QronikaPlus
სისტემური დანაშაულის ნიშნები პროკურატურაში

სისტემური დანაშაულის ნიშნები პროკურატურაში

2021-03-04 06:47:09

სისხლის სამართლის საქმეში გამოვლენილი სისტემური დანაშაულის ნიშნებზე, პოლიციელების მხრიდან გადაცდომასა და თავისუფლების უკანანო აღკვეთაზე ადვოკატი ემზარ საბანაძე გვესაუბრება.
უფრო კონკრეტულად კი 2016 წლის 3 ნოემბერს ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოიძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, ორი მოქალაქის დაყაჩაღების ფაქტზე. ამ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა გიორგი შაურიძე, რომელმაც დაკითხვისას აღიარა მის მიერ ჩადენილი ფაქტი და იგი დაზარალებულმაც ამოიცნო. მსჯავრდებულის ადვოკატი ემზარ საბანაძე „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ გიორგი შაურიძე პოლიციელებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად იძულებული გახადეს, აღიარებითი ჩვენება მიეცა. მისივე თქმით, პოლიციელებმა შაურიძის მისამართით განახორციელეს უკანონო თავისუფლების აღკვეთა და იყო რიგი გადაცდომებიც.
ქურდობის ნაწილში უზენაესმა სასამართლომ შაურიძე გაამართლა, თუმცა შეკრებითობის პრინციპით მას, საერთო ჯამში, 12 წელი მიუსაჯეს.
ადვოკატის განმარტებით, უზენაესის განაჩენის თანახმად, ყაჩაღობის ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად, ვინაიდან იმ დროისთვის არ დადგინდა ის ფაქტი, რომ გიორგი შაურიძე მოწმის სახით მიცემული ჩვენებისას და ამოცნობაში მონაწილეობის დროს, ასევე საგამოძიებო ექპერიმენტში მონაწილეობისას იყო ნაცემი და მას ჰქონდა სხეულის დაზიანება.

უფრო კონკრეტულად, რა ეტაპზეა ეს საქმე და რით დასტურდება შაურიძის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა?
„ქრონიკა+“ მსჯავრდებულ გიორგი შაურიძის ადვოკატ ემზარ საბანაძეს ესაუბრა:
_ არასრულწლოვანი გიორგი შაურიძე 2014 წელს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარკეების დაზიანების გამო დააპატიმრეს. მან ერთი წელი გაატარა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამ პერიოდში მან ექსტერნად დაამთავრა სკოლა და ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. 2016 წლის 4 ნოემბერს გიორგი იმყოფებოდა საბურთალოზე, დედამისის მაღაზიაში, სადაც გაიზომა ტანსაცმელი და ეს სპორტულები წამოიღო, რის შემდეგაც ის წავიდა პეკინის მიმართულებით გაჩერებასთან, რომ მისულიყო პრობაციის სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ ის გაათავისუფლეს, აღრიცხვაზე იყო. ზუსტად ამ დროს დააკავეს გიორგი.
_ რის საფუძველზე და რა ვითარებაში დააკავეს?
_ ვითარების აღწერილობა არ გვაქვს, თუ როგორ და სად დააკავეს უშუალოდ გიორგი. ვიდეოკამერების ჩანაწერში მხოლოდ ის ნაწილია, როცა გიორგი უკვე დააკავეს და მანქანისკენ მიჰყავთ. გიორგის თქმით, ის იდგა გაჩერებასთან, როცა პოლიციები მივარდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ახსნა-განმარტების გარეშე თავისუფლება აღუკვეთეს. სულ 12-მა პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა გიორგის დაკავებაში. რაც შეეხება დაკავების მიზეზს, პოლიციის ვერსიით, თითქოს, გიორგიმ წინა დღეებში ჩაიდინა ყაჩაღობა და სწორედ ამის გამო დააკავეს იგი. ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ ე. წ. დაზარალებულის მიერ დამნაშავის აღწერილობა საერთოდ არ ემთხვევა გიორგის აღწერილობას. ამ ვიდეოჩანაწერების მიხედვით, გიორგის დაკავების დროისთვის (14:50), ექსპერტიზის თანახმად, გიორგის შეფერილობაში განსხვავებული ნიშან-თვისებები არ იყო, რომლითაც დადასტურდება გიორგის ფიზიკური დაზიანებები. სისხლის სამართლის საქმის მასალებში ეს ყველაფერი არ ჩანს. გიორგი მასალების მიხედვით 17:40 წუთზე ფიქსირდება. გამომძიებელ ტორაძის თქმით, უწყება გიორგის საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაეცა. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ როცა გამომძიებლის თქმით მან გიორგის უწყება გადასცა, სატელეფონო ამონაწერის მიხედვით, გამომძიებლის ტელეფონი განყოფილებაში იყო. ზუსტად იმ მონაკვეთში, როცა ტორაძის თქმით ის გიორგის უწყებას აბარებდა, მის ტელეფონზე ფიქსირდება შემომავალი ზარი ზედამხედველი პროკურორისგან, საუბრის ხანგრძლივობა კი 404 წამია. ლოგიკურად გამიჩნდა კითხვა, _ ვინ ელაპარაკა პროკურორს ამ დროის განმავლობაში, თუ ის ადგილზე არ იმყოფებოდა? ტორაძე ამ კითხვაზე გვპასუობს, რომ მისთვის უცნობია, ვინ ესაუბრა პროკურორს. მისივე თქმით, ამის შემდეგ გიორგი განყოფილებაში მივიდა, თანხმობა განაცხადა ამოცნობასა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე და აღიარებითი ჩვენება მისცა. ამის შემდეგ კი, ტორაძის თქმით, გიორგი დააკავეს. პარადოქსულია ის, რომ გამომძიებელმა ტორაძემ დაკავების ოქმში დაზიანებები ასახა, ასევე ამავე ოქმში გიორგის დააფიქსირებინა, რომ აღნიშნული დაზიანებები მას მიღებული ჰქონდა დაკავებამდე. ამ ნაწილში მაქვს კითხვები: თუ გიორგი 14:50 წუთზე საბურთალოზე დააკავეს, რაც ჩანაწერებიდანაც ჩანს, მაშინ როგორ გადასცეს მას უწყება დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლთან 17:40 წუთზე?! ე. ი. გიორგი გაუშვეს და ამის შემდეგ ჩააბარეს უწყება?! _ ამაზე პასუხი არავის აქვს, რადგან დოკუმენტი გაყალბებულია. სურდათ გიორგისთვის ეს დანაშაული დაებრალებინათ. დამატებით არ დაუკითხავთ გამომძიებელი დავით ტორაძე მის ტელეფონზე პროკურორის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზართან დაკავშირებით, რომლის ხანგრძლივობაც იყო 404 წამი.
გარდა ამ ყაჩაღობისა, იყო მეორე ყაჩაღობის შემთხვევაც, თუმცა დაზარალებულმა ქალბატონმა უარი განაცხადა გიორგისთვის ხელის დადებაზე. მან თქვა, რომ ეს გიორგის არ ჩაუდენია და მას ტყუილად ხელს ვერ დაადებდა. თუმცა ამ ქალბატონისგან განსხვავებით, მეორე დაზარებულს ხელი დაადებინეს. რაც შეეხება აღიარებით ჩვენებას, მას შემდეგ, რაც გიორგიზე ფიზიკურად და მორალურად იძალადეს, ის იძულებული გახადეს, აღიარების ოქმზე ხელი მოეწერა. გიორგის თქმით, ფიზიკური ზემოქმედება მასზე უშუალოდ მანქანაში ჩასმის შემდეგ დაიწყო და გაგრძელდა განყოფილებაში. პოლიციელები მას 4 საქმეზე სთხოვდნენ აღიარებას.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ დაზარალებულს გიორგიზე დაადებინეს ხელი. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ საქმეში ფიგურირებს ფოტოსურათი. ე. წ. დაზარალებულის თქმით, ეს ფოტო მას ეკუთვნის და ფოტოზე დედამისია გამოსახული. ფოტოზე მინაწერია: „დე, მიყვარხარ“, წითელი კალმით რამდენჯერმეა გადატარებული, თუმცა არ არის დადასტურებული, ნამდვილად არის თუ არა ამ ფოტოზე ე. წ. დაზარალებულის დედა. არსებობდა ვარაუდი, რომ გიორგიმ ყაჩაღობის შემდეგ ეს ფოტო ურნაში გადააგდო. