- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2022-02-04 05:55:52
თამარ როსტიაშვილი
რუსთავის ცხელების ცენტრში საშინელი ამბები ხდება. კოვიდის ჩვენებით შესული პაციენტები სულ სხვა მიზეზით კვდებიან და კლინიკა გარდაცვალების მიზეზს _ ავადმყოფობის ისტორიას _ პატრონებზე არ გასცემს. უცნობია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაც, თუმცა როგორც დავით ხარაზიშვილი „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, 100-მდე პაციენტი დაღუპულია.
დავით ხარაზიშვილი, გარდაცვლილი ლელა ხარაზიშვილის ვაჟი:
_ დედაჩემი რუსთავის საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა, მხოლოდ სისუსტის გამო.
_ თუ მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, რატომ გადაწყვიტა, საავადმყოფოსთვის მიემართა?
_ ოჯახმა გადაწყვიტა ასე. შეგვეშინდა ძალიან, ვინაიდან პარკინსონის დაავადების საწყისი ეტაპი ჰქონდა და არ გვინდოდა, გაგვრთულებოდა. საავადმყოფოში მივიყვანეთ და რამდენიმე დღეში შეგვატყობინეს, რომ დედა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.
_ რატომ დამძიმდა?
_ მე ჯერ პირველ თვეს მოგიყვებით, რადგან მეორე თვეს ვითარება კარდინალურად შეიცვალა. დედას დამძიმების მიზეზი მასვე დააბრალეს, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, მათი მიზეზით გართულდა პაციენტის მდგომარეობა. მითხრეს, რომ სუნთქვა დაუვარდაო და დამიმალეს ის ფაქტი, რომ ჟანგბადის ქარხანა გაუფუჭდათ კლინიკაში.
_ სხვა პაციენტები არ დაზარალებულან?
_ დღესდღეობით, როდესაც დედა უკვე გარდაცვლილია, ათეულობით შემთხვევის შესახებ გახდა ჩემთვის ცნობილი. ზოგიერთი პირდაპირ მკვლელობაში ადანაშაულებს კლინიკას. გავაგრძელებ დედას ამბავს: ინტუბაციიდან 20 საათის შემდეგ მოიხსნა და გადავიდა ისევ სიპაპის (ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, _ რედ.) რეჟიმზე. გაუგრძელდა მკურნალობა, დედას ყოველდღიურად ვნახულობდი, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც. ჩვენ თვითონ მიგვქონდა კერძები, რადგან არ მინდოდა, კლინიკის კვებაზე ყოფილიყო. ერთ დილას დედამ დამირეკა და რაღაცის მიტანა მთხოვა. სურათია ასეთი: ვდგავარ კიბეებთან, უნდა ავიდე და მთელ კლინიკაში სინათლე გამოირთო. 20-30 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია არ მოსულა და სასოწარკვეთილი რომ დავრბოდი, მაშინ გავარკვიე, რომ კლინიკას გენერატორი არ ჰქონდა.
_ კოვიდის ცხელების ცენტრში მთელი დატვირთვა რეანიმაციაზე მოდის და ელექტროენერგიის გათიშვა პაციენტების სიკვდილს უდრის. როგორც წესი, იქ დენი არ ითიშება _ ავტომატური გადართვის რეჟიმია...
_ შემდეგ დღეებში მაგას ვარკვევდი. დამატებითი ელექტრომომარაგების წყარო კლინიკას არ აქვს. მითხრეს, რომ ჩვენთან დენი არასოდეს ითიშება, უბრალოდ, გვერდით ქუჩაზე კერძო პირის ტრაქტორმა საავადმყოფოს სადენი დააზიანა და ნახევარი საათი დასჭირდა მის აღდგენასო.
_ ე. ი. დედათქვენს, და არა მარტო მას, მართვითი სუნთქვის აპარატი გაეთიშა?
_ დიახ და მაშინვე დამძიმდა. დენი როგორც კი ჩაქრა, მითხრეს, რომ დედასთან ვეღარ ავიდოდი. 2-3 საათის განმავლობაში ჰყავდათ ინტუბაციაზე, რომ არ მოკვდომოდათ. შემდეგ მოხსნეს და გადაიყვანეს ისევ მართვით სუნთქვაზე. გავაგრძელეთ მკურნალობა და ვხედავ, რომ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება. საავადმყოფოში, ჩემი ყოველდღიური ვიზიტების ფონზე, სისტემატურად ვნახულობდი დედას მონაცემებს. მაგალითად, სატურაცია ჰქონდა საკმაოდ დაბალი _ 84-85, რომელიც საკვების მიღების დროს კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოდიოდა, 65-ზეც ჩამოსულა. დედას მკურნალი ექიმი იყო თეა ზარიძე, რომელიც რეანიმაციული განყოფილების უფროსი გახლდათ. მან გამომიცხადა, რომ, ფაქტობრივად, ძალით ვაცოცხლებთ, იმიტომ, რომ ვერ სუნთქავსო. მოვინდომე სახლში წაყვანა, რომ სახლში დამდგარიყო ის საბოლოო შედეგი, რაც საავადმყოფოში უნდა დამდგარიყო. მანამდე ყველაფერი შემოვირბინე, პროფესორ კახა ვაჭარაძესთანაც ვიყავი და პროფესორ მარიკა თავართქილაძესთანაც. ყველა ანალიზისა და გამოკვლევის, ასევე კატეს პასუხი წავიღე რენტგენის სურათების ჩათვლით და მათ დამარწმუნეს, რომ დედას ლეტალური შედეგი არ დაუდგებოდა.
