QronikaPlus
ბაკურიანის პოლიცია სკანდალში ეხვევა - „ჩვენება არის გაყალბებული“

ბაკურიანის პოლიცია სკანდალში ეხვევა - „ჩვენება არის გაყალბებული“

2021-12-22 05:52:22

ვინ, როგორ და რატომ გააყალბა მოწმეთა ჩვენებები ბაკურიანის პოლიციაში

„დააკავეს უდანაშაულო ადამიანი, რომ აღნიშნული საქმე ჩაეფარცხებინათ“

გიორგი საკარული

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ბაკურიანში მომხდარი სუიციდის ფაქტის შემდეგ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ბაკურიანში მცხოვრები დავით გოგოლაძე დააკავეს, თუმცა როგორც მისი უფლებადამცველი შორენა კობიძემ „ქრონიკა+“-ს განუცხადა, პოლიციამ ბრალდებული გოგოლაძე 22 აგვისტოს ყოველგვარი განჩინების გარეშე დააკავა.

გოგოლაძის შესაძლო უდანაშაულობას, არამხოლოდ მისი უფლებადამცველი ამტკიცებს, არამედ არასრულწლოვანი გოგონას დედა, რომელიც დუმილს არღვევს და ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი დავით გოგოლაძეს არც კი იცნობს.  

ახალგაზრდა მამაკის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული დავით გოგოლაძის უფლებადამცველი სამართლის აღსრულებას ითხოვს.

ბორჯომის რაიონული საგამოძიებო უწყება ვერ აკონტროლებს მოტივებს, რომლითაც გოგოლაძე პასუხისგებაშია მიცემული, თუმცა კითხვაზე პასუხი აქვს ბრალდებულის უფლებადამცველს, რომელიც აცხადებს რომ გოგოლაძე სისტემის მსხვერპლია.

„ქრონიკა +“ გაესაუბრა ყველა მხარეს. დაინტერსდა რა მტკიცებულებების საფუძველზე დააკვეს ბრალდებული გოგოლაძე? რატომ არ წაიყვანეს 16 წლის გოგონა ექსპერტიზაზე? ვინ და რატომ გააყალბეს მოწმეების ჩვენებები? ამ და სხვა საინტერესო დეტალებით

 „ქრონიკა +“ დაუკავშირდა ბრალდებულის ადვოკატს შორენა კობიძეს

_ ბატონი დავით გოგოლაძე პასუხისგებაშია მიცემული 114-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნიშნავს თვითმკვლელობამდე მიყვანას. ეს არის 4 წლამდე მუხლი. მოცემულ სიტუაციაში ბატონ დავით ედავებიან, სამი მოწმის ჩვენებით, მაგრამ არცერთი მათგანი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებასა და მოწმეს და აქედან ორმა მოწმემ, უკვე მიმართა პროკურორს განცხადებით, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენება გაყალბებულია და მოითხოვეს დამატებითი დაკითხვა, თუმცა დღემდე დუმს პროკურორი და ამაზე რეაგირებას არ ახდენს.

_ ვინ არის ამ საქმის პროკურორი?

_ თამუნა მურჯიკნელი.

_ მოდით უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ რა მოხდა?

_ ეს არის ბაკურიანის ინცინდენტი, 11 აგვისტოს ბაკურიანში მცხოვრებმა ამური შველიძემ ჩაიდინა თვითმკვლელობა თოფის გასროლით, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება. მანამდე ბატონი ამური შველიძე ამხილა ასევე ბაკურიანში მცხოვრებმა ქალბატონმა ლ.-მ მის 15 წლის შვილთან სქესობრივ კავშირში, რომელიც მოატყუა, პირდებოდა ცოლად მოყვანას და ამ დროს ბატონი ამური არის ცოლ-შვილიანი. როცა გაიგო ამ ქალბატონმა ამის თაობაზე შეხვდა მას მოწმის თანდასწრებით, ამ ქალბატონმა მიიღო მისგან სიტყვიერი მუქარა, დასარტყმელად გაიწია ქალზე და დაემუქრა.

