QronikaPlus
სკანდალი ეროვნულ ბანკში _ კომპანია „ველსს“ სებ-ი ებრძვის

სკანდალი ეროვნულ ბანკში _ კომპანია „ველსს“ სებ-ი ებრძვის

2021-03-15 07:20:44

ეროვნული ბანკი სკანდალში გაეხვია. საბროკერო კომპანია „ველსი“ სებ-ს უფლებების მკვეთრად შელახვასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
უფრო კონკრეტულად კი 2021 წლის 18 თებერვალს გვენეტაძის უწყებამ საბროკერო კომპანია „ველსს“ ლიცენზია გაუუქმა.
ლიცენზიის გაუქმებას, სულ რაღაც, 1 საათით უსწრებდა წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.
კომპანიის დირექტორი „ქრონიკა+“-სთან განმარტავს, რომ „ველსის“ უფლებების მკვეთრი შელახვის კუთხით საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ირჩევს სტრატეგიულად სწორ დროს.
კომპანიისვე განცხადებით, მათ ჯამურად იზარალეს 5 მილიონი ლარი, მათმა კლიენტებმა კი _ 178 ათასი დოლარი.

რა გზებით ცდილობს სებ-ი კომპანია „ველსის“ დესტაბილიზაციას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“ „ველსის“ დირექტორ დიმიტრი სუკიასოვს ესაუბრა:
_ ჩვენ ვართ საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“. კომპანია, რომლის გუნდიც 2014 წლიდან ცდილობს იფუნქციონიროს კლიენტების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად! კომპანია, რომელიც 2014 წლიდან იშენებს საუკეთესო რეპუტაციას! და კომპანია, რომელსაც წელიწადზე მეტია, ებრძვის საქართველოს ეროვნული ბანკი!
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ კომპანია „ველსი“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე სახის პრობლემა ხომ არ გამოვლენილა?
_ ჩვენი კომპანიის კომპეტენცია ფინანსური ბაზრების მიმართ ეროვნულ ბანკს არასდროს მოსწონდა. მათი მხრიდან ნეგატივის გამომწვევია თუნდაც ის ფაქტი, რომ 2016 წლის ივნისში ჩვენმა გუნდმა დადო ლარის დევალვაციის პროგნოზი _ მოსალოდნელი კურსი მაგ დროს უკვე იყო 3.39 ლარი ერთი აშშ დოლარის მიმართ. 2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პირდაპირი, მიზანმიმართული ქმედებების განხორციელება, რომ ჩვენ ქართული ბაზრიდან გავსულიყავით. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას არანაირი იმგვარი ხასიათის დარღვევა არ ჰქონია, რომელიც დააზარალებდა მომხმარებლის ინტერესებს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დესტაბილიზაციის გზად აირჩია ჩვენი რეპუტაციის მაქსიმალური გაფუჭება, შემდგომ _ უკანონო და დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება, ბოლოს კი, ასევე უკანონო და დაუსაბუთებელი განკარგულებით, კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმება.
2020 წლის დასაწყისში ჩვენთან კომუნიკაცია დაიწყო ანა ბაზიარმა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის განყოფილების უფროსად ახალი დანიშნული იყო, თუმცა ხსენებული პოზიციის დასაკავებლად მას არ გააჩნია მსგავსი ტიპის სამუშაო გამოცდილება და საკმარისი კომპეტენცია, რომ ამგვარი მნიშვნელობის თანამდებობა შეითავსოს.
ანა ბაზიარის დანიშვნის მომენტიდან დაიწყო ე. წ. შემოწმება, ახალი სტანდარტების რეპორტინგის გამოგონება და ინფორმაციების მოთხოვნა, სადაც მიწოდების ვადად განისაზღვრებოდა რამდენიმე საათი. შემოწმების განხორციელებიდან მალევე საქართველოს ეროვნულ ბანკში დაინიშნა შეხვედრა, რა დროსაც მე, როგორც კომპანიის დირექტორს, ანა ბაზიარმა შემატყობინა, რომ კომპანიაში იკვეთება ძალიან დიდი დანაკლისი კლიენტების თანხების კუთხით, კერძოდ კი კომპანიას მითვისებული აქვს 980,000 აშშ დოლარის ოდენობით სახსრები. კომპანიის მიერ თანხების მითვისების გამოთვლის მოდელის შესახებ არაფერს ამბობენ. 6 წერილი მივწერეთ, რომ აეხსნათ, რა მეთოდი გამოიყენეს დათვლის დროს, მაგრამ სრული იგნორირება.
