QronikaPlus
სკანდალი ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახში

სკანდალი ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახში

2021-04-22 08:28:55

ნიკოლოზ ბასილაშვილი სკანდალში მას შემდეგ გაეხვია, რაც ყოფილმა მეუღლემ იგი ძალადობაში დაადანაშაულა. ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ჩოგბურთელი მასზე სისტემატურად ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ისე _ ფსიქოლოგიურად და მატერიალურად.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღემდე გრძელდება. როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი თამარ გაბოძე „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, ისინი ნელი დოროყაშვილის უფლებებს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცავენ და აუცილებლად მიაღწევენ მოძალადის დასჯას.

მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი ტურნირი მოიგო და საჯაროდ გამოაცხადა, რომ ამ მოგებას მის შვილს, ლუკას ბასილაშვილს უძღვნიდა, „ქრონიკა+“-ს ბასილაშვილის დედის ახლობელი დაუკავშირდა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა და გვითხრა, რომ ეს ბასილაშვილის მხრიდან მორიგი ფარისევლობა იყო და, რეალურად, ის სასამართლოს მიერ მინიჭებულ უფლებასაც კი არ იყენებს შვილის სანახავად გამოყოფილ დღეებზე და ლუკასს ნელი დოროყაშვილი მარტო ზრდის.
აი, რა უამბო „ქრონიკა+“-ს ბასილაშვილის დედის მეგობარმა:

_ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი ინტერნეტით გაიცნო. ამ პერიოდში ის ნაკლებად ცნობილი ჩოგანი იყო და 2011 წლამდე საერთოდ რუსეთის მოქალაქე გახლდათ _ რუსეთის სახელით ასპარეზობდა. მას შემდეგ, რაც იქ ფინანსურ სკანდალში გაეხვია, საქართველოს მოქალაქეობას დაუბრუნდა. ამ პერიოდში დაიწყო ნელისთან ურთიერთობაც. . ნელი დოროყაშვილი ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი, მოკრძალებული და ნიჭიერი გოგონაა, ბასილაშვილებმა კი იმის გამო, რომ მისი შვილის ძალადობა როგორმე გაამართლონ, ის გამოიყვანეს გამომძალველად, მონსტრად, რომელსაც მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის ქონება და პრივილეგიები აინტერესებს. არადა, ეს ასე არ იყო, _ იმ პერიოდში, როცა მათ იქორწინეს, ჩოგბურთელს არც ფული ჰქონდა და არც გავლენა, მათ ოჯახს ფინანსურად ნელის მშობლები ეხმარებოდნენ. ნიკოლოზი დიდხანს ატყუებდა ნელის, რომ წყნეთში ცხოვრობდა. ისე დაქორწინდნენ, რომ ქმრის ოჯახის წევრებს არც კი იცნობდა. ამ პერიოდში ნელიმ უკვე დაამთავრა ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტში და მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა. ბასილაშვილების ოჯახმა მას სწავლის გაგრძელებაზე უარი განუცხადა, იგივე მოთხოვნა წამოვიდა ქმრისგანაც. ნელიც მათ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაეთანხმა, წამოვიდა სამსახურიდან და მთლიანად ჩაერთო ბასილაშვილის კარიერაში, _ დაჰყვებოდა მას ტურნირებზე, ვარჯიშებზე და საბოლოოდ უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე. ახალდაქორწინებულ წყვილს ცალკე ცხოვრების საშუალებას არ აძლევდნენ. ნიკას დედა სისტემატურად ითხოვდა, რომ წყვილს ორთაჭალაში, მათ საერთო სახლში ეცხოვრა, სადაც ჯანსაღი ამბები ნამდვილად არ ხდებოდა. რამდენიმე ფაქტს მოგიყვებით და ამაში თავადაც დარწმუნდებით:
ბასილაშვილებს სახლში ცალკე ოთახში გამოკეტილი ჰყავთ ნიკას მამიდა, რომელსაც არანაირი ადამიანური უფლებები არ გააჩნია. რეალურად, ორთაჭალის სახლი მისია, მაგრამ მთავარი დიასახლისი ნიკას დედაა, ნიკას მამიდა კი გიჟად ჰყავთ გამოცხადებული. სინამდვილეში, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს თავად ნატო, ნიკას დედა გადიოდა. ერთი პერიოდი ქმარი ოჯახიდან იყო წასული და ამ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის მერე დიდხანს მკურნალობდა ფსიქოტროპული პრეპარატებით. ერთხანს სახლში ნივთებსაც კი ამტვრევდა. პრობლემებს მამის გარდაცვალებაც დაემატა და ამის მერე აკვიატებები დაეწყო, მაგალითად, მუდმივად ცდილობდა, ნიკა კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა და ასევე განუწყვეტლივ აკონტროლებდა ნეკასაც _ დღეში, მინიმუმ, 50-ჯერ ურეკავდა, _ სად ხარ? რა გაცვია? დედაშენი სად არის? მამაშენი სად არის? ნიკას ელაპარაკე? ავადმყოფური აკვიატებები ჰქონდა.
_ კონკრეტულად კიდევ რაში გამოიხატებოდა აკვიატებები?
_ ერთ ფაქტს მოგიყვებით: როცა ნიკა და ნეკა საქორწილო მოგზაურობაში წავიდნენ საფრანგეთში, ნიკას თან ტურნირი ჰქონდა და ახალდაქორწინებული წყვილი სასტუმროში მოთავსდა. დედამისმა სკაიპით დაურეკა ცოლ-ქმარს, მოიკითხა და კატეგორილად მოითხოვა, სკაიპი არ გაეთიშათ არც დღის და არც ღამის განმავლობაში. ამ ამბის მომსწრე პირადად ვარ. ვუთხარი კიდეც, _ ნატო, რას აკეთებ, ბავშვებმა ახლა იქორწინეს, მიეცი მათ დამოუკიდებლად ურთიერთობის საშუალება-მეთქი, მაგრამ კატეგორიულად მომთხოვა, _ შენ ნუ ერევი, ჩემი შვილის ყველა ნაბიჯი უნდა ვიცოდე, მე ის გავზარდე, ცხრა თვე მუცლით ვატარე და მისი ყველა ნაბიჯი უნდა ვაკონტროლოო. მიაჩნდა, რომ შვილის ცხოვრებაში მუდმივად უნდა ჩარეულიყო. ნეკას არ ჰქონდა ამ ჩარევების გაპროტესტების უფლება, მაშინვე იწყებოდა თავდასხმები მის ოჯახზე. მერე და მერე ფონი კიდევ უფრო დამძიმდა. მაგალითად, ნატო იპოვიდა რამე ზღაპარს, მოუყვებოდა ნიკას და ცუდი პერსონაჟის როლში აუცილებლად ნეკა იყო გამოყვანილი, _ ნახე, ნელიკოს არ ჰგავს ეს ცუდი პერსონაჟიო? მერე და მერე უკვე ღიად აგინებდა რძალს.
