QronikaPlus
როგორ მოკლეს თელავის საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი?

როგორ მოკლეს თელავის საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი?

2021-01-05 05:01:44

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, „ქრონიკა+“ აღნიშნულ თემაზე სტატიის მომზადებას მანამ არ გეგმავდა, სანამ წინასასამართლო პროცესი არ დაიწყებოდა და ოფიციალურად არ გახდებოდა ცნობილი დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩვენებები.

აქამდე ოფიციალურად ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ ბრალის წარდგინების დროს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე დუმილის უფლებით სარგებლობდა, ხოლო მისი ადვოკატი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის თავისუფლებას ითხოვდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინიტრომ განთავისუფლების შესახებ ე.წ. პატაკები დააწერინა თელავისა და კახეთის პოლიციის ხელმძღვანელებს.

საახალწლო განწყობა მედიას მორალურ უფლებას არ გვაძლევდა, ჩვენი მკითხველისთვის სადღესასწაულო დღეებში ნეგატიური და ტრაგიკული ამბების ქრონოლოგია მოგვეყოლა.

თუმცა გუშინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის „ახალ დეტალებზე“ წერდნენ და სტატია ეძღვნებოდა არა მხოლოდ უცნობ დეტალებს, არამედ მოკლულისა  და ერთადერთი მოწმე-დაზარალებულის დისკრედიტაციას.

შესაბამისად, „ქრონიკა+“ იწყებს მკვლელობის  შესახებ  მასალების გამოქვეყნებას და საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს საჯაროდ სვამს.

ვინ იყო და რას საქმიანობდა ზურაბ საჩიშვილი?

38 წლის ზურაბ საჩიშვილი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი იყო, ასევე საავადმყოფოს მმართველამდე მუშაობდა თელავის გამგეობაში იურისტის სპეციალობით, ხოლო 2012 წლამდე რამდენიმე თვე იმუშავა კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორად. რამდენიმე თვის წინ თელავის ცენტრალური საავადმყოფო კოვიდკლინიკად გადაკეთდა, სადაც საჩიშვილი მართავდა კოვიდ ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბუნებრივია, მას, როგორც კოვიდკლინიკის დირექტორს, ჰქონდა საშვი. მას გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლო როგორც ქალაქში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით _ დამოუკიდებლადაც და მძღოლის საშუალებითაც.

ჰყავს თუ არა საჩიშვილს დაზარალებული ადამიანები?

საჩიშვილი თელავში დადებით, უკონფლიქტო და კეთილშობილ პიროვნებად ხასიათდება. პრაქტიკულად, შეუძლებელია ერთი ადამიანის ნახვაც კი, ვინც მას უარყოფითად დაახასიათებს ან იტყვის, რომ ზურაბ საჩიშვილს ვინმესთვის ზიანი მიუყენებია.

იცნობდა თუ არა საჩიშვილი ვანო ზანდარაშვილს?

საჩიშვილი საერთოდ არ იცნობდა თელავის  კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილს.

რა მოხდა 26 დეკემბერს, მკვლელობის საღამოს?!

26 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, დავით ლაჩაშვილმა, საკუთარ დაბადების დღეზე დაპატიჟა მისი ყოფილი სამი თანამშრომელი: ლევან ბერძენაშვილი, ბიძინა ხატიაშვილი და ზურაბ საჩიშვილი. მოგვიანებით, დავით ლაჩაშვილს ესტუმრა მისი სიძე _ ბიძაშვილის მეუღლე ვანო ზანდარაშვილიც. შემოსწრებულმა სამი განსხვავებული სასმისით დალოცა ოჯახი. ვახშამს სულ ხუთი ადამიანი ესწრებოდა. ქეიფის დროს, როგორც მასპინძელი ამბობს, არანაირი ურთიერთშელაპარაკება არ მომხდარა, რასაც ადასტურებენ სხვა წევრებიც.

დაახლოებით 23 საათზე მასპინძელი სტუმრებს დაემშვიდობა. სუფრაზე მყოფთა სახლში წაყვანა ვანო ზანდარაშვილმა გადაწყვიტა, ამიტომ ზურაბ საჩიშვილის მძღოლი მათ წამოსაყვანად აღარ მივიდა.

მასპინძლის სახლიდან სოფელ იყალთოს ცენტრამდე, სადაც რამდენიმე წუთში საზარელი მკვლელობა მოხდა, მაქსიმუმ, 300 მეტრია.  ავტომობილში საჭესთან  დაჯდა ზანდარაშვილი, მის გვერდით _ ლევან ბერძენაშვილი, უკანა სავარძელზე, ბერძენაშვილის პარალელურად _ზურაბ საჩიშვილი, ხოლო ზანდარაშვილის უკან _ ხატიაშვილი.