_ რას ეყრდნობა მათი დასკვნა, რომ კომპანიას მითვისებული ჰქონდა 980,000 აშშ დოლარი?
_ ზემოთ განვითარებული მსჯელობა არის ლოგიკასა და საღ აზრს მოკლებული. საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა არც ერთი მტკიცებულება ზემოაღნიშნული ბრალდების გასამყარებლად. ერთადერთი, რასაც მათი პოზიცია ეყრდნობოდა, ეს იყო არასწორად დათვლილი რეპორტები, რის შესახებაც მათ მივეცით უხეში შენიშვნა. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა არ აღიარეს თავიანთი შეცდომა და შეზღუდვა დაგვიწესეს, რისი მიზეზიც იყო ვარაუდი, რომ კომპანია შეიძლება არღვევდეს კანონს. შეზღუდვების სიაში კი ერთ-ერთი მუხლი პირდაპირ არღვევდა მომხმარებელთა ინტერესებს _ შეზღუდვის შესრულების პირობებში ცოცხალ ბაზარზე ვერავინ განახორციელებდა ოპერაციებს, რაც ნიშნავს პოტენციურად დიდ ზარალს. ამაზე ჩვენმა გუნდმა დაახლოებით 5-ჯერ მიმართა ეროვნულ ბანკს და აუხსნა, რომ მათი შეზღუდვა აზიანებდა ჩვენს რეპუტაციას და ხალხს ფულს აკარგვინებდა. რასაკვირველია, ეროვნული ბანკისგან კვლავ სრული იგნორირება მივიღეთ შეზღუდვების ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით. ზუსტად იმავენაირად იგნორირებული იყო:

  1. ჩვენი თხოვნა, რომ მოეწოდებინათ ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ სად იყო აღმოჩენილი რაიმე ტიპის დარღვევა;
  2. ჩვენი თხოვნა, მოეწოდებინათ ის კალკულაცია, რომლის საფუძველზეც შეხვედრაზე განაცხადეს, რომ კომპანიას აქვს დისბალანსი 980,000 აშშ დოლარის ოდენობით;
  3. ჩვენი თხოვნა, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული თითოეული ქმედების შემოწმებისა და სისწორის დადგენის მიზნით განეხორციელებინათ კომპანიის ადგილზე შემოწმება.
    _ რა ტიპის კომუნიკაცია გქონდათ ეროვნულ ბანკთან ამ საკითხის შესახებ და შედგა თუ არა დიალოგი თქვენ შორის?
    _ 2020 წლის 4 მარტს გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბანკში, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი სალომე სხირტლაძე, ზემოხსენებული ანა ბაზიარი და საქართველოს ეროვნული ბანკის იურისტები.
    შეხვედრის დროს კობა გვენეტაძემ პირდაპირ აღნიშნა, რომ ჩვენი ბიზნეს მოდელი მისთვის მოსაწონი არ არის და მან მიგვითითა გვემუშავა, როგორც B Book - ბროკერი (ხოლო ჩვენი კომპანიის სტრუქტურა ყოველთვის იყო A Book - ბროკერი). B Book -ის მოდელი ჩვენ შემთხვევაში მთელ ბიზნესსტრუქტურას ანგრევდა, ჩვენი კომპანიის შემოსავალი კი, ძირითადად, წარმატებული ვაჭრობაა. აუდიტითაც მტკიცდება, რომ 2018 წელს კომპანიის სრული შემოსავლის 97% წარმატებული იყო. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შევცვლით სტრუქტურას, განვაგრძობთ მუშაობას და ჩვენი უფლებების დასაცავად დავას გავაგრძელებთ სასამართლოში, ხოლო მათი იურისტის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი არასდროს აგებს სასამართლოს.