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ფოტოსურათი ნაგვის ურნის ფსკერზე აღმოჩნდა. ამ ნაწილში საგულისხმოა, რომ ფოტოს არანაირი დაზიანება არ ჰქონია. თუ ეს ფოტო მთელი დღის ან რამდენიმე საათის განმავლობაში ნაგვის ურნის ფსკერზე იყო, რატომ არ ჰქონდა დაზიანებები? თან იქ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებიც ეყარა. როდესაც სასამართლოზე დაიკითხნენ პოლიციელები, რომლებმაც ამ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს, მათ თქვეს, რომ აღნიშნული ურნა, ვიდრე ჩვენ მივიდოდით, ალბათ, ბუნებრივი კატაკლიზმებიდან გამომდინარე, გადატრიალებული იყოო. შეუძლებელია, ძლიერი ქარის ან წვიმის შემთხვევაში ეს რკინის ურნები გადატრიალებულიყო. ჩვენ ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრიდან ცნობა გვაქვს, რომ იმ დღეს არათუ ქარი ან წვიმა, არამედ კარგი ამინდი იყო. გარდა ამისა, ე. წ. დაზარალებული ამბობს, რომ ქირით ცხოვრობს და რომ მუშაობს „სადღაც“. ეს არ არის დადასტურებული, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს. პოლიცია ამ საქმეში მართალი რომ ყოფილიყო, ამ ვითარების გამოსწორება შესაძლებელი იყო დაკავების ოქმში, სადაც არის გრაფა, რომელშიც ფაქტობრივი დაკავების დრო იწერება. ფაქტობრივი დაკავების დროდ მიუთითებდა 14:50 წუთს და საერთოდ არ დამალავდა ამ საკითხს, ხოლო დოკუმენტის შედგენის დროდ მიუთითებდნენ იმ საათს, როცა რეალურად შეადგინეს. ასევე მათ რომ არ შეეკერათ დამატებით საქმე გიორგისთვის, რომელიც ქურდობას ეხებოდა, უფრო კონკრეტულად კი, როდესაც გიორგი შაურიძეს, ზეწოლის შედეგად, ყაჩაღობა აღიარებინეს და შემდეგ დაათვალიერეს, აღმოაჩნდა სპორტული, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, დედამისის მაღაზიიდან წამოიღო. მაღაზიის კამერებიდანაც ჩანს, რომ გიორგიმ სპორტულები გაიზომა, რის შემდეგაც მაღაზიიდან წამოიღო, დედამისიც მაღაზიაში იყო. გიორგის ეს ნაწილიც ჩაამატებინეს და ათქმევინეს, თითქოს ეს სპორტული დედამისის მაღაზიიდან მოიპარა. უზენაესმა სასამართლომ ქურდობის მეოთხე ნაწილში გიორგი საბოლოო განაჩენით გაამართლა. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გიორგის ეს საქმე შეტენეს. ჩემდა სამწუხაროდ, მე ამ საქმეში ცოტა გვიან ჩავერთე, საქმის მასალებში არსებული დისკები კი ჩემმა კოლეგა ნონა ფილაურმა მიიღო, რომელიც თავდაპირველად იყო გიორგის ადვოკატი. შესაბამისად, ჩემთვის უცნობი გახლდათ ამ დისკების შინაარსი. ერთადერთი, საქმის მასალებიდან ჩანდა, რომ დისკების მოცულობა იყო 37 წუთი. საქმეში დევს დისკის დათვალიერების ოქმი, რომელიც ვითომ დაათვალიერეს გიორგი შაურიძის დედის, თინათინ კირვალიძისა და ნონა ფილაურის თანდასწრებით. მითითებულია, რომ დისკების დასათვალიერებლად მათ 37 წუთი დასჭირდათ, რა დროსაც ქალბატონმა თინათინმა ამოიცნო საკუთარი შვილი, რომელიც მისული იყო მაღაზიაში. სასამართლოზე პროკურატურამ ის დისკი არ გახსნა, სადაც ინფორმაცია იყო გიორგის რეალური დაკავების შესახებ.
_ სად იმყოფებოდა გიორგი შაურიძე ყაჩაღობის დროს?
