- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2022-05-13 10:04:03
შორენა მარსაგიშვილი
დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ქალაქ მარიუპოლისკენ არის მიპყრობილი, სადაც პოლკი „აზოვი“, სხვა უკრაინელ მებრძოლებთან ერთად, გმირობისა და თავდადების საოცარ ისტორიას წერს. დღეს ყველა აღფრთოვანებით საუბრობს „აზოველებზე“, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ნეონაცისტებს ეძახდნენ. რამდენიმე ქვეყანაში „აზოვს“ ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიდნენ. მათ არც უკრაინა აფასებდა. „აზოვის“ მიმართ არც პოროშენკოს და არც ზელენსკის ხელისუფლება დიდ ყურადღებას არ იჩენდა.
ამ ომმა ყველაფერი შეცვალა. და დღეს მარიუპოლი რომ გაუტეხელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, ეს, პირველ რიგში, პოლკ „აზოვის“ დამსახურებაა. ძალიან საამაყოა, რომ ამ ლეგენდარული პოლკის შექმნაში ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა. ბახვა ჩიქობავა რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. გიორგი ქუფარაშვილი მძიმედ დაიჭრა. ის ახლა სამკურნალოდ გერმანიაშია.
„აზოვის“ მებრძოლები ახლა „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში არიან გამაგრებულები და მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, როგორ იწრთბა ჯოჯოხეთურ ცეცხლში ნამდვილი ფოლადი. ისინი რომ არა, მარიუპოლი ალბათ ხერსონის მსგავსად ომის პირველივე დღეებში აღმოჩნდებოდა ოკუპანტების ხელში.
ლეგენდარული „პოლკის“ ისტორია 2014 წელს დაიწყო. „აზოვის“ შექმნის იდეა ანდრეი ბილეცკის გაუჩნდა. ის ითვლება პოლკ „აზოვის“ დამაარსებლად.
თეთრი მეთაური
ფართო საზოგადოებამ ანდრეი ბილეცკი უკრაინა-რუსეთის ომის პირველ დღეებში გაიცნო. უკრაინასა და რუსეთში მას კარგად იცნობდნენ და მასზე ნადირობაც იყო გამოცხადებული. რუსები ბილეცკის თეთრ მეთაურად მოიხსენიებენ. ბილეცკის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდებოდა.
ჩეჩნეთის შეშლილმა მეთაურმა, რამზან კადიროვმა, ბილეცკის მკვლელობისთვის ჯილდოდ ნახევარი მილიონი დოლარი დააწესა. ამაზე თეთრმა მეთაურმა კადიროვს შეუთვალა, _ რამის თავი თუ გაქვს, მოდი და თავად მომკალიო. კადიროვი ბილეცკისთან მისვლას, ბუნებრივია, ვერ გაბედავდა.
ბილეცკი 1979 წლის 5 აგვისტოს დაიბადა ხარკოვში, უკრაინულ ოჯახში. 2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მისი სადიპლომო ნამუშევარი დაეთმო უკრაინის აჯანყებული არმიის საქმიანობას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბილეცკი მუშაობდა მასწავლებლად ხარკოვის სხვადასხვა უნივერსიტეტში. პარალელურად ის აგრძელებდა უკრაინის სამხედრო ისტორიის შესწავლას. მისი სამეცნიერო საქმიანობის არაფორმალური ხელმძღვანელობა განახორციელა ცნობილმა უკრაინელმა ისტორიკოსმა, იაროსლავ დაშკევიჩმა.
სამხედრო ისტორიის შესწავლის გარდა ბილეცკი ახალგაზრდობიდანვე აქტიურად არის დაკავებული სპორტით, აქვს პირველი უმცროსი კატეგორია კრივში. მან ძალები მოსინჯა სროლაში, ფარიკაობაში, დანით ბრძოლაში.
ახალგაზრდობიდანვე აქტიურობდა პოლიტიკურ ფრონტზეც და ომისკენაც მიუწევდა გული. 1999 წელს, ხარკოვის ნაციონალისტ სპორტსმენებთან ერთად, მან სცადა წასულიყო იუგოსლავიაში _ სერბების მხარეს კოსოვოელი მაჰმადიანი ალბანელების წინააღმდეგ ომში.
