- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-01-09 07:01:41
გუშინ ღამით ბათუმში მირიან მეფის ქუჩაზე აფეთქების დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთია მეხანძრე-მაშველი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობის დროს მეორე სართულიდან ჩამოვარდა, ის კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.
კიდევ ორი _ დაშავებული ცოლ-ქმარი, რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო მეოთხე, თურქეთის მოქალაქე, კლინიკა BMC-ში იმყოფება.
როგორც „მედინაში“ „ქრონიკა+“-ს განუცხადეს, მაშველმა კლინიკა უკვე დატოვა.
„ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აფეთქების დროს დაშავებული ერთ-ერთი მეხანძრე შემოიყვანა. პაციენტს კლინიკაში გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევა. დაზარალებულს აღენიშნებოდა გულ-მკერდის ზედაპირული დაზიანება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური, არ საჭიროებდა დამატებით ჩარევას, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებიდან რამდენიმე საათში გაეწერა“, - აცხადებენ კლინიკაში.
რაც შეეხება რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული ცოლ-ქმრის ჯანმრთელობას, კლინიკის ინფორმაციით, ქმარი უკვე გაეწერა, ქალბატონის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა _ მან დამწვრობა მიიღო.
მეოთხე დაშავებული, თურქეთის მოქალაქე, კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მან ძლიერი დამწვრობა მიიღო.
„ჩვენთან შემოვიდა ერთი პაციენტი _ თურქეთის მოქალე, მას ტრავმული შოკი ჰქონდა. იგი აგრძელებს მკურნალობას. მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - აცხადებენ კლინიკა „ბიემსიში“.
შეგახსენებთ: გუშინ გვიან ღამით, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ძლიერი აფეთქების დროს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაინგრა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
შსს-მ ,,ქრონიკა+“-ს განუცხადა, რომ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით.
ხვიჩა მამულაძე