    დამატებით აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული შეზღუდვების ფარგლებში კომპანიის კლიენტები მიმართავდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკს, რათა გაერკვიათ, თუ რატომ ვეღარ ახერხებენ ვაჭრობის განხორციელებას. ისინი მარეგულირებელი ორგანოსგან იღებდნენ შემდეგ პასუხს: „კომპანია გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომპანია და მას პრობლემები არ გააჩნია“; „ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით და შეგიძლიათ თქვენი სახსრები გადაიტანოთ სხვა საბროკერო კომპანიაში“ და ა. შ. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გავასაჩივრეთ აღნიშნული შეზღუდვები, მათი სამართლიანობა და ველოდებით სასამართლო პროცესს (რომელიც თავდაპირველად 2020 წლის მარტის პერიოდში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის გამო გაჭიანურდა, ხოლო მერე _ 2020 წლის შემოდგომის დროს გამკაცრებული შეზღუდვების გამო, რა პერიოდშიც საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტმა განსაკუთრებით მკაცრად და მასშტაბურად დაიწყო შემოწმება თუ სანქცირება). ჯერ კიდევ რეგულაციების შემუშავების დროს აქტიურად ვთანამშრომლობდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რათა დროულად შემუშავებულიყო ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავდა მომხმარებლის ინტერესებს, მართლზომიერების ფარგლებში.
    მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული სამუშაოსთვის ჩვენ გვაქვს მიღებული სამადლობელი წერილი საქართველოს ეროვნული ბანკისგან, ლიცენზიის გაცემის პერიოდი ძალიან გაიწელა და ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა აბსოლუტურად ყველა არსებული რესურსი იმისთვის, რათა ჩვენ ვერ მიგვეღო საბროკერო ლიცენზია.
    შეზღუდვების პერიოდს მალევე მოჰყვა კოვიდ პანდემია საქართველოში, რამაც გააჭიანურა სასამართლო პროცესები, თუმცა ჩვენ მივწერეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ მიუხედავად შეზღუდვებისა, ვაგრძელებდით მუშაობას, _ ავუნაზღაურეთ კლიენტებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვების შესრულებით მიყენებული ზიანი და დავიწყეთ ჩვენი უფლებების დაცვა სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ზარალი შეაფასა და დაადასტურა დამოუკიდებელმა აუდიტმა, რომლის მიხედვითაც ზარალის ჯამური მოცულობა შეადგენდა, დაახლოებით, 178,000 აშშ დოლარს.
    სექტემბერში, როგორც კი დაიწყო სასამართლო სხდომები, რომლის დროსაც პირნათლად ჩანდა ჩვენი მყარი პოზიციები ეროვნული ბანკის მიმართ, ამ უკანასკნელმა ჩვენი გუნდის დესტაბილიზაცია სცადა.
    _ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა გზით ცდილობდა ეროვნული ბანკი თქვენი კომპანიის დესტაბილიზაციას?
    _ ეროვნული ბანკი ამისთვის სხვადასხვა გზას იყენებდა, კერძოდ:
  4. კლიენტების პრეტენზიები, რომელთა ადრესატიც თავად ეროვნული ბანკია, გადასცა ფინანსურ პოლიციას იმ მოტივაციით, რომ პრეტენზიები ეხება არა უშუალოდ ეროვნულ ბანკს, არამედ ჩვენს კომპანიას;
  5. დაიწყო საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის (AML) დეპარტამენტის მიერ კომპანიის ადგილზე შემოწმება (შემოწმება, მათ შორის, მოიცავდა კომპანიის გახსნის დღიდან აბსოლუტურად ყველა განხორციელებული ტრანზაქციის კანონშესაბამისობის შემოწმებას);
  6. კომპანიაში მიმდინარეობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო ფინანსური აუდიტი;
  7. ამ ყოველივეს კი საბოლოოდ შეემატა ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტი (მათ გადაწყვიტეს დაეწყოთ ადგილზე შემოწმება სასამართლო სხომამდე ზუსტად 1 დღით ადრე);
    _ რა მიზანი ამოძრავებს ეროვნულ ბანკს, როდესაც კომპანიის დესტაბილიზაციას ცდილობს?