2001 წელს მან მონაწილეობა მიიღო კიევში გამართულ მარტის საპროტესტო აქციებში. ამ აქციების ლოზუნგი იყო: „უკრაინა კუჩმას გარეშე“. აქციების დროს იგი პოლიციამ დააკავა.
2002 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა ხარკოვის „ტრიდენს ბანდერას სახელობის“ რაზმს.
შემდგომში ის თანამშრომლობდა უკრაინის კონსერვატიულ პარტიასთან. 2003 წელს მან აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა უკრაინის სოციალ-ნაციონალური პარტიის ხარკოვის უჯრედთან (შNPU, ამჟამად სრულიად უკრაინული ასოციაცია „სვობოდა“), ეწინააღმდეგებოდა მის ლიბერალიზაციას და VO-ს „სვობოდად“ გადაკეთებას.
შNPU-ის შეიარაღებული ძალებისა და საზღვაო ძალების დახმარების საზოგადოების დაშლის შემდეგ მან შექმნა ნებისმიერი პარტიული სტრუქტურისგან დამოუკიდებელი ახალი ორგანიზაცია „უკრაინის პატრიოტი“. შექმნის დღიდანვე იგი მუდმივად მისი ლიდერი იყო. ორგანიზაციის პირველი წევრები იყვნენ შNPU, UNA-UNშO და „UNA-UNშO თრიდენტ“ ხარკოვის უჯრედების ახალგაზრდა მებრძოლები.
UNA-UNშO ჩენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამ დაჯგუფების წევრები აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩვენ მხარეს იბრძოდნენ. რამდენიმე მათგანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეეწირა. შეიძლება ითქვას, რომ იმ ომში ქართველებს, უკრაინელების გარდა, არავინ დაგვხმარებია.
თავისი ორგანიზაციის საქმიანობის დაწყების შემდეგ ბილეცკი გეგმავს კოორდინაციას და პირადად მონაწილეობს მის ყველა საქმიანობაში, მათ შორის, უშუალო მოქმედებებში. ის თავად ხელმძღვანელობდა მებრძოლთა თითქმის ყველა ჯგუფს, რომლებიც ახორციელებდნენ ნარკოტიკებით ვაჭრობის პუნქტების იდენტიფიცირებისა და განადგურების ოპერაციებს, ასევე აკავებდნენ უკანონო მიგრანტებსა და ა. შ. 2008 წლის 18 ოქტომბერს UPA-ს პატივსაცემად პოლიციასთან შეტაკებების დროს იგი ხელმძღვანელობდა შემტევ სვეტს და დააპატიმრეს ორგანიზაციის ყველა მებრძოლთან ერთად.
ბილეცკი ასევე გახლავთ სოციალურ-ეროვნული ასამბლეისა და უკრაინის პატრიოტული ორგანიზაციების ხელმძღვანელი. პოლიტოლოგებმა ანდრეას უმლანდმა და ანტონ შეხოვცოვმა აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში, ნეონაცისტური ჯგუფები, რომლებიც მემარჯვენე სექტორის ნაწილი იყვნენ და მონაწილეობდნენ ევრომაიდანში, თითქმის უცნობები იყვნენ უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, 2014 წლის გაზაფხულზე შNA-ს აქტივისტებმა შექმნეს აზოვის მოხალისე ბატალიონის ხერხემალი, რომელიც მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში.
2014 წელს თეთრი მეთაური კიევში მაიდანზე მიტინგების დროს შეუერთდა მომიტინგეებს თავისი ორგანიზაციების წევრებთან ერთად. 2014 წლის თებერვლიდან მარტამდე „მარჯვენა სექტორ აღმოსავლეთის“ ენერგობლოკის მეთაური იყო. 2014 წლის აპრილიდან მაისამდე „შავ კორპუსს“ მეთაურობდა. 2014 წლის მაისიდან სექტემბრამდე „აზოვის“ მოხალისეთა ბატალიონის მეთაურია.