_ ეს ყაჩაღობა მოხდა გიორგის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაადგინა გიორგის ადგილსამყოფელი, აღმოჩნდა, რომ ის ემთხვეოდა დანაშაულის ადგილს, ამიტომაც შეაწმინდეს ეს საქმე გიორგის. გიორგის დაკავების მერე ორი ბინა გაჩხრიკეს: ერთი გიორგის დედის, მეორე _ ბებიის. გიორგის ბებიის ბინის ჩხრეკისას ამ უკანასკნელის ხელმოწერა გაყალბებულია. ბებიის სახლიდან, რეალურად, არაფერი ამოუღიათ და მხოლოდ პირველ და ბოლო გვერდზე მოაწერინეს ხელი, სადაც აღწერილობითი ნაწილი არ არის. იმ გვერდებზე, სადაც აღწერილობითი ნაწილია, ბებიის ხელმოწერა გააყალბეს. გაყალბებულ ხელმოწერასთან დაკავშირებით არის სამხარაულის ექპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, პირველ და ბოლო გვერდზე ნამდვილად მარინა შაურიძის (გიორგის ბებია) ხელმოწერაა, თუმცა აღწერილობით ნაწილში ხელმოწერა გაყალბებულია. აღნიშნულის შესახებ სასამართლოზე მხარეებმა ვერაფერი თქვეს. როგორც ბებია ამბობს, ჩხრეკის დროს პოლიციელმა მას და მათ მეუღლეს უთხრა: „ხმა არ ამოიღოთ, თქვენთვის ასე აჯობებს“. ბებიას თქმით, პოლიციელებმა ბინის ჩხრეკისას მას უთხრეს, რომ ვითომ მისი სამუშაო მაგიდიდან დანა ამოიღეს. პოლიციელის თქმით, ეს ვითომ ამოღებული დანა ემთხვეოდა აღწერილობით იმ დანას, რომელიც თითქოს გიორგიმ ყაჩაღობის დროს დაზარალებულს დაადო. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ე. წ. დაზარალებულს, როდესაც გიორგის ბებიის სახლიდან ვითომ და ნივთმტკიცების სახით „ამოღებული“ დანა წარუდგინეს ამოსაცნობად, თქვა, რომ ეს ის დანა არ არისო. ეს ყველაფერი ეხება იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზედაც განაჩენი დგას. გიორგის ამ საქმეზე 12 წელი აქვს მისჯილი მიუხედავად იმისა, რომ ქურდობის მეოთხე ნაწილში იგი გამართლდა. შეკრებითობის პრინციპით, 2016 წელს მას 12 წელი მიუსაჯეს. 2016 წელს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას გიორგიმ განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და იძულებით მოაწერინეს ხელი აღიარებით ჩვენებაზე. ამ განცხადებასთან დაკავშირებით მოსამართლემ პროკურორს დავალება მისცა, რომ რეაგირება მოეხდინა. პროკურორმა, კანონის შესაბამისად, ეს საკითხი გადასცა ქალაქის პროკურატურას. მან გამოძიების ნაცვლად მოკვლევა დაიწყო, რომელიც არ არსებობს, ასეთი საპროცესო ნორმა არ არის. გამომძიებელი მირიან დევიძე, ამ ინფორმაციის ფარგლებში, გიორგისთან ზეპირი გასაუბრების ოქმის შესადგენად შევიდა, გიორგიმ კი უთხრა, რომ ადვოკატის თანდასწრებით მისცემდა ინფორმაციას. მაშინ ადვოკატი ნონა ფილაური იყო. გასაუბრების ოქმის შედგენას ადვოკატიც დაესწრო, ამ ოქმში კი წერია, რომ გიორგი შაურიძის განცხადებით, აღნიშნული დაზიანებები მან დაკავებამდე გაურკვეველ ვითარებაში მიიღო, დაზიანებები პოლიციელებისგან არ მიუღია და მათთან პრეტენზია არ გააჩნია. ამ ოქმს ხელს აწერენ: გიორგი შაურიძე, მისი ადვოკატი და გამომძიებელი. ამ დოკუმენტით საქმე შეწყდა. როდესაც გიორგის ვკითხე, რატომ თქვა მან გასაუბრების დროს, რომ პოლიციელებისგან დაზიანება არ მიუღია, მან მიპასუხა, _ ადვოკატმა მითხრა, ქალაქის პროკურორს შევუთანხმდი და საპროცესო შეთანხმებას გაგიფორმებენ: ორ წელიწადს რეალურ სასჯელს, პირობითთან ერთად, ჯარიმის გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ ამაზე მომიწერ ხელსო. მას შემდეგ, რაც საქმეში