_ რას გულისხმობთ, რომ გადარჩებოდა?
_ დიახ, კრიტიკული მდგომარეობა არ აქვს და განკურნება სავსებით შესაძლებელიაო. პროფესორმა კახა ვაჭარაძემ მომცა სრულიად სხვა დანიშნულება, რაც თანხვედრაში იყო ლევან რატიანის დანიშნულებასთან... ამ უკანასკნელსაც მივმართე. დაგვინიშნეს „ლაინეკი“ ამპულებში გადასხმის სახით. ბატონმა კახამ მითხრა, დროზე გადაუსხი ეს პრეპარატი, ვინაიდან ნაწილი ფილტვის უჯრედების თავისით აღდგება მაგრამ მეორე ნახევარი _ ვერაო. დედას მკურნალი ექიმი თეა ზარიძე ძლივს დავითანხმე ამ პრეპარატის შეტანაზე და იმ დღესვე დავიწყეთ გადასხმა. კახა ვაჭარაძემ კოლეგიალობა დაიცვა თეა ზარიძესთან მიმართებით, იმან კი ვაჭარაძეზე თქვა, რაებს შამანობს, რა კანის პრეპარატი დაგინიშნათო.
_ „ლაინეკი“ მართლა კანის პრეპარატია?
_ თეა ზარიძეს ვუთხარი, რომ ვინაიდან არაფრის იმედს არ გვაძლევთ, წყალი რომ შველოდეს, იმასაც გადავუსხამ-მეთქი. ექთანმა რომ ჰკითხა თეა ზარიძეს, რა ჩავწერო დანიშნულებაშიო, იმან უპასუხა, რა ვიცი, რაღაც წამალი მომითრიეს და ჰგონიათ, რომ ეს წამალი უშველის, რომელიც კანის არისო. რეალურად, „ლაინეკი“ მართლაც კანის წამალია, ანოტაციაში ასე უწერია, მაგრამ პირველად 2005 წელს გამოსცადეს ალკოჰოლიკებში ღვიძლის დაშლის სამკურნალოდ და შედეგი გამოიღო _ ქსოვილებს აღადგენს უჯრედულ დონეზე.
_ დედათქვენსაც უშველა?
_ ორშაბათს დავიწყეთ „ლაინეკის“ გადასხმა. პარასკევს მირეკავს თეა ზარიძე და მეკითხება, _ ეს წამალი სად იყიდეთ, რა ღირდა და ტელეფონიც ჩამიგდე, უსერიოზულესი შედეგი აქვს და ახლობელს მინდა გადავუსხაო.
_ აფთიაქებში არ იყიდება ეს პრეპარატი?
_ ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთ სააფთიაქო ქსელში. 20 გადასხმაში დედას მდგომარეობა მთლიანად შემოტრიალდა. მართვითი სუნთქვიდან სიპაპზე გადავიდა და შემდეგ ისიც მოეხსნა. ბოლოს მხოლოდ ჭიქის ნიღაბზე იყო და სატურაცია ჰქონდა 96. ექიმმა გამოგვიცხადა, რომ პაციენტი გამოწერისთვის და სახლში მკურნალობის გასაგრძელებლად მზად იყო. „ლაინეკის“ 20 გადასხმა გავუკეთეთ კლინიკაში და 10 გადასხმა უნდა გაგვეკეთებინა სახლში. პარალელურად მასაჟებსაც ვუკეთებდი და დავაყენეთ შედეგი. ზარიძემ მითხრა, მე რომ შემოგატანინეთ სხვა პრეპარატი, ამის გამო შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაუდგეს ექიმსო.
_ დაგამადლათ?