2014 წლის 10 სექტემბერს იგი შევიდა პარტია „სახალხო ფრონტის“ სამხედრო საბჭოში, რომელსაც იმ დროს ხელმძღვანელობდნენ პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი და უმაღლესი რადას სპიკერი ალექსანდრე ტურჩინოვი.
2014 წლის 17 სექტემბრიდან ის უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს სპეციალური საპატრულო მილიციის პოლკ „აზოვის“ მეთაური ხდება კიევის ოლქში.
2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით ის იყო უმაღლესი რადას დეპუტატი. იგი იყო უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ჯგუფების წევრი ისრაელთან, ლიეტუვასთან, აშშ-სთან, პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და საქართველოსთან.
2016 წლის ბოლოდან ის იყო ეროვნული კორპუსის პარტიის თავმჯდომარე, რომელიც მან შექმნა აზოვის გენერალური ასამბლეის ბაზაზე. პარტია დგას უკრაინის ინტეგრაციის პოზიციებზე Iნტერმარიუმ (ბალტიისპირეთი-შავი ზღვა), ევროსკეპტიციზმი, ლიბერალიზმის კრიტიკა და მემარცხენე იდეოლოგიები. წინ სწევს მიგრაციის საკითხს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, უკრაინაში. ის აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა მემარჯვენე და ევროსკეპტიკურ პარტიებთან.
ანდრეი ბილეცკის საქმიანობა მრავალ სკანდალთან ასოცირდება, პირველ რიგში, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციები იწვევდნენ კითხვებს. მედიის მტკიცებით, ისინი, სავარაუდოდ, აღიარებენ ნეონაცისტურ, რასისტულ და ქსენოფობიურ მრწამსს, ახალგაზრდებს შორის ასეთი შეხედულებების პროპაგანდას (ბავშვთა და თინეიჯერთა ბანაკების ორგანიზებით, სამხედრო-პატრიოტული თამაშები). ამავე დროს, ბილეცკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ არც ის და არც მისი პარტია არ იზიარებენ ნეონაცისტურ და ქსენოფობიურ მრწამსს.
საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია ლიბანური რესტორნის დარბევამ კიევის ცენტრში, სადაც მონაწილეობდნენ ბილეცკის მოძრაობის წევრები. „ნაციონალური რაზმები“ სამართალდამცველებს წესრიგის დაცვაში უნდა დახმარებოდნენ, მაგრამ მათი საქმიანობა სკანდალური აღმოჩნდა. მას განსაკუთრებით უკრაინელი უფლებადამცველები აკრიტიკებდნენ.
მედია ხშირად უკავშირებდა ბილეცკის უკრაინის ყოფილ შს მინისტრ არსენ ავაკოვს. ამბობდნენ, რომ მისი პერსონა შექმნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ამ ინფორმაციას ბილეცკი ყოველთვის უარყოფდა, თუმცა მას ავაკოვთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს.
2011 წლის 19 ნოემბერს ანდრეი ბილეცკიზე თავდასხმა განხორციელდა. ხარკოვში, პობედიის გამზირზე, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ერთი ტყვია ყბაში მოხვდა, მეორე კი მკლავში. თავადაც მოახერხა გასროლა. იმავე საღამოს დაჭრილი ბილეცკი საკუთარი ფეხით მივიდა ხარკოვის გადაუდებელი ქირურგიის მე-4 საავადმყოფოში, სადაც მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი სხეულიდან ორი ტყვია ამოიღეს. პოლიციამ ინციდენტი ხულიგნობად შეაფასა.
2011 წლის 27 დეკემბერს ანდრეი ბილეცკი დააპატიმრეს სერგეი კოლესნიკზე თავდასხმის ბრალდებით. 2011 წლის 29 დეკემბერს შეირჩა აღკვეთის ღონისძიება 2-თვიანი პატიმრობის სახით. 2012 წლის 16 თებერვალს პატიმრობის ვადა გაგრძელდა 2012 წლის 27 აპრილამდე. იგი პატიმრობაში იმყოფებოდა ხარკოვის სიზოში, რომელიც ხოლოდონოგორსკის ციხეში მდებარეობდა.