ჩავერთე და გიორგიმ ამ ფაქტის შესახებ მომიყვა, ქალბატონ ნონას მხარესთან ერთად ვთხოვე, გადმოეცა საქმის მასალებში არსებული დისკები, რომ დამეთვალიერებინა და გამეგო, რა ხდება ამ საქმეში. ქალბატონმა ნონამ როგორც დისკებზე, ასევე საქმის მასალების გადმოცემაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ დავკარგეო. ამის შემდეგ შუამდგომლობა დავაყენე საქმის მასალებისა და დისკების გადმოცემასთან დაკავშირებით. სასამართლომ შესაძლებლობა მომცა, საქმის მასალების ასლი გამეკეთებინა, დისკების დუბლიკატები კი არ მომცა. ამის შემდეგ ქალაქის პროკურატურაში საჩივარი შევიტანეთ გიორგის ცემის ფაქტის შესახებ და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციელების წინააღმდეგ. საქმეს მიენიჭა ნომერი და კვალიფიკაცია, მაგრამ გამოძიების ეტაპზე სხვა დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, მათ შორის, ფალსიფიკაცია, თავისუფლების უკანონო აღკვეთა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გიორგი შაურიძის ადვოკატი ნონა ფილაური იცავდა როგორც გიორგის, ასევე მოწმეს, მის დედას, რომელთა ჩვენებებშიც წინააღმდეგობაა და, რატომღაც, პროკურატურამ არ დააყენა ადვოკატის აცილების საკითხი. სწორედ გიორგის დედის ჩვენების შემდეგ წაუყენეს გიორგის ბრალი, რადგან დედამისმა კონკრეტულ კითხვაზე გასცა არა კონკრეტული, არამედ სავარაუდო პასუხი. ამ ჩვენებაზე კი გიორგის ადვოკატის ხელმოწერაა.
_ ახლა რა ეტაპზეა პოლიციელების წინააღმდეგ აღძრული საქმე?
_ იმ ავადსახსენებელი ცვლილებების შემდეგ, რაც 2010 წელს მიიღეს და რომლის თანახმადაც საგამოძიებო ვადები ამოიღეს, ვიღებთ პასუხს, რომ ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს გამოძიება. ქალაქის პროკურატურა იმიზეზებს ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც კატეგორიულად არ ამბობს, ვიდეოჩანაწერებში აღბეჭდილი პიროვნებები ვინ არიან, მხოლოდ ორ მათგანზე თქვა კატეგორიულად. ექსპერტმა 12 პოლიციელიდან 2 ამოიცნო, გამოძიების პროცესში კი 3-მა პოლიციელმა საკუთარი თავი ამოიცნო, ხოლო ქალაქის პროკურატურა ამას იყენებს საბაბად და შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ გამოაქვს.
_ თქვენ რით ადასტურებთ იმას, რომ ვიდეოჩანაწერზე არსებული თორმეტივე პირი პოლიციელია?
_ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ამ პოლიციელებს ყველას ვიცნობ. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერებში ჩანს, ორ-ორად როგორ მირბიან იმ მხარეს, სადაც გიორგი დგას. სატელეფონო დეტალური ამონაწერით დგინდება ისიც, რომ ის პირები ნამდვილად იმ ადგილას იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ საქმემ 8 გამომძიებელი გამოიცვალა, მათ შორის, ორმა გამომძიებელმა ამ საქმეზე თვითაცილება მისცა. მოტივაცია იყო ის, რომ საქმეში ჩანდნენ მათი ახლობლები და ნაცნობები, რომლებთან მიმართებითაც, როგორც ისინი ამბობენ, გამოძიებას ვერ დაიწყებდნენ. ეს ორი გამომძიებელი უნდა დაიკითხოს და მათ უნდა თქვან, რომელი პირები ამოიცნეს? თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ დაუკითხავთ და მაქსიმალურად ცდილობენ ამ საქმის გაჭიანურებას. ჩვენ მიერ და ასევე მათ მიერ გაკეთებული ექსპერტიზიდან გამომდინარე, დგინდება, რომ გიორგი შაურიძე დაკავებული იყო არა იმ დროს, რა დროც არის დაფიქსირებული, არამედ 14:50 წუთზე.
_ ამ ეტაპზე რას ითხოვთ?
