QronikaPlus
კაჭარავა vs ბასილაშვილი _ რას ითხოვს ქართველი ინვესტორი?

კაჭარავა vs ბასილაშვილი _ რას ითხოვს ქართველი ინვესტორი?

2022-07-15 10:13:27

ნენე ინჯგია

თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ივნისს ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავა დასრულდა. ბასილაშვილს ყოფილი ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა, რამდენიმე მილიონ ლარს ედავებოდა. სასამართლომ ინვესტორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

CNews-თან საუბრისას ირაკლი კაჭარავა აღნიშნავს, რომ მას ქართველი ჩოგბურთელი არაკეთილსინდისიერად მოექცა და ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

კონკრეტულად რას ითხოვს ინვესტორი და რა გზებით აპირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების დაბრუნებას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“ ირაკლი კაჭარავას ესაუბრა:

_ ბატონო ირაკლი, როდის შედგა თქვენი და ნიკოლოზ ბასილაშვილის კომუნიკაცია პირველად და რას მოიცავდა თქვენ შორის დადებული ხელშეკრულება?

_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მე ყოველთვის ვიყავი ჩოგბურთის მოყვარული. რუსეთში მქონდა ბიზნესი. მე და ჩემმა პარტნიორმა გადავწყვიტეთ, რომ სწორედ სპორტის მიმართულებით უნდა გაგვეკეთებინა ინვესტირება. ამ პერიოდში ჩვენ ჩოგბურთსაც ვაქცევდით ყურადღებას. ნიკოლოზ ბასილაშვილი მაშინ რეიტინგით 200-ეულში იყო. მე და ჩემმა პარტნიორმა გადავწყვიტეთ, დავკავშირებოდით ბასილაშვილს და მისთვის საკონტრაქტო ურთიერთობა შეგვეთავაზებინა. მას მე სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით მივწერე, ის შეხვედრაზე დამთანხმდა. შეხვედრა შედგა 2015 წელს თბილისში. შეხვედრაზე მოვილაპარაკეთ, რომ მე ნიკას ყველა ხარჯს უზრუნველვყოფდი იმისთვის, რომ ის შესულიყო ჩოგბურთის ელიტაში, რაც ნიშნავს იმას, რომ რეიტინგში უნდა ყოფილიყო მე-60-მდე.

_ თქვენ ამ შეთანხმების თანახმად გქონდათ ინვესტორის სტატუსი? კონკრეტულად რომ გვითხრათ ხელშეკრულების პირობები.