    _ მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი წერილობითი საბუთი ხელთ არ გვაქვს, ფაქტების ერთობლიობით ნათელი ხდება, რომ ეროვნული ბანკის ქმედებების უკან იმალება კობა გვენეტაძის ინტერესები. კობა გვენეტაძე, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ხელს უწყობდეს ქვეყანაში ბიზნესის სტაბილურობას და იცავდეს მომხმარებლების ინტერესებს, იქცევა სრულად საპირისპიროდ _ პანდემიის პერიოდში, არსებული კრიზისის პარალელურად, დამოუკიდებელ კომპანიებს ბაზრიდან მიზანმიმართულად იშორებს და აზიანებს მომხმარებლებს, საქართველოს მოქალაქეებს, რათა კლანისა და კონკრეტული დაახლოებული პირების ინტერესები იყოს დაცული. ასევე საყურადღებოა დრო და ის პერიოდები, როდესაც მიიღება ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის დაკავშირებულია იმგვარ მოვლენებთან, რომელიც სახელმწიფო სექტორის სრულ მობილიზაციას მოითხოვს და რომლის ფარგლებშიც, ფაქტობრივად, ვერავინ მოახერხებს ჩვენი დარღვეული უფლებისთვის ყურადღების მიქცევას: 14 თებერვლის შეზღუდვების პარალელურად სულ უფრო მეტად მძვინვარებდა კორონავირუსი, შემოდგომის პერიოდში საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე იყო სრული მობილიზაცია, ხოლო 2021 წლის 18 თებერვალს ლიცენზიის გაუქმებას, სულ რაღაც, 1 საათით უსწრებდა პრემიერ-მინისტრის გადადგომა. ხსენებული გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი უფლებების მკვეთრი შელახვის კუთხით, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ირჩევს სტრატეგიულად სწორ დროს, როდესაც ჩვენს დასახმარებლად, ფაქტობრივად, სახელმწიფო რესურსი მწირია, რადგან ის მობილიზებულია ბევრად უფრო ფართომასშტაბიან მოვლენებზე.
    მიუხედავად იმისა, რომ AML (Anti-money laundering -ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკა, _ რედ.) შემოწმების პროცესი, გამომდინარე შემოწმების პერიოდის, ინტენსივობისა და მოცულობისა, მოითხოვდა კომპანიის სრული რესურსის მობილიზებას, ჩვენ წარმატებით გავიარეთ შემოწმების ეტაპი და AML დეპარტამენტი შემოიფარგლა მხოლოდ სამუშაო პროცესის უკეთ წარსამართად საჭირო რეკომენდაციებით. ამის პარალელურად, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტმა კვლავ დაიწყო ახალი შეზღუდვებისა და მოთხოვნების დაწესება, ხოლო შეზღუდვებისა და მოთხოვნების სია იყო სრულიად აბსურდული, მაგალითად: კომპანიას ეკრძალება ხელფასების გაზრდა; დივიდენდების განაწილება; ახალი ვალდებულებების აღება და ახალი თანამშრომლების აყვანა; ხოლო ამავე წერილში შემდეგი ნაწილით საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავდა, რომ კომპანია არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, რადგან მას არ გააჩნია საკმარისი რესურსი საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად და რომ კომპანია ვალდებულია, 2020 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს რესურსების მობილიზება და ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება; აგრეთვე, კომპანიას ეკრძალებოდა კრიპტოაქტივებით გარიგებების განხორციელება, როდესაც: ა) ხსენებული მითითების მიღებამდე და ხსენებული მითითების მიღების შემდგომ პერიოდშიც კომპანია არ ახორციელებდა კრიპტოაქტივებით გარიგებებს (ბოლო გარიგება განხორციელდა ოქტომბერში, რაც საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ცნობილი იყო) და ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თავად მისცა ჩვენს გუნდს ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განახორციელონ კრიპტოაქტივებით გარიგებები, კომპანია კი ზუსტად ამ ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედებდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, კომპანიასთან მიმართებით, ამას გარდა კიდევ დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც მათი მოთხოვნები არათანმიმდევრულია და სხვა მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. როდესაც მათი მოთხოვნები თუ სანქციები არის ურთიერთსაპირისპირო, კომპანიის მხრიდან ნებისმიერი ქმედება თუ უმოქმედობა რომელიმე განაწესის დარღვევას მაინც გამოიწვევს. ხსენებული სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული მოქმედება იმისკენ, რომ კომპანიამ დაარღვიოს ეროვნული ბანკის მითითება (ზემოაღნიშნული ადამიანური რესურსის ნაწილში რაც გვხვდება _ თანამშრომლის აყვანა წარმოადგენს ერთი მოთხოვნის დარღვევას, ხოლო თანამშრომლის არაყვანა მეორე მოთხოვნის დარღვევაა, რაც შემდგომში გახდება კომპანიის სანქცირების საფუძველი).
    გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული AML დეპარტამენტის დასკვნა, სადაც ამ უკანასკნელმა შეამოწმა კომპანიის დაარსების დღიდან 2020 წლის ჩათვლით დროის მანძილზე კომპანიის შიდა დოკუმენტაცია, პოლიტიკა, პროცედურები, თითოეული ტრანზაქცია და ვერ გამოავლინა ვერც ერთი არსებითი დარღვევა, რომელიც კომპანიის სანქცირების საფუძველი გახდებოდა (თუნდაც მინიმალური ფულადი ჯარიმის დაკისრების), შემოიფარგლა, მხოლოდ და მხოლოდ, რეკომენდაციებით, რომელიც მიიღო 2021 წლის 16 იანვარს, ხოლო რამდენიმე დღეში კომპანიას იმის შესახებ შეატყობინეს, რომ იწყება ადმინისტრაციული წარმოების პროცესი კომპანიისათვის საბროკერო ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
    _ რა მიზეზით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება?
    _ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზეზების მოკლე შინაარსი გახლავთ შემდეგი:
  8. კომპანია ახორციელებდა კანონით აკრძალულ ოპერაციებს (საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტების თანახმად _ კრიპტოაქტივით ოპერაციებს);
  9. კომპანიას არ გააჩნია საკმარისი რესურსი (იგულისხმება: კადრები, ადამიანური რესურსი);
  10. კომპანიამ 2020 წელს დააგვიანა კვარტალური ფიფნანსური ანგარიშგების ჩაბარება (რაზედაც უკვე დაგვეკისრა ჯარიმა, რომელიც გადავიხადეთ კიდეც);
  11. კომპანიას არ მიუწოდებია ყველა კლიენტის ხელშეკრულება (ზუსტად იგივე ინფორმაცია ელექტრონულად იყო გაგზავნილი AML დეპარტამენტში, ხოლო ფიზიკურად მიწოდება გამოგვრჩა, რაც შეცდომის აღმოჩენიდან მომენტალურად მივაწოდეთ _ 4,085 გვერდი);
  12. კომპანიას მძიმე ეპიდემიურ ვითარებაში არ შეუგროვებია ყველა კლიენტი, რა დროსაც კლიენტები მათივე ამონაწერებს მოაწერდნენ ხელს (ჩვენ ამ მოთხოვნის მიღებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკს ვაცნობეთ, რომ როდესაც ქვეყანაში კოვიდ სიტუაცია დასტაბილურდება და ხალხის კომპანიაში მობილიზება არ იქნება დისკომფორტთან და საფრთხესთან დაკავშირებიული, მოვიყვანთ კლიენტებს და ხელმოწერით დავადასტურებინებთ იმ ინფორმაციას, რომელიც მათთვის ისედაც ცნობილია. უბრალოდ, გონიერების ფარგლებში, როცა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება ნაკლები საფრთხის შემცველი.