_ რა უთხრა?

_ 3 დღეს გაძლევ ან დამიმტკიცებ ამ ყველაფერს, ან მერე მე შენ გაჩვენებ სეირსო და ამ სიტყვებით დაშორდა მას, თუმცა მანამდე ამ გამწარებულმა დედამ, აქეთ დაუბრუნა ამ შემთხვევაში პასუხი და უთხრა: 3 დღეს მე გაძლევ, ან მოშორდები ბაკურიანს და ჩემ შვილს, ან პოლიციაში მივდივარ. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი.

_ ამ სიტყვების შემდეგ რამდენ დღეში მოიკლა თავი ამური შველიძემ?

_ ამური შველიძე ცოლს სთხოვს იმ საღამოსვე, რომ წავიდნენ ბაკურიანიდან. ის იყო ნასვამი, კონფლიქტი მოუვიდა ცოლთან და მან უთხრა ბაკურიანიდან წასვლაზე უარი და ამის შემდეგ ნახულობენ ამ პიროვნებას გარდაცვლილს. ეს მოხდა 11 აგვისტოს და დავით გოგოლაძეს აკავებენ 22 აგვისტოს ყოველგვარი განჩინების გარეშე.

_ ქალბატონო შორენა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი რამდენიმე დღის წინ, ამური შველიძის მეუღლემაც მოიკლა თავი. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

_ არა, ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. არანაირი დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ამური შველიძის მშობლები, ძმა და მამა, ამ ცოლს სდებდნენ ბრალს და ეს მან უთხრა იმ პიროვნებას, ვინც თავის დროზე შეესწრო ამური შველიძეს და იმ გოგონას საუბარს. კიდევ ერთი ინფორმაცია, რაც ჩემთვის გახდა ცნობილი არის ის, რომ ამური შველიძე არის იმერეთის რაიონის სოფელი შროშადან თუ არ ვცდები, რადგან გამოძების მტკიცებულებებში ყველგან ეს შროშაა დაფიქსირებული. ამ სოფელში როგორც ამბობენ ოცდამეორეა ბატონი ამური, ვინც თავი მოიკლა. ეს მნიშვნელოვანი გარემოებები იქნება იმ შემთხვევაში გამოძებას რომ აინტერესებდეს. გარდა ამისა, ამური შველიძე პასუხისგებაშია მიცემული თავის დროზე ოჯახურ ძალადობაში, იქ საუბარია ძმაზე და დედაზე.

_ რატომ დავით გოგოლაძე?

_ იმიტომ რომ ბატონი დავით გოგოლაძე ნასამართლევია რამოდენიჯემერ და პლუს პირობითი ქვეშ იყო. გამოძიებისთვის და პოლიციისთვის ყველაზე მარტივი „გასაპრავებელი“ იყო დავით გოგოლაძე.

_ ხელი შეაწმინდეს მას?

_ ცალსახად. ყველამ იცის პოლიციაში რომ მართლა თავი მოიკლა ამური შველიძემ. ამის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ გახმაურდებოდა თავის დროზე ეს ამბავი, რადგან დედამ უთხრა რომ პოლიციაში წავიდოდა, ასხევე კონფლიქტი მეუღლესთან და პლუს, მისი პიროვნება, ალბათ. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სანამ თავს მოიკლავდა, ის „ფეისბუქზე“ აქვეყნებს პოსტს, აქვეყნებს თავისი მეგობრის, ვინც ასევე თავი მოიკლა, მის სურათს და იძახის რომ მოვიდვარ შენთან, თოფი ჩემია, არავინ არაფერ შუაშია და ა.შ. ამის მერე პოულობენ უკვე გარდაცვლილს.

_ ფაქტიურად მისივე ეს სიტყვები მოწმობს, იმაზე რომ ამური შველიძეს უკვე წინასწარ ჰქონდა განზრახული თვითმკვლელობა, რაც გამოძიებამ სავარაუდოდ არ გაითვალისწინა ეს ყოველივე.