_ ასე გამოდის! 23 დეკემბერს დედა გადავიყვანეთ პალატაში. 57 დღე ვიყავით რეანიმაციაში და გადავედით თერაპიაში ჭიქის ნიღბით. სახლში წამოსვლის წინ ყველამ ერთად ვარჩიეთ, რომ რეანომობილი გამოგვეძახა და მეტი დაზღვევისთვის ასე გადამეყვანა სახლში. იქ მოვამზადე ჟანგბადის ბალიში და ა. შ. ეს მანქანა კახეთიდან მოდიოდა და მას მოჰყვა თერაპიული ჯგუფი და არა რეანიმაციული. ამ დროს დედა უკვე აბსოლუტურად ჩაცმულია და გველოდება. თერაპიულმა ჯგუფმა ვერ წამოიყვანა და 29 დეკემბერს მოგვიწია ისევ კლინიკაში დარჩენა.
_ ერთ დღეში შეიცვალა ყველაფერი გამოსაწერად გამზდებული ქალისთვის?
_ ერთ ღამეში! დედას საავადმყოფოში შარდ-სასქესო სადინარში კათეტერს უდგამდნენ და იმ საღამოსაც ჩაუდგეს ეს შარდის ბუშტის კათეტერი. იმ ჩადგმის დროს, როგორც ჩანს, რაღაც დაუზიანდა. ეს ხდება 29 დეკემბრის საღამოს. 30 დეკემბრის დილას მივდივარ საავადმყოფოში, რომ დედა სახლში წამოვიყვანო. საბანი გადავხადე და ჩაცმულზეც კი თვალში მომხვდა არაბუნებრივად შებერილი მუცელი. გადავუწიე და რას ვხედავ _ სიგრძივ ზოლზე ჰქონდა ძლიერი გამაგრება. კათეტერის ჩადგმის შემდეგ მთელი ღამე სისხლი ჩაედინებოდა შარდის ბუშტში. დავუძახე ექიმებს. თეა ზარიძემ გასინჯა, სახეზე შეშფოთება გამოეხატა და მითხრა, _ სისხლის კოლტები არის მუცლის ღრუშიო.
_ საოპერაციოში გადაიყვანეს?
_ არა, არ უნდა, თვითონ დაიშლებაო, მითხრა ზარიძემ. როგორც შემდგომ გავიგე, დედასთვის უნდა ჩაეყენებინათ სამშრიანი კათეტერი, იმით უნდა გამორეცხილიყო კონკრეტული არეალი და შემდეგ დანარჩენი. სამშრიანი კათეტერი კლინიკას არ ჰქონდა. რუსთავიდან წამოვედი თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე და მეგონა, რაღაც ძალიან ძვირი ღირდა, რახან კლინიკას არ ჰქონდა და აღმოჩნდა, რომ მისი ღირებულბა 8 ლარი იყო. აფთიაქის ოპერატორმა მკითხა, _ რომელ კლინიკაში წევხართ, რომ რეანიმაციას ეს კათეტერი არ აქვსო. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დრო წაიღო.
_ რა პროცედურები ჩაუტარდა დედათქვენს ამის შემდეგ? რა გითხრათ თეა ზარიძემ?
_ თვალით აღარ მინახავს.
_ ისვენებდა?
_ არა, მუშაობდა, მაგრამ კლინიკაში არ მოვიდა, რადგან ძროხა ჰყავდა დასაკლავი.
_ ექიმზე მეუბნებით, ხომ?
_ თეა ზარიძის მუშაობის გრაფიკი ზეპირად ვიცი _ მას მუშაობა უწევდა 30-31 დეკემბერს და პირველ იანვარს. ამ დღეებში ის კლინიკაში არ გამოჩენილა და არც დაინტერესებულა თავისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. თეა ექიმმა რეანიმაციის ორი ექთანი წაიყვანა დასავლეთ საქართველოში, სადაც ძროხა დაკლეს და ექთნების დახმარებით ხორცის რეალიზება მოახდინა. ხვდებით, სად გვაქვს საქმე?! ამ დროს საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო და დედასთვის ყველა სახის პროცედურა უნდა ჩაეტარებინა. არავის უთქვამს ჩემთვის, რომ ეს შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო, იმიტომ, რომ პაციენტი, ფაქტობრივად, გამოწერილი იყო კლინიკიდან. პირველ იანვარს მირეკავს უმცროსი ექიმი, ივეტა ჰქვია და მეუბნება, რომ დედათქვენს სუნთქვა გაუუარესდა, კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ არის, ბევრი სისხლი დაკარგა, ეს სისხლი არ გვაქვსო.
_ არც უნივერსალი ჰქონდათ? წარმოუდგენელ რამეს მეუბნებით...