_ დიახ, ინვესტორის სტატუსით და არა სპონსორის. რაც შეეხება დეტალებს, როგორც კი ნიკოლოზი შევიდოდა ჩოგბურთის ელიტაში (რეიტინგში მე-60 ადგილამდე მოხვდებოდა), უკვე ეწყებოდა ვალდებულება ჩემ მიმართ: მას ჩემთვის ინვესტირებული თანხების გარდა საპრიზო ჰონორარების 30% უნდა გადაეხადა და ასევე სარეკლამო შემოსავლების ნახევარი, ანუ 50%. ამ პირობებით მოვაწერეთ ხელშეკრულებას ხელი მე და ნიკოლოზმა. მე მქონდა ვალდებულება, რომ უნდა გადამეხადა ნიკოლოზის პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯები სრულად, მათ შორის, მწვრთნელების, დამხმარე და მომსახურე გუნდის ხელფასი. გარდა ამისა, ვიხდიდი ნიკოლოზის ეკიპირების ხარჯს, ასევე სამედიცინო ხარჯებს. მან დეკემბერში მიიღო ტრავმა და დავუფინანსე ოპერაცია/ რეაბილიტაცია გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც 25 ათას ევროზე მეტი გადავიხადე. ამ პერიოდის განმავლობაში მთავარი მიზანი იყო, ნიკოლოზი მოხვედრილიყო ჩოგბურთის ელიტაში. ამისთვის სპეციალურად დავიქირავე არგენტინელი მწვრთნელი გაბრიელ მარკუსი, რომელსაც 12 ათას დოლარს ვუხდიდი თვეში ხელფასის სახით. საქართველოშიც იყო ჩამოსული გაბრიელ მარკუსი. 2016 წლის სეზონის დასაწყისამდე ნიკოლოზის ინტენსიური მომზადების პროცესისთვის დავაფინანსე არგენტინაში მისი გამგზავრება თავის გუნდთან და მეუღლესთან ერთად. ჩემ მიერ დაფინანსდა მთელი ამ შემადგენლობის ყველა ხარჯი, მათ შორის, ყოფითი ხარჯები. ეს ყველაფერი მოტივირებული გახლდათ იმით, რომ მნიშვნელოვანი იყო, მას გაბრიელ მარკუსთან ერთი თვე სეზონის წინ ინტენსიურად ევარჯიშა. საბოლოო ჯამში კი 8 თვე იყო მარკუსი ბასილაშვილის მწვრთნელი. მე მხოლოდ ფორმალურად კი არ ვახდენდი ინვესტირებას, მაქსიმალურად ვიყავი დაინტერესებული იმით, რომ ნიკოლოზს შედეგი ჰქონოდა. 2016 წლის ნოემბრამდე ინვესტირებას ვახორციელებდი ნიკოლოზის მიმართ. ამ პერიოდში დანახარჯი მქონდა, დაახლოებით, 500 ათას დოლარამდე. სამწუხაროდ, 2016 წლის ოქტომბერში მივიღე ინფორმაცია, რომ ნიკოლოზი არაკეთილსინდისიერად იქცეოდა თავის სფეროში და ამიტომ გადავწყვიტე, საკითხის გარკვევამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსირების შეჩერება. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 2017 წლის თებერვალში, დადგა დრო, როდესაც ნიკოლიზი შევიდა რეიტინგის სამოცეულში, ამიტომაც მას ვალდებულება უნდა შეესრულებინა. მისი მამა, ნოდარ ბასილაშვილი, იყო ნიკოლოზის მენეჯერი და ფინანსურ საკითხებს განაგებდა. როცა დადგა დრო, რომ ეს ვალდებულება შეესრულებინათ და თანხა გადაეხადათ, მათ უარი თქვეს. ხელშეკრულების თანახმად, 2017-დან 2020 წლამდე სარეკლამო შემოსავლის ნახევარი და საპრიზო ფონდების 30% უნდა გადაეხადათ ჩემთვის.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ 2016 წელს ხელშეკრულება შეაჩერეთ. ამ დროის მანძილზე გქონდათ თუ არა მოლაპარაკების მცდელობა?

_ ხელშეკრულება რამდენიმე თვე იყო შეჩერებული. მას შემდეგ, რაც შევთანხმდით, რომ ნიკოლოზის მხრიდან მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედება არ განხორციელდებოდა, ხელშეკრულება განვაახლეთ. როცა უკვე დავდექი ფაქტის წინაშე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ვალდებულებას არ ასრულდებდა, ინვესტიცია 2017 წელს შევწყვიტე. ამ პერიოდის მანძილზე ვცდილობდი, როგორმე მოლაპარაკების გზით მიმეღწია შეთანხმებისთვის. ბოლო ასეთი მორიგების მცდელობა იყო 2021 წლის აპრილში, რის შემდეგაც დავრწმუნდი, რომ შეთანხმება ვერ შედგებოდა და მივმართე სასამართლოს. მინდა აღვნიშნო, რომ საქმეში არის ჩემი და ნოდარ ბასილაშვილის მიმოწერა, სადაც ბატონი ნოდარი აღიარებს, რომ ნამდვილად მაქვს თანხები ნიკოლოზ ბასილაშვილის სასარგებლოდ გადარიცხული. ასევე არის გაბრიელ მარკუსის მეილ მიმოწერა ჩემს ადვოკატთან. გაბრიელ მარკუსი იყო ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელსაც მე ვაფინანსებდი. მარკუსი ადასტურებს, რომ ნამდვილად იყო ბასილაშვილის მწვრთნელი და ნიკილოზმა მასთანაც არ შეასრულა თავისი ვალდებულება, _ ჩემ მიერ გადახდილი ხელფასის გარდა, მას ნიკოლოზის საპრიზო ჰონორარიდან 8% უნდა მიეღო. ჩემამდე ნიკოლოზი 200-ეულში შედიოდა და უკვე ჩემი ინვესტირების შედეგად ჩოგბურთის ელიტაში აღმოჩნდა.