_ საქმეში არის მტკიცებულება, რომელსაც ადასტურებს ორი მოწმე. აქედან ერთი არის ამურიშვილის მამა, რომ რამდენიმე კვირით ადრე ის იყო სოფელ შროშაში ჩასული და ამ თოფს ეძებდა და გარდა ამისა, იქ იყო ნათქვამი, რომ ჰქონდა პრობლემა ბაკურიანში, რომელიც დაკავშირებული იყო გოგონასთან, თუმცა ის აპირებდა ამ პრობლემის მოგვარებას. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, დავით გოგოლაძე არ იცნობს არც ამ ბავშვის ოჯახს და არც ამური შველიძეს. ეს არავის აინტერესებს, არც პოლიციას, არც პროკურორს და არც მოსამართლეს დააინტერესდა ეს სიტუაცია.

_ ანუ ამ ეტაპზე გამოძიება დუმს, პოლიცია და პროკურორი დუმს?

_ ყველა დუმს აბსოლუტურად. გმირობას არავის არ ვსთხოვთ, მაგრამ რაღაცა სტანდარტები ხომ არსებობს და ის ხომ უნდა იყოს დაცული მოსმაართლის მხრიდან. კანონის დაცვას ვითხოვთ, სხვას ხომ არაფერს არ ვითხოვთ ამ შემთხვევაში. სამწუხაროდ ქვეყანაში მკვიდრდება სატელევიზიო-საინფორმაციო მართლმსაჯულება. საკამრისია ვიღაცამ აწიოს გრადუსი რაღაცა დოზით, რომ მოცმეულ სიტუაციაში ამაზე იწყებს რეაგირებას პოლიცია თუ პროკურატურა და მათთვის მთავარია, ამ შემტხვევაში გრადუსის დაგდება, სიტუაციის „გრაპავება“ და საქმის ჩამოწერა. ამას ეწირება კანონი, კანონიერება და მართლმსაჯულება.

_ აღკვეთი ღონისძიება თუ გაასაჩივრეთ სხვა ინსტანციაში?

_ რა თქმა უნდა, აღკვეთი ღონისძიება გავასაჩივრეთ სააპელაციოში, თუმცა ერთი პროცენტი არ მაქვს იმის იმედი, რომ ამას აპელაცია დასაშვებად ცნობს. იმიტომ, რომ ჩვენ რეალობაში საქართველოში წართმეული გვაქვს მეორე ინსტანციის უფლება, ბუნებაში არ არსებობს. ეს უფლება გააჩნიათ მხოლოდ პოსტანგაჟირებულ საქმეებს, როგორიცაა: ნიკა მელიას საქმე, რურუას და მსგავსი ტიპის საქმეებს, რომლებიც ძალიან ხმაურიანი. ამ შემთხვევაში ჩანიშნავს სააპელაციო სასამართლო განხილვას დ ამოსმენას, სხვა შემთხვევაში სამწუხაროდ ქვეყანა დატოვებულია მეორე ინსტანციის გარეშე, რაც შეეხება საგამოძიებო კოლეგიას. ეს დამატებით კიდევ ცალკე პრობლემაა ქვეყანა, რომელიც გვაქვს. რაც ახლა გოგოლაძის საქმეში ხდება, ეს არის ნიშანი სისტემის მძიმე მდგომარეობისა. ჩვენ სისტემა არ გვაქვს.

„ქრონიკა +“ ასევე დაუკავშირდა დაზარალებულ 16 წლის გოგონას დედას, რომლის სახელსა გვარს მისივე თხოვნით არ ვწერთ:

_ ჩემს არასრულწლოვან ბავშვს დასდევდა, მას ჰყავდა ცოლი. ეს ყველაფერი გავიგე ივლისის ბოლოს, რაზეც ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა. წავედი, შევხვდი ამ პიროვნებას, რომელმაც უარყო ეს ყველაფერი და ყველაფერი აქეთ გადმოაბრალა ჩემს არასროლწლოვან ბავშვს. აქეთ შეურაცხყოფა მომაყენა, გინება დაიწყო, აგრესიული იყო ჩემს მიმართ და იქვე ვუთხარი, რომ პოლიციაში ვუჩივლებდი. შემდეგ უკვე 11 აგვისტოს ვგებულობთ რომ თავი მოუკლავს.

