QronikaPlus
სიძულვილი, ბულინგი - რა იწვევს ამდენ აგრესიას სოციალურ ქსელში?!

სიძულვილი, ბულინგი - რა იწვევს ამდენ აგრესიას სოციალურ ქსელში?!

2022-11-13 16:24:29

გიორგი საკარული

ბავშვის ფიზიკური დასჯა, ცემა, სექსუალური ძალმომრეობა, მკვლელობა, დაცინვა, ყვირილი, ფიზიკური შეხება ტკივილის განზრახ მიყენების მიზნით, ცინიზმი, სამართალდამცველი სტრუქტურის მიერ ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიება, გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი, გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა, ჩხუბი ოჯახის წევრთან, პროვოცირების შედეგად ჩხუბი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა…
ამ ჩამონათვალში გვხვდება „საყოფაცხოვრებო“, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილი აგრესიული ქცევაც და განზრახ ჩადენილი დანაშაულიც.

ერთმნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რომ ყველა ამ ქცევას აქვს ერთი საერთო რამ – თითოეული მათგანის განხორციელებისას ერთი ადამიანი ზიანს აყენებს მეორეს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ამ ქმედებას საზოგადოება ამართლებს.
აგრესია ლათინური სიტყვაა და თავდასხმას ნიშნავს. ფსიქოლოგიაში ტერმინი „აგრესია“ განიმარტება, როგორც სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ განზრახ მიმართული ქცევა.
სპეციალისტები ერთმანეთისგან განასხვავებენ ბრაზის ემოციასა და აგრესიას. ადამიანი შესაძლოა, გაბრაზდეს, მაგრამ ამ ემოციის შესაბამისად არ მოიქცეს. როგორც იტყვიან, „ემოციას არ აჰყვეს“ და პირიქით – შესაძლოა, სულაც არ ბრაზობდეს, მაგრამ სხვას მაინც მიაყენოს ზიანი. აგრესიული ქცევისა და ბრაზის ემოციის გასამიჯნავად გადამწყვეტი ფაქტორია წინასწარ განზრახვის ცნება. თუ ადამიანმა ვინმეს წინასწარი განზრახვის გარეშე, შემთხვევით, გაუფრთხილებლობით, უნებურად მიაყენა ზიანი, ტკივილი, ეს აგრესიად არ განიხილება, ყველა დანარჩენი შემთხვევა კი კვალიფიცირდება, როგორც აგრესიული.
არსებობს მოსაზრება, რომ ზოგჯერ მოზარდები აგრესიულ ქცევას ყურადღების მიპყრობის მიზნით მიმართავენ და მისი ფარული მოტივი შეიძლება დახმარების თხოვნა იყოს, რის უკანაც უსუსურობის განცდა, შიში ან საკუთარ თავში დაურწმუნებლობა იმალება.
ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა „აგრესიას“ ვიყენებთ ქცევათა ფართო სპექტრის აღსანიშნავად, ცინიკური კომენტარებიდან დაწყებული, ძალადობის ფაქტებით დამთავრებული. ფსიქოლოგები ცნება „აგრესიის“ ქვეშ ისეთ ქცევას მოიაზრებენ, რომელიც სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენებისკენაა მიმართული.

რატომ არის ადამიანი აგრესიული? რატომ შეუძლია იყოს ასეთი სასტიკი თავისივე მოდგმის მიმართ? ბავშვობის ტრავმა თუ ნაკლები განათლება? რა როლს უნდა ასრულებდეს სახელმწიფო? როგორ და რა ფორმით უნდა ვებრძოლოთ აგრესიას? ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ფსიქოლოგი, ხათუნა ხაჟომია:

_ ქალბატონო ხათუნა, ბოლო დროს ადამიანები სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. ვგულისხმობ აზრის გამოხატვას, შემდეგ განსხვავებული აზრის მიუღებლობას, მასზე თავდასხმას, პირად შეურაცხყოფას, ბულინგსა და ადამიანის „ჩაქოლვას“. ბევრი მაგალითი გვიდევს წინ, თუმცა გამოვყოფ ბოლოდროინდელ სკანდალს, რომელიც მსახიობ თამარ მაყაშვილს გადახდა თავს. ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანმა იხუმრა ერთ-ერთ გადაცემაში და ეს ხუმრობა არ აპატია საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა, მის ამ ქმედებას კი მოჰყვა ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობისგან და მსახიობი სპექტაკლებიდან მოხსნეს. აქ ხაზგასასმელია ერთი რამ: მაყაშვილმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს ბოდიშიც არ აპატიეს და მის გულწრფელობაშიც კი შეიტანეს ეჭვი. მაინტერესებს, ვინ საზღვრავს გულწრფელობის საზომს? მსგავსი აგრესია ადრეც იყო და ვერ ვამჩნევდით, თუ სოციალურმა ქსელმა გამოააშკარავა ეს ხალხი?
_ აგრესიის გამოვლენაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ვისაუბროთ, რა გარემოში ვცხოვრობთ? _ გარემო არის ძალიან აგრესიული. ადამიანები, რომლებიც მაგალითის მომცემნი უნდა იყვნენ ჩვენთვის, მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლები, თვითონ ასეთი სტილით გველაპარაკება, მათგან მოდის საშინელი აგრესიაც, ცინიზმიც, რომელიც თითქოს ნორმაა და მოსახლეობის ნაწილი ამას, რა თქმა უნდა, ასეთი ფორმით იღებს.
მეორე: სოციალური ფაქტორები, _ რა ხდება ჩვენს საზოგადოებაში? მოსახლეობის უმრავლესობა არის არარეალიზებული, არ აქვს პროფესია ან აქვს და არ გააჩნია შესაბამისი სამსახური, არ აქვს მინიმალური ანაზღაურება, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პიროვნებამ ნორმალურად, ადამიანად იგრძნოს თავი. გარკვეულწილად, ესეც შეიძლება იყოს აგრესიის ნაწილი. როდესაც აგრესია გროვდება, მერე სულ ერთია, შეიძლება რაღაც ჯგუფი მოძებნო და აგრესია აფრქვიო და ამ შემთხვევაში ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო მაყაშვილის ამბავი.
რაც შეეხება სოციალურ ქსელს, ეს კიდევ ცალკე თემაა. სოციალურ ქსელში კიდევ უფრო თავისუფლად გრძნობენ ადამიანები თავს, ხშირად იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ყალბი ფეისბუქ ანგარიშები აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ ანონიმურად იგრძნონ თავი. ინტერნეტსივრცე ძალიან დიდია და აქ ადამიანებს შეუძლიათ, თავისუფლად გადმოაფრქვიონ ეს აგრესია, თან ისე, რომ ანონიმურობაც შეინარჩუნონ და არავინ მოსთხოვოს პასუხი.
წარმოიდგინეთ ისეთ სიტუაციაში მყოფი ადამიანი, რომელსაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს, სამსახური არ აქვს, ჩართავს ტელევიზორს და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოდის ცინიზმი, ეს ათამამებს ადამიანს და შემდეგ აგრესიას უფრო მარტივად ავლენს იგი.
რაც შეეხება შენდობას, სასტიკები გავხდით! _ ბოდიში მოიხადა, არ არის. სასტიკები გავხდით იმიტომ, რომ ჩვენს ქმედებაზე პასუხს არ ვაგებთ. რაღაც ვთქვი, დიდი ამბავი. რეაგირების მექანიზმიც სახელმწიფოში არ არის ნორმალური. ძოგადად, ქაოტური სიტუაციაა, ადამიანები რაღაც საშინელებებს სჩადიან და ადეკვატური რეაგირება არ ჩანს. ამიტომ იმეტებენ ასე ვერბალურად ადამიანს, ეს არის ჩვეულებრივი ბულინგი.
_ ეს განპირორებულია მძიმე სოციალური თუ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო? გარდა ამისა, თვითონ სახელმწიფო ინსტიტუტებიც ჩამოშლილია, თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორიც _ ოჯახი. ბავშვობის ტრავმებიდან გამომდინარე ხომ არ ხდება ეს ყველაფერი?