შელაპარაკება მოხდა იარაღის ჩხაკუნზე, რაზედაც საჩიშვილმა ზანდარაშვილს უთხრა, რომ ის თვეებიც კი არ უყვარს, როცა „კუდის“ თანამშრომელი იყო. ამაზე ზანდარაშვილმა საჩიშვილს უპასუხა, რომ მას ეამაყება სამსახურიც და იარაღის ტარებაც. სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია მათ შორის შელაპარაკება, რომელიც ურთიერთგინებაში გადაიზარდა. მიმავალ მანქანის საჭესთან მჯდომმა ზანდარაშვილმა მარცხენა ხელით ავტომობილის კარის უჯრიდან იარაღი ამოიღო და ისე, რომ არც კი მობრუნდა უკან, ორ სავარძელს შორის მარჯვენა მკლავის ქვეშიდან ზურაბ საჩიშვილს 2-ჯერ ესროლა. პირველი ტყვის გავარდნის შემდეგ ზანდარაშვილისთვის იარაღის გამორთმევა სცადა მის გვერდით მჯდომმა ლევან ბერძენაშვილმა, რა დროსაც ზანდარაშვილმა მეორედ ისროლა და ბერძენაშვილი მარჯვენა მკლავის არეში გამავალი ტყვიით დაჭრა, ხოლო გამავალი ტყვია კვლავ საჩიშვილს მოხვდა. შესაბამისად, ავტომობილში გასროლილი ორი ტყვია საჩიშვილს მუცლის არეში მოხვდა  და ის ადგილზევე გარდაიცვალა. თუმცა მის გარდაცვალებას მანქანაში მსხდომები ვერ მიხვდნენ. ამის შემდეგ ზანდარაშვილი აჩერებს ავტომობილს და გადმოდის მანქანიდან, ასევე მანქანიდან გადმოდის ლევან ბერძენაშვილი და ცდილობს, რომ ზანდარაშვილმა არ გახსნას საჩიშვილის კარი, თუმცა ზანდარაშვილი ამას მაინც ახერხებს. ავტომობილში ზურაბ საჩიშვილი უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფება და მისი თავი ბიძინა ხატიაშვილის კიდურებზეა გადასვენებული. ბერძენაშვილისა და ზანდარაშვილის ჭიდაობა კი იმით სრულდება, რომ ზანდარაშვილი ვერ ახერხებს საჩიშვილს დაუმიზნოს ტყვია თავის ან მკერდის არეში და გარდაცვლილ საჩიშვილს მუხლებში ესვრის კვლავ რამდენიმე ტყვიას. რომ არა ბერძენაშვილის გამკლავება, რომელიც ამავე პერიოდში თავადაც დაჭრილია, ზანდარაშვილის გასროლით გარდაიცვლებოდა ბიძინა ხატიაშვილიც.

ფაქტის შემდეგ ტყვიები მანქანიდან, რატომღაც, გაქრა, თუმცა ვერ გაქრა საზურგის („სიდენიის“) ორი ნატყვიარი, ასევე ვერ გაქრა ლევან ბერძენაშვილის ჭრილობაც მარცხენა მკლავის არეში უკანა მიმართულებით, რაც ადასტურებს, რომ პირველი ორი გასროლა მოხდა ავტომობილში. სწორედ პირველმა ორმა გასროლამ გამოიწვია საჩიშვილის გარდაცვალება. თუმცა, მოგვიანებით, სიკვდილს ბედად გადაურჩა თავად ხატიაშვილიც. მარცხენა მკლავის არეში  გასროლით მიღებული ჭრილობით არსებობდა იმის დიდი შანსიც, რომ ბერძენაშვილს ტყვია გულის არეში მოხვედროდა.

თვითმხილველების მონაყოლით, ლევან ბერძენაშვილი პასუხს სთხოვდა ზანდარაშვილს, რატომ გაიმეტა და მოკლა მან საჩიშვილი,  რაზედაც თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე პასუხობდა: „ის დედის გინებას არავის პატიობს!“

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზანდარაშვილს ბრალად ედება თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ ზურაბ საჩიშვილის მკვლელობა და თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროს ლევან ბერძენაშვილის დაჭრა.

პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში ვანო ზანდარაშვილსა და ზურაბ საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც ზანდარაშვილმა, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურაბ საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. ის მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

პროკურატურის ცნობით, ვანო ზანდარაშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზანდარაშვილის  გვერდით მჯდომ ლევან ბერძენაშვილს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა. 

ვანო ზანდარაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა) და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, ხოლო დაცვის მხარე 10 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ მის განთავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატ არჩილ ბერიანიძის განცხადებით, საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო ზანდარაშვილისთვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება.

რამდენად სწორი კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული  სისხლის სამართლის აღნიშნულ საქმეს?

