- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2022-10-30 10:04:17
გიგა გელხვიიძე
2022 წლის 13 ოქტომბერი, _ ეს არის დღე, როდესაც საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი და ვაკის პარკის 75-წლიანი არსებობის პერიოდში პირველი ტრაგიკული ამბავი ჩაიწერა.
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისის #55-ე სააჯრო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესი გააცდინეს და ვაკის პარკში ბურთის სათამაშოდ ჩავიდნენ, თამაშისას ბურთი შადრევანში ჩავარდა, რომლის გამოსატანადაც ორი მოზარდი წყალში შევიდა, რამდენიმე წუთის შემდგომ კი ისინი იქვე გაუჩინარდნენ. სწორედ ამ დროს მათ დასახმარებლად შადრევანში შედის 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც ცოტა ხნის შემდგომ მეგობრების მსგავსად უჩინარდება. შადრევანში უგონოდ მყოფი მოზარდების ამოსაყვანად იქვე მყოფი ვაკის პარკის თანამშრომელი (მებაღე), დევი მეზურნიშვილი წყალში შედის. სწორედ მისგან ხდება ცნობილი, რომ მოზარდებს შადრევნის სიღრმეში დენმა დაარტყა.
მეზურნიშვილის მონაყოლით ირკვევა, რომ იმ ადგილზე, სადაც სამი მოზარდის უგონო სხეული წყალში ეგდო, დენის წყარო გადიოდა, საიდანაც ელექტროობა წყალზე ვრცელდებოდა:
„ვერ აღვწერ, რა იყო! დენი ძალიან ძლიერი იყო იმიტომ, რომ მეც ძლივს შევძელი გამოსვლა, ლამის შიგნით დავრჩი. სანამ მივედი, მანამდეც მიჭირდა, იძულებით მივედი იმ ადგილამდე, რომ გამომეყვანა, ძალიან მიჭირდა გადაადგილება. ზოგადად, დენი არ ურტყამს წყალში შორ მანძილზე, როდესაც მიდიხარ იმ კონკრეტულ წერტილამდე, საიდანაც დენი გადმოდის, მაშინ ძლიერდება დარტყმებიც“, _ იხსენებს დევი მეზურნიშვილი.
წყლიდან ამოყვანილი მოზარდების მდგომარეობა მძიმე იყო, განსაკუთრებით კი _ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ, მიუხედავად ექიმების დიდი ძალისხმევისა, გარდაიცვალა.
სწორედ ამ წუთიდან დაიწყო იმის გარკვევა, თუ ვისი ბრალეულობა უნდა გამოკვეთილიყო საქმეში, _ ქალაქის მერიის თუ შემსრულებელი კომპანიის, რომელსაც კალაძის უწყებამ ვაკის პარკში შადრევნის გასამართად შესასრულებელ სამუშაოებში ექვსი მილიონი ლარი გადაუხადა! თუმცა სანამ სამართალდამცველები აღნიშნულის გამორკვევას შეეცდებოდნენ, მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა დამნაშავე მარტივად მოძებნა და მოზარდების მშობლებს ბრალი წაუყენა: „ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდათ ბურთი, ეს ბავშვი ალბათ არასრულწლოვანი იყო და არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, იგი არ ჩავიდეს. ბუნებრივია, შეიძლება, მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს – არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის. ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვთ და ვის?! ამას სერიოზულად მეკითხებით?! ცხადია, უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს! იქ, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, არ შეიძლება საერთოდ ბავშვები თამაშობდნენ ბურთს. ასეთი ფაქტი თუ მოხდა, ეს, ბუნებრივია, ძალიან ცუდია, საწყენია, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის, რომ ბურთი ჩაუვარდა და თვითონ ჩავიდა მის ამოსაღებად, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ამაზე განმარტება, მგონი, ზედმეტია“.
მალევე გაკეთდა თბილისის მერის, კახი კალაძის პირველი კომენტარიც, სადაც ის ცალსახად ამბობდა იმას, რომ მომხდარში მერია დამნაშავე არ არის, _ ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, რომლებიც მუშაობდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დასკვნა, რომელიც სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „გრინსერვის პლუსს“ ჰქონდა წარმოდგენილი შადრევნის გამართულობასთან მიმართებით, ქლაქის მერს უკვე ჩაბარებული ჰოქნდა და მასზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერაც არსებობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისევე ეკისრება დამკვეთ პირს (ამ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მერიას), როგორც შემსრულებელ ორგანიზაციას („გრინსერვის პლუსი“). მედიასაშუალებების მიერ ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდგომ თბილისის მერმა კახა კალაძემ მორიგი განცხადება გააკეთა, სადაც უკვე ქალაქის მერიის, მათ შორის, საკუთარ შესაძლო ბრალეულობაზეც ისაუბრა: „მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის, მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი“.