_ მოძალადე ბევრია, ამ მოძალადეებში მარტო მამაკაცები არ იგულისხმებიან, ქალებიც საკმაოდ არიან. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მიკროსოციუმს, სადაც ბავშვი იზრდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები ყალიბდება პირველი 7 წლის განმავლობაში. რა გარემოში იზრდება ბავშვი, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უამრავი კვლევაა ჩატარებული, სადაც მითითებულია, რომ ადამიანი, რომელიც იზრდება აგრესიულ გარემოში, თვითონაა აგრესიის მსხვერპლი. ასეთ ადამიანს 2 შანსი აქვს: ან იყოს მორჩილი, საწყალი, საცოდავი და ასე გაიზარდოს, ან პირიქით _ თვითონ გახდეს აგრესიული. შუალედი არ არის. ეს ერთი გახლავთ ოჯახის ფაქტორი და საგანმანათლებლო სისტემაც ძალიან პრობლემურია, სახელმწიფო არ უნდა იყოს ოჯახებისა და მშობლების იმედზე, რომ იქ იდეალურ პირობებში გაიზრდება ბავშვი. სკოლამ გარკვეული მეთოდები უნდა გამოიყენოს აღზრდაში. მაგრამ თუ მაინც ოჯახზე ვსაუბრობთ, საბავშვო ტრავმებსა თუ ქცევებზე, ოჯახს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქაც საჭიროა, რომ სოციალური სამსახურები ამ საკითხში უფრო მომზადებულები იყვნენ და მეტი ყურადღება დაუთმონ რთულ ოჯახებს.
_ ბავშებში აგრესია ასაკთან ერთად ქრება, თუ წლების შემდეგ იჩენს მაინც თავს?
_ თუ არის ტრავმა, რომელიც ბავშვობის ასაკში მიიღო ადამიანმა, ვერ გადახარშა და ისევ აქვს, ეს შეიძლება სადღაც მიიმალოს, უკვე ზრდასრულ ასაკში გარკვეულმა სიტუაციამ ამ ტრავმის პროვოცირება გამოიწვიოს და ისევ გამოვლინდეს. როგორც წესი, აგრესიული ბავშვი არ არსებობს, ის სწავლობს და უყურებს უფროსებს, ბავშვი ეძებს ადამიანებს, რომლებიც არიან ავტორიტეტები, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, ავტორიტეტები ჰყავდეს ნებისმიერ ასაკში. პატარა ასაკში ოჯახს იმიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ვინ არიან ავტორიტეტები ბავშვისთვის? რა თქმა უნდა, დედა, მამა, უფროსი და-ძმა, სახლში მყოფი ადამიანები. თუ ის გარემო აგრესიულია და ნორმადაა ქცეული, ბავშვიც ურთიერთობას ასეთი სტილით გააგრძელებს. უფრო დიდ ასაკში ავტორიტეტები იზრდება და სახელმწიფოს რატომ აქვს დიდი პასუხისმგებლობა? _ იმიტომ, რომ ავტორიტეტები იყვნენ ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და ფსიქიკის მქონე ადამიანები. თუ სახელმწიფომ ხელი არ შეუწყო ამას, მოზარდთათვის შეიძლება ავტორიტეტები იყნვენ, ისევ და ისევ, არაჯანსაღი ადამიანები. ასეთ შემთხვევაში მოზარდი ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი ურთიერთობა ძალასა და ძალის დამტკიცებაზე გადის.
განათლება ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს. ადამიანებს ეცვლებათ შეხედულებები, დამოკიდებულებები, შეიძლება გარემო არ ჰქონდეთ ისეთი, მაგრამ მოახერხონ, რომ ეს გარემოებები შეცვალონ. თუ არც სკოლაში, არც სახლში, არც საზოგადოებაში ამის შესაძლებლობა არ არის, ძალიან რთული მდგომარეობა იქნება.
თან ჩვენს ქვეყანაში რა ხდება: დიდი ნაწილი ემიგრაციაშია, ძირითადად, დედები, რომლებიც აღზრდაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ. ბავშვების დიდ ნაწილს ტრავმა იმის გამო აქვს, რომ დედა მათ გვერდით არ არის. საჩუქრებით უზრუნველყოფაც არ არის საკმარისი. ემოციებს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი აქვს. ემოციების დეფიციტსაც განიცდიან ბავშვები და ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი. ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ საკვები აქვს, ტანსაცმელი აქვს, ფული აქვს და პრობლემებიც არ არის, აქ იგულისხმება ემოციები და ემოციური დამოკიდებულება და შვილთან კარგი ურთიერთობა, არა მკაცრი და დასჯაზე დაფუძნებული, არამედ მეგობრობაზე ორიენტირებული.
_ სასწავლო, აღმზრდელობით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ხშირად ცდილობენ მოზარდებში შიშის დათესვას. მართებულია ასეთი მიდგომა?
_ ბევრ სკოლაში ჯერ კიდევ ძველი მეთოდი მოქმედებს, წარსულიდან დარჩენილი, არანაირი გაგება. ახალგაზრდის პირდაპირ დასჯაზე გადადიან. იმედს ვიტოვებ, რომ ყველგან ასე არ არის. ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ, არც ერთი საგნის მიმართ არ იჩენენ ინტერესს და პედაგოგები სულ არ ღელავენ ამის გამო, მათ მთელი ცხოვრების მანძილზე აღარც აღეძვრებათ ინტერესი რამის მიმართ, ინდიფერენტულები და სასტიკები გახდებიან. მაგალითად, პედაგოგი, რომელიც ასწავლის გეოგრაფიას და მოზარდს არ აინტერესებს ეს საგანი, კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ არის მასწავლებლის ბრალი. როგორ შეიძლება, საგანი არც ერთ მოსწავლეს არ აინტერესებდეს?
