QronikaPlus
ბათუმის „მაგნოლიის ბინების“ აფთიაქში ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ იყიდება

ბათუმის „მაგნოლიის ბინების“ აფთიაქში ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ იყიდება

2021-04-10 06:59:47

მაშინ, როცა მოხუცებს ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების საყიდლად რეცეპტი სჭირდებათ, ბათუმის ცენტრში ერთ-ერთი აფთიაქი ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ ჰყიდის. წამლებს, რომელთა მოხმარებაც ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არ შეიძლება, უმეტესად, არასრულწლოვნები მოიხმარენ, აფთიაქს ისინი ხშირად სტუმრობენ.

„ქრონიკა+“-ს ერთ-ერთი მოზარდის მშობელი დაუკავშირდა. მან იმ აფთიაქის არსებობის შესახებ გვაცნობა, რომელიც ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ ჰყიდის.

_ იქნებ, დამეხმაროთ, იქნებ, დამიდგეთ გვერდით? რა გავაკეთო?! ჩემი შვილი უკვე დამოკიდებული გახდა ფსიქოტროპულ წამლებზე. ვერაფერს ვშველი, _ არც ჩხუბმა, არც მოფერებამ არ გაჭრა, აფთიაქის თანამშრომლები არც კი აკვირდებიან ასაკს, ისე ყიდიან წამლებს. ბათუმის ახალგაზრდობა უკვე წამალდამოკიდებულია და საშინელ შედეგს მივიღებთ, თუ ამ ყველაფერს ბოლო არ მოეღება! მე უკვე დავიღალე!
_ უფრო კონკრეტულად, რისი თქმა შეგიძლიათ, პირადად იყავით აფთიაქში?
_ დიახ, თავად მივედი აფთიაქში, სადაც ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ იყიდებოდა.
ვითხოვე შემდეგი წამლები: გაბა-გამა, ფენზეპამი, კლიფერინი, დიაზეპამი. ეს პრეპარატები ურეცეპტოდ არსად იყიდება, მათ კი ჩვეულებრივად მომყიდეს, არაფერი მოუთხოვიათ. როცა ვკითხე, _ როგორ ყიდით ამ წამლებს ურეცეპტოდ, როცა ეს დაუშვებელია-მეთქი?! მათ მიპასუხეს, _ ჩვენ ამით ვვაჭრობთო.
_ რატომ არ განაცხადეთ შესაბამისს უწყებაში და თუ გქონდათ საერთოდ ამის მცდელობა?
_ მინდოდა მათი ჩართვა, მაგრამ შემდეგ სამართალდამცველები ჩემს შვილს მიზანში ამოიღებდნენ, როგორც ფსიქოტროპული წამლების მომხმარებელს, აფთიაქს კი მაინც არ მოსთხოვდნენ პასუხს, დაიწყებოდა ჩემი შვილის მიმართ სადამსჯელო სამუშაოების გატარება, როგორც ხდება ხოლმე და ამიტომ თავი შევიკავე.
_ სად მდებარეობს ეს აფთიაქი?
_ ყველამ ძალიან კარგად იცის ამ აფთიაქის არსებობს შესახებ, ის პირდაპირ ბათუმის ცენტრში, „მაკდონალდსის“ წინ, ე. წ. მაგნოლიის ბინებშია.

„ქრონიკა+“ ინკოგნიტო მშობლის მიერ დასახელებულ აფთიაქს ესტუმრა, რათა გაგვერკვია, რამდენად შევძლებდით გვეყიდა ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ
როცა ვიკითხეთ ფსიქოტროპული წამალი გაბა-გამა, აფთიაქში განგვიცხადეს, რომ ჰქონდათ და დაინტერესდნენ, თუ რამდენი აბი გვჭირდებოდა. მაგრამ როგორც კი შეამჩნიეს ჟურნალისტის ტელეფონი, რომელიც მათ საეჭვოდ ეჩვენათ, იმწამსვე ასაკი და პასპორტი იკითხეს, თუმცა რეცეპტი მაინც არ მოუთხოვიათ.

„ქრონიკა+“-მა მოკვლევა დაიწყო და რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ ერთ-ერთი ახალგაზრდა ჩაწერა, რომელიც აფთიაქს ხშირად სტუმრობს:
„თავიდან უჭირდათ, რომ მოეყიდათ, მაგრამ მერე აფთიაქს ხშირად ვსტუმრობდით და ურეცეპტოდ კი არა, საერთოდ აღარ გვეკითხებიან, წამლებს პირდაპირ დახლზე გვიდებენ“.

საინტერესოა, ქალაქის ცენტრში მდებარე ე. წ. მაგნოლიის ბინების პირველ სართულზე გახსნილი აფთიაქი როგორ რჩება შეუმჩნეველი საპატრულო პოლიციას, რომლის თანამშრომლებიც ამ ქუჩებში ხშირად მოძრაობენ და მათი განსაკუთრებული დაკვირვების ეპიცენტრი სწორედ ეს ადგილებია. საინტერესოა, აფთიაქი გააგრძელებს თუ არა ურეცეპტოდ ფსიქოტროპული წამლების გაყიდვას და დაინტერესდება თუ არა საპატრულო პოლიცია ახალგაზრდა მოქალაქეების ბედით, რომლებიც ფსიქოტროპულ წამლებს ყოველდღიურად მოიხმარენ?!

„ქრონიკა+“ აგრძელებს თემის შესახებ მუშაობას და დამატებითი დეტალების არსებობის შემთხვევაში ვითარებას მომდევნო ნომრებში გაგაცნობთ.

ზუკა ნემსაძე

გაზიარება