_ რას გეგმავთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ შედეგს და, თქვენი თქმით, კუთვნილი თანხები დაიბრუნოთ?

_ პირველ რიგში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციოში. პარალელურად, ევროპაში ჩემს იურისტებთან გვაქვს კონსულტაციები, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ. ძალიან დიდი თანხა დავხარჯე ნიკოლოზ ბასილაშვილის სასარგებლოდ. ცალსახაა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არაკეთილსინდისიერად მოიქცა ჩემ მიმართ და მე ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებ, რომ ჩემი თანხები დავიბრუნო. ბასილაშვილის მხარეს ჰგონია, რომ ეს პროცესი მოიგო და ამით ყველაფერი დამთავრდა, რომ შევეშვები ჩემი უფლებებისთვის ბრძოლას _ ეს ასე არ არის, არ ვაპირებ დანებებას. სანამ ყველა რესურსს არ ამოვწურავ, საქართველოში იქნება ეს თუ საზღვარგარეთ, მანამ არ გავჩერდები. ვიცი, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია. მეორე მხარეს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ყველაფერი დამთავრდა, _ ბოლომდე ვიბრძოლებ!

ირაკლი კაჭარავას ადვოკატი, ანა ჯალაღონია, „ქრონიკა+“-სთან აღნიშნავს, რომ ბევრი კითხვა და ეჭვი გააჩინა სასამართლო პროცესის მსვლელობამ.

ჯალაღონიას თქმითვე, ამ პერიოდის განმავლობაში ბასილაშვილის მხრიდან ირაკლი კაჭარავას მისამართით მიზანმიმართულ დისკრედიტაციასაც ვხედავდით.

„ქრონიკა+“ ადვოკატ ანა ჯალაღონიას ესაუბრა:

_ ქალბატონო ანა, საქმის მასალებში არის თუ არა წარმოდგენილი ირაკლი კაჭარავასა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება?

_ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ხელშეკრულება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ირაკლი კაჭარავას შორის ნამდვილად არსებობს წერილობითი ფორმით და, რა თქმა უნდა, ეს ორივე მხარისთვის ცნობილია. სასამართლოსთვის მიმართვის პროცესში სარჩელში მივუთითეთ, რომ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, წერილობითი ფორმით ხელშეკრულება ვერ წარვადგინეთ, რადგან ირაკლი კაჭარავას ეს ხელშეკრულება რუსეთში ჰქონდა და ვერ ახერხებდა სასამართლოში მის წარდგენას. მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარისთვის ეს გახდა ცნობილი, წარმოიშვა ვერსია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს თითქოს არ ჰქონია არანაირი ურთიერთობა ირაკლი კაჭარავასთან და თუ რაიმე სახის სარგებელს გასცემდა ბასილაშვილის სასარგებლოდ, ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი კაჭარავა ნიკოლოზ ბასილაშვილის ფანი იყო და კეთილი ნების საფუძველზე  იხდიდა მის ყველანაირ ხარჯებს, ასევე მისი მეუღლისა და გუნდის ხარჯებს, _ მოკლედ: მთელ ამ ხარჯებს ირაკლი კაჭარავა იხდიდა არა როგორც ბასილაშვილის ინვესტორი, არამედ როგორც მისი ფანი, რომელსაც სიამოვნებდა ამ თანხების გადახდა, _ ეს ვერსია აქვს მეორე მხარეს. ამ ვერსიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, აბსურდამდე მივდივართ, მაგრამ ეს მხარის ვერსიაა და უნდა გავაჟღერო. გარდა ამისა, ამ ყველაფერს მოჰყვა მედიაში აგორებული ჭორი ირაკლი კაჭარავას წინააღმდეგ, როდესაც ბასილაშვილის ადვოკატმა ძმები კაჭარავები მოიხსენია თაღლითებად. მინდა აღვნიშნო, რომ ირაკლის ძმას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ირაკლისა და ნიკოლოზის დავასთან. ამას მიზანმიმართულად ახორციელებდა ბასილაშვილის მხარე, რომ ირაკლი კაჭარავას რეპუტაცია გარკვეულწილად შელახულიყო. როდესაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს დავა ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის, ბასილაშვილის მხარეს მცდელობა აქვს, რომ ირაკლი კაჭარავას ფინანსური ინტერესები მიაბას ნეკა დოროყაშვილის ოჯახურ კონფლიქტს, რასაც აბსოლუტურად ემიჯნება ირაკლი კაჭარავა და არც ერთ რაკურსში არანაირი კავშირი ირაკლი კაჭარავასა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საკონტრაქტო ურთიერთობების ფარგლებში წარმოშობილ დავასა , ნეკა დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის წარმოშობილ ოჯახურ დავასთან არ აქვს. მკაფიოდ ვემიჯნებით ოჯახურ დავას და აღვნიშნავთ, რომ ჩვენ შორის არსებული დავა ცალკე კონტექსტშია და ცალკე პროცესია, ეს არის ფინანსური დავა, რომელიც საკონტრაქტო ურთიერთობაზეა დაფუძნებული. 