როცა პედაგოგი ბავშვს შეეკითხება, იცი გაკვეთილი? მოსწავლე პასუხობს, რომ არა და მასწავლებელი დაბალ ქულას უწერს. ასე ბავშვი არ ისწავლის გაკვეთილს. სწორედ ამ დამოკიდებულებებით მივიღებთ მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ ცოდნა, განათლება, არც ინტერესი. ყველაზე დიდ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ ინტერესი, არ იციან რა აკეთონ, არ აქვთ სურვილები, ოცნებები და ვიღებთ არარეალიზებულ ფენას.
_ თქვენ გაქვთ ურთიერთობა სტუდენტებთან, შეხვედრები ადამიანებთან. ამის თაობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რა საკითხზეა ძირითადად მომართვიანობა?
_ თანამედროვე თაობა მთლიანად არის ახალ ტექნოლოგიებზე მომართული, მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიები არის სასიცოცხლო მნიშვნელობის. ჩვენ თუ გვინდა რაღაც სასიკეთო გავაკეთოთ, იგივე საგანმანათლებლო კუთხით ან თუნდაც სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, ეს უნდა იყოს შესაბამისობაში მათ განვითარებასთან _ თუ მათ ციფრულ ტექნოლოგიებზე აქვთ აქცენტი, ეს უნდა იყოს მთავარი და სკოლებში ასე არ ხდება. ამ კუთხით პრობლემაა. ყველა მოზარდი არის კარგი და სახელმწიფოსა და ოჯახის ნორმალური გააზრებით, შესაძლებელი იქნება, რომ ნორმალური თაობა გაიზარდოს საქართველოში. ღოცა კითხვას დაუსვამ ახალგაზრდებს, 80% გეტყვის, რომ უცხოეთში სურს წასვლა. ისინი რეალიზების საშუალებას ვერ ნახულობენ. ახალგაზრდობა მომავალია ჩვენი ქვეყნის, მათ განვითარებასა და რეალიზებაზე ჩვენი სახელმწიფო არ ფიქრობს.
_ რაზეც ვისაუბრეთ, ძალიან გლობალური საკითხია და მესმის, რომ ეს ერთ დღეში ან თუნდაც ერთ კვირაში ვერ მოგვარდება. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პრობლემა სხვაგანაც არის, თუმცა არა იმ დოზით, როგორიც საქართველოში. არა შემწყნარებლობა, არა დანდობა, არა ურთიერთპატივისცემა. რატომ?
_ ამ ემოციების მართვას სწავლა სჭირდება, ვიღაცას ნორმალური მშობელი ჰყავს და სახლში ასწავლის და სახელმწიფო ჩემს იმედზე ხომ არ უნდა იყოს, არა? როცა არ ვასწავლით ბავშვებს ემოციების მართვას, როგორ მოიქცნენ კონფლიქტურ სიტუაციაში, ვღებულობთ სავალალო შედეგს. ეს მცირე ასაკიდან უნდა ისწავლებოდეს, რაც მარტივია, ფსიქოლოგს რომ ჰკითხო. ასწავლი ემოციების ამოცნობას: როცა ბრაზდები, რას გრძნობ, გიხარია, რას გრძნობ, ეს უნდა მართო, ასაკთან ერთად ეს რთულდება. მერე ვიღაც რომ გაგაბრაზებს, მუშტზე კი არ გადადიხარ, ცდილობ, სიტყვიერად დაიწყო მოლაპარაკებები. ინსტინქტების დონეზე ვართ, გამაბრაზე _ დაგარტყი, საშინელება ხდება მართლა. ისეთი განცდა მაქვს, რომ დანაშაულებები მომატებული უნდა იყოს, ეს აგრესიული ქცევებიც. ევროპაში ასე არ ხდება. აქ პირდაპირ ფიზიკურ ძალადობაზე გადავდივართ და მოზომვაც ძნელია და ბევრი საშინელება ხდება. ძალიან კომპლექსური თემაა. რა თქმა უნდა, ძალადობისა და აგრესიის შემთხვევები ევროპაშიც ხდება, მაგრამ იქ არის მინიმუმამდე დაყვანილი. ჩვენთან კი ეს ამბები არავის აწუხებს. როცა სტატისტიკა მაღალია, კითხვები უნდა დაისვას, _ რატომ ხდება, სად ჩავერიოთ და როგორ ჩავერიოთ?
_ და მაინც, სად ვხედავთ გამოსავალს?
_ გამოსავალზე ბევრი ვისაუბრეთ: მშობლებს აღზრდაში სერიოზული როლი აკისრიათ. სახელმწიფოც ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფომ უნდა ჩართოს სოცმუშაკები. ადრეული ასაკიდან უნდა ვისწავლოთ ემოციების მართვა. ეს საკითხები სწრაფად მოგვარებადი არ არის. დღესვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, რომ 3 წელიწადში, 5 წელიწადში, 10 წელიწადში მივიღოთ შედეგები. სახელმწიფომ თავად უნდა შეცვალოს საუბრის მანერა და სტილი მოსახლეობასთან. ის არის მაგალითის მომცემი. თავად ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იყვნენ სამაგალითოები.

გაზიარება