იმისთვის, რომ მკითხველს მაქსიმალურად ზუსტი სურათი დავანახვოთ, რათა შეძლოს დასკვნის გამოტანა, თუ ვისი ბრალეულობა იკვეთება მომხდარში, შევეცდებით, მეტ სიღრმეებში ჩავიდეთ.
მაშ, ასე! _ თუ შადრევნის ელექტროგაყვანილობიდან დენი წყალზე გადავიდოდა, ამ შემთხვევაში უსაფრთხოების სისტემა უნდა ამუშავებულიყი, კონკრეტულად კი უნდა ემუშავა დამიწებასა და რელეს, რომელსაც წამის მეასედებში შეუძლია ელექტროენერგიის გათიშვა რთულ სიტუაციაში, თუმცა ვაკის პარკის შადრევნის შემთხვევაში აღნიშნულმა სისტემამ ვერ იმუშავა. ჩნდება ეჭვი, რომ ქალაქის მერიამ შესრულებული სამუშაო კომპანია „გრინსერვის პლუსისგან“ ისე ჩაიბარა, რომ ის არავის შეუმოწმებია. თუმცა ქალაქის მერიაში არსებული დოკუმენტაცია სხვას მოწმობს: თეთრზე შავით დაწერილის მიხედვით ვაკის პარკში დამონტაჟებული შადრევნის ირგვლივ ყველაფერი წესრიგშია და ყველა უწყებამ თუ ქვეუწყებამ თავისი საქმე ჯეროვნად შეასრულა, ხოლო თუ ყველაფერი ასეა, მაშინ კიდევ უფრო მყარდება მოსაზრება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ისევეა პასუხისმგებელი, როგორც საქმის შემსრულებელი კომპანია, რადგანაც ყველა დოკუმენტაციაზე, სადაც გარკვევით წერია, რომ ყველაფერი შემოწმდა და ყველაფერი მწყობრშია, „გრინსერვის პლუსის“ გარდა, თბილისის მერიის წარმომადგენლების ხელმოწერებიც არის დატანილი. ამას თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, გიგა გიგაშვილის კომენტარიც ადასტურებს:
„შვიდი ეტაპი გვაქვს გავლილი, აქედან ექვსი ეტაპი, მიღება-ჩაბარება, ფორმა ორის გაფორმებულია, მეშვიდე აქტის გავლა, რომელიც შემოსულია, უკვე მიმდინარეობს და თუ ისიც შესაბამისობაში იქნება, ამ შემთხვევაში მივიღებთ მასაც. შესაბამისად, ყველა მიღება-ჩაბარების აქტი არის დაექსპერტებული შესაბამისი ექსპერტიზის ბიუროს მიერ ან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ტექნიკური ზედამხედველობა გაწეული აქვს ლაბორატორიის მიერ, შესაბამისად, ყველა დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელი იყო მიღება-ჩაბარების ნაწილში დამტკიცებულია. ექსპერტიზა ადასტურებს შესაბამისი სამუშაოების სისწორეს, შესაბამისობას პროექტთან და შესაბამისობას სქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასთან და წესთან, რაც გულისხმობს როგორც უსაფრთხოებას, ისე სხვა ნებისმიერ გამართულ მუშაობას“.
ვინ შეამოწმა ობიექტი? ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნულ საქმეში, ალბათ, ეს დეტალია _ ირკვევა, რომ ვაკის პარკში შადრევნის დამონტაჟებასთან დაკავშირებული სამუშაოები შეამოწმა (7-დან 5 შემთხვევა) კომპანია „სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ“, რომელიც შავ სიაში არის შეყვანილი და აღნიშნულს მისი ხელმძღვანელი ზურაბ ამირანაშვილიც ადასტურებს, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გამხდარიყო ერთი კონკრეტული შემთხვევა იმის საფუძველი, რომ კომპანიას მსგავსი ტიპის სამუშაოები, კვლავ განეხორციელებინა, რის გამოც ის შავ სიაში მოხვდა?! რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც „სამშენელო ექსპერტიზის ბიურო“ შავ სიაში აღმოჩნდა, არის ის, რომ მან 2022 წელს, ბორჯომში ჩატარებული სამუშაოების შემოწმებისას, ექსპერტად წარადგინა პირი, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა.