_ ჩვენ ვითხოვთ ქალაქის პროკურატურამ ხელი აიღოს დანაშაულში მხილებული პირების, მათ შორის, პოლიციელების დაფარვაზე. ქალაქის პროკურატურას ამ საქმეზე აცილება უნდა მიეცეს და აღნიშნული საქმე გადავიდეს გენერალურ პროკურატურაში. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქალაქის პროკურატურა ვერ იღებს გადაწყვეტილებას იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც დღეს არიან დაწინაურებულები და პოლიციის მაღალჩინოსნებად გვევლინებიან. ვინაიდან ქალაქის პროკურატურა მათთან მიმართებით ვერ იღებს გადაწყვეტილებას, საქმე უნდა გადაეცეს გენერალურ პროკურატურას, რომ იგი დაასრულოს. გამოიკითხოს ზედამხედველი პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე და ის ორი გამომძიებელი ბექა კოპალიანი და ვაჟა გამეზარდაშვილი, რომელმაც ეს საქმე აიცილა. ბოლოს და ბოლოს, დაიკითხოს ყველა, ვინც დასაკითხია და მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება. გიორგი შაურიძისთვის ყოველი დღე უკანონო პატიმრობაა.
_ რას მოელით ამ საქმეზე?
_ პასიური მოლოდინი მაქვს, რადგან საგამოძიებო ვადები კანონით არ არის განსაზღვრული, უბრალოდ, ხანდაზმულობის ვადაა, რომელიც ძალიან დიდია. სანამ ასეთი საკითხებისადმი პოლიტიკური განწყობა არ შეიცვლება, რთულია პოზიტიური მოლოდინის ქონა. ის პოლიციელები, რომლებმაც, სავარაუდოდ, დანაშაული და გადაცდომა ჩაიდინეს, დღესაც მოქმედნი არიან. მეტიც: ბევრი მათგანი დაწინაურებულია. ამ ყველაფრის გასაჯაროება სისტემური დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. იმ ჩვენებიდან გამომდინარე, რაც გიორგიმ მისცა, არა მხოლოდ პოლიციელებზე, არამედ ზედამხედველ პროკურორზეც არის საუბარი. როგორც გიორგი თავის ჩვენებაში ამბობს, ზედამხედველი პროკურორი ესწრებოდა საგამოძიებო მოქმედებასა და ამოცნობას.

„ქრონიკა+“ გიორგი შაურიძის ოჯახს დაუკავშირდა, რომელსაც ადვოკატ ნონა ფილაურის მიმართ კითხვები აქვს:
_ ზეპირი გასაუბრების ოქმში, რომელიც მერვე დაწესებულებაში გამომძიებელმა მირიან დევიძემ შეადგინა, წერია, რომ გიორგი შაურიძე პოლიციელების მხრიდან მისი მისამართით ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას უარყოფს და აცახდებს, რომ პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ოჯახს ფილაურთან აქვს კითხვები, _ რატომ მოაწერინა ხელი გიორგი შაურიძეს და თავადაც რატომ აწერს ოქმზე ხელს? რით იყო იმ ფაქტობრივი გარემოებების უარყოფა განპირობებული, რაც მათ განაცხადეს აღკვეთის ღონისძიებისას? შეგახსენებთ: აღკვეთის ღონისძიებისას მოსამართლის წინაშე ბრალდებულმა გიორგი შაურიძემ და ადვოკატმა განაცხადეს, რომ პოლიციელებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აიძულეს დანაშაულის აღიარება.
ადვოკატი ნონა ფილაური ოჯახის კითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ გიორგი შაურიძეს სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ თავად ბრალდებულმა სთხოვა მას, საპროცესო შეთანხმების კუთხით ემუშავა:
„მიკვირს, რატომ აქვს ოჯახს კითხვები ჩემთან ან რატომ უნდა ვესაუბრებოდეთ ერთმანეთს გაზეთის მეშვეობით? მაგრამ ეს თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი შაურიძის ინტერესს წაადგება, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
დიახ, სანამ გიორგისთან გამომძიებელი შეადგენდა ოქმს, მას ცალკე ვესაუბრე და მან თავისი სურვილი კვლავ გამიმეორა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან არც სამართლიანი სასამართლოსა და არც ობიექტური გამოძიების იმედი არ ჰქონდა. მთხოვა, რომ ამ კუთხით მემუშავა. მეტიც: მითხრა, _ ის, რომ გარეთ გამამართლებელი განაჩენითაც გამოსულიყო, მას მაინც არ მოასვენებდნენ პოლიციელები.
