- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-03-25 05:47:42
რა ინფორმაცია მოაწოდა წყარომ „ქრონიკა+“-ს 14 წლის ნინი ცეცხლაძის შესახებ და რას ყვება ბიცოლა, რომელსაც ნინის ძმა „გამზრდელს“ უწოდებს?
რამდენიმე თვის წინ საქართველო კვლავ შეძრა მორიგმა ტრაგიკულმა ფაქტმა _ ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. დაკავებულია პირი, რომელმაც გოგონა გააუპატიურა, პერიოდულად ემუქრებოდა და მასზე სექსუალურად ძალადობდა. დააკავეს ბაბუა, რომელიც შვილიშვილს ფიზიკურად უსწორდებოდა.
14 წლის ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულად გარდაცვალების შემთხვევა აქტუალობას არ კარგავს. პასუხგაუცემელი კითხვა, ჯერ კიდევ, ბევრია. ოჯახი, სკოლა, მეზობლები, ახლობლები _ ეს ის ჯგუფებია, რომლებმაც იცოდნენ და დუმდნენ, დუმდნენ მანამ, სანამ ფატალური შედეგი არ დადგა.
„ქრონიკა+“ კიდევ ერთხელ დაუბრუნდა საქმის დეტალებს და შეეცადა გაერკვია თუ, რა ხდებოდა და რატომ დუმდა საზოგადოება მაშინ, როდესაც 14 წლის მოზარდზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორი ხორციელდებოდა?
„ვიცოდით ამბავი, ვიცოდი, რაც სჭირდა ნინის, მაგრამ ამბობდნენ, ეს ბიჭი მათი ოჯახის ახლობელია და ამიტომ გაჰყვა მას, ვითომ ნინი ვიღაცის დაბადების დღეზე უნდა წაეყვანა იმ ღამით“, – გვიყვება წყარო და იმასაც არ მალავს, თუ რა სტრესსა და გარემოში უწევდა ცხოვრება 14 წლის მოზარდს, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც მასზე ძალადობდნენ. წყარო ასევე გვიყვება, რომ ნინი სულ დედაზე საუბრობდა და მასთან წასვლა უნდოდა, განსაკუთრებით კი მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელზედაც ის „მეგობრობის დღიურში“ გაკეთებულ საკუთარ ჩანაწერებში საუბრობს. ასევე გვეუბნება, რომ ნინის ბევრჯერ აქვს მასთან ნათქვამი წლების წინათაც, რომ ბაბუა მთვრალი მოვიდა და მცემაო.
„ნინის არ უყვარდა საკუთარ პრობლემებზე საუბარი, ის პოზიტიური ადამიანი იყო, მაგრამ ზოგჯერ გულის ტკივილს გამოხატავდა“, _ გვეუბნება წყარო.
წყაროსთან საუბრისას გამოიკვეთა ფაქტი, რომელსაც საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები ჰქონდა. „ქრონიკა+“-მა ფაქტები გარდაცვლილი გოგონას გარემოცვასთან გადაამოწმა, რაც მათ დაგვიდასტურეს, თუმცა ვინაიდან ოჯახის ძალიან ეშინიათ, ვინაობის გამხელა არ ისურვეს.
„სკოლამდე ხმა არ მიიტანეს, მაგრამ ნინის გარემოცვაში, კერძოდ ოჯახში, იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ქაქუთის საჯარო სკოლაში ასწავლიან“, _ გვეუბნება წყარო.
დავიწყეთ გამორკვევა, კონკრეტულად რომელ პედაგოგზე იყო საუბარი. გზამ ქაქუთის სკოლის დირექტორის მოადგილე, მედეა კალანდარიშვილამდე მიგვიყვანა, რომელიც სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და, ამავდროულად, ოჯახის ახლობელია.
წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით მედეა კალანდარიშვილს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად იმყოფება ოჯახთან ახლო ურთიერთობაში და მკაცრად გვითხრა, ვაცადოთ ორმოცის ჩატარება:
_ არ გრცხვენიათ, ხალხო?! არ დაიღალეთ?! ახლა არ გვაცდით მაინც, რომ ორმოცი ჩავატაროთ ამ ბავშვის?!
ქაქუთის სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი, რომელიც ხელოვნებას ასწავლის, ნაია დალაქიშვილია, იგი ასევე ოჯახის ახლობელია, კონკრეტულად კი ნინის ერთ-ერთი ბიძის მეუღლე. დალაქიშვილი იმდენად ახლო ურთიერთობაში იყო ნინისთან და მის ძმა სულიკო ცეცხლაძესთან, ეს უკანასკნელი მას „გამზრდელსაც“ კი უწოდებს. ეჭვგარეშეა, რომ ოჯახთან ასე ახლოს მყოფ პირს აუცილებლად ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა 14 წლის ნინის ცხოვრებაში. სწორედ ამ კითხვით მივმართეთ მას:
_ რატომ არ მიიტანეთ ნინის პრობლემა სკოლამდე? რას ამჩნევდით მას იმ ორი თვის მანძილზე, სანამ თავს მოიკლავდა? უცნაური არაფერი იყო მის ქცევებში?