_ არა, არც უნივერსალი ჰქონდათ. მოკლედ, სადაც მოიძიებთ დედათქვენისთვის სისხლს, ჯოენის კლინიკაში უნდა იყოსო. წავედი სასწრაფოდ და სისხლი ჩამოვიტანე. ყველაფერმა თავისი დრო წაიღო, მერე ის ხომ უნდა დაიტესტოს, შეთავსებადია თუ არა. რახან იგივე ჯგუფია, არ ნიშნავს, რომ ორგანიზმი მიიღებს. საბოლოო ჯამში, დედაჩემისთვის ყველაფერი ამაო აღმოჩნდა.
_ როდის გარდაიცვალა დედათქვენი?
_ 2 იანვრის დილით.
_ მკურნალმა ექიმმა თეა ზარიძემ მიზეზად რა დაასახელა? არ მითხრათ, ახლა, კოვიდიო. როცა სისხლს ეძებდით გადასასხმელად, ამდენი რაოდენობა დაკარგა?
_ ვერაფერს მეუბნებიან.
_ არავინ გითხრათ, რომ ეს არასწორი კათეტერიზაციის მიზეზი იყო?
_ არა.
_ აბა, კოვიდი ჩაგიწერეს?
_ არა, მაგრამ საქმეც ეგ არის, რომ ავადმყოფობის ისტორიას არ მაძლევენ. მერე მოხდა ისეთი რამ, რამაც მაიძულა კი არადა, გამომაფხიზლა. 16 იანვარს, როდესაც დედა, ფაქტობრივად, ახალი დაკრძალული მყავდა, რეკავს ტელეფონი.
საქმე იმაშია, რომ თეა ზარიძემ მითხრა, უმჯობესია, კერძოდ აიყვანოთ ექთნები, რომ მეტი ყურადღება გქონდეთ და ისინი მოუვლიან დედათქვენსო. ამაყვანინა ორი ექთანი, თითოს ღამეში 110 ლარს ვუხდიდი. ამ ექთნების გარდა ამაყვანინა ასევე მასაჟისტი, რომელსაც ასევე ვუხდიდი.
_ ეს ექთნები კლინიკის არ იყო?
_ კლინიკაში მომუშავე თეა ზარიძის ექთნები იყვნენ, რომელთაც დამატებით ფულს ვუხდიდი კერძოდ.
_ ეს ორი თვე რა დაგიჯდათ კლინიკაში ყოფნა? თქვენ მიერ შეტანილ წამლებს არ ვგულისხმობ და საკვებს. თვითონ კლინიკის მომსახურება, რომელიც კოვიდიანი პაციენტებისთვის უფასოა...
_ დაახლოებით, 8000 ლარი.
_ სატელეფონო ზარზე შევჩერდით _ რა მოხდა 16 იანვარს, როდესაც სატელეფონო ზარი გაისმა?
_ ექთანმა, რომელმაც კათეტერი ჩაუდგა და რომელსაც დედაჩემი შეეწირა, დამირეკა, _ თეა ზარიძემ თქვენზე მითხრა, რომ მე 24-საათიანი მორიგეობის თანხა უნდა გადამიხადოთო, 50 ლარზე იყო საუბარი.
_ ეს თქვენ მიერ აყვანილი ორი ექთნიდან ერთ-ერთი იყო?
_ არა, ის ორი ექთანი, რომელიც დედაჩემს უვლიდა და რომლებსაც ფულს ვუხდიდი, ზარიძემ ძროხის დასაკლავად წაიყვანა. ვინც არ იცოდა კათეტერის ჩადგმა, იმ ექთანმა დაუზიანა საშარდე სადინარი და სისხლდენა გამოიწვია.
_ ვინც დედათქვენის სიკვდილის მიზეზი გახდა, იმან დაგირეკათ, 50 ლარი გადამიხადეთო?
_ დიახ, თეა ზარიძემ მითხრა, რომ ფული აქვს მოსაცემი, დაურეკე და უთხარი, რომ ჩაგირიცხოსო. ეს გახდა ბოლო წვეთი, რამაც გონს მომიყვანა. მივხვდი, ვისთან მქონდა საქმე და ახლა ერთადერთი მიზეზი არის სხვა პაციენტების გადარჩენა. ზარიძემ მითხრა, დედათქვენმა მოიგლიჯა კათეტერი და ამან გამოიწივია სისხლდენაო. ანუ 64 დღე უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა არ მოიგლიჯა და უკვე გამოჯანმრთელებულმა ამოიღო?! ეს სასაკლაო უნდა ვამხილო და გაჩერებას არ ვაპირებ.
„ქრონიკა+“ შემდეგ ნომერში კიდევ ორი პაციენტის ინტერვიუს შემოგთავაზებთ, ასევე მკურნალი ექიმისა და ექთნების პოზიციას. ათამდე ადამიანი ამ მომენტში კლინიკას ადანაშაულებს პაციენტების, არც მეტი, არც ნაკლები _ მკვლელობაში.