იმდენად მკაფიო იყო პირველივე შემდგარ პროცესზე სასამართლოს მხრიდან გამოვლენილი დაინტერესება კონკრეტული მხარის, ამ შემთხვევაში, ბასილაშვილის სასარგებლოდ, რომ ჩვენ დავაყენეთ მოსამართლის აცილების საკითხი. ეს მოსამართლე იყო არჩილ კოჭლამაზაშვილი. მან დაარღვია მოსამართლის მიერ სასამართლოს პროცესის წარმართვის ნაწილში არსებული კრიტერიუმები, სასამართლოს მხრიდან იგრძნობოდა მიკერძოება. ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ, რომ არ შეიძლება, პოპულარობა ინდულგენცია იყოს. გაჩნდა კითხვის ნიშნები იმის შესახებ, რომ სასამართლო გარკვეულწილად ინდულგენციად აღიქვამდა ბასილაშვილის პოპულარობას. ამ შემთხვევაში შეთქმულების თეორიაში არ შევდივარ და არ ვამბობ, რომ ჩრდილოვანი გარიგება შედგა, თუმცა კითხვები ამ მიმართულებით გვაქვს.

_ როგორ გამოიხატა ის, რომ სასამართლოსთვის ინდულგენცია აღმოჩნდა ბასილაშვილის პოპულარობა?