_ როგორი პოზიცია ჰქონდა ნიკას?
_ დედას წინააღმდეგობას, ფაქტობრივად, არ უწევდა, მორჩილად იტანდა დედამისის გამოხტომებს. ერთხელ, როცა ნეკა ახალი ნამშობიარევი იყო (ბავშვი დაიბადა 1.600, ფიტოპლანცეტარული უკმარისობა დაემართა. ჯანმრთელი ორსულობა ჰქონდა, მაგრამ ბოლო თვეებში მდგომარეობა მკვეთრად დაუმძიმდა, პლანცენტა დაეთრომბა და სამი კვირით ადრე ამოუყვანეს ნაყოფი, თუმცა ლუკასი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო), დედამთილმა დაურეკა ახალნამშობიარევ რძალს და უთხრა, _ რა უჯიშო ქალი ხარ, რა პატარა წონის ბავშვი გააჩინე, არსად გაამხილო, ვინც დაგირეკავს უთხარი, რომ ბავშვი სამი კილო დაიბადაო. წარმოგიდგენიათ, ეს რა უბედურებაა?! არადა, რეალურად, შეცდომა სწორედ მათმა არჩეულმა გინეკოლოგმა დაუშვა, _ ვერ მიხვდა, რომ ნაყოფი არ იზრდებოდა. ატირებულმა ნეკამ მხოლოდ ის უთხრა, _ ნატო, ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებ, მთავარია, ბავშვი გადარჩა და ჯანმრთელიაო. მეორე წუთს მიხვდა, რომ სწორად არ მოიქცა და ცოტა ხანში დააურეკა რძალს, _ ვაიმე, ეს რა დამემართა, წარმოიდგინე, დედამ გაგკიცხა და ტ…ზე მსუბუქად წამოგარტყაო.
იყო ასეთი ფაქტიც: ახალდაქორწინებულ წყვილს სახლში უთენია ადგებოდა და საწოლში უწვებოდა, შვილს უნდა მოვეფეროო. ნიკას ფეხებსაც კი ბანდა ხშირად.
_ ალბათ, ხუმრობთ?
_ არა, არ ვხუმრობ. ასე იყო ეს ფაქტი! ჩემი თვალით მაქვს ნანახი. არც ნიკა აპროტესტებდა დედის საქციელს. სულ ვცდილობდი, ნატოზე პოზიტიური გავლენა მქონოდა და ის წყვილის ცხოვრებაში ამ დოზით არ ჩარეულიყო, მაგრამ ვერაფერს გავხდი. მას მძიმე ტრავმა აქვს გადატანილი, მამამისი დახვრიტეს. არ ვიცი, ზუსტად რა დანაშაულისთვის, მაგრამ ამ ფაქტის მერე ოჯახმა ქუთაისში სახლი გაყიდა, სასწრაფოდ გაემგზავრა ქალაქიდან და თბილისში პატარა ბინა იყიდა. ნატო და მისი და გასათხოვრები იყვნენ, დედამისი ყავაზე და კარტზე მკითხაობით ირჩენდა თავს, მერე ნოდარ ბასილაშვილს გაურიგეს და მთელი ოჯახი ავჭალაში გადასახლდა. ნოდარი მაშინ სუხიშვილებში ცეკვავდა და მთელ თბილისში სასურველ სასიძოდ ითვლებოდა.
ავჭალაში დიდ მაგიდასთან ყრილობასავით იკრიბებოდნენ _ ნოდარი, ნატო, თენგო, ნიკა, ფატი და ია. ეს იყო „კუტოკი“, სადაც გადაწყვეტილებას იღებდა აუცილებლად ნატო, სხვა არავისთან ჰქონდათ შეხება, სტუმრები და დაბადების დღის აღნიშვნა არ იცოდნენ. როცა ნატო გათხოვდა, ნოდარის სახლში გადმოვიდა დედით და დით, გადმოვიდნენ სამივე და დიქტატურა დაამყარეს ამ ოჯახში, ნათესავები გაუყარეს და ბატონობა დაიწყეს. ნატოს დეიდაშვილი ბექა ნაბოლარაა. ამ „კუტოკში“ მუდმივად იყო მისი ძმა. იგი რამდენიმე წელი იჯდა ციხეში. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ცხოვრობდა მრავალი წელი. ესეც და თენგოც ეტანებოდნენ ნარკოტიკებს.
ნიკას რაღაც უცნაურობები დაეწყო, მუდმივად ამბობდა, რომ ნეკას მისი ვალი აქვს, ხან ასი, ხან ორასი დოლარი. ამას ნეკას აძახებდა და ოჯახში სიტუაცია ძალიან დაიძაბა. რეალურად, ნეკა ფალიაშვილზე მის მშობლებთან ცხოვრობდა. სამოდელო სააგენტოდან მიიღო არაჩვეულებრივი კონტრაქტი თურქეთში საერთაშორისო ფესტივალზე, ძალიან კარგი ანაზღაურებით და ნიკას თანხმობით გაემგზავრა. მერე ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით კონტრაქტი შეაწყვეტინეს და საქართველოში დაბრუნება აიძულეს. ჯარიმების გადახდაც ნეკა დოროყაშვილის ოჯახს მოუწია.