როგორც ზანადარაშვილის ახლობლების ინფორმაციით ვიგებთ, ზანდარაშვილი არ აღიარებს სროლას ავტომობილში. არადა, წინ ექსპერტიზის პასუხია. ერთადერთი მოწმე ლევან ბერძენაშვილია, რომლის ჩვენებიდანაც ირკვევა, რომ ბეწვზეა გადარჩენილი ბიძინა ხატიაშვილიც, რაც ითვალისწინებს არა 108-ე მუხლს, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლს,  ანუიმისთვის, რომ ქმედება ჩაითვალოს მკვლელობად ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აუცილებელია დადგინდეს მკვლელობის ჩადენის საშუალების საყოველთაო საშიშროება. დამნაშავეს წინასწარ უნდა ჰქონდეს შეცნობილი, რომ იგი კლავს ადამიანს ისეთი ხერხითა და საშუალებით, რომელიც დაზარალებულის გარდა საფრთხეს უქმნის სხვას, თუგინდ ერთი ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხერხით ან საშუალებით ჩადენილ მკვლელობას რეალურად მოჰყვება საზიანო შედეგი, მას დამოუკიდებელი კვალიფიკაცია მიეცემა დანაშაულთა ერთობლიობის წესით, კერძოდ კი ქმედება დაკვალიფიცირდება, როგორც განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ანდა ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

რა გვაჩვენა ბოლო 24-მა საათმა?

მიუხედავად იმისა, რომ მე გუშინ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატის ვერსია, რომელიც საჩიშვილისა და ბერძენაშვილის დისკრედიტაციას ემსახურებოდა, უკვე მოსმენილი მქონდა კახეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნებთან დაახლოებული რამდენიმე პირისგან და არა ზანდარაშვილის ახლობელი ნათესავისგან,  ფაქტი სხვა იყო. სავახშმოდ მყოფი ადამიანები სხვა რამეს ჰყვებიან. სხვა ვერსიას ავითარებს  „გარკვეული ძალა“. 

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ამ „გარკვეულ ძალას“ ორი მიზანი აქვს: 1. გარდაცვლილის დისკრედიტაცია და მისი პიროვნების შესახებ შავი პიარი; 2. შესაძლებელი გახდეს სისხლის სამართლის საქმეში მუხლის გადაკვალიფიცირება არა 109-ე, არამედ 111-ე მუხლით, რაც გულისხმობს აფექტში ჩადენილ დანაშაულებს (სსკ კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და ამავე კოდექსის 121-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში). სწორედ ბოლო 24 საათში გავიგეთ მედიაში გამოქვეყნებული ზანდარაშვილის ახლობლის წერილის შესახებ... ციტატა: „მათ მიაჩნიათ, რომ ზანდარაშვილმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა და ის ამ დანაშაულს სრულიად იზიარებს“.

ანუ თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ კი იცის და აცნობიერებს, რომ მან კაცი მოკლა, მაგრამ აღელდა და ამიტომ 1-დან 3 წლამდე თუ მიუსჯიან, ალბათ, არც არაფერს  გააპროტესტებს, უბრალოდ, მისთვის მისაღები იქნება.

ვინ არიან ვანო ზანდარაშვილის ოჯახის წევრები?! რა ურთიერთობები აქვთ მათ „ქართულ ოცნებასთან“?!  შეძლებენ კი ისინი საქმის მოგვარებას?!

ამ საკითხის შესახებ „ქრონიკა+“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ფაქტი ერთია: ზანადარაშვილის მეუღლე და ცოლისძმა „ქართული ოცნების“ პარტიულ შემომწირველთა სიაში ირიცხებიან.

რამდენად შეძლებს ზანდარაშვილის  გარემოცვა საქმის მოგვარებას, ჯერ უცნობია. იანვრის ბოლომდე პროკურატურამ საბოლოო გამოძიება უნდა დადოს, ექსპერტიზამ კი პასუხი უნდა დაწეროს. საინტერესოა, რას იზამს პროკურატურა მაშინ, როცა პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს გარდაცვლილის დისკრედიტაცია და ძალოვანი სტრუქტურის თანამდებობის პირის კეთილშობილად მონათვლა?!

ფაქტი ერთია:  ზანდარაშვილის გამართლების მცდელობამ თელავში ხალხს სურვილი გაუჩინა, ქალაქმა საპროტესტო აქციები დაიწყოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

P. S. დღეს პირველად ყველაზე მძიმე სტატია დავწერე ცხოვრებაში. დღეს სისტემისგან  მოკლული ჩემი მეგობრის ამბავს ვყვებოდი, რომელსაც ერთადერთი ნაკლი ჰქონდა _ იგი ზომაზე მეტად კეთილშობილი გაჩნდა, მოკლეს და შეუძლებელია, ის 38 წელი, როგორც მან იცხოვრა, ლაფში ამოსვარო... უბრალოდ, ქვიშა წყალს ვერ იჭერს, ეს ნუ დაგავიწყდებათ... და ნუ აქცევთ ამ წყალს ღვარცოფად...

მაკა მოსიაშვილი

გაგრძელება იქნება:

ვანო ზანდარაშვილის პროფესიულ წინსვლასა და მის ფსიქოპორტრეტზე.

გაზიარება