_ არ მივიჩნიე საჭიროდ, ოჯახის ამბავი გამეტანა სოფელში სალაპარაკოდ, სკოლაში ფაქტს ყველა გაიგებდა, რაც აუცილებლად იმოქმედებდა ბავშვის ფსიქიკაზე. სკოლა განსაკუთრებულს ვერაფერს გააკეთებდა.
_ ამჩნევდით თუ არა რამე უცნაურს ორი თვის მანძილზე ნინის?
_ არაფერს უცნაურს არ ვამჩნევდი, ბავშვი იყო ჩვეულებრივად ძალიან კარგ ხასიათზე.
„ქრონიკა+“-მა ასევე მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხე, რომელზედაც გარდაცვლილი ჩამომხრჩვალი იპოვეს, იმდენად ხმელი იყო, სხეულის წონას ვერ გაუძლებდა, რაც, ბუნებრივია, საქმეში დამატებით კითხვებს ბადებს. ჩვენ ამის შესახებაც დავუსვით შეკითხვა ნაია დალაქიშვილს, რაზედაც მან დამცინავად გვიპასუხა და ხის შესამოწმებლად ოჯახში მიგვიპატიჟა:
_ არა, საყვარელო, შეგიძლია, მობრძანდე, ხეც ადგილზეა, ჩვენც ადგილზე ვართ და ნახავთ. გამოძიება იყო მოსული და გადაამოწმა, რამდენად შესაძლებელი იყო, ხეს სხეულისთვის გაეძლო.
წყარო იმასაც გვიყვება, რომ ნაია დალაქიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა გამოძიება არ მისულიყო კონკრეტულ პირებთან, რომლებსაც შესაძლოა, საქმისთვის არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონოდათ.
„ნაია, ცდილობდა, რომ გამოძიება ჩვენამდე არ მოსულიყო, გვეუბნებოდა, თუ გამოძიება ჩვენით დაინტერესდებოდა, გვეპასუხა, რომ მან თავი მოიკლა და მეტი არაფერი ვიცოდით. ის ასევე გვაფრთხილებლდა, რომ თუ არავინ გვკითხავდა რამეს, ჩვენით არ გვეაქტიურა“, _ გვიყვება წყარო.
„ქრონიკა+“ ნაია დალაქიშვილთან აღნიშნულის გადამოწმებასაც შეეცადა, თუმცა მან ტელეფონი გაგვითიშა.
როგორც წესი, სკოლის მოსწავლეების საეჭვო ქცევასა და მათთან დაკავშირებულ პრობლემებს აქტიურად ადევნებს თვალყურს დირექცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, დავინტერესდით, რა ინფორმაციას ფლობდა ქაქუთის სკოლის დირექტორი მანანა ჩხაიძე და გაატარა თუ არა მან ქმედითი ღონისძიებები? ასევე დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა კონტაქტი სოციალურ მუშაკთან, რომელიც გოგონასთან მუშაობდა, თუმცა მან არც ერთ ჩვენს ზარს არ უპასუხა.
წყარო გვიყვება, რომ ნინი თავის კლასელებსაც აქტიურად უყვებოდა მის პრობლემებზე, თუმცა მათ გოგონა გარიყეს და, უბრალოდ, აღარ ეკონტაქტებოდნენ. მისივე ინფორმაციით, ბაბუა, რომელიც გოგონაზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, არ იყო ერთადერთი, ვინც ნინის სცემდა.
„ნინი ბოლო პერიოდში კლასელებს წერდა, მაგრამ ისინი ამ ფაქტის შემდეგ პასუხს არ სცემდნენ. ნინის ძალიან რცხვენოდა. მინდა ამოვისუნთქო და ბოლომდე გითხრათ, რომ მარტო ბაბუა რომ იბრალებს, არ იყო ეგრე, იქ იყვნენ ბიძები, რომლებმაც სასტიკად იძალადეს ნინიზე _ სცემეს. ნინის ძალიან უყვარდა სიცოცხლე, ვერ ვიჯერებ, რომ თავი მოიკლა. ის მიიყვანეს ამ გადაწყვეტილებამდე _ სულიერად გაანადგურეს“.
„ქრონიკა+“ აგრძელებს საქმეზე მუშაობას და დამატებითი დეტალების არსებობის შემთხვევაში ვითარებას გაგაცნობთ.
გიგა გელხვიიძე