    ამ და არაერთი ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნიდან თუ არგუმენტიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კობა გვენეტაძეს ჰქონდა მარტო ერთი სურვილი _ გაექრო ჩვენი კომპანია ამ ბაზრიდან და კომპანიის ფუნქციონირების დროს იყენებდა ყველა ხერხს ამ მიზნის მისაღწევად. როდესაც მივიღეთ შეტყობინება, რომ იწყებოდა ადმინისტრაციული წარმოება, რა დროსაც მარეგულირებელ ორგანოს ევალება ჰქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია რეგულირებას დაქვემდებარებულ პირთან, რათა დეტალურად შეისწავლოს აბსოლუტურად ყველა გარემოება თუ ფაქტი, რომელიც შეიძლება საფუძველი გახდეს იმისა, რომ კომპანიას გაუუქმდეს ლიცენზია, ეროვნულმა ბანკმა დააიგნორა ჩვენი ყველა კომუნიკაცია, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების 1-თვიანი ვადის გასვლამდე 10-ზე მეტი დღით ადრე, ყოველგვარი ინსტრუქციების, კომუნიკაციისა თუ მსჯელობის გარეშე, გააუქმა ჩვენი ლიცენზია.
    _ ლიცენზიის გაუქმებას რა კონკრეტული შედეგები მოჰყვება?
    _ ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ჩვენი მომხმარებლების ინვესტიციების ლიკვიდაციას. დამოუკიდებელ აუდიტორს დავათვლევინეთ და დავადასტურებინეთ ის ზიანი, რომელიც კომპანიის ლიცენზიის ამ ეტაპზე გაუქმებით მოგვადგებოდა და აუდიტის მიერ დადასტურდა, რომ პოტენციური ზიანი 9,4 მილიონ ლარს აღემატება (აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ აუდიტი დაითვლიდა ზიანს, ჩვენმა გუნდმა დაახლოებითი ციფრი მიაწოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს და შეატყობინა პოტენციური ზიანის თაობაზე, რაც, აგრეთვე, იგნორირებულ იქნა).
    ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს იპოვოს გზა, რომლითაც არ დაზარალდება არც მომხმარებელთა ინტერესები და არც ჩვენი ბიზნესინტერესები. დღეისთვის ჩვენი კლიენტები მხარში გვიდგანან და იმედი აქვთ, რომ შევძლებთ ოპტიმალური გამოსავლის მოძებნას, თუმცა ყველაფერი რთულდება იმით, რომ:
  13. საქართველოს ეროვნული ბანკი არამართლზომიერად იყენებდა და იყენებს ძალაუფლებას (ვინაიდან ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და როდესაც მათ შეიტყვეს, რომ ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელთა ზიანი ამ მოცულობის იქნებოდა, მათ შეეძლოთ მოენიჭებინათ ჩვენთვის გარკვეული პირობების დაცვით ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება, რა დროსაც კლიენტების ზარალს თავიდან აიცილებდნენ, თუმცა არც 2020 წლის 14 თებერვლის შეზღუდვების დროს და არც ლიცენზიის ჩამორთმევისას ისინი არ ხელმძღვანელობდნენ მომხმარებელთა ინტერესებით და ეროვნული ბანკის პირდაპირი მოტივაცია ჩვენი კომპანიის განადგურება იყო);
  14. სასამართლოსგან მხარდაჭერა და სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა, ფაქტობრივად, არაა სავარაუდო, რადგანაც პირველი ინსტანციის მოსამართლემ აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებში გადაწყვეტილების მიღებაზე კომპეტენცია აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს და არა _ მას.
    _ დამატებით რა გზებს მიმართეთ საკუთარი ინტერესების დასაცავად?
    _ ჩვენი ინტერესების დასაცავად მოლაპარაკებებსა თუ დიალოგებზე მივდიოდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მივმართეთ საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენსა თუ სხვა უწყებებს, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის უკანონო ქმედებები, ნებსით თუ უნებლიეთ, ვერ შეაჩერა ვერც ერთმა ორგანომ.
    _ რა გადაწყვეტილება მიიღო საქალაქო სასამართლომ?
    _ „ამდენად ცალსახაა, რომ ლიცენზიის გააუქმების თაობაზე მიღებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელისთვის ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს თავად ლიცენზიის გამცემი ორგანო და არა სასამართლო, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მოსარჩელისთვის ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების საკითხზე“, _ ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ სამართალი მე არ მეხებაო.
    _ დღეის მდგომარეობით, თქვენს კომპანიას საქმიანობა შეჩერებული აქვს?