განქორწინებაც უცნაურად მოითხოვეს, 2019 წელს ისე, რომ ნეკამ არაფერი იცოდა, მის დაუკითხავად ნიკოლოზ ბასილაშვილი და მამამისი ნეკას მშობლებთან ავიდნენ და უთხრეს, რომ ისინი უნდა განქორწინებულიყვნენ, ოღონდ სასამართლოს გარეშე და კონტრაქტი უნდა გაეფორმებინათ, რომ ნეკა შვიდი წელი არ გათხოვილიყო. თანაცხოვრება შეწყდა და კონტრაქტიც გაფორმდა. ნეკას არც ქონებაზე დავა უცდია და არც ფული მოუთხოვია. თანაცხოვრების პირობებში შეძენილი ყველა ქონება ნიკას სახელზე გადააფორმა, მათ შორის, მის მიერ გარემონტებული საცხოვრებელი ბინები, დაიტოვა მხოლოდ ერთი ბინა და პატარა კომერციული ფართი ვერაზე. რაც შეეხება ლუკასს, ბავშვს ბასილაშვილები ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ, ფაქტობრივად, მას დოროყაშვილები ზრდიდნენ. როცა ბავშვმა აზროვნება და ლაპარაკი დაიწყო, ავჭალაში მიჰყავდათ. ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. მერე გაირკვა, რომ ბავშვი ბებიის მხრიდან ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო. მას ნატო ხშირად ეუბნებოდა, რომ შენ დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი, დედასთან მგლები არიან და არ გაჰყვე სახლშიო. ერთ დღესაც ლუკასი სახლში ატირებული დაბრუნდა, _ ბებიამ მცემა, ოთახში ჩამკეტა და გარეთ არ მიშვებდაო. ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ექსპერტიზამაც დაადასტურა და ბებიას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. სააპელაციო სასამართლოში ბასილაშვილების ოჯახმა ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას დასკვნა წარადგინეს, არადა, ბავშვს ფსიქოლოგთან არასოდეს უვლია, დასკვნა ისე დაწერა.
სანამ სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილს მსხვერპლთან მიახლოებას ოფიციალურად აუკრძალავდა, ნელი დოროყაშვილი მას მოელაპარაკა, მოურიგდა და ბავშვის ნახვის დღეებიც გაუნაწილა, მაგრამ მამას არც ერთხელ არ გამოუყენებია ეს დღეები შვილთან კომუნიკაციისთვის. ამას წინათ თვე-ნახევარი იყო საქართველოში და შვილი არც უნახავს. მეტიც: ვოცაპსა და სკაიპზე დაბლოკა.
2020 წლის 21 მაისს ექვსი შემაკავებელი ორდერი გამოიცა ბასილაშვილების ოჯახზე: ბაბუაზე, ბებიასა და მამაზეც. ამ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილს სასამართლოს წესით აქვს აკრძალული მსხვერპლთან მიახლოება. ნეკას წაართვეს ყველაფერი, მათ შორის, ქორწინების ცერემონიალზე სტუმრების მიერ ნაჩუქარი ოქროს ნივთებიც კი, ასევე მოითხოვეს პატრიარქის მიერ ბავშვისთვის ნაჩუქარი მოოქროვილი ბიბლია, რომელიც ადვოკატის თანდასწრებით ოქმით დაუბრუნეს ბასილაშვილების ოჯახს.
აბსოლუტური ტყუილია ის ფაქტი, რაც ნეკას წინააღმდეგ ბასილაშვილის ოჯახმა გაავრცელა, თითქოს მან ნიკოლოზ ბასლაშვილის პრიზები და თასები დაამტვრია. ნივთები, რომელიც ნეკა დოროყაშვილთან ინახებოდა, ადვოკატის მეშვეობით მოითხოვეს, რომ დაებრუნებინა. რაკი პროვოკაციას ელოდებოდნენ, ბასილაშვილის პრიზები პოლიციის თანდასწრებით აღწერეს, ყუთებში ჩააწყვეს და გასაგზავნად გაამზადეს. დღემდე არავის მოუკითხავს პრიზებისთვის _ ამაოდ ელოდება პატრონს. მას მერე ურეკავენ ბასილაშვილების ადვოკატ თეონა გვაზავას და ყურმილს არ იღებს. ელოდებოდნენ,რომ ნეკა ამ პრიზებს გარეთ გაიტანდა ან „გლოვოს“ კურიერს გაატანდა და მერე ახალ შავ პიარს აუგორებდნენ, მაგრამ ეს რომ არ გამოუვიდათ, ჩოგბურთელის ნივთებს არც კი მოაკითხეს.
რეალურად, ნეკას მხოლოდ ერთი სახლი დარჩა, ხოლო ბასილაშვილს ცხრა საცხოვრებელი ფართი უკან გაუფორმა. შეეძლო, შუაზე გაეყო, მაგრამ არ იკადრა. ერთი ბინა ბავშვისთვის უნდა ეჩუქებინათ, რეესტრში შეიტანეს კიდეც განაცხადი, მაგრამ მერე გადაიფიქრეს, ჩუქებამდე კი სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაიტანეს. ამის დამადასტურებელი ფაქტი შემიძლია განახოთ კიდეც, როგორ იპარავს ნოდარი სახლიდან მტვერსასრუტს.
ახლა ცდილობენ ნეკას გაშავებას, რომ როგორმე მისი შვილის ძალადობა გაამართლონ. ამის მოყოლა მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ შვილზე მზრუნველი მამის იმიჯს ფარდა ავხადო. დეტალებს კიდევ სხვა დროს მოგიყვებით.ჯერ სასამართლო პროცესს დაველოდები

ელისო კილაძე

გაზიარება