_ მაგალითად მოვიყვან ერთ შუამდგომლობას: ჩვენი მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა. ის გახლდათ ირაკლი კაჭარავას მიერ განხორციელებული დაფინანსების პროცესებში მიმღები, მხარის ინტერესების განმცხადებელი, ასევე მოლაპარაკების პროცესებში მონაწილეობას იღებდა, როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმომადგენელი. ჩვენ იმდენად დარწმუნებული ვიყავით ჩვენს პოზიციაში, რომ მოწმედ გამოვიყვანეთ მოპასუხე მხარის, ანუ ბასილაშვილის ფინანსური მენეჯერი და მეტიც, _ მისი ოჯახის წევრი. რომ არა მყარი დარწმუნება საკუთარ პოზიციაში, მოპასუხე მხარის ოჯახის წევრს ნამდვილად არ მოვიწვევდით, როგორც მოწმეს. გარდა ამისა, ჩვენ სასამართლოზე წარმოვადგინეთ დისკი, რომელზედაც იყო აუდიოჩანაწერი, სადაც ნოდარ ბასილაშვილი აღიარებდა, რომ ირაკლი კაჭარავასთან ხელშეკრულება ნამდვილად იყო გაფორმებული. სასამართლომ ამ დისკის მოსმენის გარეშე გადაწყვიტა, რომ ნოდარ ბასილაშვილი საქმისთვის საინტერესო პერსონას არ წარმოადგენს. ობიექტური პროცესების ფარგლებში უნდა მოესმინა აღნიშნული მტკიცებულება, გაეანალიზებინა, რამდენად ღირებული მოწმე შეიძლებოდა ყოფილიყო და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. როდესაც გამოვითხოვეთ სასამართლოს პირველი სხდომის ვიდეოჩანაწერი, ჯერ მოგვცეს ხარვეზიანი დისკი, რომელშიც 27 წამი იყო მხოლოდ ჩაწერილი და განმეორებითი მოთხოვნების დაყენების შემდეგ გვითხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ეს აღნიშნული ვიდეოჩანაწერი არ მოიპოვებოდა. მიუხედავად იმისა, თუ რა მტკიცებულებები იყო საქმეში, მოპასუხე მხარე, სავარაუდოდ, იმდენად დარწმუნებული იყო, რომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნებოდა, იმ მტკიცებულებების ამორიცხვაც კი არ მოუთხოვიათ, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ როგორც წესი, სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომელიც გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, რა დროსაც ხდება ორი რამ: ან გამოკვლეულად მიიჩნევა მტკიცებულება და სასამართლოს შეუძლია მას დაეყრდნოს, ან მოპასუხე მხარე ითხოვს და ასაბუთებს, რომ კონკრეტული მტკიცებულება არ უნდა იყოს საქმეში და ითხოვს საქმიდან მის ამორიცხვას. ობიექტურ მოცემულობაში, როცა რეალურად შეჯიბრებითობაზეა საუბარი, მოპასუხე მხარე ყოველთვის ითხოვს იმ მტკიცებულებათა ამორიცხვას, რომელიც, ასე თუ ისე, ადასტურებს მოსარჩელის პოზიციას. ვიმეორებ: იმდენად დარწმუნებული იყო ბასილაშვილის მხარე, რომ მათ სასარგებლოდ გადაწყდებოდა დავა, ამისთვის არც მიუქცევია ყურადღება, პირიქით, როცა მოსამართლემ დასვა კითხვა, _ მიგაჩნიათ თუ არა მტკიცებულებები გამოკვლეულად? მხარემ დაადასტურა, რომ გამოკვლეულად მიიჩნევდნენ, არ ჩავიდა კონკრეტული მტკიცებულებების დეტალებში, არ დააყენა მათი ამორიცხვის საკითხი და არანაირი ინტერესი იმისა, რომ საქმეში არ ყოფილიყო იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მოსარჩელის პოზიციას ადასტურებდა, არ გამოუვლენია, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ მიუხედავად იმისა, რა იდო საქმეში, მხარე დარწმუნებული იყო, რომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ იქნებოდა მიღებული. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეს ჰყავდა ბევრი მონაწილე, ვინც ჩართული იყო პროცესში. არც ერთი შუამდგომლობა, რომელიც დამატებითი მოწმის ჩართვას გულისხმობდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მინიმუმ, არც ერთი შუამდგომლობა არ გამხდარა მსჯელობის საკითხი.

_ კონკრეტულად, რა მტკიცებულებები დევს საქმის მასალებში?