2014 წლის 24 თებერვალს უკრაინის რადამ მიიღო რეზოლუცია N4202 „პოლიტპატიმრების განთავისუფლების შესახებ“. ამ განკარგულების შესრულებით, 25 თებერვალს ანდრეი ბილეცკი, იგორ მიხაილენკო, ვიტალი კნიაჟესკი, ოლეგ ოდონოროჟენკო და სერგეი პავლიჩენკო ხარკოვის წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
როგორ იწრთობოდა ფოლადი?
2014 წლის წლის გაზაფხულზე ბილეცკიმ საფუძველი ჩაუყარა აზოვის მოხალისე ბატალიონს. ეს ბატალიონი წარმოიშვა შავი კორპუსის, იგივე „შავი კაცების“ ბაზაზე, რომელიც 2014 წლის მარტ-აპრილში განლაგდა აღმოსავლეთ უკრაინაში. როგორც მაშინ უკრაინული მედია წერდა, მოხალისეთა ფორმირების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ულტრანაციონალური შეხედულების მქონე ადამიანი.
„აზოვმა“ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. ბატალიონს (შემდეგ ის პოლკად გადაკეთდა) აქვს ელიტური ქვედანაყოფის რეპუტაცია, რაც ასოცირდება როგორც ჯარისკაცების მაღალ მოტივაციასთან, აღჭურვილობის ხარისხთან და მარიუპოლის განთავისუფლების ბრძოლებში მონაწილეობასთან, ასევე მის თავდაცვით და სხვა საომარ მოქმედებებთან.
„აზოვის“ მიმართ ასეთ გამორჩეულ ყურადღებას არც პოროშენკოსა და არც ზელენსის ხელისუფლებები არ იჩენდნენ, პირიქით _ „აზოვს“ ხშირად ჰქონია დაპირისპირებები სახელმწიფოს სამართალდამცველ სტრუქტურებთან, მისი მებრძოლების გამომწვევი საქციელის გამო.
ცნობილი ფაქტია, რომ „აზოვს“ აფინანსებდა განთქმული უკრაინელი მილიარდერი-ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი. კოლომოისკისთან დაპირისპირებული პრეზიდენტი პოროშენკო „აზოვს“ ამ ოლიგარქის პირად არმიად აღიქვამდა და როგორც უკრაინული პრესა წერდა, ცოტათი ეშინოდა კიდეც, რომ „აზოვს“ პოროშენკოს ხელისუფლებისთვის კიევში მორიგი მაიდანი არ მოეწყო.
„აზოვს“ მაიდანი არ მოუწყვია, ის ოკუპანტებს უწყობს ჯოჯოხეთს მარიუპოლსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. „აზოველები“ სხვა ქალაქებშიც არანაკლები სიმამაცით იბრძვიან, მაგრამ ისინი მაინც მარიუპოლთან არიან დაკავშირებულნი და რასაც ისინი იქ აკეთებენნ არაფერში აღარ წერია. მათი არნახული სიმამაცისა და გამძლეობის წყალობით გაძლო ქალაქმა ამდენი ხანი. რად უჯდებათ ეს მებრძოლებს, მხოლოდ მათ იციან.
რუსებისთვის „აზოველები“ ჯერ კიდევ 2014 წლიდან გახდნენ მთავარი სამიზნეები. ამ ომში მათზე განსაკუთრებით ნადირობენ. არაერთხელ მოუწოდეს მათ მარიუპოლში გამაგრებულ ლეგენდარულ მებრძოლებს დანებებისკენ, მაგრამ მათი მოწოდება არავინ შეისმინა.
ამის პარალელურად, ავრცელებდნენ ინფორმაციას „აზოვის“ მეთაურების ლიკვიდაციის შესახებ. თავის მკითხველს დააჯერეს, რომ მოკლეს ანდრეი ბილეცკი, დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი. არადა, ყველანი ცოცხლები არიან. ბილეცკი ზაპოროჟიესთან იბრძვის, პალამარი და პროკოპენკო სხვა მებრძოლებთან ერთად „აზოვსტალში“ არიან გამაგრებულები.