შემდგომში მე, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილით მივეცი ჩვენება გამომძიებელს, სადაც განვმარტე, თუ რამ გამოიწვია, რომ გიორგიმ პოლიციელების მიერ მისი ცემის ფაქტი არ დაადასტურა და დისკის სახით გადავეცი ოჯახს აღკვეთის ღონისძიების განხილვის სხდომის ოქმი. თუ ზუსტად მახსოვს, _ გამოძიებასაც, სადაც საკმაოდ კარგადაა დაზუსტებული და დასაბუთებული როგორც ჩემი, ისე გიორგის პოზიცია“, _ განმარტავს ფილაური.
ადვოკატისვე თქმით, სწორედ გიორგი შაურიძის დედის მიერ მიცემულმა ჩვენებამ მოჰფინა ნათელი ზერელედ მოპოვებულ მტკიცებულებებსა და ქურდობის ნაწილში გიორგი შაურიძე გამართლდა:
„მე გიორგი შაურიძის დაცვა დავიწყე მისი დაკავების შემდეგ, როცა ის იმყოფებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში და მას ბრალი, როგორც მახსოვს, ჯერ არ ჰქონდა წარდგენილი. ის ძალიან დათრგუნული იყო, ბრალი ედებოდა ყაჩაღობაში და დანაშაული მოწმის სახით დაკითხვის დროს აღიარებული ჰქონდა. გამიკვირდა ეს აჩქარება გამოძიების მხრიდან და დავიწყე მისი გამოკითხვა, დავუთვალიერე სხეული. მითხრა, რომ იყო ახალი ნაოპერაციები და იყო სუსტად, თვალთან ჰქონდა სილურჯე და მითხრა, რომ პოლიციელებმა იგი სცემეს. ამან სასტიკად იმოქმედა ჩემზე და სასამართლო სხდომის დროს, როდესაც მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხი იხილებოდა, ეს ხმამაღლა გავაჟღერეთ. გიორგი მაინც თავს იკავებდა ჩივილზე და თქვა, რომ პოლიციელები მას გადაეკიდებოდნენ, არ მოასვენებდნენ, არც სასამართლოს იმედი ჰქონდა, რომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა. დავიწყე პროკურატურასთან ზეპირსიტყვიერად მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მისი სურვილიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში. ხოლო მანამდე გიორგის გამოძიების ეტაპზე ბრალი წაუყენეს ქურდობისთვისაც.
ჩემი თანდასწრებით დაიკითხა დედა, რომელმაც გამოძიების მიერ ზერელედ და სუბიექტურად მოპოვებულ მტკიცებულებებს ნათელი მოჰფინა და ქურდობის ნაწილში გიორგი კიდევაც გამართლდა შემდგომ ეტაპზე“, _ აცხადებს ფილაური.
რაც შეეხება იმას, რომ ფილაური იცავდა როგორც გიორგი შაურიძეს, ასევე მოწმეს, მის დედას, ამასთან დაკავშირებით ადვოკატი განმარტავს: „მოწმე იყო დედა, რომელიც აბსოლუტურად იძლეოდა გიორგისთვის სასარგებლო ჩვენებას. ეს არ იყო ინტერესთა კონფლიქტი, შესაბამისად, ამის საშუალება მომცა გამოძიებამ, ამან დიდი სარგებელი მოუტანა გიორგის და რატომ არ უნდა გამომეყენებინა ეს?“
ნონა ფილაური პასუხობს საბანაძეს, რომლის თქმითაც, ფილაურმა მას უთხრა, რომ საქმეში არსებული დისკები დაეკარგა. ფილაურის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესებამება:
„სასამართლოში არსებითი განხილვის დროს ჩემთან ერთად ჩაერთო ადვოკატი ემზარ საბანაძე. მან მართლაც მთხოვა საქმის მასალები. მე ოფისს ვიცვლიდი და რადგან საქმის მასალები სწრაფად სჭირდებოდა, შევთავაზე, რომ არ დამეგვიანებინა, გამოგვეთხოვა სასამართლოდან, თანაც სასამართლოს ამის მიზეზს მე თვითონ განვუმარტავდი. ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი ჩვენ შორის და ინტერვიუში ამაზე აქცენტის გაკეთებას არ ვიცი, რა დატვირთვა ჰქონდა, მით უმეტეს, ამან არანაირად არ დააზარალა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები“, _ აცხადებს ფილაური.

ნენე ინჯგია

გაზიარება