„შავ სიაში მოხვედრა და ერთი რაღაც დანაშაული იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შიმშილით მოვკვდე და აღარ ვიმუშაო?“ „შავი სია მიკრძალავს უბრალოდ ტენდერებში მონაწილეობას, თორემ ფიზიკურ პირს და ჩვეულებრივ პრობლემა არ მაქვს“.
შესაბამისად, ამირანაშვილის განცხადებიდან ირკვევა, რომ კომპანია „გრინსერვის პლუსმა“ ისე დაიქირავა იგი, რომ შავი სიისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ საქმეში არსებული საექსპერტო ბიუროს წარსულის შეფასებით არც თბილისის მერია დაინტერესებულა და მის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციაც უსიტყვოდ მიიღო.
ვაკის პარკში მომხდარ საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგად, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება ცხრა პირს წარუდგინა, მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილსა და კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვვენელ ლაშა ფურცხვანიძეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ისინი ფურცხვანიძის კომპანიის მიერ დაქირავებული სხვადასხვა პირია, საიდანაც ნაწილს შადრევნის მონტაჟთან შეხება არასოდეს ჰქონია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის მერიის სხვადასხვა რგოლის ბრალეულობა, რომელიც აღნიშნული საქმის გულდასმით და სიღრმისეულად შესწავლის შემთხვევაში უსათუოდ იკვეთება, მხოლოდ ერთ პირზე, გიორგი ვახტანგაშვილზე გადავიდა; ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვახტანგაშვილის დაკავების შემდგომ თანამდებობა დატოვა სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმაც.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რას ედავებიან გიორგი ვახტანგაშვილს და რატომ მოხდა ისე, რომ „სისტემური“ დანაშაულის შედეგად მხოლოდ ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს? აღნიშნულის შესახებ ჩვენ ვახტანგაშვილის უფლებადამცველს, ადვოკატ ლაშა ცუცქირიძეს დავუკავშირდით:
_ ლაშა, რამდენადაც ცნობილია, თქვენ იცავთ მერიის დაკავებული თანამშრომლის, გიორგი ვახტანგაშვილის უფლებებს. მაინტერესებს თქვენი არგუმენტები, როგორც დაცვის მხარის პოზიცია, ასევე საინტერესოა ამ საქმის ირგვლივ პირადად თქვენი შეფასება და ის ნაწილი, თუ რატომ არ დააკმაყოფილა სასამართლომ თქვენი დაყენებული შუამდგომლობა, რაც ბრალის დამტკიცებამდე ვახტანგაშვილის თავისუფლებაზე ყოფნას გულისხმობდა?
_ ჩვენ გვქონდა ასეთი პოზიცია: აღმკვეთზე შეიტანა პროკურატურამ და მოითხოვა პატიმრობის გამოყენება. გამოყენების 2 საფუძველია, ფაქტობრივი და ფორმალური. ფაქტობრივის ნაწილში სასამართლო ეყრდნობა, როგორც წესი, მტკიცებულებებს. არაფორმალურ ნაწილში სამ რამეზე კეთდება აქცენტი, ეს საპროცესო საფუძვლებია: მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ჩვენ გვქონდა ასეთი პოზიცია, რომ ფაქტობრივ საფუძვლებთან დაკავშირებით არ გაგვიმახვილებია ყურადღება. რადგან დაკავებული თავად იყენებს დუმილის უფლებას, ფაქტობრივ საფუძვლებზე აღარ გავამახვილეთ ყურადღება და მხოლოდ ფორმალურ საფუძვლებზე ვუთითებდით, რომ არც ერთი მათგანი სახეზე არ იყო. პროკურატურა კი ასაბუთებდა, რომ სამივე სახეზე იყო. გიორგის მისამართით აცხადებდა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც იყო, მიმალვის საფრთხეც იყო, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც იყო. აქედან გამომდინარე, უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში და ამის საწინააღმდეგოდ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ არც ერთი საფუძველი არ არსებობდა: არც დანაშაულის დაფარვის საფრთხე, არც წარსულიში არის ნასამართლევი, სამსახურებრივადაც არანაირი დისციპლინური სახდელი არ ჰქონია.
_ თუ ასე იყო, მაშინ სად დაინახა პროკურატურამ მისი მხრიდან მიმალვის საფრთხის არსებობა? იყო იმის საფრთხე, რომ მას ქვეყანა დაეტოვებინა?