_ რა შუაშია ამ საქმეში ბრალდებული დავით გოგოლაძე. იცნობდით მას?

_ არაფერ შუაშია. მითუმეტეს მაგ პიროვნებას საერთოდ არ ვიცნობთ და არანაირი შეხება არ გვაქვს. ამ არაკაცმა ადამიანმა თვითონვე გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი, არავინ სხვა არ არის ამ საქმეში დამნაშავე. ის შეშინებული იყო, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ადრეც იყო ამ რაღცეებში შემჩნეული და ამ შემთხვევაში ერთდაერთი გამოსავალი ეს ნახა და თავი მოიკლა.

_ თქვენს გოგონას თუ ჩაუტარდა ექსპერტიზა?

_ ექსპერტიზა არ ჩაუტარდა, ექიმთან მყავდა და მითხრა რაც იყო.

_ პოლიციას არ წაუყვანია ექსპერტიზაზე?

_ არა. ძალიან ცუდ მდგომრეობაშია ჩემი შვილი და რეაბილიტაციას ვუტარებ ჩემ შვილს.

_ გამოძიებას უნდობლობას უცხადებთ?

_ რა თქმა უნდა. ჩემს ჩვენებაში ისეთი რაღაცეები წერია, რაც ნამდვილად არ მითქვამს. ჩვენება არის გაყალბებული. მინდა რომ სწორი მიმართულებით წავიდეს გამოძება, ეს არის ჩემი მოთხოვნა.

„ქრონიკა+“ ასევე, გაესაუბრა დავით გოგოლაძის ოჯახის ახლობელს, მარიამ გოჩილაიძეს.

_ ყველაფერი დაიწყო ასე. ერთ დღეს დედამ გაიგო, რომ მის შვილზე სექსუალურად ძალადობდა ვინმე ამური შველიძე, რა თქმა უნდა, ეს ამბავი დაფარული ვერ იქნებოდა და გაიგო მთელმა დაბამ. თავად არასრულწლოვანის დედაც ადასტურებს, რომ დავითს ისინი არც კი იცნობენ. მესმის, ყველა ის ისტორია ყველასთვის შემაძრწუნებელია, რომელსაც ვისმენთ არასრულწლოვნების მისამართით და აღშფოთება მოჰყვა ხალხში და ეს ლოგიკურიცაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც დამნაშავე სასჯელად თვითმკვლელობას არჩევს, თავის თავს ვერდიქტს გამოუტანს, ყველანაირი საფუძვლის გარეშე ვთქვათ, რომ ეს ადამიანი თითქოს სხვამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, ეს არის აბსურდი. გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ არის მაშინ დავით გოგოლაძე საპატიმროში?! მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ არხზე გავიდა სიუჟეტი, სადაც ამბობდნენ რომ ბაკურიანის პოლიცია არაფერს აკეთებს ამ ამბის გამოსაძიებლად და ცდილობენ საქმე ჩაეფარცხათ, დააკავეს უდანაშაულო ადამიანი, რომ აღნიშნული საქმე ჩაეფარცხებინათ. იფიქრეს რომ მარტივი იქნებოდა დავითის დაკავება, მაგრამ არა! ვინც ფიქრობს, რომ უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამოკეტვა მარტივია, ვეტყვი, რომ ძალიან ცდებიან! სიმართლე ერთია და ის აუცილებლად დადგინდება.

P.S. აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა +“ აგრძელებს მუშაობას და თუ კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტს რომ ჩვენთან ითანამშრომლოს და წარმოადგინოს მყარი მტკიცებულებები და უწყებამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მზად ვართ გავაშუქოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

გაზიარება