპერტებივით ლაპარაკობენ?
_ ჯერ სად გვყავს ჩვენ პოლიტიკოსები, მაგრამ ვისაც პოლიტიკოსებს ვეძახით, ისინი ნამდვილად ექსპერტებივით ლაპარაკობენ.
_ ექსპერტებივით ლაპარაკობენო, ამბობთ და ამაში რას გულისხმობთ?
_ რას ვგულისხმობ და ტელევიზიით გამოსვლისას გვეუბნებიან, ასე და ასე უნდა გავაკეთოთო. იმის ნაცვლად, რომ თავად გააკეთონ, ჩვენ გვეუბნებიან, უნდა გავაკეთოთო. სასაცილოა, მე რომ იმას მეტყვიან, მიშას გასათავისუფლებლად ეს უნდა გააკეთოო. 4 წლის წინათ დავიწყე მიშას გამო საქართველოს მასშტაბით სიარული, გავაკეთეთ გაზეთი, სადაც მიშასთვის მოგონილ ბრალდებებზე ეწერა. მთელი საქართველო მოვიარეთ. თითქმის ყველა სოფელში დავარიგეთ ეს გაზეთები.
_ ჭორვილაშიც ხომ ჩაიტანეთ ეს გაზეთი?
_ ჭორვილას როგორ გამოვტოვებდი. ოლიგარქს ზედ ჭიშკარზე მივუკარი ეს გაზეთები. იმ დროისთვის ნამყოფიც არავინ იყო იქ. შიშით ვერ ეკარებოდნენ ჭორვილას ოპოზიციონერები.
_ რატომ ეშინოდათ იქ ჩასვლის?
_ რაკი ბიძინას სოფელია, იქ მათ გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვებოდა.
_ თქვენს იქ ჩასვლასაც ხომ მოჰყვა დაპირისპირება?
_ მოჰყვა დაპირისპირება და მერე რა! დამაკავეს კიდევაც ჭორვილაში და არც ესაა ტრაგედია. სასამართლომაც გამომიტანა განაჩენი და საჩხერეში სტაფილოთი და ყვავილებით ჩასვლა ამიკრძალა. თან რიგითმა მოსამართლემ კი არ გამასამართლა, არამედ თავმჯდომარემ. განაჩენის გამოტანიდან მეორე დღეს ჩავედი საჩხერეში, უზარმაზარი თაიგული მივიტანე, რომელზედაც ეწერა: „დავტირით მონა ყიფიანს“. დავტოვე ეს „ვენოკი“ სასამართლოს ეზოში და წამოვედი.
_ ამაზე რა იყო სასჯელი?
_ არაფერი. როგორც თქვენ არ გამოუძახებიხართ, ისე მე არ გამოვუძახებივარ ვინმეს. აბა, თუ ყოჩაღები იყვნენ, დავეჭირე. მე ქუჩაში გასვლა და აქციის მოწყობა არ მესწავლება. ძალიან ბევრია ასე განწყობილი და იმათთვის ჭკუის დარიგებას, ჯობია, ოპოზიციამ თავად იმოქმედოს.
_ ეს შემოდგომა ისე მიდის, ერთი აქცია არ ყოფილა. თქვენი აზრით, უაქციოდ გადავაგორებთ ამ შემოდგომას?
_ ვერ გეტყვით. ოპოზიცია არაფერს აკეთებს და მხოლოდ იმაზე საუბრობს, რა უნდა გაკეთდეს.
_ თუმცა ჩვენ ისეთი არაპროგნოზირებადი ხალხი ვართ, შესაძლოა, უმნიშვნელო რამეზე გავვარდეთ ქუჩაში.
_ ამ მხრივ მართლა არაპროგნოზირებადები ვართ და მართლა უაზრო მიზეზით შეიძლება გავცვიდეთ ქუჩაში, მაგრამ აზრი? არანაირი აზრი არ ექნება ქუჩაში გასვლას.
_ რატომ არ ექნება აზრი?
_ იმიტომ, რომ თავს მოვიწონებთ. ამდენი ათასი კაცი ისე ვიდექით ქუჩაში, ფოთოლიც კი არ ჩამოგვიგდიაო. კიდევ დიდხანს ვიტრაბახებთ, აი, როგორი ევროპელები ვართო. ის ევროპელები კიდევ ერთი ცენტიტაც რომ გაუზარდო საწვავის ფასი, თავზე იმხობენ ყველაფერს. ჩვენ ევროპელები კი არა, კურდღლები ვართ. ჩვენ გარდა, მგონი, ყველგან მართავენ საპროტესტო გამოსვლებს.
_ აქციები უკვე რუსეთშიც იმართება. მობილიზაციის წინააღმდეგ რუსეთის ბევრ ქალაქში გამართეს აქციები.
_ იქაც კი გამართეს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? ლიდერები ექსპერტებად გადაიქცნენ და არაფერს აკეთებენ. საზოგადოებაც გაჩერებულია. გარეთაც რომ გავიდეთ, უშედეგოდ მთავრდება ეს ყველაფერი, რადგან არ ვიცით პროტესტის გამოხატვა. მარტო ქუჩაში დგომა არ არის პროტესტი. გაცილებით მეტი მუხტია საჭირო.
_ რატომ არ არის ეს მუხტი?
_ იმიტომ არ არის, რომ „პერო“ გვიშლის ხელს. ჩვენ ხომ „პეროიანები“ ვართ და ევროპულ აქციებს ვმართავთ, ფოთოლი არ შევარხიეთ თურმე. ფოთოლი რომ არ ჩამოვაგდეთ. მაგიტომაც ვართ ამ დღეში. მესამე პრეზიდენტი ციხეში წამებით კვდება და ხმას ვერ ვიღებთ. მიშაც და გიორგი მამალაძეც მოწამლეს. ორივე თავისი ფეხით შევიდა ციხეში და ახლა ორივე სარეცელს არის მიჯაჭვული. იმის მაგივრად, რომ ვუშველოთ, სალომე ზურაბიშვილს მივმართავთ თხოვნით, მიშა შეიწყალეო. სალომე ზურაბიშვილს კი არ უნდა ვთხოვოთ, მოქმედებაა საჭირო, მაგრამ, რატომღაც, არავინ არაფერს აკეთებს. არ ვიცი, სადამდე ვიქნებიოთ ასე.

გაზიარება