_ მიმალვის საფრთხეს რაც შეეხება, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ჩვენება მისცა, საგამოძიებო ქმედებებში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ გამოუშვეს, რამდენიმე დღეში დაიბარეს, მივიდა თავისი ფეხით და დააკავეს უშუალოდ სამმართველოში. ეს კი რეალურად მიმალვის საფრთხეს გამორიცხავდა. სურვილი რომ ჰქონოდა, ამ დღეებში მიიმალებოდა. ოჯახი აქ ჰყავს, კავშირები საქართველოს გარდა არსად აქვს და აქედან გამომდინარე, მიმალვის საფრთხეს არ მივიჩნევდით სახეზე და რაც შეეხება მტკიცებულების განადგურების ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს, ჩვენი არგუმენტაცია ამ საკითხში ის იყო, რომ პირიქით, ამ დღეების განმავლობაში ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. მომავალშიც ითანამშრომლებს, თუკი ასეთი საჭიროება დადგება.
_ რაც შეეხება დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მის შესაძლო ზემოქმედებას, ამ შემთხვევაში რა არგუმენტაცია ჰქონდა პროკურატურას? ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა არის ან შემდგომში გახდეს სადავო და პირდაპირ კავშირიში იყოს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობასთან, შესაბამისი სამსახურის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია.
_ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ რომელიმე მოწმეზე რაიმე სახის ზეგავლენა მოეხდინა. გამოძიება დაკავებამდე ხუთი დღე მიმდინარეობდა, არავის უთქვამს, რომ გიორგი რაიმე სახით ეცადა, მათზე ზეგავლენა მოეხდინა. ამ საფუძვლებზე დაყრდნობით, მივიჩნევდით, რომ მოსამართლეს ღონისძიება და ალტერნატივაც შევთავაზეთ. თუ მიიჩნევდა თვითონ საჭიროდ, თვითონ შეეფარდებინა აღკვეთის ღონისძიების სახე და თუ გირაოზე მიიღებდა გადაწყვეტილებას, თანხაც თავად დაედგინა.
_ მინდა გკითხოთ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, _ რამდენად მყარია ეს მტკიცებულებები?
_ საქმეში ამ დროისთვის 5 ტომია. გამოძიება ახლაც გრძელდება. ამ საქმის ძირითადი ნაწილი, კონკრეტულად კი ექსპერტიზის დასკვნების ძირითადი ნაწილი, მოსასმენია. რამდენიმე დასკვნაა მოსული _ ის, რაც საქმეში არამთავარია. აქედან გამომდინარე, ცოტა გამიჭირდება საუბარი, რადგან ექსპერტიზის დასკვნას უნდა დავეყრდნო. გამიჭირდება საუბარი, სანამ ექსპერტიზის დასკვნები არ მოვა და, სიმართლე გითხრათ, მასალებსაც სრულყოფილად არ ვიცნობ.
_ რამდენად შეიძლებოდა. სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო? ასე გამოდის, რომ მერიიდან ერთ ადამიანზე გადატყდა ჯოხი. იყვნენ თუ არა სხვა ადამიანები ამ საქმესთან შემხებლობაში და მხოლოდ ეს ადამიანი რატომ აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე?
_ აქ უკვე პირდაპირ ხელშეკრულებებზე მიანიშნებს: „გრინსერვისთან“ ეს თანამშრომლობის შეთანხმება როგორ გაფორმდა? ვინ იყვნენ მხარეები? ეს უკვე მოიაზრებს ამ ნაწილს. დანარჩენი კი ამ ნაწილში, ერთი მხრივ, იყო ხელშეკრულების მონაწილედ ასახული, მეორე „გრინსერვისი“ და ამათ შორის ურთიერთობა დალაგებულია ხელშეკრულების პირობებით. აი, ეს ხელშეკრულების პირობები არ მაქვს მე, მაგრამ ვიცი, რომ ეს თუნდაც მერიიდან, თუნდაც სამსახურიდან და თუ სწორად მახსოვს, ეს ხელშეკრულება საჯარო არ იქნება. ტენდერი ხომ გამოცხადდა, ტენდერი რომ ცხადდება, საჯარო საიტზე ხომ იდება ეს ყველაფერი. მოგებული კომპანია, ხელშეკრულებები, პირობები, მიღება-ჩაბარების აქტები და იქიდან ამოღებული მასალებია ერთი ტომი. შესაძლებელია, იქ საჯაროც იყოს ხელშეკრულება და ყველამ ნახოს აღნიშნული. დაზუსტებით არ ვიცი.