ამ საოცარი ბიჭების გვერდით გაგიკვირდებათ და ქალებიც იბრძვიან. ისინიც იგივე ჯოჯოხეთს გადიან, რასაც მამაკაცები. გასულ კვირას „აზოვსტალში“ დაიღუპა „აზოვის“ ფსიქოლოგი ნატალია ლუგოვსკაია. აღსანიშნავია, რომ მისი ვაჟიც „აზოვის“ მებრძოლი იყო. ის რამდენიმე წლის წინ სნაიპერის ტყვიამ მოკლა. ლუგავსკაიას სიძეც ოკუპანტებმა ფსიქოლოგის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მოკლეს.
საოცარ ამბებს ვისმენთ მარიუპოლის მცველებზე. ბევრი მათანი ალბათ იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვა, მაგრამ მათ დაწერეს ისტორია და უკვე სიცოცხლეშივე გახდნენ ლეგენდები.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ „აზოვსტალიდან“ ქალები, ბავშვები და მოხუცები სრულად გაიყვანეს. ფოლადის ქარხანაში ახლა მხოლოდ სამხედროები რჩებიან. მათ შორის ძალიან ბევრია დაჭრილი. როგორც „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსვლავ პალამარიმ განაცხადა, მათ აღარ აქვთ მედიკამენტები. პალამარის თქმით, ბევრი დაჭრილი მხოლოდ იმიტომ დაეღუპათ, რომ მათთვის ელემენტარული ანტიბიოტიკის მიცემა ვერ მოახერხეს.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახლა დაჭრილების გამოყვანაზე მუშაობენ. ამაზე ოკუპანტები არ თანხმდებიან. ისინი ითხოვენ, რომ მარიუპოლის მცველებმა იარაღი დაყარონ და დანებდნენ. მებრძოლები დანებებას არ აპირებენ. „აზოვი“ კვდება, მაგრამ არ ნებდება. მათ გვერდით არიან 36-ე ბრიგადის ქვეითები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ყველა მათგანი იქ ჯოჯოხეთს გადის და სამყაროს სიმამაცის გასაოცარ მაგალითს აჩვენებს. სამყარო კი მათ გადასარჩენად ვერაფერს ახერხებს. დგას და ამ ყველაფერს, როგორც ფილმს, ისე უყურებს.
„აზოვსტალის“ ფოლადის ბიჭების საშველად ვერც უკრაინის ხელისუფლება ახერხებს რამეს. ალყაში მოქცეულ ქალაქთან მიახლოება ვერ ხერხდება. როდემდე გაძლებენ იქაურობის მცველები, უცნობია. ყველა მათგანი ამბობს, რომ დანებებით არ დანებდებიან.
უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ, გასულ კვირას მიმართვა გაავრცელა. ის ითხოვს, რომ ყველა ღონეს მიმართონ „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციისთვის.
„რას ვგრძნობ? თითქოს რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში აღმოვჩნდი, სადაც სამხედროები ვართ, ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ გადარჩენის ყველა შანსს და მთელი მსოფლიო უბრალოდ უყურებს საინტერესო სიუჟეტს! ასეთი სცენარები გამოიყენება ფილმებსა და სერიალებში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს არ არის ფილმი და ჩვენ არ ვართ გამოგონილი გმირები! ეს არის რეალური ცხოვრება! ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, ცრემლები, შიში, სიკვდილი _ ყველაფერი რეალურია!“ _ ნათქვამია შეტყობინებაში.
„ადამიანურ ცინიზმს საზღვარი არ აქვს! არსებობს ზოგადად მიღებული წესები, ისინი ყველასთვის ერთნაირია, დამოწმებულია მთელი რიგი კანონებით, ხელმოწერებითა და ბეჭდებით, მაგრამ არ მუშაობს! მაშინ რატომ არის საჭირო?“ _ კითხულობს მარიუპოლის მცველი.
მის მიმართვაში ნათლად ჩანს, თუ რა სურათია ახლა ფოლადის ქარხანაში, სადაც ფოლადის ბიჭები არიან გამაგრებული და ყველაზე ბოროტ ძალას უწევენ წინააღმდეგობას.