    _ სამართლებრივად დიახ, მაგრამ ჩვენ არ ვიზიარებთ სებ-ის ამ უკანონო და არასამართლიან გადაწყვეტილებას. ახალი კლიენტების მომსახურება შევზღუდეთ, ასევე ამ ეტაპზე, ახალი დეპოზიტების მიღებაც. თუმცა ვინც გვყავდა, მათი პლატფორმა არ შეგვიზღუდავს, რადგან ეს რომ გავაკეთოთ, ისინი დაზარალდებიან.
    _ როგორია თქვენი სამოქმედო სტრატეგია? რა გზით ეცდებით თქვენი ინტერესების დაცვას?
    _ სარჩელი უკვე მზად გვაქვს და ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. გარდა ამისა, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ სხვა გზას გარდა იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უკანონო და დამაზიანებელი ქმედებები გავრცელდეს მედია საშუალებებით. ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენეთ, თუმცა სამართლიანობას მაინც ვერ მივაღწიეთ და იმედი გვაქვს, მედია დაგვეხმარება, რომ როგორც საზოგადოებამ, ისე სხვადასხვა ორგანოებმა ნათლად დაინახონ ის უკანონობა, რასაც სჩადის საქართველოს ეროვნული ბანკი და ჩვენთან და ჩვენს მომხმარებლებთან მიმართებით აღდგეს სამართლიანობა.

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა საქართველოს ეროვნულ ბანკს. სებ-მა კომპანია „ველსის“ კითხვებს წერილობით უპასუხა:

„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ფინანსური სექტორის სტაბილური მუშაობის ხელშეწყობა. აღნიშნულის ფარგლებში ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობასა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცულობას. ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირება გულისხმობს ფინანსური სისტემის მიერ ეკონომიკის გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის, ფინანსური სექტორის გაღრმავებას და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. ამისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური შუამავლობის (მათ შორის, საბროკერო კომპანიების) გამჭვირვალე, კანონთან შესაბამისი და ეფექტიანი ფუნქციონირება და სისტემური რისკების შემცირება. საბროკერო კომპანიების მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნები და შეზღუდვები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
2018 წლის 11 აპრილიდან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით (ე. წ. ფორექს საქმიანობა) მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით (ბინარული ოფციონები და კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე) ვაჭრობის ორგანიზება დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებას და მისი წარმოების უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.
ადგილობრივ ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, 2018 წლის 14 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესი „მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების შესახებ“. ფორექს საქმიანობის დამატებითი რეგულაციის მიზანია, ერთი მხრივ, ინვესტორების ინტერესების დაცვა და, მეორე მხრივ, ფორექს კომპანიების ფინანსური, საოპერაციო და რეპუტაციული რისკების შემცირება.
შესაბამისი რისკებისა და კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების საქმიანობის შეფასებასა და მონიტორინგს. აღნიშნული პროცესების საფუძველზე, დარღვევების სერიოზულობიდან გამომდინარე, ხორციელდება შესაბამისი საზედამხედველო ქმედებები. ცალკეული სუბიექტებისთვის შეზღუდვების დაწესების მთავარი მიზანია მომხმარებელთა/ინვესტორთა უფლებების დაცვა და რისკების შემცირება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის #12 განკარგულებით, სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსს“ (ს/ნ: 406239565) გაუუქმდა საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. კომპანიის საქმიანობის შესწავლის შედეგად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებების არაერთი დარღვევა გამოავლინა, რომელთა საფუძველზე კომპანიას გაუუქმდა შესაბამისი ლიცენზია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 18 თებერვლის #12 განკარგულება და ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები გამოქვეყნებულია შემდეგ მისამართზე: https://matsne.gov.ge/document/view/5105766?publication=0. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული საზედამხედველო ღონისძიებები და სანქციები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და მისი მესამე მხარეებისთვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლონ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ეროვნულ ბანკს. ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=487.
საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა და საზედამხედველო მიდგომები არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის ( Global Finance, Central Banking, The Banker ) მიერაა შეფასებული და ბანკის მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს, რაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ბანკში დასაქმებული მაღალპროფესიონალთა გუნდი.

ნენე ინჯგია

გაზიარება