რაც შეეხება კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ეპიზოდს გარკვეული დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით, „ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, რომ მსგავსი სახის ქმედება, რაც დოკუმენტაციის გაყალბებას გულისხმობს, აღნიშნული კომპანიისთვის და მის ხელმძღვანელ ლაშა ფურცხვანიძისთვის არახალია. „ქრონიკა+“ დაუკავშირდა რამდენიმე წლის წინათ ფურცხვანიძის მიერ დაზარალებული პირის ადვოკატ ლევან ჭელიძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანლმა, ლაშა ფურცხვანიძემ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ხელმოწერა გააყალბა, რის საფუძველზეც მას სასამართლოს გზით სოლიდურ თანხას ედავება:
_ რას შეეხებოდა საქმე და რამდენი ხანია, რაც ეს შემთხვევა მოხდა?
_ დაახლოებით 2021 წელს ლაშა ფურცხვანიძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც ედავება ერთ კომპანიას და პლუს კომპანიის დირექტორს, რომ თითქოს მათ ლაშა ფურცხვანიძის 2 მილიონამდე ლარი ჰმართებთ. სასამართლოში წარმოადგინა სარჩელთან თანდართული მტკიცებულებები და ერთ-ერთი მტკიცებულება არის ხელშეკრულება. თითქოს ლაშა ფურცხვანიძემ დადო ხელშეკრულება ერთ-ერთ ჩემს დასაცავ კომპანიასთან და მის დირექტორ პანტელეიმონ იოსავასთან და ეს თანხა გადასცა ხელშეკრულებით. როცა ხელშეკრულება შევისწავლეთ, ჩემმა კლიენტმა თქვა, რომ ეს მისი ხელმოწერა არ იყო და მას ხელი არაფერზე მოუწერია.
წავედით ამის დასადგენად, არ გვქონდა ხელშეკრულების დედანი, ექსპერტიზა ხომ დედანზე ტარდება. როდესაც ჩატარდა სასამართლოს პირველი სხდომა, ანუ მოსამზადებელი სხდომა, დაცვის მხარემ ვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან, შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ რადგან ამ თანხას აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვდა, ჩატარებულიყო აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ლევან სამხარაულის კალიგრაფიული ექსპერტიზა. დანიშნა ეს სასამართლომ. რადგან ჩვენ ვიყავით შუამდგომლობის ავტორი, ამიტომ დაგვეკისრა თანხის გადახდა. გადავიხადეთ თანხა. ზუსტად რამდენიმე დღის წინ მოგვივიდა ექსპერტიზიდან დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ აღნიშნული ხელმოწერა _ პანტელეიმონ იოსავას ჩანაწერი _ არ არის შესრულებული პანტელეიმონ იოსავას მიერ და შესრულებულია სხვა პირის მიერ. ეს სხვა პირი ვინ არის, კაცმა არ იცის. ხელშეკრულება მოიტანა თავად ფურცხვანიძემ, შესაბამისად, მის ავთენტიკურობაზე ფურცხვანიძეა პასუხისმგებელი და არა სხვა ვინმე, რადგან მან წარმოადგინა ხელშეკრულება და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩემს დასაცავ პირს ამ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, რაც ცალსახად დაადასტურა ექსპერტიზამ. ეს ყალბია. მან ხელშეკრულება დაწერა და გააყალბა ხელმოწერა.
ვგეგმავ, რომ როგორც კი სხდომა დაინიშნება, ვიშუამდგომლო სასამართლოს წინაშე გამოძიების დაწყების მიზნით, აღნიშნული მტკიცებულება სასამართლომ გაუგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელმოწერის გაყალბებაზე დაიწყოს გამოძიება.
მასალის ბოლოს კი, თვალსაჩინოებისთვის, უახლოესი წლების ერთგვარი სტატისტიკა გვინდა შემოგთავაზოთ:
2009 წელს დიღომში ფეხბურთის თამაშის დროს კარის ძელი წაიქცა, რომელიც არასწორად იყო დამონატჟებული. შემთხვევის შედეგად 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა; ამავე წელს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ შენობაზე მუშაობისას ორი მუშა დაიღუპა; 2018 წელს ვარკეთილში არაჯეროვნად შესრულებული სარემონტო სამუშაოების შედეგად მეტროს ჭერი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა; 2021 წელს ბათუმში ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც არაკანონიერად გაცემული ნებართვის საფუძველზე საძირკველი გამოუთხარეს, რის შდეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი. თუმცა არცერთ აღნიშნულ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტული მაღალჩინოსნის საკითხი არ დამდგარა და არავის გახსენებია, რომ შესრულებულ სამუშაოს ჰყავდა კონკრეტული დამკვეთი, რომელმაც საბოლოოდ ის ჩაიბარა და კონკრეტული დოკუმენტაცია საკუთარი ხელმოწერით გაამყარა.