_ საქმის მასალებში დევს მთელი რიგი მტკიცებულებებისა. მათ შორის, საბანკო გადარიცხვების ამონაწერები, ასევე ირაკლი კაჭარავას მიერ გადახდილი ავიაბილეთების, სასტუმროს ხარჯების, მგზავრობის, მწვრთნელის ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმეში, არასრული ხარჯების ყველა მტკიცებულება, რომელიც ირაკლი კაჭარავამ გასწია. ირაკლი კაჭარავას კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში 800 ათას დოლარზე მეტი გადაიხადა, მან მხოლოდ ის თანხები მოითხოვა, რომელთა დადასტურება მტკიცებულებით შესაძლებელია. არც ერთი თეთრი, რომელიც მტკიცებულებების მიღმა იყო, ირაკლის არ მოუთხოვია. მას ასევე არ მოუთხოვია ის თანხა, რომელიც ხელზე ფულის სახით გადასცა. ირაკლი კაჭარავას არც ერთ პოზიციაში სასამართლოსთვის არ წარუდგენია გაუმყარებელი მოთხოვნა. როდესაც მეორე მხარეს ვკითხეთ, _ თუ ირაკლი კაჭარავას მიერ დაქირავებული მწვრთნელი არ წვრთნიდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, მაშინ ვინ იყო მისი მწვრთნელი ამ პერიოდში? _ ამაზე ვერ გვიპასუხეს. ამის საპირწონედ საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ დევს. იმისათვის, რომ მხარემ გიპასუხოს პრეტენზიაზე, უნდა წარმოადგინოს ალტერნატიული ვერსია, მაგალითად, ის, რომ გაბრიელ მარკუსი არ წვრთნიდა ან რომ მწვრთნელის ფულს ნიკოლოზი იხდიდა, _ მსგავსი ვერსიაც კი არ გააჩნიათ. როდესაც მოლოდინი გაქვს, რომ შეჯიბრებითობის ფარგლებში ხარ საქმეში, რა თქმა უნდა, მუშაობ იმაზე, რომ საპირწონე ვერსია წარადგინო, მტკიცებულებები წარადგინო, ალტერნატიული რეალობა ასახო, მათ ამდაგვარი არაფერი გაუკეთებიათ. ისიც კი არ გაუბათილებიათ, რომ ირაკლი არ იხდიდა ამ ხარჯებს და იხდიდა ნიკოლოზი, _ არაფერი საპირწონე არ წარმოუდგენიათ, რაც ამყარებს ეჭვს: მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ თავიანთ სასარგებლოდ გადაწყდებოდა საქმე. არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ არ ვამბობთ იმას, რაც მხოლოდ ჭორის დონეზე ვიცით. ვინაიდან არ გვაქვს მტკიცებულება ამ საკითხში, არ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ შესაძლოა, ეს არის ჩრდილოვანი გარიგების საკითხი. ჩვენ უფრო მარტივ სახელს ვარქმევთ და ვვარაუდობთ, რომ ბასილაშვილის პოპულარობა მისთვის ინდულგენცია გახდა. გარდა ამისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, საინფორმაციო გაშუქების შესაძლებლობას მოკლებული ვიყავით, _ არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ტელეეთერებიდან ამ თემაზე გადაღებული სიუჟეტები მოიხსნა; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც შეთანხმებული სტატიები არ გაიშვა გარკვეულ მასმედიებში; ასევე ეს თემა ხშირად ცალმხრივად შუქდებოდა. მაგალითად, „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ ცალმხრივად გააშუქეს, რის შემდეგაც გვიწევდა მოთხოვნა, რომ მეორე მხარის პოზიციის ამსახველი სიუჟეტი თუ სტატია მომზადებინათ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ამყარებს აზრს, რომ არასტანდარტულ პროცესებთან გვიწევს გამკლავება. სხვათა შორის, ეს საკითხი საერთაშორისო მედიებმა ობიექტურად გააშუქეს, მათ შორის: Euro sport-მა, CNN-მა,, New York times-მა,.  მიუხედავად გონივრული ეჭვისა, რომ, სავარაუდოდ, მფარველობასა და ჩრდილოვან გარიგებას აქვს ადგილი, არ ვსაუბრობთ ამაზე მტკიცებით ფორმატში, არც იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას, თუ ვის ინტერესებში შესაძლოა შედიოდეს ბასილაშვილის მფარველობა, ჩვენ მხოლოდ ვსვამთ კითხვებს და გამოვთქვამთ პროცესის არასტანდარტული განვითარებიდან გამომდინარე გაჩენილ ლოგიკურ ეჭვებს.

_ აპირებთ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას?

_ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კაჭარავა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებას, რაც აბსოლუტურად არ შეესაბმება სიმართლეს. მიუხედავად იმისა, რომ პროცესები ეჭვს ბადებს და სამართლიანი სასამართლოს ნაკლები მოლოდინი გვაქვს, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ირაკლი კაჭარავასთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თანხების დაბრუნება და, ამავდროულად, ის, რომ საზოგადოებისთვის გასაგები გახადოს მისი მოთხოვნების სამართლებრივი სიმყარე.

გაზიარება