ქართული კვალი
დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ლეგენდარული „აზოვის“ შექმნაში ქართველმა მებრძოლებმა შეიტანეს დიდი წვლილი. „აზოვი“ მარიუპოლს გიორგი ქუფარაშვილის შედგენილი გეგმით იცავდა.
რამდენიმე კვირის წინ ქართველების დიდ წვლილზე ისაუბრა „აზოვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სერგეი კოროტკიხმა. სერგეი კოროტკიხი, მეტსახელად „ბოცმანი“, ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომ პოლკი ქართველ მოხალისე მებრძოლებთან, ბახვა ჩიქობავასა და გიორგი ქუფარაშვილთან, ერთად 2014 წელს დააფუძნა.
კოროტკიხი ინტერვიუში ამბობს, რომ მათ არავინ დახმარებია და პირიქით, მათგან საფრთხობელას ქმნიდნენ, თუმცა ახლა უკრაინის დაცვის ხერხემალი სწორედ „აზოვის“ ბატალიონია.
ბოცმანი თავის ინტერვიუშიც ყვება, რომ მარიუპოლს სწორედ გიორგი ქუფარაშვილის მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით და 7 წლის განმავლობაში გაწეული ძალისხმევის შედეგად იცავენ.
„სუმისა და ჩერნიგოვის თავდაცვის ხერხემალი „აზოვია“. ასევე ხარკივსა და დნიპროში (ხაზი გავუსვით ხარკოვისა და დნეპრის უკრაინულ წარმოთქმას, _ რედ.) 2 ბატალიონი აზოვის ხელმძღვანელობის ქვეშაა. მარიუპოლი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.
ჩვენ ერთად ვიბრძოდით და აღმოჩნდა, რომ ჩვენი მომზადებისა და მოტივაციის სისტემას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. 7 წელი გვდევნიდნენ, გვეძახდნენ ნაცისტებს, კერძო ჯარს, არ მოსწონდათ ჩვენი გაუპარსავი წვერი და ა. შ და ა. შ., მაგრამ ის, რასაც ახლა „აზოვი“ მარიუპოლში აჩვენებს _ ასეთი შედეგის დადება მსოფლიოში არც ერთ არმიას არ შეუძლია.
როცა საუბრობენ დასავლელ ინსტრუქტორებზე, რომლებიც თითქოს ჩვენ გვამზადებდნენ _ ეს სისულელეა.
რეალურად, „აზოვი“ 2014 წელს დავაარსეთ მე და ორმა მოხალისე ქართველმა: ბახვა ჩიქობავამ, რომელიც მარიუპოლის დაცვისას დაიღუპა და გიორგი ქუფარაშვილმა _ ის მძიმედ დაშავდა და ვინიციაში მკურნალობს.
ჩვენ სამის ლიკვიდაციისთვის ჯერ კიდევ 2014 წელს მილიონი დოლარი იყო დაწესებული. ახლა მხოლოდ ჩემი ლიკვიდაციისთვის დამატებით 500 ათასი დოლარი დაწესდა.
არავითარი ინსტრუქტორები არ ყოფილან. ჩვენ ხომ სანქცირებულები ვიყავით, ჩვენგან საფრთხობელები შექმნეს, რა NAთO? ჩვენ თავად შევქმენით მებრძოლთა და ოფიცრების სკოლები _ ეს ყოველივე 90%-ით გიორგის დამსახურებაა. ის 7 წლის განმავლობაში დაკავებული იყო სწავლებით და მარიუპოლის დაცვის გეგმის შედგენით, რომლის მიხედვითაც ახლა ამ ქალაქს ვიცავთ. გიორგის იშვიათად ახსენებენ, ეს უსამართლობაა, _ ყველგან, სადაც ახლა აზოველები არიან, შედეგები იდება: მარიუპოლში, ხარკივში, სუმიში, ჩერნიგივში, დნიპროში, ოდესაში, მიკოლაევში“, _ თქვა სერგეი კოროტკიხმა.
სამწუხაროა, რომ ბახვა ჩიქობავასა და გიორგი ქუფარაშვილის პროფესიონალიზმი ჩენმა ქვეყანამ არ გამოიყენა. ამ ბიჭებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოუწიათ საქართველოდან წასვლა.